საქმე№ა-2954-შ-75-2025 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
შუამდგომლობის ავტორი – შ.კ–ძე, ბ.კ–ძე
განხილვის საგანი – იტალიის რესპუბლიკის მანტუას სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენის და მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისისა და 2024 წლის 7 ნოემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განაჩენების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. იტალიის რესპუბლიკის მანტუას სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენით პ. ჯ–იმ შვიდალდ აიყვანა შ.კ–ძე და ბ.კ–ძე. ამავე განაჩენით ნაშვილებმა პირებმა მიიღეს მათი მშვილებლის გვარი პ–კი, რომელიც მითითებულ იქნა მათი საკუთარი გვარის წინ.
2. მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განაჩენით გასწორდა 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და შ.კ–ძის დაბადების თარიღად ნაცვლად 13/10/1983 წლისა მიეთითა სწორი თარიღი 24/10/1983 წელი. ასევე 2024 წლის 13 ივნისის განაჩენში დაშვებული იქნა კიდევ ერთი უსწორობა, კერძოდ, სახელი შორენას ნაცვლად მითითებული იქნა სახელი შოერნა, რომელიც გასწორდა მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 7 ნოემბრის განაჩენით.
3. 2025 წლის 20 ივნისს შ.კ–ძისა და ბ.კ–ძის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა ზემოაღნიშნული განაჩენების სათანადოდ დამოწმებული ასლები და მოითხოვა დასახელებული განაჩენების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. შორენა და ბ.კ–ძეებმა წარმომადგენლის მეშვეობით შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვეს იტალიის რესპუბლიკის მანტუას სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენის და მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისისა და 2024 წლის 7 ნოემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განაჩენების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
5. კანონით დადგენილი წესით დამოწმებული და ნათარგმნი, წარმოდგენილი უცხო ქვეყნის განაჩენებით ირკვევა, რომ პ. ჯ–ის განცხადება შ.კ–ძისა და ბ.კ–ძის შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, კ–ძე შ. და კ–ძე ბ. მიიღეს მათი მშვილებლის გვარი - პ–კი, რომელიც მიეთითება საკუთარი გვარის წინ. წარმოდგენილი განაჩენით ირკვევა, რომ შვილად აყვანაზე თანხმობა განაცხადა როგორც პ–კი ჯ–იმ და შვილად ასაყვანმა ორივე პირმა, აგრეთვე მ.კ–ძემ, რომელიც არის შვილად ასაყვანი პირების დედა, და მშვილებლის ცოლი. ამავე განაჩენით დადგენილია, რომ მშვილებელს სხვა შვილები არ ჰყავს, ხოლო, შვილად ასაყვანი პირების ბიოლოგიური მამა გარდაცვლილია. განაჩენითვე დგინდება, რომ საშვილებელ პირებსა და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა 35 წელია.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond“-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, მათ შორის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს (სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1250-ე მუხლის პირველ ნაწილის გათვალისწინებით - მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები). შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი უნდა იქნეს იტალიის რესპუბლიკის მანტუას სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენის და მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისისა და 2024 წლის 7 ნოემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განაჩენები, რომლის მიხედვითაც, პ. ჯ–ის განცხადება შ.კ–ძისა და ბ.კ–ძის შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, კ–ძე შ. და კ–ძე ბ. მიიღეს მათი მშვილებლის გვარი - პ–კი, რომელიც მიეთითება საკუთარი გვარის წინ.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შორენა და ბ.კ–ძეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას იტალიის რესპუბლიკის მანტუას სასამართლოს 2016 წლის 8 ნოემბრის N8/2016 განაჩენი, მანტუას ორდინალური სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისისა და 2024 წლის 7 ნოემბრის უსწორობის გასწორების შესახებ განაჩენები, რომლის მიხედვითაც, პ.ჯ–ის განცხადება შ.კ–ძისა და ბ.კ–ძის შვილად აყვანის შესახებ დაკმაყოფილდა, კ–ძე შ. და კ–ძე ბ. მიიღეს მათი მშვილებლის გვარი - პ–კი, რომელიც მიეთითება საკუთარი გვარის წინ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე