ბს-110-110(კ-08) 18 ივნისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. თ.-ის, ლა. თ.-ის, ხ. ჩ.-ს, თ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, ო. ტ.-ს, ო. დ.-ს, ზ. ე.-ს, შ. ქ.-ის, მ. გ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ძ.-ის, ჯ. ფ.-ს, ნ. ჩ.-ს, ი. ჯ.-სა და ლ. ღ.-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილი შენობა-ნაგებობებში შესახლებულმა გადაადგილებულმა პირებმა, პ. ჯ.-მ და სხვებმა, სულ 201-მა პირმა 09.03.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, რომლითაც მოპასუხის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს და მოპასუხისათვის იმის დავალება, რომ სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილ შენობა-ნაგებობებში შესახლებული დევნილებისთვის შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარი, გაზრდილიყო და გათანაბრებოდა მოსარჩელეების მიერ დასახლებული ობიექტების მდებარეობის არეალში არსებული ერთოთახიანი ბინების საბაზრო ღირებულებას და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებისას გათვალისწინებული ყოფილიყო, როგორც საცხოვრებელი ფართის, ასევე რეგისტრირებული საოჯახო კოდების პრინციპი.
მოსარჩელეებმა 21.06.06წ. დააზუსტეს სარჩელი, რომლითაც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების ბათილად ცნობა, სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილ შენობა-ნაგებობებში შესახლებული დევნილებისთვის შეთავაზებული საკომპენსაციო თანხის _ 7000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარის გაზრდა, საკომპენსაციო თანხის ოდენობად 12000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარის განსაზღვრა და საკომპენსაციო თანხის გაცემა დევნილთა მიერ დაკავებული ფართის მიხედვით მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანება გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების, დარღვევით, ვინაიდან აღნიშნული კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არა მარტო უფლებამოსილი, არამედ ვალდებულიც იყო, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაება დაინტერესებული პირები, რადგან ვალდებული იყო უზრუნველეყო მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ვინაიდან ზემოაღნიშნიშნული ბრძანების მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები ეხებოდა სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში რიცხულ შენობა-ნაგებობებსა და სს “მ.-ში” შესახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათზე ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული დაინტერესებული პირის ცნება. შესაბამისად, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მიერ 14.02.06წ. ¹15 ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-99-ე მუხლები. “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა და კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება არ ხდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: დევნილებთან იდება ხელშეკრულება; გამოიყოფა შესაბამისი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. მოსარჩელეების მოსაზრებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ 14.02.06წ. ¹15 ბრძანების მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით ერთპიროვნულად განსაზღვრა დევნილთათვის საკომპენსაციო თანხის ოდენობად 7000 დოლარის ეკვივალენტის ლარი, რისი დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებაც მას არ გააჩნდა. ამასთან, აღნიშნული თანხის ანაზღაურებით დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები უარესდებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: პ. ჯ.-ს, ვ. მ.-სა და სხვებს სასარჩელო მოთხოვნაზე იმის შესახებ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების მე-4 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები და დევნილებისათვის შეთავაზებული საკომპენსაციო თანხა 7000 აშშ დოლარი გაიზარდოს და საკომპენსაციო თანხის ოდენობად განისაზღვროს 12000 აშშ დოლარი, ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ.-მა, მ. მ.-მა და სხვებმა (სულ 71 პირმა), რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. განჩინებით სს “ა.-ის” საწესდებო კაპიტალში შეტანილ შენობა ნაგებობებსა და სს “მ.-ში” შესახლებული დევნილების ქ. ჩ.-სა და სხვათა (სულ 71 ფიზიკური პირის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 12.02.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის 14.02.06წ. ¹15 ბრძანებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული სს ,,ა.-ის” 100%-იანი და სს ,,მ.-ის” 42.83%-იანი აქციათა პაკეტები პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა კომპანია ,,...-ს”. ბრძანების თანახმად, ამ უკანასკნელს დაევალა სს ,,ა.-ისა” და სს ,,მ.-ის” შენობებში შესახლებული იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების გამოსახლება და თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემის უზრუნველყოფა. “აჭარის ა/რ ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ” აჭარის ა/რ კანონის 4.1 მუხლით ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასა და პრივატიზებას ამ კანონით და მოქმედი კანონმდებობით დადგენილი უფლებამოსილებით ახორციელებს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. იმავე კანონის 7.7 მუხლით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების შესყიდვის საკითხს წყვეტს მთავრობის თავმჯდომარე. “იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.3 მუხლის “ა” პუნქტით, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა წყდება სასამართლო წესით. ამასთან, შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება, ხოლო “გ” ქვეპუნქტით ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით. მოცემულ შემთხვევაში აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის ბრძანებით დევნილებს მიეცათ მათ მიერ დაკავებული ობიექტების სანაცვლოდ კომპენსაცია 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ადმინისტრაციული წარმოებისას დაინტერესებული მხარეების მიწვევის წესის დარღვევის გამო სადავო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა მაშინ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი თუ ამ დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ამ შემთხვევაში სადავო აქტით გათვალისწინებულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, არ არსებობდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების ,,ა” და ,,ბ” პუნქტების ბათილად ცნობის საფუძველი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ მთავრობის მეთაურის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების “ბ” ქვეპუნქტი, რომლის ბათილად ცნობასაც აპელანტები ითხოვენ, ეხება დევნილთა სამი თვის ვადაში გამოსახლებას რაც, ფაქტობრივად, აღსრულებულია, დევნილები გამოსახლებულნი არიან და შენობები, საიდანაც მოხდა მათი გამოსახლება, აღარ არსებობს. ამ თვალსაზრისითაც მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება ბრძანების ,,ა” პუნქტს, აღნიშნულით კომპანია ,,...” ვალდებული, უზრუნველყოს გამოსახლებულ დევნილთა თითოეულ ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საკომპენსაციო თანხის გაცემა. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს, რომლებიც შეყვანილი იყვნენ საკომპენსაციო სიებში და ჰქონდათ მინიჭებული საოჯახო ნომრები, მიღებული აქვთ საკომპენსაციო თანხები – ოჯახზე 7000 აშშ დოლარის ოდენობით. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეთაგან თუ რომელიმე არ იქნა შეყვანილი საკომპენსაციო სიაში, არ მიეკუთვნა საოჯახო ნომერი და ამის გამო არ მიეცა სადავო ბრძანების “ა” პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა, არ შეიძლება გახდეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სასამართლოს საკომპენსაციო თანხების გასაცემ ერთიან კომპიუტერულ სიაში შეყვანისა და საკომპენსაციო თანხის გაცემის მოთხოვნით.
ქ. ჩ.-სა და სხვების (სულ 45 ფიზიკური პირის) წარმომადგენელმა ნ. გ.-მ 18.01.08წ. საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.11.07წ. განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის დარღვევა, თუმცა უშედეგოდ. აჭარის ა/რ მთავრობის 14.02.06წ. ¹15 ბრძანება გამოცემულია წერილობითი დასაბუთების გარეშე, ვინაიდან მხოლოდ სამი წინადადებით არის დასაბუთებული და იგი მხოლოდ უთითებს აჭარის ა/რ ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე. ადმინისტრაციულ აქტში საერთოდ არ არის საუბარი ათასობით ოჯახის კანონით გარანტირებულ უფლებაზე. “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პრეამბულაში მითითებულია, რომ ეს კანონი ემყარება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ბრძანებაში იმის გათვალისწინება, რომ დევნილებს უნდა გაეთავისუფლებინათ საცხოვრებელი ფართები ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში, არღვევს დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, სადაც ცალსახადაა მითითებული, რომ საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით. ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტებიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება ან გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ გაუარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის 14.02.06წ. ¹15 ბრძანების გამსაჩივრებელ პირებთან მათთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართითაც არ დაკმაყოფილებულან, შესაბამისად დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერებაც. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რადგან იმის მტკიცება, რომ დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა სხვაგვარი გადაწყვეტილების საფუძველი ვერ გახდებოდა, მიუღებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.02.08წ. განჩინებით ქ. ჩ.-ს, ლ. ს.-ს, კ. ჩ.-ს, რ. ბ.-ს, რ. კ.-ს, ი. ფ.-ს, ბ. ჩ.-ს, ნ. ჩ.-ს, ვ. ფ.-ს, ი. მ.-ს, ნ. ფ.-ს, ე. ფ.-ს, გ. ბ.-ს, გ. კ.-ის, ჟ. ქ.-ს, გ. ქ.-ს, ე. ქ.-ს, ვ. გ.-ს, რ. კ.-ს, თ. ხ.-ს, ნ. ვ.-ის, მ. ქ.-ს, მ. გ.-ს, ლ. გ.-ს, მ. ქ.-ს, თ. გ.-ის, შ. ქ.-ს, ო. ა.-ს, ც. ქ.-ს, ლ. ღ.-სა და გ. ა.-ს განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცათ ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე და განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაიშვებოდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 08.02.08წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ.-ს, ლ. თ.-ის, ხ. ჩ.-ს, თ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, ო. ტ.-ს, ო. დ.-ს, ზ. ე.-ს, შ. ქ.-ის, მ. გ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ძ.-ის, ჯ. ფ.-ს, ნ. ჩ.-ს, ი. ჯ.-ს საკასაციო საჩივარი. მოგვიანებით 14.03.08წ. განჩინებით, ასევე წარმოებაში იქნა მიღებული საკასაციო საჩივარი ლილი ღვინჯილიას მოთხოვნის ნაწილში.
აჭარის ა/რ მთავრობამ 26.02.08წ. წარმოადგინა მოსაზრება, რომლითაც მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, ვინაიდან აჭარის ა/რ მთავრობის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არის აბსოლუტურად კანონიერი და გადაწყვეტილების მიმართ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დასაშვებად მიჩნეული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 31.03.08წ. და 29.04.08წ. განჩინებებით ქ. ჩხეტიას, ლ. სამუშიას, კ. ჩ.-ს, რ. ბ.-ს, რ. კ.-ს, ი. ფ.-ს, ბ. ჩ.-ს, ნ. ჩ.-ს, ვ. ფ.-ს, ი. მ.-ს, ნ. ფ.-ს, ე. ფ.-ს, გ. ბ.-ს, გ. კ.-ის, ჟ. ქ.-ს, გ. ქ.-ს, ე. ქ.-ს, ვ. გ.-ს, რ. კ.-ს, თ. ხ.-ს, ნ. ვ.-ის, მ. ქ.-ს, მ. გ.-ს, ლ. გ.-ს, მ. ქ.-ს, თ. გ.-ის, შ. ქ.-ს, ო. ა.-ს, ც. ქ.-ს და გ. ა.-ს საკასაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვებულ იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. და ლა. თ.-ების, ხ. ჩ.-ს, თ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, ო. ტ.-ს, ო. დ.-ს, ზ. ე.-ს, შ. ქ.-ის, მ. გ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ძ.-ის, ჯ. ფ.-ს, ნ. ჩ.-ს, ი. ჯ.-სა და ლ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. და ლა. თ.-ის, ხ. ჩ.-ს, თ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, ო. ტ.-ს, ო. დ.-ს, ზ. ე.-ს, შ. ქ.-ის, მ. გ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ძ.-ის, ჯ. ფ.-ს, ნ. ჩ.-ს, ი. ჯ.-ს და ლ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. და ლა. თ.-ების, ხ. ჩ.-ს, თ. ბ.-ს, გ. ფ.-ს, ო. ტ.-ს, ო. დ.-ს, ზ. ე.-ს, შ. ქ.-ის, მ. გ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ძ.-ის, ჯ. ფ.-ს, ნ. ჩ.-ს, ი. ჯ.-სა და ლ. ღ.-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.