საქმე№ას-762-2025
04 აგვისტო, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ააიპ „ჩ.ფ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ.ხ–ძემ 2024 წლის 07 აგვისტოს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგაში, მოპასუხე ააიპ „ჩ.ფ–ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: ბათილად იქნას ცნობილი ააიპ „ჩ.ფ–ის“ 2024 წლის 25 ივნისის ბრძანება ნ.ხ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე ნ.ხ–ძე აღდგენილ იქნას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ ჟურნალისტის პოზიციაზე, იგივე შრომის ანაზღაურების (ხელზე მისაღები 3640 ლარი) პირობით; მოპასუხე ააიპ ,,ჩ.ფ–ს‘‘ მოსარჩელე ნ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3640 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები), 2024 წლის 25 ივნისიდან - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.ხ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აა(ი)პ „ჩ.ფ–ის“ 2024 წლის 25 ივნისის ბრძანება ნ.ხ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე ნ.ხ–ძე აღდგენილ იქნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დაკავებულ თანამდებობაზე, კერძოდ ჟურნალისტის პოზიციაზე; აა(ი)პ ,,ჩ.ფ–ს‘‘ ნ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 3640 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები), 2024 წლის 25 ივნისიდან - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე; აა(ი)პ „ჩ.ფ–ს“ ნ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 2000 ლარის ოდენობით; აა(ი)პ „ჩ.ფ–ს“ ნ.ხ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ფაქტების კონსტატაციაზე, სანოტარო და ფოსტის მომსახურეობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 472.76 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „ჩ.ფ–მა“, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით, ააიპ „ჩ.ფ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „ჩ.ფ–მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, კასატორ - ააიპ „ჩ.ფ–ს“ დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. კერძოდ, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზები) მითითებით და სახელმწიფო ბაჟის 2184 (ორი ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, კასატორ - ააიპ „ჩ.ფ–ის“ შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორ - ააიპ „ჩ.ფ–ს“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინოს: სახელმწიფო ბაჟის 2184 (ორი ათას ას ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი, ან მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.
2025 წლის 21 ივლისს, კასატორ ააიპ „ჩ.ფ–მა“ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის გამოხმობა, ხოლო 2025 წლის 28 ივლისს, დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და ააიპ „ჩ.ფ–ის“ შუამდგომლობის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2025 წლის 28 ივლისს, კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. კასატორი უფლებამოსილია, თანმდევი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით. აპელანტის არსებული უფლება ვრცელდება კასატორზეც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო საჩივრის ავტორს შეუძლია ნებისმიერ სტადიაზე განაცხადოს უარი საკასაციო საჩივარზე.
სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-1573-2018, 26.09.2019 წ.; №ას-1793-2019, 12.03.2020 წ.; №ას-712-2020, 4.03.2021 წ.).
კასატორმა - ააიპ „ჩ.ფ–მა“ განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, ააიპ „ჩ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კასატორ ააიპ „ჩ.ფ–მა“ და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება და უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 284-ე, 285-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ააიპ „ჩ.ფ–ის“ შუამდგომლობა, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს და ააიპ „ჩ.ფ–ის“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი