Facebook Twitter

საქმე № ას-661-2025 29 ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ღ–ძემ (შემდგომში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ვას (შემდგომში მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე: ქალაქ თბილისში, ........, საკადასტრო კოდი №.......) გამოთხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ლ.ღ–ძემ 2023 წლის 2 მაისს ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ.ბ–ისგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ....... მოსარჩელის განმარტებით, 2023 წლის 1 ივნისს მივიდა შეძენილ ქონებაში საკეტის გამოსაცვლელად და დასათვალიერებლად, სადაც მისთვის უცნობი ქალბატონი დახვდა და აგრესიულად მოუწოდა ტერიტორიის დატოვებისკენ. მოსარჩელემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შედგა შესაბამისი ოქმი და მათ მიერვე იქნა გამორკვეული მოპასუხის ვინაობა. სარჩელის თანახმად, მოპასუხე დღემდე აგრძელებს მოსარჩელის კუთვნილი ქონების უკანონო ფლობას, რაც არღვევს მესაკუთრის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ნ.კ–ვამ შესაგებელსა და სასამართლო სხდომებზე მიუთითა, რომ დაახლოებით 2013 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში ზ.ბ–თან. თანაცხოვრების პერიოდში ნ.კ–ვამ კუთვნილი ბინა გაყიდა ზ.ბ–ის ფინანსური ვალდებულებების გამო, რის სანაცვლოდაც ეს უკანასკნელი დაჰპირდა სადავო ქონების ½ ნაწილის გადაფორმებას, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, ზ.ბ–ის მიერ ქონების ლ.ღ–ძეზე გასხვისება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც სადავოდ აქვს გამხდარი ცალკე სასარჩელო წარმოების ფარგლებში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხის - ნ.კ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ №........ და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. კასატორის მტკიცებით, საქმეში არასწორად არის დადგენილი საქმის უდავო ფაქტობრივი გარემოებები და არ არის დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, შესაბამისად გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, არასწორია და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კასატორს. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება გამოიწვევს მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობას და სამართლის პრინციპებს.

7.2. კასატორი მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლზე, სსკ-ის 170-172-ე მუხლებზე და განმარტავს, ლ.ღ–ძემ მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება. მოცემულ ქონებაში 2016 წლიდან დღემდე ცხოვრობს ნ.კ–ვა, სახლში არსებული საგნების ნახევარი არის მისი პირადი მოხმარების ნივთები. ამასთან, წინა მესაკუთრე ზ.ბ–ი და ნ.კ–ვა იმყოფებოდნენ 2013 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მოსარჩელემ და ზ.ბ–მა დადეს გარიგება მოჩვენებითად რათა ნ.კ–ვა გამოესახლებინათ სადავო უძრავი ქონებიდან.

7.3. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა უდავოდ 5.1 და 5.3. ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან სადავოა. ზ.ბ–ი სისტემატურად ძალადობდა ნ.კ–ვაზე, 2023 წლის 7 აპრილს ის გახდა მორიგი ძალადობის მსხვერპლი და შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-5 სამმართველოში 2023 წლის 7 აპრილს დაიწყო გამოძიება, ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ზ.ბ–ის მიმართ გამოწერილი იქნა შემაკავებელი ორდერი. ზ. ბ–ს, ნ.კ–ვასთვის - სახლის 50% უნდა გადაეფორმებინა, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს კასატორმა გადასცა ამის სანაცვლოდ თანხა, თუმცა მან კასატორი მოატყუა და თაღლითობის გზით მიითვისა ამ უკანასკნელის ქონების მითვისება. კასატორის განმარტებით, რაკი მან ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს მიმართა, ამ დროს არ უნდა ხდებოდეს გამოსახლების პროცედურების დაწყება.

7.4. კასატორი მოითხოვს, შეჩერდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საქმის წარმოება შეჩერდება 279-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების, განაჩენის, განჩინების, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლამდე,

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.4. მოსარჩელის საკუთრებაა ქალაქ თბილისში, ....., მდებარე უძრავი ქონება, სართული 1, ბინა №9, საკადასტრო კოდი №.........

10.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია.

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავ ქონებას ფლობ. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

17. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს კასატორის შედავება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, ვინაიდან სახეზეა მოჩვენებითი გარიგება (იხ. წინამდებარე განჩინების 7.2. პუნქტი). კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის საგანს ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს, შესაბამისად, ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის სამართლებრივი საფუძველი განსახილველი საქმის დავის საგანი არ არის, მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოსარჩელის მიერ მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულებით სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ კასატორის მითითება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქმე Nას-995-2024წ. განჩინება).

18. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო აღნიშნული შუამდგომლობის საფუძვლიანობას არ ეთანხმება, და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მხარეთა თხოვნის პირობებში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულია, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობა, კერძოდ, სსსკ-ის 268.1 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გადაწყვეტილება კანონშესაბამისია. თუმცა, საკასაციო სასამართლო საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და იგი ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება (იხ.: სუსგ №ას-1587-2019, 4.11.2019წ.; №ას-478-2020, 3.07.2020წ.; №ას-303-2023, 24.03.2023წ.).

18.1 მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. თუმცა, მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივარი წარადგინა ლ.ღ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 თებერვლის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში. ლ.ღ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე N2/15443-23, რომლითაც მოპასუხე ნ.კ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს/კ .......... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ლ.ღ–ძეს.

19. სსსკ-ს 418-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამდენად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 თებერვლის განჩინება, სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 418-ე - 419-ე მუხლებიდან გამომდინარე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება. შესაბამისად 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერების (მოცემულ შემთხვევაში - აღსრულების შეჩერება) შესაძლებლობაზე მსჯელობა გათვალისწინებულია კერძო საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარი განხილულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. ამდენად, კასატორის შუამდგომლობა - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება, რის გამოც შუამდგომლობა დატოვებული უნდა იქნეს განუხილველად.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.„ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, no. 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, no. 16034/90, 19/04/1994, §61, série A, №288,. Garcia Ruiz v. Spain [GC] no. 30544/96, 21/01/1999, §26; CEDH 1999-I; Perez v France [GC], no. 47287/99, 12/02/2004, § 81).

21. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის მართლზომიერად ფლობა რაიმე რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

22. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.კ–ვას (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 05/06/2025წ. №9402 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი