Facebook Twitter

საქმე №ას-696-2025 25 ივლისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – რ.შ–ი, კ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,დ.ს.კ.ი–ო'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს ,,დ.ს.კ.ი–ომ'' სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების რ.შ–ის და კ.ს–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რ.შ–ს სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა, მიყენებული ზიანის ანაზღაურება 72595.75 ლარის ოდენობით. რ.შ–ს სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ გაღებული თანხის 2178 ლარის და ექსპერტიზის საფასურის 280 ლარის გადახდა. სარჩელი დარჩენილ (ზიანის სოლიდარულად დაკისრების) ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. კ.ს–ს სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სასარგებლოდ რ.შ–თან ერთად სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 72595.75 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით რ.შ–ს და კ.ს–ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟის – 3629.78 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს რ.შ–ს და კ.ს–ს გაეგზავნათ 2025 წლის 09 ივნისს. სასამართლო გზავნილი ჩაბარდა კ.ს–ის მეუღლეს - მ.გ–ს 2025 წლის 16 ივნისს, ხოლო რ.შ–ს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა ორჯერ. ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული, რომ ადრესატი მისამართზე: ადიგენი, სოფ. ...... არ ცხოვრობს. კასატორ რ.შ–ს ხარვეზის განჩინება დამატებით გაეგზავნა 2025 წლის 25 ივნისს მისამართზე: ლაგოდეხის რაიონი სოფ. ..... და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 27 ივნისს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად განმარტავს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით რ.შ–ს და კ.ს–ს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი დედნის სახით. ბ) სახელმწიფო ბაჟის – 3629.78 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის - ქვითრის დედანი.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორებს რ.შ–ს და კ.ს–ს გაეგზავნათ 2025 წლის 09 ივნისს და ჩაბარდა კ.ს–ის მეუღლეს მ.გ–ს 2025 წლის 16 ივნისს, ხოლო რ.შ–ს სასამართლო გზავნილი ვერ ჩაბარდა ორჯერ. ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული, რომ ადრესატი მისამართზე: ადიგენი, სოფ. ...... არ ცხოვრობს. კასატორ რ.შ–ს ხარვეზის განჩინება დამატებით გაეგზავნა 2025 წლის 25 ივნისს მისამართზე: ლაგოდეხის რაიონი სოფ. ....... და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 27 ივნისს.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, კასატორი კ.ს–თვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 17 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 26 ივნისს, ხოლო კასატორი რ.შ–ისთვის ხარვეზის აღმოფხვრის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 28 ივნისს და ამოიწურა 2025 წლის 07 ივლისს (იხ. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები). დადგენილია, რომ კასატორებს სასამართლოსთვის განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენიათ არც ხარვეზის შევსებისთვის აუცილებელი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც რაიმე სახის შუამდგომლობა.

სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.შ–ის და კ.ს–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.შ–ის და კ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე