Facebook Twitter

საქმე №ას-808-2025 30 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ჩ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ.ა–ი“ (მოპასუხე)

II კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ბ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჩ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ჩ–ა“ (შემდგომ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და შპს „ბ.ა–ი“ (შემდგომ - მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრებით ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 4 აპრილის განჩინებას, რომლითაც სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილევლად.

2. პირველი კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გზავნილში, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო შესაგებელი ჩაჰბარდა, არ იყო სასამართლო უწყება. ამასთან, არც სასამართლოდან არ დაურეკავთ სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შეტყობინების თაობაზე. სასამართლო უწყება რომც ჩაჰბარებოდა, კომპანიის წარმომადგენელი მაინც ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. გარდა ზემოაღნიშნულისა, არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების ცალკე საფუძველი, რადგან წინასწარ არ ჩაჰბარებიათ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები სააპელაციო საჩივარზე.

3. მეორე კერძო საჩივრის ავტორის (მოპასუხის) წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესების გამო, რასაც კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებიც ადასტურებს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

7. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა სფეროს.

8. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

9. სსსკ-ის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არცერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

10. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ დაადგენს, რომ, მხარეთათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უწყების ჩაბარების მიუხედავად, ისინი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდნენ.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2025 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ, რომლებიც სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იყვნენ სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

12. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო მხარეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები განუხილველად დატოვა.

13. პირველი კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია. ამასთან, უწყება რომც ჩაჰბარებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კომპანიის წარმომადგენელი მაინც ვერ შეძლებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას, ხოლო მეორე კერძო საჩივრის ავტორის (მოპასუხის) წარმომადგენლი სხდომაზე გამოუცხადებლობას უკავშირებს ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებას.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ.: Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ.: Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხ.: Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ.: Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM)

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

17. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მოსარჩელე მხარე (პირველი კერძო საჩივრის ავტორი) სსსკ-ის 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ხდის სადავოდ და განმარტავს, რომ სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 2025 წლის 19 მარტის განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2025 წლის 4 აპრილს 14:00 საათზე. მხარეებს გაეგზავნათ მოწინააღმდეგე მხარეთა სააპელაციო საჩივრები და სასამართლო უწყება სხდომაზე დაბარების შესახებ, რომელიც მოსარჩელე კომპანიის ოფის მენეჯერ ნინო გორგაძეს 2025 წლის 21 მარტს ჩაბარდა. საყურადღებაო, რომ საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე, საფოსტო გზავნილის მიმღებმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა სასამართლო უწყებისა და სააპელაციო საჩივრის მიღება - საფოსტო უკუგზავნილზე არის შემდეგი ჩანაწერი: „2/ბ-7217-24 სააპელაციო საჩივარი, უწყება“ (იხ.: ტ.3, ს.ფ. 27). დოკუმენტზე აღნიშნულ ინფორმაციის ნამდვილობის გამაქარწყლებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილ გზავნილს ერთვოდა როგორც სააპელაციო საჩივრის ასლი, ასევე - უწყებაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ კომპანიისათვის ჩაბარებულ კონვერტში არ იდო უწყება, ვერ გააბათილებს დასახელებულ პრეზუმფციას. ამასთან, როგორც აღინიშნა, ფოსტის მიერ შედგენილი ჩაბარების დასტურიდან დგინდება, რომ გზავნილის მიმღებმა დაადასტურა უწყებისა და სააპელაციო საჩივრის ჩაბარება, შესაბამისად, თუკი კონვერტში არ აღმოჩნდა უწყება, ადრესატს წინდახედულობა უნდა გამოეჩინა და ამის თაობაზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (იხ.: სუსგ №ას-1082-1032-2014, 30.07.2015წ.; №ას-362-346-2016, 03.06.2016წ.; №ას-103-2020, 29.06.2020წ.; №ას-970-2021, 29.11.2021წ.; №ას-918-2019, 26.12.2019წ.; №ას-1182-2023, 18.12.2023წ.; №ას-1478-2023, 13.02.2024წ.). ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ მეორე მხარესაც (მოპასუხეს) იმავე დროს და იმავე წესით (ერთი კონვერტით) გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი და სასამართლო უწყება, თუმცა ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია, ის გარემოება, რომ სასამართლო უწყება სასამართლო გზავნილში (კონვერტში) არ იდო. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომის შესახებ მოსარჩელე ინფორმირებული იყო ჯეროვნად და არ ვლინდება სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.

19. რაც შეეხება პირველი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მითითებას, რომ უწყების ჩაბარების შემთხვევაშიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სასამართლო სხდომაზე, პალატა აღნიშნულსაც ვერ მიიჩნევს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.).

20. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

21. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა მიიჩნიოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ცნობებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად სასამართლო სხდომის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად, ვინაიდან, კანონმდებელი მოითხოვს ისეთი ცნობის არსებობას, სადაც პირდაპირ იქნება აღნიშნული სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე (ამასთან, თუკი თავად ცნობის შინაარსი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება), პირველი კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობები კი გაცემულია სასამართლო სხდომის გამართვის შემდგომ - 2025 წლის 11 აპრილსა და 25 აპრილს, რისი გათვალისწინებითაც, წარმოდგენილი მტკიცებულებით მოსარჩელის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრა სასამართლო სხდომის დღეს - 2025 წლის 4 აპრილს შეუძლებელია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2025 წლის 2 აპრილის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დეპარტამენტის დასკვნაც სამართლებრივ სურათს არ ცვლის, ვინაიდან ამ დასკვნით არ დგინდება, შეძლებდა თუ არა წარმომადგენელი ორი დღის შემდეგ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას.

23. მოსარჩელის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სასამართლომ ტელეფონზე არ შეატყობინა სხდომის თარიღის შესახებ პალატა სსსკ-ის 73.1 მუხლზე (სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა) მითითებით განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლომ უწყება ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა მხარეს და ჩაბარდა, სასამართლო არ იყო ვალდებული მხარისათვის დამატებით ტელეფონზე შეეტყობინებინა სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე. დაუსაბუთებელია ასევე მოსარჩელის მითითება, რომ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების საფუძველი, რადგან წინასწარ არ ჩაჰბარებიათ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები სააპელაციო საჩივარზე. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ფაქტის არსებობაც კი, მხარის გამოუცხადებლობას საპატიოდ ვერ აქცევს და ვერ შეფასდება დასაბუთებულ პრეტენზიად, ვინაიდან მხარეს სასამართო სხდომაზე შეეძლო შუამდგომლობის დაყენება და სხვადასხვა საფუძვლით სხდომის გადადების მოთხოვნა, რომლის საფუძვლიანობაზეც სასამართლო იმსჯელებდა, მოცემულ შემთხვევაში კი მხარეს სასამართლო სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადებულა.

24. რაც შეეხება მეორე კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის პრეტენზიებს, რომლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო (მისი მითითებით, სხდომის დღეს, დილის 8:00 საათიდან დაეწყო კუჭის მტკივილი და იყო შეუძლოდ, როდესაც უკვე 13:00 საათს გადასცდა დაიწყო ფიქრი პროცესის გადადებაზე. სასამართლოში არ დაურეკავს, ვინაიდან მაგ დროისათვის სასამართლოში შესვენებაა და მოსამართლის შემადგენლობა ვერ უპასუხებდა. ამასთან, დროის სიმცირის გამო მარწმუნებელთან კომუნიკაცია მის ჩანაცვლებაზეც მართებული არ იქნებოდა. იძულებული იყო პროცესზე თვითონ წამოსულიყო, თუმცა შეუძლოდ ყოფნის გამო საბოლოოდ ვერ შეძლო პროცესზე დროული გამოცხადება. იმავე საღამოს კი მიმართა სამედიცინო დაწესებულებას სადაც გაეწია სამედიცინო დახმარება) პალატა ასევე არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად არ დასტურდება კასატორის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, კერძოდ, წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო სხდომის დღეს მხოლოდ საღამოს 18:05 საათზე მიმართა (სხდომა დანიშნული იყო 14:00 საათზე), ამასთან, წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის შინაარსიდანაც არ ირკვევა წარმომადგენლის ისეთი მდგომარეობა, რაც მის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს შექმნიდა სხდომის გამართვის დროისათვის (წარმომადგენელმა სამედიცინო დაწესებულებას მხოლოდ საღამოს 18:05 საათზე მიმართა. ავადმყოფის მიმდინაროება ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციები (დაუზუსტებელი), ჩაუტარდა გარკვეული გამოკვლევები. ჩატარებული მკურნალობის ფონზე პაციენტის ჩივილებმა იკლო, მან უარი განაცხადა შეთავაზებულ დამატებით კვლებებსა და სამედიცინო მომსახურებაზე რაც დაადასტურა ხელმოწერით და 21:40 საათზე გაეწერა კლინიკიდან). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით წარმომადგენლის მისამართია თბილისი (არაერთ სამართლებრივ დოკუმენტში ფიქსირდება თბილისის მისამართი, და არსად რუსთავის), ხოლო ჯანმრთელობის ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს სამედიცინო მომსახურება რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაეწია, რაც ასევე გაურკვევლობას ქმნის ავადმყოფობის გათვალისწინებით, რატომ მოუწია წარმომადგენელს რუსთვში სამედიცინო მომსახურების მიღება. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა კი სასამართლოს უქმის შინაგან რწმენას, რომ არ არსებობდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევსი საფუძველი, მით უფრო, რომ თუ მართლაც მოპასუხის წარმომადგენელს სასამართლო სხდომის დღეს დილის 8:00 საათიდან დაეწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სულ მცირე მას შეეძლო მეორე წარმომადგენლის ინფორმირება ფორსმაჟორულ სიტუაციასთან დაკავშირებით, რათა ეს უკანასკნელი გამოცხდებულიყო სასამართლო სხდომაზე და თუნდაც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე ეშუამდგომლა, რითაც დროულად მოქმედების პირობებში, აცილებული იქნებოდა უარყოფით სამართლებრივი შედეგი, თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წარმომადგენელმა როგორც თავადვე უთითებს, სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო სხდომის გადადებასა და სასამართლოს ინფორმირებაზე ფიქრი, რაც მის პრეტენზიებს დაუსაბუთებელს ხდის.

25. მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ დავაში მონაწილე ორივე მხარე იურიდიული პირია, რომელთა ინტერესებს სასამართლოში იცავდნენ უფლებამოსილი წარმომადგენლები. შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმომადგენელთა ავადმყოფობის გამო პროცესზე შპს-ს გამოუცხადებლობა სასამართლომ საპატიოდ მიიჩნიოს, კომპანიამ უნდა დაადასტუროს, რომ წარმომადგენელის ავადმყოფობა (განსაკუთრებული ობიექტური გარემოება) კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა უშუალოდ მის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმომადგენლების ავადმყოფობას სასამართლო დადასტურებულ ობიექტურ გარემოებად მიიჩნევს და ჩათვლის, რომ ეს ავადმყოფობა შეუძლებელს ხდიდა მათ გამოცხადებას პროცესზე, აღნიშნული თავისთავად შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას (იხ.: სუსგ №ას-1249-1189-2014, 21.01.2014წ.). აღნიშნული კუთხით კერძო საჩივარი შესაბამის გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ და სხვა გარემოებების არსებობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ.: სუსგ საქმე №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-345-330-2016, 06.06.2016წ.; №ას-191-2023; 16.11.2023წ.; №ას-355-2024, 05.07.2024წ.).

27. ისეთ პირობებშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს, რომ შპს „რ. ს-ოს“ არ ჰქონდა საკმარისი დრო სასამართლო პროცესზე გამოსაცხადებლად, კომპანიამ უნდა მიუთითოს, რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება(იხ.: სუსგ №ას-1249-1189-2014, 21.01.2014წ.).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. სასამართლოს შეფასებით განსახილველ საქმეზე მსგავს გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ და არ დაუდასტურებიათ სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ–ას“ კერძო საჩვარი არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ბ.ა–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა