საქმე №ას-1156-2024 25 დეკემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.დ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.მ–ი (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებლი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „მ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ე.დ–ი (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მაისის განჩინებას, რომლითაც შ.მ–ის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ ხელშეშლის აღკვეთისა და თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის მითითებით, მისი მხრიდან სადავოა №8 და №9 საერთო სარგებლობის ფართების (ს/კ №.........) თავისუფლად ფლობა და სარგებლობა, რომელიც 2018 წლის ივლისში მოპასუხემ მასთან შეუთანხმებლად თვითნებურად გამიჯნა იმგვარად, რომ კასატორისათვის გამოუსადეგარი გახდა, რადგან ფართი მოწყობილი იყო სარესტორნო საქმიანობისათვის, გამიჯვნის შემდეგ კი, მოპასუხემ დაიკავა ფართის ძირითადი ნაწილი, ხოლო რესტორნის სათავსი და საკუჭნაო მოსარჩელეს გადასცა.
3. მოსარჩელისათვის გადაცემული ფართის ნაწილი გაქირავებისათვის აღმოჩნდა გამოუსადეგარი, რის გამოც კასატორი 2018 წლიდან მოყოლებული საერთო ფართის გაქირავებას ვეღარ ახერხებს. მხარეთა საერთო ფართიდან ქირავდება მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც მოპასუხე უკანონოდ დაეუფლა, სადაც ეს უკანასკნელი მოსარჩელეს არ უშვებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
9.1 7871მ2 დაზუსტებული მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით №1-№21, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, საკადასტრო კოდი №.........., რეგისტრირებულია შპს „მ–ის“ (ს/ნ ..........) (შემდგომ - კომპანია) საკუთრებად. კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები №1-№21 კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით გადანაწილებულია საწარმოს პარტნიორებზე (მათ შორის მხარეებზე, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულია კომპანიის საწესდებო კაპიტალის 12.5%, მოპასუხე მოპასუხის საკუთრებად - 12.5%) და ამ სავაჭრო ობიექტებზე პარტნიორები სამეწარმეო საქმიანობას თავიანთი შეხედულებისამებრ ახორციელებენ;
9.2 კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო ფართები №8 და №9 სარგებლობასა და მართვაში გადაცემული აქვთ მხარეებს და ამ ფართებს მოსარჩელე და მოპასუხე კომერციული დანიშნულებით იყენებენ;
9.3 როგორც უკვე აღინიშნა, კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული ფართი მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........., სექტორი 11, კვარტალი 12, ნაკვეთი 016/027 სარგებლობასა და მართვაში გადაცემული აქვს მოსარჩელეს (კეთილსინდისიერი მფლობელი, სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 161, ველი 1)), რომლის მოთხოვნას წარმოადგენს, აეკრძალოს მოპასუხეს მოსარჩელისათვის საჯარო რეესტრში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაში არსებული №8 და №9 კომერციული ფართებით სარგებლობაში ხელშეშლა და მოსარჩელეს მიეცეს შპს „მ–ის“ მიერ 2011 წლის 27 მაისის №16 კრების ოქმის საფუძველზე განაწილებული საერთო სარგებლობის №8 და №9 ფართებით თავისუფლად სარგებლობის უფლება.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 161-ე მუხლის მიხედვით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად ეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამასთანავე, მას შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა შეუძლებელია ხელის შეშლის აღკვეთის მოთხოვნა. სსკ-ის 161-ე მუხლიც, ისევე როგორც 160-ე მუხლი, წარმოადგენს ნივთის მფლობელის პოსესორულ მოთხოვნას, რომელიც არა მფლობელობის ჩამორთმევით, არამედ მის სხვაგვარად ხელშეშლით გამოიხატება. ნორმის მიზანია, ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს, მესაკუთრის მსგავსად, ჰქონდეს ხელშეშლის აღკვეთის სამართლებრივი საფუძველი. კეთილსინდისიერი მფლობელი, სსკ-ის 159-ე მუხლის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, არის ის პირი, რომელიც ნივთს სამართლებრივი საფუძვლით ფლობს. მაგალითად: დამქირავებელი, მოიჯარე ან მონათხოვრე. მოსარჩელეს, კეთილსინდისიერ მფლობელს, ეკისრება მტკიცების ტვირთი (იხ: ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, ჭანტურია (რედ.), 2018, მუხლი 161, ველი 1, 7).
11. პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებულია მისი მფლობელობის ხელშეშლა (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები), თუმცა მას მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტების დამადასტურებელ შესაბამის მტკიცებულებებზე სასამართლოსთვის არ მიუთითებია, კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელის ინტერესია, შეწყდეს მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის თავისუფლად განკარგვის უფლება და მოსარჩელემ ორივე ფართის (№8 და №9) თავისუფლად განკარგვა შეძლოს, რაც ვერ იქნება გაზიარებული იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ შპს „მ–ის“ საკუთრებად რეგისტრირებული შენობა-ნაგებობები №1-№21 კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით გადანაწილებულია საწარმოს პარტნიორებზე (მოსარჩელე და მოპასუხე პარტნიორებს წარმოადგენენ), რომლებიც სავაჭრო ობიექტებზე სამეწარმეო საქმიანობას თავიანთი შეხედულებისამებრ ახორციელებენ. როგორც უკვე აღინიშნა, კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო ფართები №8 და №9 სარგებლობითა და მართვით გადაცემული აქვთ მოსარჩელესა და მოპასუხეს (მანამდე მოპასუხის მამკვიდრებელს), რომლებსაც ისინი კომერციული დანიშნულებით იყენებენ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის, მოპასუხისა და მოწმის სახით შპს „მ–ის“ ორი პარტნიორის მიერ 2018 წლის 13 ივლისს ხელმოწერილი „ოქმში დამფუძნებელ პარტნიორთა შორის შეთანხმება“, რომლის თანახმად, წილისყრის შედეგად მე-8 შენობა მიეკუთვნა მოპასუხეს, ხოლო მე-9 მოსარჩელეს. შენობა გაიყო ამ ოქმის გაფორმებით ორივე შენობა-ნაგებობის საერთო ფართის შუაზე გაყოფით დანართში მითითებული აზომვითი ნახაზის მიხედვით და მოპასუხის ერთპიროვნული სარგებლობის საგნად სწორედ ის ობიექტი განისაზღვრა, რომლის ფლობის ხელშეშლის აღკვეთასაც მოსარჩელე მოპასუხისგან მოითხოვს, რაც, ბუნებრივია, შეთანხმების არსებობის პირობებში ვერ დაკმაყოფილდება და იმთავითვე გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის უკანონო ხელშეშლას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
12. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით დაუსაბუთებელია აღნიშნული მოთხოვნაც.
13. ამასთან, 2018 წლის 13 ივლისის შეთანხმების შინაარსიც არ ქმნის იმგვარი აღქმის ობიექტურ შესაძლებლობას, რომ შენობების/ფართების ინდივიდუალურად მიკუთვნებისა და მათი გამიჯვნის მიუხედავად, თითოეულიდან მიღებული შემოსავალი უნდა განაწილდეს კვლავინდებურად მხარეთა შორის შემოსავლის თანაბრად გაყოფის პრინციპით. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი კასატორს საკასაციო საჩივარშიც არ მიუთითებია, რაზეც პალატა დამატებით აღარ გაამახვილებს ყურადღებას და სრულად იზიარებს ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და მსჯელობას.
14. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
17. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
18. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და
ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
19. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (ი.: სუსგ №ას-309-2022, 07.07.2022წ.; №ას-686-2024, 26.07.2024წ.; №ას-855-2024, 27.09.2024წ. ).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. ე.დ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 6000 ლარის (საგადახდო დავალება №24567125040 / გადახდის თარიღი 11.11.2024) 70% - 4200 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა