საქმე №ას-864-2021 10 ნოემბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ე.ა–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ფ.რ–ი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ა“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ა–ვამ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ.რ–ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ის“ (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე, ამხანაგობა) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის, ყოველთვიურად 1060 ლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრებისა და ამხანაგობის 2011 წლის 10 იანვრის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 1 თებერვალს, თბილისში, ........, მდებარე №9 (ს/კ .......) კომერციული ფართი შეიძინა.
3. ქონების თავდაპირველი მფლობელი იყო გ.ს–ვი, რომელიც თბილისის საქალაქო საბჭოს საბინაო სამმართველოს მიერ 1939 წლის 22 მაისის გაცემული №85 ორდერით, თავისი ხუთსულიანი ოჯახით შესახლებულ იქნა 14.08 კვ.მ ფართში, მდებარე თბილისში, .........., №1 ოთახში (ყოფილი №9).
4. გ.ს–ვის მეუღლეს - ე.ს–ასა და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს №210 სახლმმართველობის სახლის მმართველს შორის, 1955 წლის 3 იანვარს გაფორმდა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე.ს–ას ქ. თბილისში, .........., პირველ სართულზე მდებარე 14.08 კვ.მ ფართი (1 ოთახი) გადაეცა.
5. ე.ს–ას გარდაცვალების გამო, თბილისში, ........ მდებარე 14.00 კვ.მ ოთახის ძირითად დამქირავებლად ცნობილ იქნა მისი შვილი რ.ს–ნი. ეს უკანასკნელი 2014 წლის 13 მაისს გარდაიცვალა. 2014 წლის 15 ნოემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მ.ბ–ვი, რომელსაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ვაკის რაიონის გამგეობის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანების საფუძველზე, უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა თბილისში, ......... პირველ სართულზე მდებარე 15.81 კვ.მ ბინა. გამგეობის მიერ გაიცა №3 საკუთრების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელს გადაეცა ზემოაღნიშნული ფართი აზომვითი ნახაზის შესაბამისად, რომელიც საკუთრების მოწმობის განუყოფელი ნაწილია. 2016 წლის 11 მაისს უძრავი ქონება მ.ბ–ვის საკუთრებად აღირიცხა. სწორედ ამ უკანასკნელისგან იყიდა მოსარჩელემ სადავო ქონება, რომელიც პირველ მოპასუხეს უკანონოდ აქვს დაკავებული, რითაც მოსარჩელეს ზიანი ადგება.
6. მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 10 იანვრის ამხანაგობის კრების ოქმით ირკვევა, რომ ამხანაგობის 2/3 მონაწილეთა თანხმობით პირველ მოპასუხეს შიდა აზომვით ნახაზზე დაფიქსირებული 41.32 კვ.მ ფართის საკუთრებაში არსებობის ფაქტი დაუდასტურდა. ამ ოქმით, ამხანაგობამ პირველ მოპასუხეს რ.ს–ნის საკუთრებაში არსებული ფართი დაუმტკიცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
მოპასუხეთა პოზიცია:
7. პირველმა მოპასუხემ წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წლების განმავლობაში დაკავებული აქვს ფართი მითითებულ მისამართზე, თუმცა არა №9, არამედ №1 და არა 15.81 კვ.მ, არამედ 41.21 კვ.მ, ამასთან, სწორედ ამ ფართზე ირიცხება მოპასუხის საკუთრების უფლება 1998 წლიდან, როდესაც შეიძინა ამ მისამართზე ფართი წილობრივი მონაცემებით.
8. პირველი მოპასუხის განმარტებით, მ.ბ–ვისათვის გადაცემული ფართი დაუდგენელია, კონკრეტულად სად მდებარეობს. მას კი დაკავებული აქვს ფართი, რომლის მესაკუთრეთაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
9. პირველი მოპასუხის განმარტებით, ამხანაგობის კრების ოქმით, მოპასუხეს დაუდასტურდა წლების მანძილზე საკუთრებასა და სარგებლობაში არსებული ფართი. ამ დროს რ.ს–ნი არ ყოფილა ამხანაგობის წევრი და, უფრო მეტიც, მას არ გამოუყენებია პრივატიზაციის უფლება. საკუთრების უფლება გაურკვეველ №9 ბინაზე მისმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა.
10. ამხანაგობამ სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ აღძრულია ვინდიკაციური სარჩელი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 172-ე მუხლის თანახმად, უნდა აკმაყოფილებდეს სამ პირობას: 1. მოსარჩელე უნდა იყო ნივთის მესაკუთრე; 2. მოპასუხე უნდა ფლობდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ნივთს და 3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელი წარმატებულია.
14. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ........ №82-ში მდებარე მთელი საცხოვრებელი სახლი ლიტერ „ა“ ხუთსართულიანია, საცხოვრებელი ოთახების რაოდენობაა 100, საცხოვრებელი ფართი 1509 კვ.მ, დამხმარე ფართი 323 კვ.მ, სასარგებლო ფართი 1832 კვ.მ განლაგებული 1638 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელი სახლის 28/1509 ნაწილი ეკუთვნოდა ზ.კ–ს, რომელმაც უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლის 28/1509 ნაწილი) პირველ მოპასუხეს მიჰყიდა. თავის მხრივ, ზ.კ–ს საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოპოვებული ჰქონდა ა.ბ–ასა და ე.გ–ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, კერძოდ, 1997 წლის 18 ივნისს, ა.ბ–ამ ზ.კ–ს მიჰყიდა საცხოვრებელი სახლის 14/1509 ნაწილი, მდებარე, თბილისში, ......... №82-ში, ბინა №1. გამყიდველის საკუთრება უძრავ ქონებაზე დასტურდებოდა 18.06.1997წ. №ბ-754 ცნობით და 17.06.1997წ. პრივატიზაციის ხელშეკრულებით. 30.03.1998წ. ე.გ–ამ ზ.კ–ს მიჰყიდა მთელი საცხოვრებელი სახლის 14/1509 ნაწილი თბილისში, ...... ქ. №82-ში მდებარე 1-ლი ბინა. გამყიდველის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე დადასტურებულია ტექბიუროს მიერ 30.03.1998წ. გაცემული ცნობა-დახასიათებით და 18.03.1998წ. პრივატიზაციის ხელშერკულებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ არც ქონების პრივატიზაციის და არც პირველი მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის შეძენის მომენტში, მესაკუთრეთა წილობრივი საკუთრება კონკრეტული ფართების მიხედვით დაზუსტებული არ იყო.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრის 2005 წლის ამონაწერის თანახმად, პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული იყო ......... ქ. 82-ში (სადარბაზო I) საერთო საკუთრებიდან 28/1509 წილი 08.01.1998წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხის განცხადების საფუძველზე ცვლილების შესაბამისად, მის სახელზე ირიცხება ....... ქუჩა №82-ში მდებარე ბინა №1, 1-ლი სადარბაზო, ფართი 41.32 კვ.მ; ამხანაგობა „მ–ის“ 10.01.2011წ. კრების ოქმით, წევრთა 2/3-ზე მეტის მონაწილეობით დადასტურებულ იქნა, რომ მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა ....... 82-ში მდებარე ბინის №1-ის შიდა აზომვით ნახაზზე ფიქსირებული ფართი 41.32 კვ.მ, რომელშიც შედიოდა რეგისტრირებული ფართი (რეგ. №882010694807). ამხანაგობამ დაადასტურა, რომ ამხანაგობის წევრებს ამ ფართის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნდათ.
17. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი მოპასუხის ახსნა-განმარტებით, ამ უკანასკნელის დაკვეთით შესრულებული აზომვითი ნახაზით, მოწმე ჯ.გ–ის ჩვენებითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით დადგენილია და არც სააპელაციო საჩივრით არ არის გამხადარი სადავოდ, რომ პირველი მოპასუხე იმ ორი ოთახის გარდა, რომელიც შეიძინა ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ფლობს დამხმარე ფართებსა და სველ წერტილსაც, რისი გათვალისწინებითაც, სადავო კრების ოქმით პირველ მოპასუხეს, გარდა რეგისტრირებული ფართისა, საკუთრებაში დაუდასტურდა დამხმარე ფართისა და სველი წერტილის ფლობა, რამაც გამოიწვია მის სახელზე რეგისტრირებული ფართის 41.32 კვ.მ-მდე გაზრდა.
18. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებულ ადგილზე დათვალიერებაზე, ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნაზე და მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, რისი გათვალისწინებითაც, მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის მიერ მისი ფართის ფლობა დაედასტურებინა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ იმავე მისამართზე მოპასუხის საკუთრებაში №1 ბინაა, საკადასტრო კოდით .........
19. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმე ე.გ–ას ჩვენებაზეც, სადაც ის აღნიშნავს, რომ რ.ს–ნი საცხოვრებლად წავიდა საზღვარგარეთ თავის შვილთან და წლების განმავლობაში არ დაბრუნებულა, მისი კუთვნილი ფართის პრივატიზება განახორციელა მან და შემდგომ ეს ფართი მიჰყიდა ზ.კ–ს. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოება არ არის კვლევის საგანი წინამდებარე დავის ფარგლებში. დავის საგნის გათვალისწინებით, დასადგენია მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ფართის ფლობის ფაქტი, აღნიშნული კი საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დადასტურდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
20. სააპელაციო სასამართლომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლსა (პირველ და მეორე ნაწილებზე) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 180-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ ვინაიდან, ვერ ხერხდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის იდენტიფიცირება და ადგილმდებარობა, დაუსაბუთებელია მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ.
კასატორის მოთხოვნა:
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გაითვალისწინა, ასევე უგულებელყო მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართულების გეგმა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოწმეთა ჩვენება, რომელთაც დაადასტურეს ის ფაქტი, რომ სადავო ფართი სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა რ.ს–ნსა და მ.ბ–ვას.
23. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ექსპერტიზის დასკვნაც. სასამართლომ საკუთარი დასკვნა უსაფუძვლოდ დააფუძნა ექსპერტიზის დასკვნის ბოლო აბზაცზე და უხეშად უგულებელყო პირველ სამ აბზაცში მოყვანილი დასკვნები, სადაც ნათლად წერია, რომ შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული 41.32 კვ.მ ფართის დაზუსტებას და ადგილმდებარეობის განსაზღვრას, ამავე ნახაზზე ნაჩვენები ოთახების გაბარიტული ზომებისა და კონფიგურაციის გათვალისწინებით არ შეესაბამება იმ ფართს, რომელიც პირველ მოპასუხეს ფაქტობრივად აქვს დაკავებული. შიდა აზომვითი ნახაზი (ნ.ა–ი), რომელიც საფუძვლად უდევს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის იდენტიფიცირებას გაბარიტული ზომებისა და კონფიგურაციის გათვალისწინებით სრულად ემთხვევა სადავო ფართის გაბარიტულ ზომებისა და კონფიგურაციას.
24. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ადგილზე დათვალიერების ოქმზე მის მიერ წარდგენილი შენიშვნებიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. საკასაციო პალატის მითითებით, სარჩელზე დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
28. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
29. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, ხოლო ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
31. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას მოსარჩელე უკავშირებს მოპასუხის მხრიდან მისი ქონების ფლობის ფაქტს, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მითითებული გარემოების (მოპასუხის მიერ ნივთის ფლობის) დადასტურების მოვალეობა, რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.
32. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, რომლის მისამართია: თბილისი, .......... 1, ფართი 9, 15.81 კვ.მ (ს/კ ......) და იმავე მისამართზე მდებარე 41.32 კვ.მ ბინა №1-ის (ს/კ .........) მესაკუთრეა პირველი მოპასუხე.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე რიცხული ქონების თავდაპირველი მფლობელი იყო გ.ს–ვი, რომლის სახელზეც, 1939 წლის 22 მაისს გაიცა ორდერი და მას უფლება მიეცა თავის 5-სულიან ოჯახთან ერთად შესახლებულიყო ბინაში, მდებარე .......... (ახლანდელი ........ქ. 82), 14.08 კვ.მ №1 ოთახში (ადრე ბინა №9). 1955 წლის 3 იანვარს გ.ს–ვის მეუღლესა და ორჯონიკიძის რაისაბჭოს აღმასკომის საბინაო სამმართველოს შორის გაფორმდა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც დამქირავებელს გადაეცა ....... ქ. №82-ში, პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახისგან შემდგარი 14. კვ.მ სადგომი და ე.ს–ვამ ბინის მიღება-ჩაბარების აქტით იმავე დღეს ჩაიბარა ქონება. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ ბინის დამქირავებლად ცნობილ იქნა შვილი რ.ს–ნი, რომლის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 2014 წლის 13 მაისს) სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მ.ბ–ვი იქნა ცნობილი რ.ს–ნის კანონიერ მემკვიდრედ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის №1.411 ბრძანებით, 2016 წლის 28 აპრილს, ამ უკანასკნელს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ....... ქუჩა 82-ში, პირველ სართულზე მდებარე ბინა საერთო ფართით 15.81 კვ.მ. ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე, მ.ბ–ვის სახელზე გაიცა №3 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის განუყოფელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ინდ.მეწარმე ნ.ა–ის მიერ 2014 წლის 11 ნომებერს შედგენილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საკუთრების უფლების №3 მოწმობის საფუძველზე მ.ბ–ვა საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონების (თბილისი, ........., 15.81 ფართის (ს/კ ..........)) მესაკუთრედ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 22.06.2016 წლის №1.575 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2016 წლის 28 აპრილის ბრძანებაში და მიეთითა, რომ: მ.ბ–ვას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს ..........., 1 სართულზე მდებარე ოთახი №9, საერთო ფართით 15.81 კვ.მ. უდავოა, რომ 2017 წლის 6 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. მოსარჩელის სახელზე გაცემულ საჯარო რეესტრის ამონაწერში უკვე მითითებულია ფართი №9, შეცვლილია საკადასტრო კოდიც, ნაცვლად .........-სა მითითებულია ს/კ ..........
34. ნიშანდობლივია, რომ იმავე მისამართზე - ....... ქუჩა №82-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 28/1509 ნაწილი ეკუთვნოდა ზ.კ–ს, რომელმაც უძრავი ქონება პირველ მოპასუხეს 1998 წელს მიჰყიდა. თავის მხრივ, ზ.კ–ს საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოპოვებული ჰქონდა ა.ბ–ასა და ე.გ–ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი), ამასთან, უდავოა, რომ არც ქონების პრივატიზაციის და არც პირველი მოპასუხის მიერ უძრავი ნივთის შეძენის მომენტში, მესაკუთრეთა წილობრივი საკუთრება კონკრეტული ფართების მიხედვით დაზუსტებული არ იყო. ამასთან, მოპასუხე ამხანაგობის 2011 წლის 10 იანვრის კრების ოქმით, წევრთა 2/3-ზე მეტის მონაწილეობით დადასტურდა, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა ....... 82-ში მდებარე ბინა 1-ის შიდა აზომვით ნახაზზე ფიქსირებული ფართი 41.32 კვ.მ (დამხმარე ფართი და სველი წერტილი, რომლის მოპასუხის მიერ ფლობა სადავოდ არ გამხდარა), რომელშიც შედიოდა რეგისრტირებული ფართი (რეგ №882010694807), რისი გათვალისწინებითაც, პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა ......... ქუჩა 82-ში, 1 სადარბაზოში მდებარე 41.32 კვ.მ ბინა №1.
35. საკასაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის კუთვნილი ქონების მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტს დაადასტურდებდა. აღსანიშნავია, რომ სადავო გარემოება ვერც მოწმეთა ჩვენებით და ვერც ადგილზე დათვალიერებით ვერ დადასტურდა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დგინდება, რომ რ.ს–ნს პრივატიზაციის უფლება არ გამოუყენებია და საკუთრების უფლება ქონებაზე მისმა მემკვიდრემ დაირეგისტრირა. ამასთან ნიშანდობლივია, მოწმე ე.გ–ას ჩვენებაც, რომელმაც მიუთითა, რომ 1989 წელს რ.ს–ნი საქართველოდან წავიდა და წლების განმავლობაში არ დაბრუნებულა. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, შეაგროვა საბუთები და სახლმმართველობას მიმართა, რის შემდგომაც რ.ს–ნის კუთვნილი დაახლოებით 15 კვ.მ ქონება შეიერთა და ქონების პრივატიზებაც მის სახელზე გაფორმდა. ამის შემდგომ უძრავი ქონება ზ.კ–ს მიჰყიდა. აღნიშნული დაადასტურა მოწმე, ჯ.გ–მაც.
36. საკასაციო პალატის განმარტებით, სხვა მტკიცებულებები, რასაც კასატორი მიუთითებს მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი ფართის ფლობის დასადატურებელად, სადავო გარემოებას ასევე ვერ ადასტურებს, კერძოდ, სახლის გეგმით ვერ მტკიცდება რაიმე გარემოება, ისევე როგორც ექსპერტიზის დასკვნით (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თბილისი, .........ქუჩა 82-ში, პირველ სართულზე მდებარე განმცხადებლის მიერ მითითებული ორი ოთახის საერთო ფართი შეადგენს 28.69 კვ.მ; ფაქტობრივი მდგომარეობის შიდა აზომვითი ნახაზის და შპს „ნ.ბ.კ–ის“ მიერ შესრულებული შიდა აზმოვითი ნახაზების ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ შპს-ს მიერ შესრულებული შიდა აზომვით ნახაზზე ნაჩვენები ოთახების გაბარიტული ზომები და კონფიგურაცია არ შეესაბამება №1 სადარბაზოს მომიჯნავედ არსებული ორი ოთახის გაბარიტულ ზომებს და კონფიგურაციას. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი შიდა აზომვითი ნახაზის და ი.მ „ნ.ა–ის“ მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარების შედეგად დადგინდა, რომ ი.მ ნ.ა–ის მიერ შესრულებული შიდა აზომვით ნახაზზე ნაჩვენები ოთახის გაბარიტული ზომები და კონფიგურაცია შეესაბამება №1 სადარბაზოს მომიჯნავედ არსებული ერთი ოთახის (ოთახი №2) გაბარიტულ ზომებსა და კონფიგურაციას), ვინაიდან მასში პირდაპირაა მითითებული, რომ შესრულებულ ნახაზზე არ არის ასახული ოთახებისა და სადარბაზოს ურთიერთგანლაგება, რისი გათვალისწინებითაც, შეუძლებელია ნახაზზე არსებული ოთახების ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
37. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, კუთვნილი მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია. მან ვერ შეძლო სასამართლოსათვის დაემტკიცებინა, პირველი მოპასუხის მიერ მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი (მოპასუხის მიერ დაკავებულ ფართზე მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების უფლების არსებობა), რაც აუცილებელი წინაპირობაა ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
38. რაც შეეხება ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ მსჯელობას, ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მოთხოვნაზე და განმარტავს, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ამხანაგობის კრების ოქმი ბათილად ცნობა მოსარჩელე მხარის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რაც მოსარჩელეს სურს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს.
40. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს ნამდვილი იურიდული ინტერესი არ გააჩნია და მისი ბათილად ცნობა, მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვნია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). ამასთან, ვინაიდან, ვერ დადგინდა მისი ფართის მდებარეობა, არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებით, მოსარჩელის უფლებების დაცვა ასევე ვერ მიიღწევა, რაც აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ ელემენტს - იურიდიული ინტერესის არსებობას გამორიცხავს.
41. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, რომ კასატორს არ მიუთითებია კონკრეტულ შენიშვნებზე, ამასთან, მისი გაზიარების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია შეიცვლებოდა თუ არა მის სასარგებლოდ სამართლებრივი სურათი.
42. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
43. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ა–ვას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ივნისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
გიორგი მიქაუტაძე
მირანდა ერემაძე