საქმე №ას-1481-2024 28 თებერვალი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - კ.გ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.ვ–ო (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, ქირის დაკისრება (სარჩელით), არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ.გ–ი (შემდეგ - მამა, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც ტ.ვ–ოს (შემდეგ - დედა, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს 2013 წლის 4 დეკემბერს დაბადებული ე.გ–ისა (შემდგომ - პირველი არასრულწლოვანი) და 2019 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ი.გ–ის (შემდგომ - მეორე არასრულწლოვანი) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა 2021 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 8 მარტამდე პერიოდისათვის თითოეულისათვის 800 ლარი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2023 წლის 28 მარტიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის (რომლითაც მამის სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, არ დაკმაყოფილდა) კანონიერ ძალაში შესვლამდე თითოეულისათვის 500 ლარი, ასევე – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს მე-5 პუნქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე თითოეულისათვის 1500 ლარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი (რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის ბინის ქირის დაკისრებაზე); არ დაკმაყოფილდა მოპასუხის (მამის) სააპელაციო საჩივარი (ეს უკანასკნელი ითხოვდა ბავშვების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას).
2. კასატორი სადავოდ ხდის და მოითხოვს სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. ამასთან, ასაჩივრებს მისთვის ალიმენტის დაკისრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
6. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.
9. წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვების, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრების, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
10. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
11. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.; №ას-95-2023, 14.11.2024წ.; №ას-677-2024, 25.11.2024წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებასაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადაწონის მშობლის ინტერესს.
12. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს თავის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
13. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა განსაზღვროს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი. ამისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული და შეფასებული გარემოებები, რასაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაეფუძნა, სრულად შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ბავშვის საუკეთესო ინსტერესებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა და დაადგინა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი). ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სსსკ-ის 2511.2 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, დასაბუთებულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2013 წლის 15 ნოემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა (გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში).
13.2 თანაცხოვრების განმავლობაში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი - 2013 წლის 4 დეკემბერს დაბადებული პირველი არასრულწლოვანი და 2019 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული მეორე არასრულწლოვანი.
13.3 მოსარჩელემ 2021 წლის ზაფხულში, მოპასუხესთან შეუთანხმებლად, არასრულწლოვან შვილებთან ერთად დატოვა საქართველო და საცხოვრებლად დაბრუნდა უკრაინაში, ქ. კიევში, დაქირავებულ ბინაში. მოპასუხემ ორჯერ ინახულა შვილები, რისთვისაც რამდენიმე დღით ჩაფრინდა კიევში.
13.4 2022 წლის თებერვალში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მოპასუხემ მოსარჩელე და შვილები კიევიდან წამოიყვანა საქართველოში, რის შემდეგაც, 2022 წლის 8 მარტიდან ცხოვრობენ მოპასუხესთან ერთად მის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე. ამ პერიოდიდან ამავე წლის დეკემბრის ბოლომდე სრულად, ხოლო ამის შემდგომ დიდწილად მოსარჩელისა და არასრულწლოვნების საჭიროებებს მატერიალურად უზრუნველყოფს მოპასუხე.
13.5 სახლი, სადაც ცხოვრობენ მოსარჩელე და მოპასუხე შვილებთნ ერთად (უძრავი ქონება მდებარე თბილისში, .........., ს/კ №........), 2019 წლის 21 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 22 მარტიდან წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, თუმცა 2021 წლის 2 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 7 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ე.ი–ძის სახელზე. საქმის მასალებით არ დგინდება და ვერც მოპასუხე ვერ მიუთითებს აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების სამართლებრივ საფუძველს.
13.6 მოპასუხე არის მფრინავი. 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით დასაქმებული იყო შპს „ჯ.ე–ში“, შპს „მ.ე.კ.ლ–ში“, შპს „მ.ჯ–ში“, შპს ა.ჯ.ს–ში“. მისი დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი განსხვავდება თვეების მიხედვით, რომლის ჯამი 285 472.34 ლარია, თვეში საშუალოდ - 19 032 ლარი. 2022 წლის მარტიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით მოპასუხე დასაქმებული იყო შპს „ა.ჯ.ს–ში“. ამ დროის დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი ჯამურად 148 618.98 ლარია, თვეში საშუალოდ - 29 724 ლარი. მოპასუხე მიმდინარე პერიოდამდე კვლავ მფრინავად მუშაობს.
13.7 2020 წლის 16 ოქტომბერს სს „თ.ბ–სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით კრედიტი განისაზღვრა 515 000 ლარით, ხოლო კრედიტის ვადა - 5482 დღით. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 6 000 ლარს.
13.8 მოსარჩელე 2022 წლის დეკემბრის ბოლოდან მუშაობს სამედიცინო პედიკიურის სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1 000 ლარს.
13.9 მოპასუხის ალკოჰოლზე დამოკიდებულება არ დგინდება.
13.10 2020 წლის 23 ივნისსა და 2021 წლის 26 ივნისს მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, მოპასუხის სახელზე გამოწერილ იქნა ორი შემაკავებელი ორდერი. ასევე, 2023 წლის 21 თებერვალს, მოპასუხემ ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს, რითაც მასზე ფსიქიკურად იძალადა, რის გამოც კვლავ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერები არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაშია.
13.11 მხარეებს შორის დაძაბული ვითარებაა და ფაქტობრივად არც ურთიერთობენ. არასრულწლოვნები ცხოვრობენ - ქ. თბილისში, ........ ქ. №6 შესახვევი, ბ. №2-ში, რომელიც ორსართულიანია და შედგება ექვსი ოთახისგან. სახლი კეთილმოწყობილია, აღჭურვილია საოჯახო ტექნიკა-ინვენტარით, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვნებს აქვთ თავიანთი ოთახი, სასწავლო და მოსასვენებელი კუთხე, უზრუნველყოფილი არიან საჭირო საკვები პროდუქტებით, სამედიცინო მედიკამენტებით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით, სასწავლო და საკანცელარიო ნივთებით. ოჯახში დაცულია ბავშვების პირადი ჰიგიენა. დღე-ღამის მანძილზე ბავშვზე ზრუნავენ დედა და მამა.
14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ სოციალური მუშაკის შეფასებას (სოციალური მუშაკის შეფასებით (2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით), არასრულწლოვნების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვების მშობლებს ერთმანეთთან აქვთ მინიმალური კონტაქტი, დაძაბულობა, ამას თან ემატება ის, რომ მოსარჩელე და მოპასუხე მხარე ერთ სახლში ცხოვრობენ, რაც არასრულწლოვნების ემოციურ განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება. ორივე მათგანს უყვარს როგორც დედა, ისე მამა და მყარად არიან მიჯაჭვული მშობლებთან, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი დაძაბული ურთიერთობის მომსწრენიც არაერთხელ გამხდარან. არასრულწლოვანი ბავშვების სოციალური განვითარება დისფუნქციურად მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ საერთო სივრცეში (იგულისხმება ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი) მყოფი ოჯახის წევრები (დედა, მამა) ფაქტობრივად არ კონტაქტობენ და იზოლირებული არიან, რის გამოც შვილების ყოველდღიურობაში ერთვებიან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, რაც არღვევს ოჯახის მთლიანობის განცდას, წარმოშობს გაურკვევლობას და აისახება ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე. რაც შეეხება ოჯახის სანათესაოს, ბავშვებს, მამის მშობლებთან თითქმის არ აქვთ ურთიერთობა, ხოლო დედის მშობლები ცხოვრობენ უკრაინაში, რომელთანაც სოციალური ქსელის საშუალებით ურთიერთობენ. არასრულწლოვნებს ემოციური კავშირი ჩამოყალიბებული აქვთ ორივე მშობლის მიმართ. დღის მანძილზე ისინი ითხოვენ ორივე მშობლის ყურადღებასა და ჩართულობას. ეთერის თქმით, სკოლაში ყოველდღიურად ის მამას დაჰყავს (როდესაც კ.გ–ს აქვს თავისუფალი დღე). რაც შეეხება ილიას, ბავშვი იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, შესაბამისად, ძლიერი ემოციური კავშირი აქვს დედის მიმართ. მშობლები მუდმივად აკონტროლებენ ბავშვების ქცევასა და ურთიერთობებს გარშემომყოფების მიმართ. მათ შორის არის შეთანხმებული წესები და ნორმები, რომელსაც ბავშვები იცავენ, ეთერისათვის - ინტერნეტის მოხმარების დრო, მეგობრებთან დასვენებისა და ურთიერთობის ხანგრძლივობა, სწავლისა და მეცადინეობისათვის განკუთვნილი პერიოდი, ხოლო მეორე არასრულწლოვნის მიმართ ყურადღება გამახვილებულია სიარულის დაწყების, კვებისა და ძილის რეჟიმზე. პირველი არასრულწლოვნის თქმით, მამა მას ხშირად ამეცადინებს სასკოლო საგნებში, დამატებით ემზადება ინგლისურ ენაშიც. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვნს, მას სახლში მოწყობილი აქვს სივრცე, სადაც შეძლებს თამაშსა და გართობას. ბავშვების სურვილით, მამამ მათ შეუძინა ძაღლი, რომელიც ეზოში ჰყავთ და ყოველდღიურად თამაშობენ ოთხფეხა მეგობართან. ბავშვებს ორივე მშობლის მიმართ ჩამოყალიბებული აქვთ მიჯაჭვულობა და დღის განმავლობაში თანაბრად ითხოვენ მათ ჩართულობას. ბავშვი ჯერ კიდევ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე, შესაბამისად, დედის ფაქტორი და მის გვერდით ყოფნა განსაკუთრებულად აუცილებელია ბავშვის ემოციური და გონებრივი (კოგნიტური) განვითარებისათვის) ასევე იმ გარემოებას, რომ მამა, მართალია, ჩართულია ბავშვებზე ზრუნვაში, მაგრამ თავისი საქმიანობის სფიციფიკიდან გამომდინარე ხშირად საქართველოში არ იმყოფება (შესაბამისად, ბავშვებზე ყოველდღიურად ზრუნავს დედა). ყურადღებას ამახვილებს ბავშვების დაბადებიდან დედასთან აღზრდისა და გარკვეული დროით მასთან უკრაინაში ცხოვრების ფაქტზე და იმ გარემოებაზე, რომ მამას ბავშვებთან ცხოვრებისა და მათზე დამოუკიდელდ ზრუნვის გამოცდილება არ აქვს. ითვალისწინებს ბავშვების ასაკსაც, მათ შორის – მეორე არასრულწლოვნის ასაკს, რომელსაც ძლიერი ემოციური კავშირი აქვს დედასთან და რომელისთვისაც მეტი ფიზიკური ჩართულობაა აუცილებელი მშობლის მხრიდან, ვინაიდან არასრულწლოვანი იძენს უნარ-ჩვევებს, რაც განაპირობებს ამაზე პასუხისმგებელი მშობლის საჭიროებას რომელიც ამ შემთხვევაში დედაა. ყურადღებას ამახვილებს დედის დადებით როლზეც, რომლის მიმართ ბავშვების მყარ, პოზიტიურ მიჯაჭვულობას კითხვის ნიშანი არ დაესმება და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი.
15. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული უნდა იქნეს ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს მშობლიურ ვითარებაში, გრძნობს, ობიექტურად სად განიცდის კეთილგანწყობას ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც (იხ.: სუსგ №ას-1302-2023, 18.01.2024წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
16. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R(84)4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
17. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საქმეში „საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ვრცელ განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე ქმნის ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ.: სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-159-149-2017, 31.07.2017წ.; №ას-1579-2022, 10.11.2023წ.).
19. პალატის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ სახლი, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ არასრულწლოვნები და, სადაც მამა ითხოვს მათი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, მესამე პირზეა აღრიცხული. ამასთან, უდავოა, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტი და მშვიდობიანი თანაცხოვრების შეუძლებლობა, რაც ქმნის მხარეთა ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის პირობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ეტაპზე დედას ცალკე საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია. მამის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი არსებობს საშიშროება, რომ დედას, შესაძლოა, ნების საწინააღმდეგოდ მოუწიოს ამჟამინდელი საცხოვრებლის და, შესაბამისად, შვილების დატოვება, რაც ცალსახად არასრულწლოვანთა ინტერესების დაზიანებას გამოიწვევს, ვინაიდან, დადგენილია დედისადმი ბავშვების მყარი პოზიტიური მიჯაჭვულობა და მისი როლი მათ აღზრდაში. მით უფრო, რომ მამის პროფესიული ვალდებულებების გამო ის ობიექტურად ვერ ახერხებს შვილებთან ფიზიკურად ყოფნას დროის უმეტეს მონაკვეთში. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვები ფაქტობრივად ორივე მშობლის მზრუნველობის გარეშე აღმოჩნდნენ. ამ მოცემულობაში პალატა კასატორის საკასაციო საჩივარს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
20. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას, მისი სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალე არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
21. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და მიიჩნევს, რომ მისი დაკისრების წინაპირობები არ არსებობს, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს ბავშვებს მატერიალურად. ამასთან, მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ ალიმენტის ოდენობის გაზრდისას არ გაითვალისწინა მამის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, მის მიერ აღებული სესხის ოდენობა.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას, შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ.: სუსგ №ას-829-2019, 11.07.2019წ; №ას-332-2019, 02.08.2019წ; №ას-1875-2018, 29.03.2019წ.; №ას-406-2024, 15.11.2024წ.). ამასთან, სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვების ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა (იხ.: სუსგ №ას-619-619-2018, 12.09.2018წ.; №ას-876-2019, 26.07.2019წ.; №ას-1395-2024, 09.12.2024წ.).
23. განსახილველ შემთხვევაში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა მამის მატერიალური მდგომარეობა. პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს საკმაოდ მაღალი შემოსავალი აქვს (იხ. წინამდებარე განჩინების 13.6 პუნქტი) და საბანკო კრედიტის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი 6 000 ლარი, მისი ყოველთვიური შემოსავალის გათვალისწინებით, ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შეცვლის საფუძველი. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მისი კმაყოფაზე სხვა პირების არსებობა არ დგინდება, რისი გათვალისწინებითაც, პალატას მიაჩნია, რომ ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, მშობლებისა და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობისა და სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრული მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე ალიმენტის თანხის ოდენობა მართებულად განსაზღვრა და, ფაქტობრივი წინაპირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე არ არსებობს ალიმენტის ოდენობის ცვლილების საფუძველი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვნების ზრდასთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად ერთვება და, შესაბამისად, საჭიროა მეტი ხარჯებიც. არასრულწლოვნებს აქვთ შესაბამისი ასაკობრივი მოთხოვნილება და საჭიროება, რაც ყოველდღიურად კიდევ უფრო მატულობს, შესაბამისად, დედა, ალიმენტის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადო აღზრდა-განვითარებას, მით უფრო, მისი მატერალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა არასრულწლოვნების საჭროებებისა და შრომისუნარიანი მშობლის მატერიალური შესაძლებლობას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე. ამასთან, კასატორის მითითება, რომ თუ ბავშვებს სრულად უზრუნველყოფს მამა, გაურკვეველია მისთვის ალიმენტის დაკისრება დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება სსკ-ის 1232.2 მუხლის საფუძველზე.
24. კასატორმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კ.გ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ხ.მ–ას მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №25021080560, გადახდის თარიღი 12.12.2024), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა