Facebook Twitter

საქმე №ას-1477-2024 28 თებერვალი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ჯ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ა.ს–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის უვადოდ აღიარება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ჯ–ძე (შემდგომ - დასაქმებული, მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს „ს.ა.ს–ის“ (შემდგომ - დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალების MERCEDES-BENZ S 500 4MATIC LIMOUSINE LANG (VIN: W1K2231631A214443), სახელმწიფო სანომრე ნიშნით: ....... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში; მოსარჩელეს დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1179 ლარის, ანაზღაურება მოპასუხის სასარგებლოდ.

2. კასატორი სადავოდ ხდის დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რაკი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შრომით ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი არ ჰქონდათ, შეუძლებელია მოსარჩელის გამოსაცდელი ვადით დასაქმებულად მიჩნევა. ამასთან, კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

7.1. 2023 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელე დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში იურისტის თანამდებობაზე. დასაქმებულის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებად განისაზღვრა 3500 ლარი.

7.2. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის დასაწყისში, მოსარჩელემ, როგორც კომპანიის იურისტმა, შეადგინა მხარეთა შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი - „შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით“, რომელიც ელფოსტის მეშვეობით გადაუგზავნა დამსაქმებელს.

7.3. ხელშეკრულების პროექტზე მხარეებს ხელი არ მოუწერიათ, თუმცა წარდგენილ პროექტთან (რომელიმე პუნქტთან) მიმართებით დამსაქმებელს წინააღმდეგობა არ გამოუხატავს და მხარეთა შორის ფაქტობრივად დაიწყო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

7.4. შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მხარეთა შორის გაგრძელდა 2023 წლის 15 ოქტომბრამდე, რის შემდგომაც დამსაქმებელმა ცალმხრივი ნების გამოვლენით, გამოსაცდელ ვადაზე მითითებით, დასაქმებულთან შეწყვიტა ხელშეკრულება.

7.5. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელეს სრულად აუნაზღაურდა ნამუშევარი დროის ხელფასი, ასევე, დამატებით, დამსაქმებელმა გადაუხადა კომპენსაცია, ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრძანების ბათილად ცნობისა და უფლებრივი რესტიტუციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგ - სშკ-ის) 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სშკ-ის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია).

9. ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 26-ე მუხლის დისპოზიცია: შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით), დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რათა მიჩნეულ იქნეს მართლზომიერად, კერძოდ: შრომის უფლების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით; უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს პროპორციული. დასახელებული კრიტერიუმებიდან პირველი - „გათვალისწინებული იყოს კანონით“ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების შეზღუდვა სშკ-ით გათვალისწინებულ კანონიერ საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის სწორი სამართლებრივი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თუ შეწყვეტის კანონიერი საფუძვლების არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

11. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში, სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას (იხ.: სუსგ №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-928-2023, 16.11.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.). ამ საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ.: სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-157-2024, 22.07.2024წ.). განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი უთითებს 2-თვიან გამოსაცდელ ვადაზე (სშკ მე-17 მუხლი), რომლის მოქმედების პერიოდშიც შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა.

12. სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება, ხოლო მეოთხე პუნქტით, გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა ნამუშევარი დროის შესაბამისად.

13. დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დაიწყო 2023 წლის 15 აგვისტოს და დასრულდა 2023 წლის 15 ოქტომბერს (მართალია, ამ უკანასკნელს ფაქტს კასატორი ედავება, თუმცა საკასაციო პრეტენზია დაუსაბუთებელია, რამდენადაც საქმის მასალებით არ დასტურდება დასაქმებულის მიერ 2023 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულება); იურისტის პოზიციის დასაკავებლად შრომითი ხელშეკრულების პროექტი მოამზადა თავად დასაქმებულმა, როგორც იურისტმა. პროექტი ითალისწინებდა 1 წლის ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებას, მათ შორის 2-თვიან გამოსაცდელ ვადას. შესაბამისად, ფაქტია, რომ მოსარჩელემ დამსაქმებელს შესთავაზა ის პირობები, რომელიც მისაღები იყო თავად მისთვის. ამ ფაქტს არც კასატორი უარყოფს, მაგალითად, იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოგვიანებით მხარეები სხვა პირობებზე შეთანხმდნენ. მისი პრეტენზია მხოლოდ ხელშეკრულების ფორმას უკავშირდება, კერძოდ, მართალია, მან ელექტრონულად გაუგზავნა ხელშეკრულების პროექტი დამსაქმებელს, მაგრამ ამ უკანასკნელს ხელი არ მოუწერია, რის გამოც გამოსაცდელი ვადა შეთანხმებულად არ მიიჩნევა.

14. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შრომითი ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ, თუკი წერილობითი ფორმა ნორმატიულად არის დაწესებული, განმარტების შედეგად უნდა დადგინდეს, ფორმის მოთხოვნას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს თუ დეკლარაციული. კონსტიტუციური მნიშვნელობა ენიჭება ისეთ რეგულირებას, როცა წერილობითი ფორმის დაწესების მიზანია, ზეპირი შეთანხმება არ ჩაითვალოს ნამდვილად. თუ ასეთი მიზანი განმარტების შედეგად არ დგინდება, ე.ი. ფორმის შესახებ დანაწესი ემსახურება მტკიცების გამარტივების მიზანს და არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. საქართველოს შრომის კოდექსის დანაწესი ხელშეკრულების სავალდებულო წერილობით ფორმასთან დაკავშირებით უნდა განიმარტოს შრომის სამართლის ზოგადი პრინციპების მიხედვით და შრომის კოდექსის მე-15 მუხლის შინაარსთან ერთობლივად, რომელიც შრომითი ურთიერთობის წარმოშობას დასაქმებულის მიერ სამუშაოს ფაქტობრივად დაწყებას უკავშირებს. ამდენად, შეიძლება, ითქვას, რომ წერილობითი ფორმის დაწესებას კანონი დეკლარაციულ მნიშვნელობას ანიჭებს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა, ფაქტობრივად დაწყებული შრომითი ურთიერთობის ბათილობა კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს (იხ.: თ. ხაჟომია „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორის შრომის სტანდარტები“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017). გამოსაცდელ ვადასთან მიმართებით შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმის სავალდებულოობა ემსახურება დასაქმებულის ინფორმირებულობას, რომ დამსაქმებელი ამ ვადაში უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოსაცდელ ვადაში ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება გაუმართლებლად შეზღუდავდა დასაქმებულის უფლებებს.

15. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მიზანი ერთმნიშვნელოვნად შესრულებული იყო, რამენადაც დასაქმებული იყო იურისტი, მან თავად შეადგინა ხელშეკრულების პროექტი, რომელიც დასაქმებულს ელექტრონული ფორმით გადაუგზავნა, დამსაქმებლის მიერ შეთანხმებული პირობების წერილობით გაცნობის შემდგომ, მხარეთა შორის ფაქტობრივად დაიწყო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა. ამასთან, ცხადია, სწორედ იურისტს უნდა განემარტა დამსაქმებლისათვის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის კანონით დადგენილ დანაწესთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ფორმალურად არ არის დაცული წერილობითი ფორმა, არ ცვლის საქმის არსებით ფაქტობრივ მოცემულობას - დასაქმებულის ინფორმირებულობასა და აღნიშნული პირობით ხელშეკრულების დადების მიმღებლობასთან მიმართებით.

16. გარდა ზემოაღნიშნული მსჯელობისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-1161-2018, 15.10.2020წ.) მოხმობილ განმარტებაზე - ბოლო პერიოდში სამართლებრივ სივრცეში სულ უფრო მზარდია ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით ხელშეკრულებების დადება. ამ ტიპის ხელშეკრულებაში კონტრაჰირება შესაძლებელია როგორც წინასწარ შედგენილი ხელშეკრულების ფორმულარზე თანხმობის ფანჯრის მონიშვნით, ისე – ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებითა და თანხმობის გამომხატველი ნების გამოვლენის მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ელექტრონული ფოსტის საშუალებით დადებული ხელშეკრულება წერილობითი ხელშეკრულების სახესხვაობად უნდა განვიხილოთ. წერილობითი ხელშეკრულება, თავის მხრივ, შეიძლება დაიდოს როგორც თანმყოფ პირებს შორის ერთიანი სახელშეკრულებო ტექსტის ხელმოწერით (ნების გამოვლენის დაფიქსირებით), ისე – არათანმყოფ პირებს შორის წერილობითი დოკუმენტის ტოლფასი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერის ფორმატში სახელშეკრულებო შეთანხმების მიღწევით. წერილობითი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების არსი ისაა, რომ კონტრაჰენტთა მიერ ნება გამოვლენილია მატერიალიზებული ფორმით, რაც სამათლებრივი დაცვის მაღალ სტანდარტს ქმნის ხელშეკრულების მონაწილეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, ვინაიდან მტკიცებას არ საჭიროებს არც ხელშეკრულების დადების ფაქტი და არც ხელშეკრულების შინაარსი. წერილობითი ხელშეკრულება მყარი გარანტიის მტკიცებულებაა თითოეული კონტრაჰენტის ხელში იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რა სახელშეკრულებო ვალდებულებებით შეიბოჭეს თავი მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას და რა სამართლებრივ სიკეთეს მოელიან ისინი ერთმანეთისგან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. ხელშეკრულებათა ფორმის მიზნობრივი დანიშნულებიდან გამომდინარე, ელექტრონული ფოსტის გამოყენებით დადებული ხელშეკრულება, სწორედ წერილობითი ხელშეკრულების დანიშნულებისაა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების პროექტი მოპასუხეს ელექტრონულ მისამართზე გაუგზავნა, ოფერენტის ნების გამოვლენა მეორე მხარეს, დამსაქმებელს მიუვიდა, მისი ძალაუფლების სფეროში მოექცა. მართალია, დამსაქმებელს ელექტრონული მიმოწერის ფარგლებში პასუხი არ დაუბრუნებია, რის გამოც მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებას ერთმნიშვნელოვნად ელექტრონული ფორმით დადებულ ხელშეკრულებად ვერ დავაკვალიფიცირებთ, თუმცა უდავოა, რომ, ხელშეკრულებაში არსებული პირობების შესაბამისად (განსხვავებულ პირობებზე შეთანხმებაზე მოსარჩელე არ მიუთითებს), მოსარჩელემ დაიწყო სამუშაოს ფაქტობრივად შესრულება (მიიღო მის მიერ განსაზღვრული ხელფასი), რის გამოც პალატა ასკვნის მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენის საფუძველზე შრომითი ხელშეკრულების 2-თვიანი გამოსაცდელი ვადით დადებას.

17. კასატორის პრეტენზია ხელშეკრულების მოქმედების ვადასაც უკავშირდება. მისი მტკიცებით, სასამართლომ შრომითისამართლებრივი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად უნდა მიიჩნიოს. რაკი დადგინდა დამსაქმებლის მიერ გამოსაცდელ ვადაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს ამ პრეტენზიაზე და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იმსჯელა და დაასკვნა შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებასთან დაკავშირებით.

18. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნების წინააღმდეგ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ნ.ჯ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი/მ მ.ჯ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №1731930474 / გადახდის თარიღი 18.11.2024) 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა