Facebook Twitter

საქმე №ას-618-2025 29 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),

ამირან ძაბუნიძე (მომხსენებელი), არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების: გ.ფ–ძის, მ.მ–ას, გ.მ–ას, ლ.შ–ძის, ნ.თ–ძის, გ.კ–ის, მ.ა–ძის, მ.რ–ის, დ.კ–ის, ზ.ა–ვის, ლ.ლ–ის, თ.მ–ძის, დ.წ–ძის, ლ.ჯ–ძის, ი.კ–ვას, ნ.შ–ას, გ.ჭ–ძის, გ.ჭ–ის, ზ.მ–ას, მ.ს–ას მიმართ - არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ მოთხოვნა შპს „მ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა და სარეალიზაციოდ მიექცა შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა - სს „ს.ბ–მა“.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი და საქმის წარმოება შეწყდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2023 წლის 6 თებერვალს, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე (მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ წარმომადგენლის განცხადება, უსწორობის გასწორების თაობაზე, დაკმაყოფილდა. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაზე გაცემულ 2023 წლის 6 თებერვლის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა, კერძოდ: გრაფაში „მოვალის დასახელება და რეკვიზიტები“ დამატებით მოვალედ მიეთითა: „შპს „მ–ი“ (ს/ნ .......); მის.: ქ. თბილისი, ........“

6. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „მ–ის“ წარმომადგენელმა. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ 2022 წლის 20 აპრილის განჩინებაში, რომლის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, შპს „მ–ი“ არ არის მითითებული, როგორც საპროცესო მხარე, შესაბამისად დაუშვებელია სააღსრულებო ფურცელში მოხდეს უსწორობის გასწორება, მანამ სანამ არ გასწორდება ძირითად განჩინებაში დაშვებული შეცდომა, რადგან დაუშვებელია განსხვავდებოდეს ძირითადი განჩინება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი. კერძო საჩივარში ასევე, მითითებულია, რომ მორიგების აქტის შესრულება დამოკიდებული არ არის შპს „მ–ზე“, მართალია ამ კომპანიის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი მორიგების აქტს, თუმცა მისი მხრიდან პირობათა შესრულება მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც საქმეში მონაწილე სხვა პირთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულდება სრულად, ამიტომ, სააღსრულებო ფურცელში შპს „მ–ის“ საიდენტიფიკაციო მონაცემების დამატება, უსწორობის გასწორება არ არის ვინაიდან განჩინებაში არ არის დაშვებული შეცდომა, არამედ იგი წარმოადგენს დამატებას, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების საფუძვლებს, კერძოდ მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება ეწინააღმდეგებოდა კანონს, ვინაიდან ამავდროულად არ მომხდარა იმ განჩინების უსწორობის გასწორება, რომლის საფუძველზეც ის არის გაცემული. გასაჩივრებული განჩინების კრიტიკა ასევე მიემართება შინაარსობრივ მხარესაც, მხარე უთითებს, რომ კომპანია არ არის მითითებული, როგორც საპროცესო მხარე და ასევე, იგი არ არის ამ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულებაზე უფლებამოსილი პირი, რაც სააღსრულებო ფურცელში შპს „მ–ის“ მოვალის დასახელებაში მითითებას უკანონო ქმედებად აქცევს.

10. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (კანონის ანალოგია). ცხადია, რომ გარკვეული შეცდომები სააღსრულებო ფურცელშიც შეიძლება იქნეს დაშვებული (მაგალითად, შეცდომები: სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღში, კრედიტორის ან მოვალის მისამართში, მათ საიდენტიფიკაციო მონაცემებში, კრედიტორის ან მოვალის არასწორად მითითებაში ან საერთოდ მიუთითებლობაში და ა.შ.). ნათელია, რომ ასეთ შემთხვევებში წარმოიშობა სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწრობის გასწორების აუცილებლობა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, უნდა გასწორდეს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე (იხ. სუსგ. საქმე №ას-923-873-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი). ამასთან ხაზგასასმელია, რომ აღსრულებას ექვემდებარება მხოლოდ სასამართლო აქტის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, სხვა ნაწილში რაიმე ტექნიკური უსწორობის არსებობა, რაც არ არის ასახული სააღსრულებო ფურცელში, არ ქმნის გასაჩივრებული მოქმედების უკანონოდ მიჩნევის საფუძვლებს. საკასაციო პალატა დასძენს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის განჩინების შესავალ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა მორიგება, შპს „მ–ი“ მართლაც არ არის მითითებული აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გრაფაში, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების აქტის სუბიექტებს. კერძოდ, აღნიშნული აქტის მიხედვით, სს „ს.ბ–ს“, შპს „მ–ს“, შპს „ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ვ.....“-ს და სხვა ფიზიკურ პირებს შორის შეთანხმდა მორიგების პირობები, რომელთაგან ერთ-ერთ პირობად განისაზღვრა სს „ს.ბ–სა“ და შპს „მ–ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების N003123-1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად, შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული 12 უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ამავე მორიგების აქტით დადგინდა, რომ წინამდებარე აქტის დამტკიცების თაობაზე, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 60 კალენდარული დღის ვადაში ბანკს საკუთრებაში გადაეცემოდა შპს „მ–ის“ სახელზე რიცხული 27 ერთეული უძრავი ქონება. გარდა ამისა, ამავე მორიგების აქტით მოხდა შპს „მ–ის“ მიმართ არსებული საკრედიტო მოთხოვნების შემცირებაზე შეთანხმებაც. ამდენად, სრულიად არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ შპს „მ–ი“ არ წარმოადგენს მორიგების აქტის მხარეს და მასზე არ არის დამოკიდებული მორიგების აქტით შეთანხმებული პირობების შესრულება.

11. გარდა ზემოაღნიშნულია აშკარად დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის ის მოსაზრებაც, რომ თითქოს იგი არ წარმოადგენდა პროცესუალურ მხარეს იმ დავაზე, რომლითაც მორიგება დამტკიცდა, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „მ–ი“ არის სს „ს.ბ–ის“ (კრედიტორის) როგორც პირადი მოვალე, ასევე კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების მესაკუთრეც, შესაბამისად, ეს უკანასკნელი, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააღსრულებო ფურცელში შეტანილი უნდა ყოფილიყო როგორც სს „ს.ბ–ის“ (კრედიტორის) მოვალე.

12. საკასაციო პალატა ასევე მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის ის მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც შპს „მ–ის“ მოვალეთა ნუსხაში დამატება არ წარმოადგენდა უსწორობის გასწორებას, არამედ იყო დამატება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით რეგლამენტირებულია სასამართლოს მიერ ნაწარმოებ დოკუმენტში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების წესი. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე. მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმეები №ას-5-2025, 2025 წლის 12 მარტი, Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი, Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

13. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე გაცემულ 2023 წლის 6 თებერვლის სააღსრულებო ფურცელში, დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ: - გრაფაში „მოვალის დასახელება და რეკვიზიტები“ დამატებით მოვალედ „შპს „მ–ის“ მითითება (ს/ნ .......); მის.: ქ. თბილისი, .........“, სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქმეზე დამტკიცებულ მორიგების აქტის შინაარსთან, ასევე თავად ძირითად დავის საგანთანაც.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ამირან ძაბუნიძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი