Facebook Twitter

საქმე №ას-671-2025 30 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებას მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სადაზღვევო თანხისა და, მისი გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

3. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა გამოყენებული ნორმები და არ შეაფასა მოსარჩელე სამსახურის სპეციფიკა, ასევე, სატენდერო ხელშეკრულების პირობები. მოსარჩელემ საქმეში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტი: ინვოისები; მენეჯერის ახსნა-განმარტებები, სამედიცინო ბრიგადის ახსნა-განმარტებები და ფოტომასალა, რაც ადასტურებს, როგორც შემთხვევის დადგომას, ისე ზიანის ოდენობას. მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე მხოლოდ ფორმალური საფუძვლით, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და სადაზღვევო ხელშეკრულების არსს. სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებანი სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით არ შეუფასებია.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

5. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

7. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/01/24-CON ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი №210000477), რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 30 აპრილი. აღნიშნული ხელშეკრულებით დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება (Volkswagen transporter t6) სახ. ნომერი „.....“ (პოლისის №AUTO-NVI-23-12-043653).

8. 2024 წლის 24 თებერვალს მოსარჩელე ორგანიზაციის მძღოლი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მოძრაობისას ავტომანქანა ჩავარდა ტალახში, საიდანაც ამოყვანისას ავტოსატრანსპორტო საშუალებას დაუზიანდა გადაბმულობის ქურო.

9. დაზიანებული ავტომობილის ზიანის ოდენობამ შეადგინა 9172 ლარი, რაც დასტურდება შპს „ი.ა–ოს" (28.02.2024წ.) და (23.05.2024წ.) ინვოისებით.

10. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულების ვადაგადაცილების შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებას შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 18.34 ლარს.

11. მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა მიიღო უარი, ვინაიდან მომხდარის დროს საპატრულო პოლიცია არ გამოძახებულა.

12. დამზღვევს არ წარუდგენია მზღვევლისთვის ხელშეკრულების №1 დანართის პირველი ნაწილის მესამე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

13. წინამდებარე საკასაციო საჩივარში მხარემ განმარტა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სათანადოდ დადასტურდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები შესაბამისად არ შეაფასა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

17. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

18. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

19. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ, სათანადო საფუძვლის გარეშე, თანხის დაკისრება, შესაბამისად, მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს (იხ.: სუსგ №ას-218-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

20. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;

21. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ. ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

22. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების №1 დანართის პირველი ნაწილის მესამე მუხლით გათვალისწინებულია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დადგომის შემდგომ მოქმედების გეგმა. წინამდებარე მუხლი დამზღვევს ავალდებულებს, შემთხვევის დადგომის შემდეგ, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ მიმწოდებლის (მზღვეველის) ცხელ ხაზზე.

23. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე უტყუარად დგინდება, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია არ გამოძახებულა, რაც მეტად მნიშვნელოვანია სადაზღვევო ფაქტის (დროის, ადგილის, პირობების და სხვა) დადასტურებისა და ზიანის მანიპულირების ან სიმულაციის თავიდან ასაცილებლად.

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების №1 დანართის პირველი ნაწილის მესამე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია არ წარადგინა. აღნიშნული კი საჭირო იყო შემთხვევის შესაფასებლად და არსებული მდგომარეობის დასადგენად. შედეგად სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობა არ მიეცა, დაედგინა ობიექტური ჭეშმარიტება, მომხდარი მიეკუთვნებოდა თუ არა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ სადაზღვევო რისკებს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი - არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად უპასუხა, რისი დამასაბუთებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.

26. ზემოაღნიშნული საკითხის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ სადაზღვევო შემთხვევის კვალიფიკაციისათვის საჭირო მტკიცებულებები დამზღვევმა ვერ წარადგინა, რაც მომხდარი ფაქტის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს, სსკ-ის 799.1 მუხლიდან გამომდინარე და მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შინაარსიდან. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს კასატორის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2025 წლის 30 აპრილს (ტრანზაქციის განხორციელების თარიღი) №31529 საგადახდო დავალებით გადახდილი 571.39 ლარის 70% – 399,97 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №2053....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2025 წლის 30 აპრილს (ტრანზაქციის განხორციელების თარიღი) №31529 საგადახდო დავალებით გადახდილი 571.39 ლარის 70% – 399,97 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა