Facebook Twitter

საქმე № ას-782-2025 29 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ.გ–ნი, ი.ყ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ხ–ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ო.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჟ.ხ–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.გ–ნის (შემდგომში: პირველი მოპასუხე, კასატორი), ი.ყ–ისა (შემდგომში: მეორე მოპასუხე, კასატორი) და ო.ს–ძის (შემდგომში: მესამე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (რომლის მისამართია: თბილისი, ......., საკადასტრო კოდი №........) გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ჟ.ხ–მა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის 08.11.2018 წლის N181377148 სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით მოპასუხე ნ.გ–ნისგან შეიძინა უძრავი ნივთი, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ........., ს/კ №........ ნ.გ–ნს გამოსყიდვის ვადა განსაზღვრული ჰქონდა 2019 წლის 8 აპრილამდე, რაც არ გაუკეთებია და ამდენად, სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარე არ ათავისუფლებს ბინას და მოსარჩელეს ერთმევა თავისი ქონებით სარგებლობის კანონიერი უფლება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. მოპასუხეების - ნ.გ–ნის, ო.ს–ძისა და ი.ყ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ №......... და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

4.2. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების შესახებ ნ.გ–ნის, ო.ს–ძისა და ი.ყ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით, მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორების განმარტებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები და საფუძვლები. ნ.გ–ნი და ი.ყ–ი საქმეს წარმართავდნენ ადვოკატების მეშვეობით. წარმომადგენელმა კი ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამოცხადება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატის განსჯის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობების შემოწმება და, ამ კონტექსტით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხეების გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ. №ას-738-2019, 19.12.2019წ.).

13. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქმეზე მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2021 წლის 4 ნოემბერს, 12:00 საათზე. მომდევნო სასამართლო სხდომა დაინიშნა 2021 წლის 9 დეკემბერს, 12:00 საათზე და გადაიდო მოპასუხე მხარის ნ.გ–ნის შუამდგომლობის საფუძველზე. შემდგომი მოსამზადებელი სხდომის თარიღი განისაზღვრა 2022 წლის 14 ივლისს, 13:00 საათზე, რომელიც გადაიდო 2022 წლის 29 სექტემბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. უდავოა, რომ 2022 წლის 29 სექტემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადებულან მოპასუხეები/მოპასუხეების წარმომადგენელი. მოპასუხე ნ.გ–ნის წარმომადგენელმა 2022 წლის 29 სექტემბერს, სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით, წარმოადგინა განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სეზონური ვირუსული დაავადების გამო სამი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, მას ექიმის მიერ ჰქონდა დანიშნული იზოლირება, მედიკამენტური მკურნალობა და ვერ ცხადდებოდა სხდომაზე, შუამდგომლობის ავტორი მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში აღნიშნავდა, რომ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოს წარუდგენდა მომდევნო სხდომაზე, ამ გარემოებებზე მითითებით იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2022 წლის 29 სექტემბერს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეების სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

15. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (იხ.: სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 ).

16. განსახილველი საკითხი ისაა, კასატორის წარმომადგენლის განცხადება სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, ქმნის თუ არა საფუძველს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც კასატორის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებდა. მას ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არც საკასაციო საჩივრის ფარგლებში არ წარმოუდგენია, მით უფრო, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების (29.09.2022წ.) მიღებიდან გასულია ორ წელზე მეტი და ამ დროის განმავლობაში შეეძლოთ შესაბამისი მტკიცებულების საკასაციო საჩივრისათვის დართვა, განცხადებაში ასახული გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, თუმცა მათ, როგორც უკვე აღინიშნა, საკასაციო პრეტენზია რაიმე მტკიცებულებით არ გაუმყარებიათ, მხოლოდ ახსნა-განმარტება კი, იმგვარი გარემოების თაობაზე, რაც შესაბამისი და ხელმისაწვდომი მტკიცებულებებით დადასტურებას ექვემდებარება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულად. ამასთან, ი.ყავრელიშვილის წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღი, თუმცა არ გამოცხადებულა და არც რაიმე განცხადებით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. საქმეში წარმოდგენილია ორდერი, რომლითაც ს.ჯ–ვა იცავდა ი.ყ–ის უფლებებს. წარმოდგენილია, ასევე, მის მიერვე წარმოდგენილი შესაგებელიც. უდავოა, რომ იგი ესწრებოდა 2022 წლის 14 ივლისის სასამართლო სხდომას. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი 2022 წლის 9 დეკემბერს წარმოდგენილია კვლავ ს.ჯ–ვას მიერ. თუმცა არ მიუთითებია გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო გარემოების არსებობის თაობაზე.

17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას, რომ მათი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. სასამართლომ რომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ოქტომბრის საქმე Nას-780-780-2018 გადაწყვეტილება). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ ვერ შეძლეს სხდომაზე გამოცხადება, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.

18. ამდენად, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობას უკავშირდება მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდი. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს, თუმცა ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, არ უნდა დადგეს ისეთი მხარის მიმართ, რომლის მიერაც საპროცესო მოვალეობების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური საფუძვლით (იხ.: სუსგ Nას-1647-2018, 03.01.2019წ.). პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ვივარაუდოთ გამოუცხადებელი მხარის მხრიდან მოცემული დავის მიმართ ინტერესის დაკარგვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხეების, ან მათი წარმომადგენლის სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები ვერ მიუთითებენ.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.გ–ნისა და ი.ყ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.გ–ნსა (პ/ნ ........) და ი.ყ–ის (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ნ.გ–ნის მიერ 13.05.2025წ. №27274164104 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი