Facebook Twitter

საქმე №ას-411-2023 29 ივლისი 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „სს თ.ა.ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სს თ.ა.ჯ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელის განმარტებით, გ.ბ–ი ამერიკის მისამართის მიღების მიზნით, დარეგისტრირდა სს „თ.ა.ჯ–ის“ კუთვნილ ვებ-გვერდზე www.u.com. რეგისტრაციის გასვლის შემდგომ, მას ელექტრონულად მიენიჭა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული მისამართი. ამერიკის მისამართის - 12 MCCULLOUGH DR U1297, ....., DE 19720-2076 საშუალებით მან რამდენიმე ათეული ამანათი გამოიწერა სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან.

2.2. ონლაინ მაღაზიაში ნივთის შეძენის შემდეგ, ამანათი იგზავნება მისამართზე, რომლის ტრანსპორტირებაზეც პასუხისმგებელია მოპასუხე კომპანია. მისამართზე ამანათის მისვლის შემდეგ, მოპასუხე ვალდებული იყო უზრუნველეყო ამანათის საქართველოში ტრანსპორტირება და მომხმარებლისთვის გადაცემა, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად.

2.3. 2022 წლის 24 მაისს მოსარჩელემ, ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდიდან www.amazon.com, გამოიწერა 816 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა, კერძოდ, ლეპტოპი, რომელიც amazon.com-ის მონაცემებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მინიჭებული ამერიკის შემდეგ მისამართზე - 12 MCCULLOUGH ........., DE 19720-2076, ჩაბარდა 2022 წლის 26 მაისს. მას შემდეგ, რაც amazon.com-ის მიერ მოხდა მოსარჩელის ინფორმირება, რომ ნივთი მისული იყო ამერიკის მისამართზე, რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ მოპასუხის ბრალეულობით დაიკარგა ნივთი. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ნივთის ტრანსპორტირება ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში.

2.4. 2022 წლის 1 ივნისს, მოპასუხის წარმომადგენელთან ელ-ფოსტით კომუნიკაციის დროს, ოპერატორმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ ხსენებული ლეპტოპის ყიდვის დროს მითითებული ამერიკის მისამართი თითქოს რამდენიმე წლის წინ, მხოლოდ დროებითი მისამართი იყო და რომ მოსარჩელის მიერ მისამართი არასწორად იყო მითითებული, რაც გამორიცხავდა მოპასუხის ბრალეულობას. მიუხედავად იმისა რომ, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე, მოსარჩელეს სულ მცირე 20 ამანათი მაინც ჰქონდა გამოწერილი და მიღებული იმავე მისამართზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე დარეგისტრირდა როგორც მომხმარებელი ვებ-გვერდზე და მიენიჭა უნიკალური კოდი - ე.წ. „ოთახის ნომერი“. მასთან გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების პირობების შესახებ, რომლის 8.12 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა პარტნიორი ამერიკული კომპანიის ოპერირების მისამართი - ...... DR. ამავე ხელშეკრულების 8.11 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა ამანათის მიტანის პირობები, კერძოდ, მისამართზე მისულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე ექნებოდა მიტანის - „delivered“ სტატუსი და დადასტურდებოდა შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირების „J“-ის ან „Z.Z“-ს მიერ, მექანიკურად შესრულებული ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე.

3.3. მოპასუხის მტკიცებით, სადავო შემთხვევაში, ამანათი არ ყოფილა მიტანილი მის პარტნიორ ამერიკულ ორგანიზაციაში და მისი ტრანსპორტირებაც ვერ მოხდებოდა. მოპასუხის განმარტებით, მან სადავო ამანათთან დაკავშირებით ჩაატარა შესაბამისი ღონისძიებები, მიკვლევადობის პროცედურები, რაც ხელშეკრულების 8.13 პუნქტითაა გათვალისწინებული, თუმცა დადგინდა, რომ ამანათი არასწორ მისამართზე იყო გაგზავნილი. ..... DR, როგორც აშშ-ს მისამართი, იყო დროებითი, ალტერნატიული მისამართი წინა საახალწლო პერიოდში გზავნილების სიმრავლიდან გამომდინარე, თუმცა, ძირითად მისამართად რჩებოდა ........ DR. კომპანიის საინფორმაციო ბლოგზე და ელექტრონული ფოსტით მოსარჩელეს შეატყობინეს, რომ აშშ-ის ონლაინ მაღაზიაში ნივთის შესყიდვისას მის ანგარიშში უნდა მიეთითებინა არსებული მისამართი ....... DR. ამასთანავე, კომპანიის ოფიციალური მისამართის შესახებ ინფორმაცია აღნიშნული იყო ხელშეკრულებაშიც, რომელსაც მომხმარებელი არაერთხელ დაეთანხმა, როგორც 2021, ასევე 2022 წელს.

3.4. ხელშეკრულებაში მოცემული მისამართი ......... DR მოსარჩელემ გამოიყენა მრავალჯერ ამანათების გასაგზავნად. ამდენად, მოსარჩელე ინფორმირებული იყო სათანადო წესით იმ მისამართის შესახებ, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა. ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ამერიკულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში. მომხმარებელს წერილობითი კომუნიკაციისას ეცნობა, რომ მას არასწორად ჰქონდა მითითებული მისამართი, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ჰქონდა შეტყობინება მისამართის შესახებ და უნდა სცოდნოდა ხელშეკრულების პირობები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ.ბ–ის სარჩელი მოპასუხე - სს „თ.ა.ჯ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე გ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 816 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, გაასაჩივრა სს „თ.ა.ჯ–ის“ წარმომადგენელმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სს „თ.ა.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მიენიჭა მისამართი: ......... DR - და ხელშეკრულებაში მისამართის ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად, აშშ-ში საწყობის მისამართი მუდმივად იყო ......... DR. რაც შეეხება მისამართს - ......... DR, იგი წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის დროებით, ალტერნატიულ მისამართს, რომლის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება განხორციელდა წერილობითი შეტყობინების წესით. მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც მისამართის შეცვლის შესახებ ელ. წერილის გაგზავნისა და ადრესატის მიერ მისი დადასტურების შემდგომ, მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა სადავო მისამართით სარგებლობას, მოპასუხე კი, ყოველგვარი პრეტენზიის გაცხადების გარეშე ასრულებდა აშშ-დან მოსარჩელის მიერ გაგზავნილი/შეძენილი ნივთების საქართველოში ტრანსპორტირებას, აღნიშნული იძლეოდა იმგვარი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოპასუხე მხარემ კონკლუდენტური მოქმედებით, მოსარჩელის მიერ სადავო მისამართით სარგებლობა მოიწონა, რითაც მომხმარებელს შეექმნა საფუძველი ევარაუდა, მომავალშიც ამ მისამართით სარგებლობის შესაძლებლობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 24 მაისს, სადავო მისამართზე ნივთის გაგზავნისას, მოსარჩელეს ექსპედიტორის თანხმობა გააჩნდა.

5.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, მასზედ, რომ დაცული არ ყოფილა მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულებით ნივთის ჩაბარებისთვის გათვალისწინებული წესი. ამ მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო თავად აპელანტი მხარის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებაში მითითებული ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები: „J.....“ ან „Z.Z“, სადავო პერიოდში მისამართზე - ..... DR არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე ვერც გზავნილის მიღებას ვერ დაადასტურებდნენ ხელმოწერით. თუმცა, აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს კითხვაზე - სადავო შემთხვევამდე, როგორ ხდებოდა მისამართზე - ........ DR ნივთების მიღება და შემკვეთისთვის მათი საქართველოში ჩამოტანა, განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე მისულ ნივთებს იქ მყოფი პირები იბარებდნენ, რომლებიც ნივთების მიღების შემდეგ უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ ნივთების მიტანის შესახებ (იხ. 15.02.2023 წლის სხდომის ოქმი 16:29:15- 16:29-23). ზემოაღნიშნული განმარტება, სააპელაციო პალატამ საკმარისად ჩათვალა, იმისათვის რათა დაედგინა, რომ ვინაიდან 2022 წლის 24 მაისს, მოსარჩელეს სადავო მისამართით სარგებლობაზე მოპასუხის თანხმობა გააჩნდა, ამასთან, ვინაიდან თავად აპელანტი მხარის ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ სადავო მისამართზე ნივთების ჩაბარებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებდა, დასტურდებოდა, რომ სადავო მისამართზე კონკრეტული ნივთის ჩაბარებულად მისაჩნევად, გზავნილის მიღებისას გაკეთებული დათქმის - „მიტანილიასთან“ ერთად, სავალდებულო პირობად „J“ ან „Z.Z“ ხელმოწერა ვერ განიხილებოდა.

5.4. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შუალედური დასკვნის სახით მიუთითა, რომ რადგან 2022 წლის 24 მაისს, მოსარჩელის მიერ გამოწერილი ნივთი გაიგზავნა სადავო მისამართზე და ფოსტის მუშაკის მიერ გაკეთდა აღნიშვნა - „მიტანილია“, მოპასუხე კომპანიამ კი, გამოწერილი ნივთის საქართველოში ჩამოტანა ვერ უზრუნველყო, არ არსებობდა მოპასუხის სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი საფუძველი.

5.5. სააპელაციო პალატამ, საქმეზე დადგენილი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სს „თ.ა.ჯ–ის“ მიერ განხორციელებული შეტყობინების მიუხედავად, რომ სადავო მისამართი იყო დროებითი და მოსარჩელეს ესარგებლა „ექაუნთში“ მითითებული მისამართით, მოსარჩელე ერთი წლის განმავლობაში, კვლავ სარგებლობდა სადავო მისამართით, მეტიც, ექსპედიტორი კომპანია ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ისე ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს რომ ერთხელაც კი არ მიუმართავს მოსარჩელისთვის პრეტენზიით. სადავო მისამართზე აპელირება კი, პალატის აზრით, არაკეთილსინდისერი მხარის დამოკიდებულებას ემსგავსებოდა, რომელიც მარტოოდენ პასუხისმგებლობის გამორიცხვას ისახავდა მიზნად. პალატის აზრით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მართებულად გახდა აპელანტი კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

5.6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.ა.ჯ–მა“ რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ განჩინება დააფუძნა არასწორ სამართლებრივ ნორმებს და ასევე, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კასატორი ამტკიცებს, რომ მოსარჩელეს 2021 წლის 13 მაისით დათარიღებული ელ. ფოსტით ეცნობა, რომ არ უნდა გამოეყენებინა ....... DR მისამართი. ის გარემოება, რომ ელ. ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების მიუხედავად მოსარჩელე კვლავ აგრძელებდა ამ მისამართის გამოყენებას და კომპანიასაც ჩამოჰქონდა ამანათი საქართველოში, არ იძლევა ამ მოქმედების კომპანიის ვალდებულებად აღქმის საფუძველს. კასატორი აცხადებს, რომ არასწორია იმგვარი დასკვნის გაკეთება, თითქოს სადავო მისამართზე მისული ტვირთის საქართველოში რამდენიმეჯერ ტრანსპორტირების შედეგად, მოსარჩელემ მოიპოვა თანხმობა ამ მისამართის შემდგომი გამოყენების თაობაზე. ეს მისამართი კასატორი კომპანიის განმგებლობას ექვემდებარებოდა მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში - საახალწლო შეკვეთებისგან გამოწვეული გადატვირთული ტვირთბრნვის გამო, რომლის გასვლის შემდგომაც, კომპანიამ დაკარგა წვდომა საწყობის ამ კონკრეტულ მისამართზე.

6.2. კასატორი უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ შეფასების მიღმა დატოვა საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე დაეთანხმა ონლაინ ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრული იყო მისამართი - ......... DR. კასატორის მტკიცებით, ხელშეკრულების ახალ რედაქციაზე 2022 წლის მაისში დისტანციურად დათანხმებით, გამოირიცხა ყოველგვარი თანხმობისა და მოწონების სამართლებრივი გარემოება სადავო მისამართის შესახებ.

6.3. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.11. პუნქტით განისაზღვრა ამანათის მიტანის პირობები, რომლის შესაბამისადაც მისამართზე მისულად ჩაითვლებოდა მხოლოდ ისეთი, ამანათი რომელსაც მიენიჭებოდა სტატუსი - „delivered“ და დადასტურდებოდა შესაბამისი დოკუმენტით, დოკუმენტზე აღნიშნული უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირების „J..“-ის ან „Z.Z“-ს მიერ, მექანიკურად შესრულებული ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე, რაც სადავო შემთხვევაში არ მომხდარა.

6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით, სს „თ.ა.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-5 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ კანონის შესაბამისად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრები და სამართლებრივად, არსებითად სწორად შეაფასა, ხოლო კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, ამ საქმეზე, მისაჩნევია დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოპასუხე კომპანია მისი კუთვნილი ვებ-გვერდის www.u.com-ის მეშვეობით ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული საწყობიდან შემკვეთის (მომხმარებლის) მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევას (ტრანსპორტირებას). მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შესვლა გულისხმობს შემკვეთის მომხმარებლად რეგისტრაციას მითითებულ საიტზე. მოპასუხის მიერ ვებ-გვერდზე 2022 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით გამოქვეყნებული მომსახურების პირობების (ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება) 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორ კომპანიის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ქალაქი „NEW CASTLE“-ში, შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.

- აღნიშნული პირობების 1.2 პუნქტის თანახმად, ექსპედიტორი კომპანიის მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.u.com. მომსახურების პირობები საჯაროა. ექსპედიტორი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ. პირობების 8.11 პუნქტის თანახმად, მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე, გააჩნია მიტანის „Delivered“ სტატუსი და დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირების - „J..“-ის ან „Z.Z“-ს მიერ, მექანიკურად შესრულებული ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე.

- ამავე პირობების 8.12 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ამანათის სტატუსი ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე აისახება როგორც მიტანილი „Delivered“ და ასევე ჩანს, რომ ამანათი ჩაბარებულია „s.. by…“, მაგრამ მომხმარებელი 24-48 საათის განმავლობაში პირად ვებ-გვერდზე ამანათის თრექინგ კოდი არ გამოუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამანათი ფიზიკურად არ მიუტანია ამერიკულ ფოსტას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს გამომგზავნს და გაასაჩივროს ამანათის მიუღებლობა. საჩივრის განაცხადის შემდეგ, საფოსტო კომპანიაში უნდა ჩაირთოს ე.წ Tracer, ანუ ძიების სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ამანათზე გამოცხადებულია ძებნა. აღნიშნული პროცედურების გავლა მომხმარებლისგან სავალდებულოა. ექსპედიტორი კომპანია არ იღებს ვალდებულებას იმ ამანათებზე, რომელიც ფიზიკურად არ მისულა ამერიკის საწყობში, თუნდაც საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე არსებობდეს სტატუსი „Delivered“ და „signed by…“. სადავო სიტუაციის შემთხვევაში, ექსპედიტორი კომპანია ასევე მისი პარტნიორი ამერიკული კომპანია, რომელიც ოპერირებს ......... DR-ზე დაუდასტურებს გამომგზავნ კომპანიასა და ამერიკულ ფოსტას წერილობით ან ფაქსის სახით, რომ ამანათი ფიზიკურად არ მისულა მომხმარებლის მისამართზე, ......... DR-ზე, NEW CASTLE-ში.

- პირობების 11.4 პუნქტის თანახმად, ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამერიკიდან საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და ამერიკულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად (ს.ფ. 18-23);

- მოპასუხე კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის - www.usa2georgia.com მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, მოსარჩელე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამანათის მიღების მიზნით დარეგისტრირდა მითითებულ ვებ-გვერდზე მომხმარებლად. მოსარჩელეს გზავნილის მისაღებად მიენიჭა ამერიკის შემდეგი მისამართი - „......... DR U1297, NEW CASTLE, DE 19720-2076“ (ს.ფ. 24-44);

- 2022 წლის 24 მაისს მოსარჩელემ ამერიკული ვებ-გვერდიდან - www.amazon.com, 816 აშშ დოლარად შეიძინა პერსონალური კომპიუტერი (1 ცალი 2020 Hp Enyt x360 2-in-1 13.3 FHD IPS Touchscreen Laptop Intel Evo Platform 11th Gen Core i7-1165G7 8GB Memory 512 GB SSD Pale Gold – Backlit Keyboard – Fingerprit Reader – thunderbolt –WIFI 6), რომლის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტრანსპორტირებაც, თავის მხრივ, უნდა უზრუნველეყო მოპასუხე კომპანიას (ს.ფ.45-50).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის პირველ ნაწილს (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია), ამავე კოდექსის 731-ე (ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები), 739-ე მუხლის პირველ ნაწილს (თუ სხვა შეთანხმება არ არსებობს, ექსპედიტორს უფლება აქვს საკუთარი ძალებით გადაზიდოს ტვირთი. ამ უფლების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებს), 394-ე მუხლის პირველ ნაწილსა და (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408-ე-409-ე მუხლებს (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. და თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება).

12. კასატორი მიიჩნევს, რომ ნივთის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მას არ უნდა დაჰკისრებოდა, ვინაიდან მოსარჩელემ იგი გაგზავნა ხელშეკრულებისგან განსხვავებულ მისამართზე და ამასთან, დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გათვალისწინებული წესები ამანათის მიღებულად მიჩნევის შესახებ.

13. საკასაციო სასამართლო, კასატორის დასახელებულ პრეტენზიას უარყოფს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 ქვეპუნქტი) სავსებით საკმარისია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება, რომელშიც მოიაზრება ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა, რა თქმა უნდა. გულისხმობს იმასაც, რომ მხარეები თავისუფალნი არიან შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ შორის, ექსპედიციის ხელშეკრულების დაწყების ადგილსა და კონკრეტულ მისამართზეც. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშობათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით (შეად. ბაღიშვილი ე., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019; სუსგ N ას-680-2021, 26.01.2022წ.).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება იმყოფება სხვადასხვა ვალდებულებითი ურთიერთობის გადაკვეთაზე. განცალკევებულად, ექსპედიტორის ცალკეული ფუნქცია მოქცეულია სხვადასხვა კერძო სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ტვირთის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა წარმოადგენს ნარდობას, ტვირთის მიწოდება – გადაზიდვის ხელშეკრულებას, ტვირთის შენახვა-მიბარების ხელშეკრულებას, ტვირთის მიღება/ჩაბარება – დავალების ან კომისიის ხელშეკრულებას. წარმოდგენილი მსგავსებების მიუხედავად, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება არ იგივდება თითოეულ განხილულ სამართალ ურთიერთობასთან და გააჩნია დამოუკიდებელი ხასიათი... FIATA-ს წესების 2.1. მუხლის თანახმად, საექსპედიციო მომსახურება ნიშნავს მომსახურების ნებისმიერ სახეს, რომელიც დაკავშირებულია: საქონლის გადაზიდვასთან (ერთი ან რამდენიმე სახეობის ტრანსპორტით), კონსოლიდაციასთან, შენახვასთან, დასაწყობებასთან, დამუშავებასა და დანიშნულებისამებრ მიწოდებასთან, ასევე დამხმარე და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომელიც დაკავშირებულია ყველა ზემოთ აღწერილ სამუშაოებთან. საქონელთან და მის გადაზიდვასთან დაკავშირებული, საბაჟო და საგადასახადო საკითხების გადაწყვეტის, დეკლარირების, დაზღვევის, გადახდების განხორციელების, დოკუმენტების გაფორმების მომზადების მომსახურების ჩათვლით (კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 204.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1631-2023, 30 აპრილი, 2025 წელი).

15. გარდა ექსპედიციის ხელშეკრულების სპეციალური ნორმებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებებისა, საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განმარტოს, რომ მომხმარებელთა უფლებების სფეროში, ევროპის კავშირში მოქმედი დირექტივებისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მომხმარებლის მონაწილეობით დადებული ხელშეკრულებების შეფასებისას არსებობს პრეზუმფცია, რომ მომხმარებელი სუსტი მხარეა და მას განსაკუთრებული დაცვა სჭირდება. სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებში, C-137-08 (46-ე პარაგრაფი), C-40/08, C-240/98 ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ მიუთითა, რომ მომხმარებელთა დაცვის სისტემა, რომელიც ევროპის კავშირის დირექტივითაა რეგლამენტირებული, ემყარება იდეას, რომ მომხმარებელი მიმწოდებელთან შედარებით „სუსტი მხარეა“ არა მხოლოდ მოლაპარაკების შესაძლებლობის არქონის, არამედ მისი დაბალი ინფორმირებულობის სტანდარტის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-237-2019; 17/05/2019 წ.).

16. მართალია საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელეს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მიენიჭა მისამართი: ......... DR, ასევე საქმეში წარმოდგენილი მასალების შეჯერების შედეგად დგინდება, რომ ხელშეკრულებაში მისამართის ცვლილება არ განხორციელებულა და აშშ-ში საწყობის მისამართი მუდმივად იყო ......... DR, რაც შეეხება მისამართს - ...... DR, იგი წარმოადგენდა მოპასუხე კომპანიის დროებით, ალტერნატიულ მისამართს, რომლის შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება განხორციელდა წერილობითი შეტყობინების წესით. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მომხმარებლის ელექტრონულად, წერილობითი ინფორმირების შემდგომ, (2021 წლის 21 მაისი), მან არაერთხელ ისარგებლა „........ DR U1297, NEW CASTLE, DE 19720-2076“ მისამართით და ექსპედიტორმა კლიენტის სასარგებლოდ არაერთხელ გადაზიდა ტვირთი. ხსენებული გარემოება, ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზე დგინდება რომ სადავო შესყიდვის განხორციელებამდე (2022 წლის მაისი) მოსარჩელემ სადავო მისამართის - ........ DR U1297, NEW CASTLE, DE 19720-2076 მითითებით არაერთი ნივთი შეიძინა და საქართველოში მათი ტრანსპორტირება მოსარჩელის სასარგებლოდ განახორციელა სწორედ მოპასუხე კომპანიამ (ს.ფ. 120-140). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მხარეებმა კონკლუდენტური მოქმედებებით ფაქტობრივად შეცვალეს მათ მიერ განსაზღვრული ექსპედიციის ხელშეკრულების მისამართი. თავის მხრივ, მისამართის ცვლილების თაობაზე მიწოდებული ინფორმაციიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, კასატორი კომპანიის მიერ მოსარჩელისთვის, ......... DR მისამართზე გამოწერილი ამანათების საქართველოში ტრანსპორტირების ფაქტი, გამორიცხავს კასატორის იმ შედავების გაზიარების შესაძლებლობას, რომლის თანახმადაც, კასატორ კომპანიას მითითებულ მისამართზე აღარ გააჩნდა წვდომა.

17. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას, რომელიც მიემართება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გათვალისწინებული წესების დარღვევის გამო, ამანათის მიღებულად მიჩნევის შეუძლებლობას, საკასაციო პალატის აზრით, არც მას აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორი აპელირებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირები: „J..“ ან „Z.Z“, სადავო პერიოდში მისამართზე - ...... DR არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, აღნიშნულ მისამართზე ვერც გზავნილის მიღებას ვერ დაადასტურებდნენ ხელმოწერით. აღნიშნული მტკიცება არარელევანტურია სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების მე-16 პუნქტში განვითარებული სამართლებრივი ლოგიკის კვალდაკვალ. იმ პირობებში, როდესაც კომპანიის მიერ, მისამართის ცვლილების შესახებ განხორციელებული შეტყობინების შემდგომ, ერთი წლის განმავლობაში, აგრძელებდა სადავო მისამართიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირებას, რა საკვირველია არსებობს პრეზუმფცია, რომ სულ მცირე, ამ პერიოდის განმავლობაში, უფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ ამ მისამართზე და ასრულებდნენ უფლება-მოვალეობებს. სამართალში პრეზუმფციის მახასიათებლებიდან გამომდინარე, საპირისპირო გარემოების მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგეს ეკისრება, მან კი არათუ გააქარწყლა ეს პრეზუმფცია, არამედ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს კითხვაზე - სადავო შემთხვევამდე, როგორ ხდებოდა მისამართზე - ....... DR ნივთების მიღება და შემკვეთისთვის მათი საქართველოში ჩამოტანა, განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე მისულ ნივთებს იქ მყოფი პირები იბარებდნენ, რომლებიც ნივთების მიღების შემდეგ უკავშირდებოდნენ და ატყობინებდნენ ნივთების მიტანის შესახებ (იხ. 15.02.2023 წლის სხდომის ოქმი 16:29:15- 16:29-23). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი კომპანიის მიერ მოსარჩელისთვის მისამართის ცვლილების თაობაზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინების შემდგომ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, სადავო მისამართზე კვლავაც იყვნენ კომპანიის თანამშრომლები და ამანათების ტრანსპორტირება შეუფერხებლად ხდებოდა. კომპანიისთვის უცილობლად იყო რა, ეს ფაქტი ცნობილი, იმ შემთხვევაში თუ იგეგმებოდა მითითებულ საწყობზე კომპანიის წვდომის სრული შეზღუდვა, კომპანიას ეკისრებოდა ვალდებულება მომხმარებლებისთვის სულ მცირე, გაეგზავნა ხელახალი შეტყობინება და გარკვევით მიეწოდებინა მომხმარებლებისთვის ძველი მისამართის გამოყენების სამართლებრივი შედეგები, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში თუ ამ საწყობის მისამართის შემდგომ გამოყენებას, შესაძლებელია მომხმარებლის ქონებრივი უფლებების შელახვა მოჰყოლოდა შედეგად (ამანათის დაკარგვა). აღნიშნული მომქდება შესაძლებელია შესაძლებელია შეცვლილი მისამართის მოქმედების პრეზუმფციის დაშვების შემდგომ, ე.წ. status quo-ს აღდგენას დამსგავსებოდა (მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მისამართის გამოყენების ვალდებულება), რაც კომპანიის მხრიდან არ მომხდარა.

18. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე დადგენილ უახლეს პრაქტიკას (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1631-2023, 30 აპრილი, 2025 წელი), რომლის თანახმადაც, ექსპედიტორის მიერ საკუთარ მოვალეობათა შესრულებისას „კეთილსინდისიერების პრინციპების“ დაცვის მტკიცების ვალდებულება ცალსახად ექსპედიტორის მხარესაა, რაც იურიდიულ დოქტრინასა და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკასთან სრულად შესატყვისია (შეად. სუსგ-ებს: N ას-745-2023, 6.06.2024წ.; N ას-11-2023, 7.04.2023წ.; N ას-1677-2018, 5.07.2022წ.; N ას-1087-2021, 21.02.2021წ.; N ას-227-212-2014, 1.12.2014წ.). სამოქალაქო კოდექსის 731-ე მუხლის საფუძველზე, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები, 740-ე მუხლით ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი, ხოლო 396-ე მუხლით მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს. საქმეზე დადგენილი გარემოებების მიხედვით მოპასუხე/კასატორი, რომელიც ექსპედიტორია, როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელია მის მიერ შერჩეული დამხმარე სატრანსპორტო ორგანიზაციების/ფიზიკური პირების, მესამე პირების ბრალეულ ქმედებებზე. ამდენად, ექსპედიციის ხელშეკრულებით, მომსახურების მიმწოდებელი - ექსპედიტორი მოქმედებს საკუთარი სახელითა და შემკვეთის ხარჯით, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი შედეგები მის მიერ განხორციელებული მოქმედებებისათვის ექსპედიტორს პირდაპირ არ ეხება, არამედ ეს შედეგები უშუალოდ შემკვეთის უფლებებსა და ინტერესებზე აისახება. აქედან გამომდინარე, ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ამავე განჩინებაში მითითებულია, რომ ექსპედიტორი/გადამზიდავი პასუხს აგებს, როგორც საკუთარი მოქმედებისა და დაუდევრობისათვის, ასევე თავისი აგენტების, თანამშრომლების ან სხვა პირთა მოქმედების და დაუდევრობისათვის, ვისი მომსახურებითაც სარგებლობს გადამზიდავი გადაზიდვის განხორციელებისას, როდესაც ეს აგენტები, თანამშრომლები ან სხვა პირები მოქმედებენ მათთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში. ამდენად, დამხმარეში, აგენტებში, თანამშრომლებში (მესამე პირში) მოიაზრება გადამზიდველი (გადამზიდველები), რომელიც ექსპედიტორმა დაიქირავა შემკვეთის ვალდებულების შესასრულებლად და მისი ინტერესებიდან გამომდინარე. „ყველა მომსახურება, რომელსაც უწევს ექსპედიტორი კლიენტს, ასრულებს ერთ მიზანს – ტვირთის გადაზიდვას ან გადაზიდვის ორგანიზებას. ტრანსპორტირებასთან კავშირის გარეშე სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება არ არსებობს. ამდენად, სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების „დამახასიათებელი სახელშეკრულებო ვალდებულებაა“ ტვირთის გადაზიდვა ან გადაზიდვის ორგანიზება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ექსპედიტორის მხრიდან ვალდებულებათა ჯეროვნად შესრულების ზოგად სტანდარტსაც“ (იხ. კოპალეიშვილი პ., სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების ძირითადი კონსტრუქციები - სამართლის ჟურნალი N2, 2018 წ.; გვ. 206.; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1631-2023, 30 აპრილი, 2025 წელი).

19. მიუხედავად მოპასუხის საკასაციო შედავებისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საჭიროება არ არსებობს, ასევე არ გამოიკვეთა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მატერიალური და/ან საპროცესო ნორმების დარღვევა, რამაც განჩინების იურიდიულ შედეგზე იქონია გავლენა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება, კანონიერი და დასაბუთებულია, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

20. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ, საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „სს თ.ა.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „სს თ.ა.ჯ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 05/05/2023წ. № 8372, საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის - 70% 210 ლარი; შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი