საქმე №ას-738-2025 29 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.თ–ვა (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - გ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 18.04.2024წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით - ლ.თ–ვას (შემდგომში - მოსარჩელე) სასარჩელო მოთხოვნა მ.პ–ისა (შემდგომში - პირველი მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) და გ.ჩ–ძის (ემდგომში - მეორე მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა (იხ: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 81-85). მოპასუხეებს მ.პ–სა და გ.ჩ–ძეს მოსარჩელე ლ.თ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 10 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) გადახდა; მოპასუხეებს მ.პ–სა და გ.ჩ–ძეს მოსარჩელე ლ.თ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს - 10 000 აშშ დოლარის 0.1 %-ის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2023 წლის 1 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მ.პეტაშვილმა გაასაჩივრა საჩივრით. ამავე სასამართლოს 2024 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 18.04.2024წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება. განჩინება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მოპასუხემ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა (იხ: განჩინება, ს.ფ. 169-172).
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეავსო ხარვეზი და მოითხოვა ვადის აღდგენა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შესავსებად.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი, და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა ხარვეზის შევსების მიზნით: ა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა, მითითება, რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა და იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებას; ბ. 546 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ......., ბინა 55 და გზავნილი 2025 წლის 7 მარტს ჩაჰბარდა პირადად (ს.ფ. 159). ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 8 მარტიდან და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.1-ე მუხლის მიხედვით, 2025 წლის 17 მარტს ამოიწურა. აპელანტს ხარვეზი არ აღმოუფხვრია.
7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
9. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხე მიუთითებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის შევსება. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა (10 დღე) მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, მან სასამართლოს მიმართა დაგვიანებით, კერძოდ, 2025 წლის 19 მარტს, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა 2025 წლის 17 მარტს ამოიწურა.
10. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი ისაა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქმნის თუ არა საფუძველს, მის მიერ ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავად მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით.
11. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა კლინიკა შპს ,,M"-ის მიერ 2025 წლის 15 მაისს გაცემული ცნობა N1069, სადაც მითითებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა მიმართა შემდეგი ჩივილებით: ტკივილი წელის არეში, ზოგადად ხერხემლის გასწვრივ, აღნიშნავდა დაბუჟებებს კიდურებში, უჭირს წოლა, ჯდომა, მოძრაობა, ეძებს ხელსაყრელ პოზას სხეულს შეურჩიოს კომფორტული პოზიცია ტკივილის შესამსუბუქებლად, იღებს თვითნებურად ანალგეტიკებს, როგორც აბებს, ისე ინექციების სახით კუნთში, პაციენტის გადმოცემით ჩივილები დაეწყო მარტის თვიდან (გადმოცემით), დაიწყო მკურნალობა თვითნებურად ბლოკიუმ B12, ამპ ი/მ, იგრძნო შეღავათი, ტკივილი შეუმსუბუქდა, პაციენტის გადმოცემით ორი კვირის შემდეგ შეძლო სიარული (ნევროლოგს არ მიმართა რადგან, იგივე ჩივილების გამო ჩატარებული ჰქონდა ადრე კონსულტაცია, დანიშნული ჰქონდა მკურნალობა, და თვითნებურად გაიმეორა იგივე მკურნალობა) (ანამნეზით პაციენტის გადმოცემით ძლიერი ტკივილის გამო მიმართა ემერჯენს ჯერარსის კლინიკაში 14/11/24 წელს, მათი რეკომენდაციით 16/11/2024წ ავერსის კლინიკაში პაციენტს ჩატარებული აქვს ხერხემლის სვეტისა და ზურგის ტვინის მრტ კვლევა (იხ. დანართის სახით). ობიექტურად: კანი სუფთა, P- 78'რითმული, საშ. ავსების და დაჭიმულობის, T/A-100/70mm/Hg, Cor_ტონები რითმული, Pulmo-ვეზ. სუნთქვა, მუცელი რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი არ სცილდება ნეკნთა რკალს, ელენთა არ ისინჯება, თირკმელები N, შარდვა ნორმა, დეფეკაცია N. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საჭიროებს ნევროლოგის, ნეიროქირურგის კონსულტაციას, მრტ-ს დასკვნის მიხედვით, გინეკოლოგის კონსულტაცია, ასევე, პაციენტს ერჩია სიმძიმის აწევისგან თავის შეკავება (იხ. ს.ფ. 188).
12. საკასაციო პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მხრიდან არ არის დაცული კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი და წარმოდგენილი მტკიცებულება არარელევანტურია, მას წინასწარ არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინება, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო, ამასთან, მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინების განხორციელება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ აღნიშნული ცნობა არ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მხარეს დროულად არ შეეძლო სასამართლოსათვის წარედგინა, რაიმე სახის შუამდგომლობა, მათ შორის ხარვეზის შესავსებად დადგენილის ვადის გაგრძელება ან ასეთი შუამდგომლობის/განცხადების წარდგენა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მით უფრო, მასში არ არის აღნიშნული წოლითი რეჟიმის საჭიროების და პაციენტისთვის გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, რომ საკასაციო სასამართლოში არ არის წარმოდგენილი 2025 წლის 17 მარტამდე სამედიცინო დახმარების გაწევის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო თავად ცნობა, გაცემულია, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2025 წლის 15 მაისს, და მხარეს არც კი უცდია სასამართლოსთვის ამგვარი შეუსაბამობის ფაქტი აეხსნა.
13. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.03.2025 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი