საქმე №ას-470-2025 18 ივლისი 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა (შემდეგში "მოსარჩელე", "კასატორი") სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით - 22 800 ლარის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N901 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შსს-სთვის გაეწია, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით, ამასთან, ხელშეკრულების დანართი /N1-ის დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის N 10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფექტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. 2021 წლის 23 ოქტომბრამდე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N .......
2.2. 2022 წლის 31 იანვარს დაზღვეულ ავტომანქანაზე შედგა დარეგულირების აქტი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე.
2.3. 2022 წლის 31 ოქტომბერს შსს-სა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ......, ზარალის ოდენობამ შეადგინა 30 505 ლარი და შსს-ს აღდგენილი ავტომანქანა გადაეცა 2022 წლის 31 ოქტომბერს - ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარი, სულ 22 800 ლარი (5228*100).
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დაანგარიშების ფურცელი არ არის სარწმუნო მტკიცებულება, იგი შედგენილია თავად მოსარჩელის მიერ. ავტომანქანაზე TOYOTA HILUX სახ. N ........ დარეგულირების აქტი გაფორმდა 2022 წლის 31 იანვარს, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა აიღო ვალდებულება გადაეხადა თანხა. 2022 წლის 4 თებერვალს მზღვეველმა ჩარიცხა სადაზღვევო თანხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს მზღვეველის რაიმე ტიპის ბრალეულობას დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით.
3.3. მოპასუხის მხრიდან პირნათლად შესრულდა თანხის გადახდის ვალდებულება, რის შესაბამისადაც შეკეთება უნდა განეხორციელებინა სერვის პროვაიდერს, ვინაიდან, სადაზღვევო კომპანია თავად, საქმიანობის არსიდან გამომდინარე წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტს რომლის პირდაპირი ვალდებულება სადაზღვევო მომსახურების გაწევისას არის მომხდარი შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარების საფუძველზე ზიანის ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა 2021 წლის 12 დეკემბერს ავტოსერვის ცენტრის მიერ გაცემული ინვოისის საფუძველზე გადარიცხული თანხით, შესაბამისად, აღნიშნული პერიოდიდან უნდა განხორციელებულიყო დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენა. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადების მონიტორინგი და შესაბამისად ავტოსერვისცენტრის დავალდებულება მზღვეველის კონტროლს მიღმაა. მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება იმყოფებოდა გარანტიაზე, შესაბამისად, მისი შეკეთების ადგილი არ შერჩეულა მოპასუხის მხრიდან და შეკეთება მოსარჩელის მიერ მითითებულ სერვის ცენტრში განხორციელდა.
3.4. ამასთან, სერვის ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეკეთების დაგვიანება განაპირობა დეფიციტური ნაწილის მოძიების პროცესმა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას და უნდა ჩაითვალოს ვალდებულების დარღვევად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ავტოსერვისცენტრი წარმოადგენს საქართველოში შკოდას მარკის ერთადერთ წარმომადგენელს და ხელშეკრულების დანართი N1-ის ნაწილი 2, მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, არაუმეტეს 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების (თუ იმყოფებიან საგარანტიო პირობებზე) ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული კონკრეტული მარკის ავტორიზებულ სერვის ცენტრ(ებ)ში.
3.5. მოპასუხის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაკისრება არ უნდა გულისხმობდეს, მხოლოდ ნორმატიული ჩანაწერის ზედაპირულ გამოყენებას, არამედ მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ფარგლები, მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენების მიზანი გაცილებით სცდება პირგასამტეხლოს გამოყენების რელევანტურ ფარგლებს, რომელიც მიმართული უნდა იყოს არა უსაფუძვლო გამდიდრებისკენ, არამედ იგი უნდა წარმოადგენდეს მხარის უფლებების დარღვევის პრევენციის საშუალებას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2280 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სს „ნ.ვ.დ–ვამ“.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. სააპელაციო პალატამ, სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილით, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაასკვნა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება N901 შსს-ს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად: სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას სერვის ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დაეკისრება სადაზღვევო კომპანიას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა.
5.3. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23/03/2022 წლის მიმართვით სს „ნ.ვ.დ–ვას“ ეცნობა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ........ აღნიშნულ მანქანაზე დარეგულირების აქტი შედგა 2022 წლის 31 იანვარს და არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შსს მიმართვით ითხოვდა სს „ნ.ვ.დ–ვისგან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ავტომანქანის შეკეთებას. ავტომანქანის TOYOTA HILUX სახ. N ........ რომელიც დაზიანდა 22/10/2021წელს, ზარალის ოდენობამ შეადგინა 30505 ლარი. სს „ნ.ვ.დ–ვას“ მიერ 2022-02-04 წელს საგადახდო დავალებით N1643697525 შპს „კ.მ–ში“ გადარიცხულია 30505 ლარი ზარალის ანაზღაურების დანიშნულებით. პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 19 დეკემბრის წერილით, მოვალეს ეცნობა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით.
5.4. შემსრულებლის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სადაზღვევო კომპანია მხოლოდ თანხის გადარიცხვაზე იყო პასუხისმგებელი და ვერ უზრუნველყოფდა ავტომანქანის სერვისცენტრში შეკეთების ზუსტი ვადების დაცვას, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხზე და ვადებზე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სწორედ მზღვეველი იყო პასუხისმგებელი სერვის-ცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, რაც უსაფუძვლოს ხდის აპელანტის ზემოაღნიშნულ განმარტებას.
5.5. რაც შეეხება დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა საქმის ინდივიდუალური გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა დარღვევებთან მიმართებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ რომ მოსარჩელისათვის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულად მაღალი იყო და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლომ შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 10-ჯერ და პირგასამტეხლო ჯამში განსაზღვრა - 2280 ლარით, რაც პალატამაც მართებულად მიიჩნია.
5.6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს სს „ნ.ვ.დ–ვამ“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
5.7. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო ძალიან სიმბოლურია და არ უზრუნველყოფს ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას. მისივე მტკიცებით, საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით.
6.2. კასატორი აცხადებს, რომ მას ხელშეკრულების შესრულების მიმართ გააჩნდა დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესი, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია მოვალეობების ჯეროვან შესრულებას. ამიტომ, კასატორი ამტკიცებს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს სიმბოლურ ოდენობამდე შემცირებით აზრი დაეკარგა პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანს. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ დაზღვეულ ავტომობილს ავარიის დროს მიადგა იმდენად დიდი ზიანი, რომ მისი გამოყენება შეუძლებელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანიშნულებიდან გამომდინარე კი, სამსახურებრივი მანქანების გამოყენება უმნიშვნელოვანესია, რის გამოც ავტომობილის 228 დღის დაგვიანებით შეკეთებამ, კასატორს მიაყენა სწორედ იმ ოდენობის ზიანი (22 800 ლარ), რომელსაც იგი პირგასამტეხლოს სახით მოითხოვდა.
6.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატა ისე დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რომ არ დაუდგენია დაზღვეულის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, რეალურად, წარმოადგენდა თუ არა „შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას“, ასევე არ შეუმოწმებია სადაზღვევო კომპანიის ბრალის ხარისხი, ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო დამდგარი ზიანი და სხვა გარემოებები.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 24 აპრილის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
9. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
10. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება #901 შსს-ს ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევაზე. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი N1-ის მეორე ნაწილის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა განხორციელდეს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება/აღდგენა. საქმეზე, ასევე, დადგენილია და შედავებული არ არის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 23/03/2022 წლის მიმართვით სს „ნ.ვ.დ–ვას“ ეცნობა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ....... აღნიშნულ მანქანაზე დარეგულირების აქტი შედგა 2022 წლის 31 იანვარს და არ მომხდარა ნაკისრი ვალდებულების შესრულება. შსს მიმართვით ითხოვდა სს „ნ.ვ.დ–ვისგან“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ავტომანქანის შეკეთებას. დაზღვეული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ...... რომელიც დაზიანდა 22/10/2021 წელს და აღნიშნული ზარალის ოდენობამ შეადგინა 30505 ლარი, აღდგენილ იქნა 31/10/2022 წელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 19 დეკემბრის წერილით, მოვალეს ეცნობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა TOYOTA HILUX სახ. N ...... (გამოშვების წელი - 2013) დაზიანდა 2021 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო 2022 წლის 31 იანვარს მხარეების მიერ ხელმოწერილ იქნა დარეგულირების აქტი, აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით. შესაბამისად, მოპასუხეს, ხელშეკრულების 11.4 პუნქტის შესაბამისად, მოეთხოვა 30 კალენდარული დღის ვადაში, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის გადახდა, რაც თანხობრივად შეადგენს 22 800 ლარს.
11. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა, თუმცა ეს შედავება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით, არ იქნა გაზიარებული და დადგინდა, რომ სერვის ცენტრის მიერ დაზიანებული ავტომანქანის დაგვიანებით შეკეთება, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სწორედ სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებათა განმგებლობის სფეროს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
12. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 2 800 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ. გვ. 590).
13. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.; №ას-89-2024, 12.04.2024წ.; №ას-65-2024, 15.04.2024წ.). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
15. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
16. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სს „ნ.ვ.დ–ვამ“ ხელშეკრულება არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაარღვია, კერძოდ, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 17 მარტისა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 2022 წლის 31 იანვრიდან 45 კალენდარული დღე) გაწეულ იქნა 2022 წლის 31 ოქტომბერს - 228 კალენდარული დღის დაგვიანებით. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ხსენებული სახელშეკრულებო დარღვევისთვის მას პირგასამტეხლოს სახით 22 880 ლარი დაეკისრა, რომელიც, პალატის აზრით, შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებასთან მიმართებით (30 505 ლარი) ნაწილობრივ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ნახევრის - 11 400 ლარის, პირგასამტეხლოს სახით დაკისრება უზრუნველყოფს ზიანის იმ ოდენობას, რის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, 11 400 ლარის სს „ნ.ვ.დ–ვასთვის“ დაკისრება არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს. შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით 11 400 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით წარმოადგენს გონივრულ და სამართლიან ოდენობას. შესაბამისად, პალატა ადგენს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია (იხ. შდრ. სუსგ. საქმეზე Nსაქმე №ას-652-2024 26 ივლისი, 2024 წელი).
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, 11 400 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1368 ლარის (I ინსტანციის სარჩელზე გადასახდელი ბაჟის - 11400*3/100=342 ლარი; II ინსტანციის სასამართლოში სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი 11400*4/100=456, III ინსტანციის სასამართლოში საკასაციო საჩივარზე გადასახდელი 11400*5/100=570 ლარი) გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სს „ნ.დ–ვას“ საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს, 11 400 ლარის, გადახდა;
5. სს „ნ.დ–ვას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 1368 ლარის გადახდა;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი