Facebook Twitter

29 ივლისი, 2025 წელი

საქმე №ას-410-2025 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ.მ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მიმართ, გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის მიერ 2022 წლის 28 სექტემბერს გამოვლენილი ნების ბათილად ცნობის, მოსარჩელის მოლარის პოზიციაზე აღდგენისა და 2022 წლის 28 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად დარიცხული 903.55 ლარის ანაზღაურების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. გ.მ–ი 2019 წლის 17 იანვარს დასაქმდა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ კუთვნილ მაღაზიაში მდებარე ქ. თბილისი, ......... ხილისა და ბოსტნეულის სექციის კონსულტანტად. 2019 წლის მეორე ნახევარში დამსაქმებლის ინიციატივით იგი გადაიყვანეს მოლარის პოზიციაზე, სადაც მუშაობდა გათავისუფლებამდე. მის მოვალეობებში შედიოდა პროდუქციის გატარება, თანხის აღება, ხურდის დაბრუნება, დაგროვებითი ბარათების შესახებ მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან გატარება. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 903.55 ლარს.

2.2. 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მიერ დადგენილი გათამაშების და პირობების მიხედვით, მომხმარებლებს შეეძლოთ შენაძენზე გარკვეული პრიზების მიღება. გათამაშების წესების თანახმად, მომხმარებელი, რომელიც შეძენის დროს ატარებდა შპს მოპასუხის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ დაგროვებით ბარათ „მაი ქლაბ“-ს, იგებდა გარკვეულ პრიზებს. მოგების შემთხვევაში, საანგარიშსწორებო ქვითარზე აისახებოდა, თუ რა მოიგო მომხმარებელმა, მისი სახელი და გვარი. ამის თაობაზე თითოეული მოლარე აფრთხილებდა მომხმარებელს, რომელსაც აღნიშნული სალაროს ქვითარი უნდა წარედგინა საინფორმაციოში, სადაც საბოლოოდ გაიცემოდა მოგებული პრიზი.

2.3. მოსარჩელის სალაროზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა (თ.გ–მა) 2022 წლის 24 სექტემბერს, საღამოს 22:00 საათის შემდეგ, შენაძენზე მოიგო პრიზი - პორტატული დამტენი (ე.წ. ფოვერ ბანკი). გ.მ–მა აცნობა თ.გ–ს ამის შესახებ, ხოლო მომხმარებელმა უარი განაცხადა პრიზის მიღებაზე პირადი მიზეზებისა და დროის უქონლობის გამო. მომხმარებელმა მოლარეს დაუტოვა სალაროს ქვითარი, რათა მას გაენაღდებინა მოგება და, შესაბამისად, პრიზიც მისი ყოფილიყო.

2.4. მოსარჩელის განმარტებით, გათამაშების დროისათვის არცერთი ზემდგომი პასუხისმგებელი პირი ახლოს არ იმყოფებოდა, რის გამოც ქვითარი ცალკე გადადო და შეინახა. თუმცა პირველივე შესაძლებლობისთანავე იქ მყოფ ზემდგომ პირს („ვაიზერს“), ნ.ფ–ას, აცნობა, რომ მომხმარებელმა, რომლის ქვითარზეც პრიზი დაფიქსირდა, ქვითარი (და, შესაბამისად, პრიზიც) მოლარეს აჩუქა, შესაბამისად, მოსარჩელემ კარფურისაგან მოითხოვა აღნიშნული „Power Bank”-ის მისთვის გადაცემა. ვაიზერმა პასუხად განუმარტა, რომ გაარკვევდნენ, თუ როგორ გადასცემდნენ პრიზს. სამუშაოს დასრულების შემდეგ დასაქმებულმა კვლავ მოიკითხა საკითხი, მათ შორის, კიდევ ზემდგომ პირთან, ვაიზერ რ.ხ–ძესთან, თუმცა შეკითხვაზე მიიღო პასუხი, რომ წარსულში ასეთი შემთხვევა არ ჰქონიათ, მოსარჩელეს უნდა დაეტოვებინა ქვითარი, ხოლო ხელმძღვანელი საჩუქრის განაღდების საკითხს გაარკვევდა უსაფრთხოების სამსახურთან. მოსარჩელემ საკითხის გარკვევამდე უარი განაცხადა ქვითრის დატოვებაზე. სამსახურის დასრულების შემდეგ, გამოსვლისას, მოსარჩელეს შეხვდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები, რომელთაც განუმარტეს, რომ საკითხი გარკვეულია და დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილი, მეორე დღეს მოიტანდნენ ბლანკს, შეავსებდნენ და გადასცემდნენ ნივთს. 2022 წლის 24 სექტემბერს, სამუშაოს დასრულების შემდგომ, თანამშრომელთა საერთო ჩათის მეშვეობით, ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა - ლ.მ–ძემ, მოსარჩელეს აცნობა, რომ ყველაფერი გარკვეული იყო და მეორე დღეს გადასცემდნენ მოგებულ ნივთს.

2.5. გ.მ–ი 2022 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. სამუშაო დღის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, ზემდგომმა პასუხისმგებელმა პირმა (ვაიზერმა) - ნ.ფ–ამ აცნობა, რომ მასთან უსაფრთხოებისა და დაცვის თანამშრომლებს შეხვედრა და გასაუბრება სურდათ, რის გამოც იგი დაუყოვნებლივ აიყვანეს ადმინისტრაციულ ოფისში, სადაც შევიდნენ უსაფრთხოების თანამშრომლები, ერთ-ერთი დეპარტამანეტის მენეჯერი მ.ბ–ი, ზემდგომი პასუხისმგებელი პირები (ვაიზერები) ლ.მ–ძე და ნ.ფ–ა და განუმარტეს, რომ დილას შეხვდნენ მომხმარებელს (თ.გ–ს), რომელმაც მოიგო პრიზი და ცდილობდნენ, რომ მისთვის აღნიშნული პრიზი გადაეცათ. მომხმარებელმა განაცხადა კატეგორიული უარი, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და განაცხადა, რომ არ ახსოვდა კონკრეტულად რა პრიზზე იყო საუბარი და განმარტა, რომ თუ მოლარეს დაუტოვა ქვითარი, ესე იგი, პრიზიც მას აჩუქა, მოგებული ნივთი უკან დააგდო და გაღიზიანებულმა დატოვა სივრცე. შეხვედრაზე მოსარჩელეს განუმარტეს, რომ ნაჩუქარ ნივთს ვერ გადასცემდნენ, რადგან ვერ გაარკვიეს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. დამსწრე პირებმა ვაიზერ ლ.მ–ძეს, საკითხის გარკვევის მიზნით, მოსთხოვეს სათავო ოფისში ინფორმაციის გადაგზავნა ელ. ფოსტის მეშვეობით. გ.მ–მა განაცხადა, რომ შემდგომი გაურკვევლობების თავიდან ასარიდებლად მომხმარებელთან ერთად თავადაც უნდა დაებარებინათ, საკითხი წარმოადგენდა მისთვის მნიშვნელოვანს და უნდა მომხდარიყო გარკვევა, ხოლო გათამაშებულ ნივთს კომპანიას არ ჩააბარებდა.

2.6. შეხვედრის დასრულების შემდგომ გ.მ–ი დაუბრუნდა მის სამუშაო ადგილს, საღამოს კი მენეჯერ მ.ბ–ს სთხოვა ფილიალის ხელმძღვანელ ლ.კ–თან შეხვედრა. პასუხად მიიღო თანხმობა მომდევნო დღეს მასთან შეხვედრაზე.

2.7. გ.მ–ი 2022 წლის 26 სექტემბერს სამსახურში გამოცხადდა 09:00 საათზე და შეუდგა მოვალეობების შესრულებას. ამავე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, იმავე ფილიალში მივიდა მისი წარმომადგენელი გ.პ–ვი და მოითხოვა ხელმძღვანელთან შეხვედრა, აგრეთვე გ.მ–ის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლის გადმოცემა და კამერების ჩანაწერების დაარქივება, რაზეც მას უარი განუცხადეს. უარის მიღების შემდგომ გ.პ–ვმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შეეცადა, რომ ასე მაინც მიეღწია ფილიალის მენეჯერთან შეხვედრასა და გ.მ–ის შრომითი ხელშეკრულების გადმოცემისთვის, თუმცა უშედეგოდ.

2.8. ამის შემდგომ მოხდა ჟურნალისტების მობილიზება, რომელთა გამოჩენიდან მალევე მოსარჩელის სამუშაო ადგილზე მივიდა მისი ზემდგომი, პასუხისმგებელი პირი (ვაიზერი) რ.ხ–ძე, მოსთხოვა სასწრაფოდ მოეშორებინა მისი წარმომადგენელი და ჟურნალისტები ფილიალიდან. ასევე, მეორე პასუხისმგებელმა პირმა, (ვაიზერმა) ლ.მ–ძემ, სიტუაციიდან გამომდინარე, მოუწოდა გ.მ–ს, ადრე დაეტოვებინა სამუშაო ადგილი და წასულიყო სახლში, შესაბამისად გ.მ–ს დაახურინეს სალარო.

2.9. ვინაიდან 2022 წლის 27 სექტემბერი იყო დასვენების დღე, სიტუაციაში გარკვევის მიზნით მოსარჩელემ ელ. ფოსტის მეშვეობით მისწერა სათავო ოფისს, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. 2022 წლის 28 სექტემბერს დასაქმებული თავის ცვლაში, 17:30 საათზე, გამოცხადდა სამსახურში, რა დროსაც განუმარტეს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მიზეზად კი დაუსახელეს მომხმარებლისთვის მოგების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ შეესწავლათ კამერის ის ჩანაწერები, რომელიც მას არ გადასცეს, სადაც ჩანდა ინფორმირების ფაქტი, თუმცა მენეჯერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული და არ აპირებდა მის შეცვლას.

2.10. გ.მ–ის წარმომადგენელმა, გ.პ–ვმა, 2022 წლის 29 სექტემბერს შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მიმართა განცხადებით და მოითხოვა გათავისუფლების წერილობით დასაბუთება, 2022 წლის 24-25 სექტემბრის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებისა და მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების ასლის გადმოცემა. ყოფილი დასაქმებულის მოთხოვნა მოპასუხეს არ შეუსრულებია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უსაფუძვლოდ.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: მომხმარებლის მიერ „კარფურის“ სალაროსთან პროდუქციის ღირებულების „მაი ქლაბ“-ის მეშვეობით გადახდისას, გადახდის ქვითარზე შეიძლება დაბეჭდილიყო წარწერა ,,Chance to win (პრიზის დასახელება)“, რაც ქართულად ნიშნავს - „თქვენ გაქვთ მოგების შანსი (პრიზის დასახელება)“. იმ შემთხვევაში, თუ გადახდის ქვითარზე დაიბეჭდებოდა აღნიშნული წარწერა, მოლარე ვალდებული იყო თავისთან მოეხმო ზემდგომი პასუხისმგებელი პირი და დაესვა შეკითხვა მომხმარებლისთვის - მაგალითად: „რამდენი წლის არის კარფური საქართველოში“, სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, მომხმარებელს გადაეცემოდა ქვითარზე აღნიშნული საჩუქარი. გარდა ამისა, პრიზის მიღება უნდა განხორციელებულიყო მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში პრიზი არ გაიცემოდა. 2022 წლის 24 სექტემბერს ერთ-ერთმა მომხმარებელმა შეიძინა „კარფურის“ პროდუქცია საიუბილეო გათამაშების წესების შესაბამისად. გადახდის ქვითარზე აღინიშნა წარწერა ,,Chance to win Power Bank“, რაც ქართულად ნიშნავს „შანსი მოიგოთ პორტატული დამტენი“. აღნიშნული გადახდის ქვითრის საფუძველზე, გ.მ–ი ვალდებული იყო, ეცნობებინა მომხმარებლისთვის, რომ მას ჰქონდა შანსი მოეგო პორტატული დამტენი. მოპასუხის მითითებით, გ.მ–ის განმარტება იმის თაობაზე, რომ მან აცნობა თ.გ–ს მომგებიანი გადახდის ქვითრის შესახებ, მაგრამ მომხმარებელმა უარი თქვა პრიზის მიღებაზე, წარმოადგენს მცდარ ინფორმაციას. გ.მ–ის მხრიდან სუპერვაიზერ ნ.ფ–ასთვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ „კარფურის“ შესაბამისი სამსახურის მიერ განხორციელდა აღნიშნული ფაქტის მოკვლევა და დადგინდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით არც ვაიზერისთვის და არც დაცვის თანამშრომლებისთვის მოლარეს მყისიერად არ უცნობებია; მეორე დღეს კი გაირკვა, რომ მოლარეს მოგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ მიუწოდებია, მათ შორის, არც მომხმარებელ თ.გ–ისთვის.

3.2. „კარფურის“ ეთიკის კოდექსის თანახმად, საჩუქრის მიღება წინასწარ უნდა შეთანხმდეს უშუალო მენეჯერთან. თუ ნებართვის მოპოვება წინასწარ ვერ მოხერხდება, საჩუქრის მიღება დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თანამშრომლის უშუალო მენეჯერს განსახილველად და დასამტკიცებლად „კარფურის“ პოლიტიკის შესაბამისად. ყველა შეგროვებული ნივთი უნდა გადაეცეს „კარფურის“ დანაკარგებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს. მოპასუხის მითითებით, ინციდენტის დროს, მოლარესთან ახლოს იმყოფებოდა პასუხისმგებელი პირი და მისი „ვაიზერი“ ქალბატონი რ.ხ–ძე, რომელიც ასევე შეესწრო გ.მ–ის მიერ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების ბოროტად გამოყენების ფაქტს, თუმცა მისთვის იმ დროისთვის არ იყო ცნობილი სალაროს ქვითარზე არსებული წარწერის შესახებ. შესაბამისად, გ.მ–მაც აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, თავი აარიდა პასუხისმგებელი პირისთვის ინფორმაციის მიწოდებას. გ.მ–ი აგრესიით და დაჟინებით ითხოვდა მისთვის პრიზის გადმოცემას. სოციალურ ქსელ VIBER-ში ლ.მ–ძის მიერ განხორციელებული მიმოწერით, ცალსახაა ის ფაქტი, რომ პრიზის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები, მათ შორის „კარფურის“ დაცვის სამსახური, ახდენს ფაქტის მოკვლევას, რისთვისაც უმნიშვნელოვანეს გარემოებას წარმოადგენდა სწორედ იმ მომხმარებელთან გასაუბრება, რომელმაც „კარფურის“ გათამაშების წესების შესაბამისად, მოიგო პრიზი. ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ქალბატონი რ.ხ–ძე, რომელიც ცდილობდა გ.მ–თან არ შესულიყო კონფლიქტში.

3.3. ინტერესთა კონფლიქტის და მის გამოვლენა/გამოაშკარავების შესახებ საინფორმაციო ბარათის თანახმად, „კომპანიის თანამშრომელმა არ უნდა მიიღოს პირადი სარგებელი იმ საქმიანობიდან, სადაც კომპანიას გააჩნია ინტერესი ან გამოიყენოს კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია პირადი სარგებლის მისაღებად ან მიიღოს/აიღოს ფინანსური კომპენსაცია ჯილდო ან მატერიალური სარგებელი ან რაიმე სახის საჩუქარი.“ ანალოგიურად, „კარფურის“ ეთიკის კოდექსი კრძალავს საჩუქრის მიღებას და ინსტრუქციის თანახმად, მიღებული საჩუქარი უნდა გადაეცეს „კარფურის“ დანაკარგებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს. სწორედ აღნიშნული საკითხის დაზუსტების მიზნით სთხოვდნენ გ.მ–ს მოთმინებას, რომ გარკვეულიყო, დაუშვებდა თუ არა „კარფური“ თავის თანამშრომელზე მატერიალური სარგებლის გაცემას. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ დამსაქმებელი აღნიშნულ გამონაკლისს დაუშვებდა, საჭირო იყო თ.გ–ისაგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება.

3.4. „კარფურის“ პასუხისმგებელი პირები მომხმარებელ თ.გ–ს შეხვდნენ, რა დროსაც აუხსნეს მომხდარი ფაქტის შესახებ და გადასცეს პრიზი, თუმცა იმ ფაქტმა, რომ მას მოატყუეს და არ აცნობეს შესაძლო მოგების შესახებ, აგრესია გამოიწვია მომხმარებელში, რის გამოც გაღიზიანებულმა დააგდო ნივთი და თავი აარიდა დამატებით კომუნიკაციას. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, „კარფურის“ თანამშრომლებმა მოსარჩელეს განუმარტეს, რომ ის პრიზს ვერ მიიღებდა, ვინაიდან, მის მიერ განხორციელდა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების დარღვევა. ამგვარ განმარტებას მოსარჩელის მხრიდან მოჰყვა აგრესია, ხმამაღალი საუბარი და მუქარა. სიმართლეს არ შეესაბამება მოსარჩელის მითითება, რომ „კარფურის“ თანამშრომლებს არ სურდათ აღნიშნული ფაქტის სათავო ოფისისთვის შეტყობინება. პირიქით, მას შემდეგ, რაც გ.მ–მა შეიტყო მომხმარებელთან გასაუბრების საკითხი, თავად მას არ სურდა, რომ სათავო ოფისისთვის მიემართათ, თუმცა „კარფურის“ თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი ეცნობებინათ ზემდგომი პირებისთვის, რათა განხორციელებულიყო შესაბამისი ზომების მიღება.

3.5. გ.მ–ის მეგობარი/ნათლული/წარმომადგენელი - გ.პ–ვი, 2022 წლის 26 სექტემბერს გამოცხადდა „კარფურის“ ქსელში. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიულობით და მისი ქმედებები არ იყო ადეკვატური. „კარფურის“ თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმუქრებოდა, ადანაშაულებდა ქურდობაში. ყურადღების მიქცევის მიზნით, გადაიჭრა ვენები. მას შემდეგ, რაც რ.ხ–ძე მივიდა ინციდენტის ადგილას, გ.მ–ი გაიწია მისკენ და სცადა ხელი დაერტყა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებოდა თმებით თრევით, დაწვით და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა „კარფურის“ მომხმარებლების თვალწინ.

3.6. 2022 წლის 28 სექტემბერს გ.მ–ს გააცნეს სამსახურიდან გათავისუფლებას მიზეზი, რაც საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ და „ო“ პუნქტებით განისაზღვრა, კერძოდ, ვალდებულების უხეშ დარღვევად დაკვალიფიცირდა: 1. მომხმარებლისათვის პრიზის მოგების თაობაზე ინფორმაციის დამალვა და მოგებული ნივთის მისაკუთრების მცდელობა, რითაც დაირღვა კარფურის ეთიკის კოდექსი, ასევე, მისი შიდა რეგულაცია; 2. 2022 წლის 26 დეკემბერს კარფურის თანამშრომლისთვის მომხმარებლის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. სამსახურიდან გათავისუფლების „სხვა ობიექტურ გარემოებად“ დაკვალიფიცირდა გ.პ–ვის, როგორც გ.მ–ის წარმომადგენლის, ქმედებები, მის მიერ გამოხატული აგრესია და მუქარა თანამშრომლების მისამართით, რითაც მათ მიადგათ მორალური ზიანი, გაუჩნდათ დაუცველობისა და შიშის განცდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოვლენილი ნება მართლზომიერია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

4.1. ბათილად იქნა ცნობილი შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ მიერ 2022 წლის 28 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება გ.მ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ;

4.2. გ.მ–ის სარჩელი მოლარის პოზიციაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

4.3. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ კომპენსაცია 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;

4.4. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ გ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2022 წლის 28 სექტემბრიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად დარიცხული 903.55 ლარის ოდენობით.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. გ.მ–სა და შპს ,,მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას’’ შორის 2019 წლის 17 იანვარს დაიდო შრომის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თავდაპირველად 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნა საწყობისა და რეალიზაციის პერსონალის პოზიციაზე.

7.2. 2019 წლის მეორე ნახევრიდან გ.მ–ი ასრულებდა მოლარის მოვალეობებს, ხოლო გათავისუფლებისას მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 903.55 ლარს (ფიქსირებული ხელფასი - 686 ლარი, ფილიალის დანამატი - 127.55 ლარი, ადგილობრივი დანამატი - 90 ლარი). შრომის ანაზღაურება გაიცემოდა საანგარიშგებო თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში.

7.3. შპს ,,მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას’’ შინაგანაწესის მე-5 მუხლის თანახმად, დასაქმებულს ევალებოდა: - კეთილსინდისიერად შეესრულებინა დაკისრებული ვალდებულებები; - სპეციალური მითითების გარეშე დაეცვა ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც უკავშირდებოდა მის სამსახურებრივ საქმიანობას; - შეესრულებინა ხელმძღვანელის გადაწყვეტილება და მითითება; - არ დაეშვა ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეაფერხებდა კომპანიის მუშაობას და შელახავდა მის საქმიან რეპუტაციას.

7.4. შინაგანაწესის მე-6 მუხლის შესაბამისად, თითოეულ დასაქმებულს მოეთხოვებოდა დაეცვა ის ეთიკის/ქცევის წესები, რომელიც განმტკიცებული იყო დამსაქმებლის მიერ და სამუშაო საათების განმავლობაში მოქცეულიყო დასაქმებულთან დანერგილი ნორმალური ქცევის წესების მიხედვით. დასაქმებულს ევალებოდა დაეცვა დამსაქმებელთან მოქმედი ეთიკის ნორმები, რომელიც მითითებული იყო დამსაქმებლის ეთიკის/ქცევის კოდექსში და რომელიც დანართად ერთვოდა შინაგანაწესს (დანართი №1, ეთიკის/ქცევის კოდექსი).

7.5. შრომითი შინაგანაწესის დანართი №3-ის თანახმად, დისციპლინური პროცედურით განისაზღვრებოდა შემდეგი დისციპლინური ღონისძიებები: 1. სიტყვიერი გაფრთხილება; 2. წერილობითი გაფრთხილება; 3. წერილობითი საყვედური; 4. სამუშაოდან დათხოვნა.

7.6. ამავე დანართის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში, დასაქმებულის უშუალო ხელმძღვანელი ავსებდა დისციპლინური სახდელის დადების მოთხოვნის ფორმას (გარდა სიტყვიერი გაფრთხილებისა, რომელიც წერილობით არ აღირიცხებოდა), რომელსაც ხელს აწერდა უშუალო ხელმძღვანელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ადამიანური კაპიტალის მენეჯერი და გენერალური მენეჯერი.

7.7. დისციპლინური სახდელის დადების მოთხოვნის საფუძველზე ადამიანური კაპიტალის განყოფილება ადგენდა შესაბამის წერილობით დოკუმენტს, რომელსაც დასაქმებულს გააცნობდა უშუალო ხელმძღვანელი (საჭიროების შემთხვევაში - ადამიანური კაპიტალის მენეჯერიც).

7.8. დასაქმებულს ევალებოდა ხელმოწერით დაედასტურებინა დისციპლინური სახდელის გაცნობა. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს განაცხადებდა ხელის მოწერაზე, მისთვის ინფორმაციის გაცნობას ხელმოწერით ადასტურებდა სულ მცირე ორი ხელმძღვანელი პირი.

7.9. დანართის შესაბამისად კომპანიის მენეჯმენტი იტოვებდა უფლებას გამოეყენებინა უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი (მათ შორის პირდაპირ დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნა) ჩამონათვალიდან განსხვავებული რიგითობით, თუ არსებობდა შესაბამისი ობიექტური საფუძველი.

7.10. დისციპლინური სახდელის დადებამდე უშუალო ხელმძღვანელს უნდა ჩაეტარებინა სამსახურებრივი მოკვლევა და საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენა და დაფიქსირება.

7.11. დისციპლინური დარღვევის საკითხზე გამოკითხვა უნდა მომხდარიყო განცალკევებულ ოთახში. როგორც ხელმძღვანელს/მენეჯმენტს, ასევე დასაქმებულს ჰქონდა დამკვირვებლის დასწრების უფლება. დამკვირვებელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ კომპანიაში დასაქმებული.

7.12. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული დასაქმებულის პიროვნული თვისებები, ასევე, შექმნილი გარემოებები, პირობები, რამაც განაპირობა დარღვევა.

7.13. ინტერესთა კონფლიქტის და მის გამოვლენა/გამოაშკარავების შესახებ პასუხისმგებლობის თაობაზე საინფორმაციო ბარათის მიხედვით, თანამშრომელი ვალდებული იყო არ მიეღო პირადი სარგებელი იმ საქმიანობიდან, სადაც კომპანიას გააჩნია ინტერესი ან გამოეყენებინა კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაცია პირადი სარგებლის მისაღებად ან მიეღო ფინანსური კომპენსაცია/ჯილდო ან მატერიალური სარგებელი ან რაიმე სახის საჩუქარი.

7.14. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას’’ ეთიკის კოდექსის თანახმად, საჩუქრის ან დასასვენებლად და გასართობ ღონისძიებებზე მიწვევის მიღება უნდა ყოფილყო შეთანხმებული უშუალო მენეჯერთან. თუ ნებართვის მოპოვება წინასწარ ვერ მოხერხდა, საჩუქრისა და მიწვევის მიღება დაუყოვნებლივ უნდა გაცნობილიყო უშუალო მენეჯერისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად. ყველა შეგროვებული ნივთი უნდა გადასცემოდა კომპანიის დანაკარგებისა და უსაფრთხოების დეპარამენტს.

7.15. კონსულტანტის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა: - თაროების რეგულარული შევსება პროდუქციით პლანოგრამის შესაბამისად; - ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების განთავსება და მათი პროდუქციასთან შესაბამისობის კონტროლი; - მომხმარებლისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა, გაყიდვები წახალისება; - პროდუქციის ვარგისიანობის ვადისა და ხარისხის ყოველდღიური კონტროლი; - მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, პროდუქციის მომზადება, ვადაგასული/ დაზიანებული პროდუქციის დახლებიდან აღება და შესაბამის ადგილზე გადატანა; - ნაკლებად გაყიდვადი და/ან ხშირად მოთხოვნადი პროდუქციის იდენტიფიცირება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება; სექციასა და საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება; უნიფორმის და ბეჯის ტარება; უნიფორმის სისუფთავის უზრუნველყოფა; - ნებისმიერი ინციდენტის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივ ინფორმირება; სავაჭრო დარბაზსა და საწყობში სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა; - კომპანიის სახელზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების სწორი ექსპლუატაცია და გაფრთხილება; უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვა; - ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

7.16. მოლარის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს შეადგენდა: - ყველა მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა; - პროდუქტების და მომხმარებელთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა; - პრომო აქციების და რეკლამების შესახებ განახლებული ინფორმაციის ცოდნა; - პროდუქციის გატარება, გაყიდვების რეგისტრაცია და გადახდის აკურატულად შესრულება; - მომხმარებლისთვის ჯამური გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; პროდუქციის გატარების შემდეგ ცარიელი ურიკის შემოწმება; - გატარებული ნივთების ჩალაგებაში მომხმარებლისთვის დახმარების გაწევა; - სალაროსთან დაზიანებული პროდუქციის გამოცვლის უზრუნველყოფა; - ჩანთების და ერთჯერადი მოხმარების პოლიეთილენის პარკების, საბანკო ტერმინალების და საკანცელარიო ნივთების უზრუნველყოფა სალაროებთან; - მომხმარებლების საჩივრების და კომენტარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზერისთვის;- ინგლისური ენის ცოდნა.

7.17. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იამ“, 2022 წლის სექტემბრის თვეში, კარფურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, განახორციელა გათამაშება.

7.18. საქმეში წარმოდგენილი გათამაშების რეგლამენტის მე-3 პუნქტის მიხედვით, კარფურის საიუბილეო გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ დაგროვების პროგრამა „მაი ქლაბის“ მომხმარებელ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე „კარფურის“ თანამშრომლებს არასამუშაო საათებში, რომლებიც 2022 წლის 13 სექტემბერს შეიძენდნენ ნებისმიერი ღირებულების პროდუქციას და გამოიყენებდნენ „მაი ქლაბის“ ანგარიშს.

7.19. საიუბილეო გათამაშების ზოგადი წესით, გათამაშების მიმდინარეობისას ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებდა ამ რეგლამენტის მოთხოვნებს, კარფურის ჰიპერმარკეტებში ნებისმიერი ღირებულების პროდუქციის შეძენისას და „მაი ქლაბის“ გამოყენებისას ჩაერთვებოდა გათამაშებაში. მაღაზიის სალაროსთან პროდუქციის ღირებულების გადახდისას ქვითარზე შესაძლოა დაბეჭდილიყო წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, რის შემდეგაც პრიზის მოსაგებად აუცილებელი იყო ქვითრის მფლობელ მომხმარებელს აერჩია სასურველი საჩუქარი სააქციო ხიდან და სწორად ეპასუხა პრომოუტერის მიერ დასმული შეკითხვისათვის. გამარჯვებულს პრიზს გადასცემდა პრომოუტერი.

7.20. მომგებიანი ქვითრის განაღდება აუცილებლად უნდა მომხდარიყო მომგებიანი ქვითრის მიღების დღესვე, გათამაშების ჩატარების ადგილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრიზი არ გაიცემოდა.

7.21. წესების დაზუსტება მოხდა ელექტრონული წერილით, სადაც მიეთითა, რომ 13 სექტემბერს ფილიალის გახსნისთანავე დაიწყებოდა გათამაშება, ქვითარზე შემთხვევითობის პრინციპით ამოვიდოდა წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი და პრიზის დასახელება“, მომგებიანი ქვითრის აღმოჩენის შემდეგ ფილიალის CCO-ს სიმბოლურად უნდა დაესვა მომხმარებელისათის კითხვა - „რამდენი წლის არის კარფური საქართველოში“, პასუხის შემდეგ კი მომხმარებელს უნდა გადასცემოდა ქვითარზე მითითებული საჩუქარი.

7.22. როგორც რეგლამენტით დადგენილი წესები, ასევე, ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, შინაარსობრივად მიემართებოდა 2022 წლის 13 სექტემბერს მიმდინარე გათამაშებას.

7.23. საიუბილეო გათამაშება ყველა დარჩენილი პრიზის ამოსაწურად განმეორდა 2022 წლის 17 სექტემბერს, რაც თანამშრომლებს ეცნობათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

7.24. 2022 წლის 24 სექტემბერს, 22:07 წუთზე, მომხმარებელმა თ.გ–მა „კარფურის“ საბურთალოს ფილიალში შეიძინა გარკვეული ღირებულების პროდუქტი.

7.25. თანხის გადახდის შემდეგ სალაროს ქვითარზე დაიბეჭდა წარწერა „Chance to win Power Bank“, - „შანსი მოიგოთ პორტატული დამტენი”.

7.26. თ.გ–ს ქვითარი და გათამაშებაში მოგებული პორტატული დამტენი არ აუღია.

7.27. სალაროს ქვითარს, სადაც აღნიშნული იყო მოგების თაობაზე, ფლობდა გ.მ–ი. იგი აცხადებდა, რომ მომხმარებელმა უარი განაცხადა მოგებაზე და მას დაუტოვა საჩუქრად. შემთხვევის შესახებ მან იმავე დღეს აცნობა მის სუპერვაიზერ ნ.ფ–ას და ითხოვა მოგებული ნივთის მისთვის გადაცემა.

7.28. 2022 წლის 24 სექტემბერს, 23:39 საათიდან, გ.მ–ს, ლ.მ–ძესა (უშუალო ხელმძღვანელი, სუპერვაიზერი) და რ.ხ–ძეს (სუპერვაიზერი) შორის შედგა მიმოწერა. მოსარჩელის მიწერილობის შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა დაეტოვებინა კომპანიას ის ნივთი, რაც აჩუქეს, დასაქმებულებს მხოლოდ ნაჩუქარი თანხის აღების უფლება არ აქვთ, დანარჩენ შემთხვევაში აკრძალვა არსად არის მითითებული.

7.29. ლ.მ–ძე მიუთითებდა, რომ უბრალოდ ფორმალობაა, შესავსებია შესაბამისი ფორმა, ბლანკი, მომხმარებლისგან გადაცემული საჩუქრის აღების დასტურად, რაც უნდა შეავსოს ზიზიმ (უსაფრთხოების ზედამხედველი) და ეს საკითხია დასაზუსტებელი. 23:41 საათზე კი იგი დასაქმებულს სწერს „დააზუსტეს და გადმოგეცემა, ზიზი როგორც კი შეავსებს“.

7.30. ამავე მიმოწერაში რ.ხ–ძე 23:42 წუთზე აღნიშნავს: ,,გ., ხომ გითხრა დღეს დაცვამაც, რომ ფორმალობაა და ხვალ გავარკვიოთო. თორე ძალიან კარგია რამდენსაც მოიგებ, ისე არ მინდა გეგონოს, რომ ვინმეს არ სურს შენთვის საჩუქრის გადმოცემა. ხვალ ყველაფერი შეივსება და გაირკვევა.“

7.31. მიმოწერის ბოლოს, 23:44 წუთზე, ლ.მ–ძე მოსარჩელეს სწერს საბოლოო შედეგს: „მოკლედ, ხვალ გაძლევთ მაგ ნივთს, დააზუსტესთქო გ., დააზუსტეს“.

7.32. 2022 წლის 3 და 11 მარტს, ასევე, იმავე წლის 11 სექტემბერს, სალაროში დანაკლისებთან დაკავშირებით გ.მ–თან მიმართებით შედგენილია განცხადება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე.

7.33. 2022 წლის 28 აგვისტოს მომხმარებელთა თანდასწრებით ზემდგომი პირის, მ.ჭ–ძის მიმართ ყვირილის, შეურაცხყოფის მიყენების, მითითების ყურადღების მიღმა დატოვების საფუძვლით, გ.მ–თან მიმართებით შედგენილია განცხადება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე.

7.34. აღნიშნული აქტების გ.მ–ისათვის გაცნობის, ან მისი მხრიდან გაცნობაზე უარის თქმის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არის წარმოდგენილი. განცხადებებში არ არის მითითებული ფაქტები მუშაკის სამსახურში დაგვიანების ან არაჯეროვნად გაწეული მომსახურების თაობაზე.

7.35. 2022 წლის 27 სექტემბერს გ.მ–ის ჰქონდა დასვენების დღე. 2022 წლის 28 სექტემბერს სამსახურში გამოცხადებისას მოსარჩელეს აცნობეს გათავისუფლების შესახებ და გადასცეს ბრძანება, რომლის შინაარსი ხელმოწერით სადავო გახადა გ.მ–მა.

7.36. გ.მ–მა 2022 წლის 29 სექტემბერს განცხადებით მიმართა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ და მოითხოვა ......-ში მდებარე მაღაზია „კარფურის“ სალაროსთან არსებული კამერების ჩანაწერების დაარქივება გ.მ–ის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების დასასაბუთებლად. ასევე, ვაიზერის მიერ სალაროს გახსნის კადრი, როდესაც დაიკარგა თანხა.

7.37. გ.მ–ი შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იადან“ გათავისუფლების შემდეგ არ არის დასაქმებული და 2022 წლის ოქტომბრის თვის შემდეგ ხელფასის ჩარიცხვა არ უფიქსირდება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევად და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ წინაპირობად დამსაქმებლის მიერ მიჩნეულია გ.მ–ის მიერ 2022 წლის 24 სექტემბერს მომხმარებელ თ.გ–ისთვის პრიზის მოგების თაობაზე ინფორმაციის დამალვა.

ამ საფუძვლის არსებობის შესაფასებლად პალატამ კვლევის საგანად მიიჩნია, თუ რა ვალდებულება იყო განსაზღვრული საიუბილეო გათამაშებით, ეთიკის კოდექსითა თუ პროცედურით, რა წესები უნდა დაეცვა მოლარეს, იცნობდა თუ არა მას მოსარჩელე და დაირღვა თუ არა იგი მუშაკის მხრიდან. დარღვევის მტკიცებულებად საქმეში წარმოდგენილია მოპასუხესთან დასაქმებულ პირთა წერილობითი ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ვიდეოჩანაწერი, შიდა სამსახურებრივი მიმოწერა.

დადგენილია, რომ ერთ-ერთ მომხმარებელთან გათამაშდა მოგება, თუმცა მტკიცებულება იმისა, რომ მოლარემ არ აცნობა პირს მოგების თაობაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეო ჩანაწერში ხმა არ ისმის, ვიზუალურად კი ჩანს, რომ უკვე გასვლისას, გ.მ–ი მომხმარებელ თ.გ–ს აწვდის ქვითარს, ახდენს კომუნიკაციას, რა დროსაც მომხმარებელი ჩერდება, ხოლო შემდეგ მაინც ტოვებს სალაროს. აუდიო ჩანაწერის არარსებობის პირობებში კომუნიკაციის შინაარსი უცნობია. გ.მ–ის განმარტების საწინააღმდეგო ფაქტი კი ვიდეო მასალით არ საბუთდება, რის გამოც მუშაკის მხრიდან შეთავზებული ვერსიის გამორიცხვა შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული თ.გ–ი დეტალებს ვერ იხსენებს, თუმცა ქვითრის და, შესაბამისად, მის საფუძველზე მოგებული ნივთის საჩუქრად გადაცემის ფაქტს არ გამორიცხავს.

მოკვლევის მიზნით ხელმძღვანელ პირებსა და მომხმარებელს შორის 2022 წლის 25 სექტემბერს შემდგარი შეხვედრის ვიდეო ჩანაწერში ხმა არ ისმის; ამ შეხვედრას არ ესწრება თავად გ.მ–ი, ამასთან, წარმოდგენილ კადრებში თ.გ–ი შეძენილი პროდუქციით ხელში დგას რიგში, როგორც რიგითი მომხმარებელი. რიგში დგომისას ხორციელდება სატელეფონო ზარი, შემდგომში კი უშუალო კომუნიკაცია ლ.მ–ძესთან. არც აქ ისმის საუბრის შინაარსი, დაკითხულ მოწმეთა ჩვენება კი წინააღმდეგობრივია. კერძოდ, მოწმე ლ.მ–ძე ამბობს, რომ „მაი ქლაბ“ ბარათის ფარგლებში წარდგენილი სატელეფონო მონაცემით თავად დარეკა თ.გ–თან, იკითხა, ჰქონდა თუ არა მოგების თაობაზე ინფორმაცია, სთხოვა მოსულიყო და გადასცემდა მას პრიზს. ამასთან, მოწმის განმარტებით, გ.მ–თან დაკავშირებული ინციდენტის თაობაზე მას მომხმარებლისთვის სატელეფონო საუბრისას არ უცნობებია, არამედ მოლარის პოზიცია პირისპირ შეხვედრისას შეატყობინა. მოწმე ზ.ნ–ი კი აცხადებს, რომ თავადაც ესწრებოდა სატელეფონო ზარს, ამბობს, რომ მომხმარებელს სატელეფონო საუბრისას ეცნობა საჩუქარზე მოლარის პრეტენზიის შესახებ, თუმცა, მისი განმარტებით, მომხმარებელმა განაცხადა „ჩემი საჩუქარია, მე უნდა წავიღო, არავისთვის მიჩუქებიაო“. თავად თ.გ–ი კი საერთოდ უარყოფს საკითხის გასარკვევად მისთვის სპეციალურად დარეკვის ფაქტს, რაც არსებითად აქარწყლებს ამ ნაწილში ზ.ნ–ისა და ლ.მ–ძის ჩვენებებს.

განსხვავებულია ვიდეოკადრსა და მოწმეთა ჩვენებაში გაცხადებული გარემოებებიც მეორე დღეს მომხმარებელთან გამართულ შეხვედრაზე დამსწრე პირთა შესახებ. მოწმე მ.ბ–ი აცხადებს, რომ კომუნიკაციას უშუალოდ ესწრებოდა, თუმცა კადრში საერთოდ არ ჩანს. მოწმე ლ.მ–ძე ჩვენებაში აცხადებს, რომ მხოლოდ თვითონ ელაპარაკა, სხვას არ უსაუბრია მომხმარებელთან, კლიენტის გაღიზიანება კი სწორედ დაცვის თანამშრომლის კითხვებზეც პასუხის გაცემის თხოვნამ გამოიწვია. საპირისპიროდ, მოწმე ზ.ნ–ი (დაცვის თანამშრომელი) აღნიშნავს, რომ თავადაც ესაუბრა მომხმარებელს, შეკითხვა გაუმეორეს კიდეც, შემდეგ თავად გამოვიდა და მ.ბ–მა ლ.მ–ძესთან ერთად გააგრძელა მომხმარებელთან საუბარი. შესაბამისად, ამ ნაწილში ურთიერთწინააღმდეგობის გამო, მომხმარებელთან კომუნიკაციის შინაარსზე მოწმეთა მიერ გადმოცემული ჩვენება, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა. სხვა ცხადი და სარწმუნო მტკიცებულებება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გ.მ–მა დაუმალა მოგების თაობაზე ინფორმაცია მომხმარებელს, ხოლო ჩუქების შესახებ არასწორი განმარტება მისცა დამსაქმებელს, საქმის მასალებში არ მოიპოვება.

8.2. იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ მოსარჩელემ დაარღვია საჩუქრის გათამაშების შემდგომ შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესები, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილია საიუბილეო გათამაშების რეგლამენტი, ასევე, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მითითებები და მოწმეები. თუმცა წერილობითი აქტები არ მიემართება ინციდენტის დღეს, 2022 წლის 24 სექტემბერს. მათში ცალსახად განსაზღვრულია მოქმედების თარიღი, (2022 წლის 13 სექტემბერი, 2022 წლის 17 სექტემბერი) და სადავოდ გახდომის გამო, იგი ვერ განიხილება საკითხის მომწესრიგებელ აქტად. ამასთან, თავად რეგლამენტი და მოგვიანებით გაცემული მითითება შინაარსობრივად არ არის თანხვედრაში.

რეგლამენტის მე-3 პუნქტი ასახელებს სააქციო ხეს, საიდანაც ქვითრის მფლობელმა უნდა აირჩიოს სასურველი საჩუქარი, უპასუხოს პრომოუტერის კითხვას, რომელიც ასევე გადასცემს პრიზს. ქვითარზე დატანილია წარწერა „თქვენ გაქვთ მოგების შანსი“, ხოლო პრიზის დასახელება მითითებული არ არის. რეგლამენტით არ არის დათქმული მოლარის ვალდებულება, მომხმარებლის გარდა მოგების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს რომელიმე სხვა პირს.

ელექტრონული წერილით, რაც ასევე 13 სექტემბერს გათამაშებას მიემართება, აღნიშნულია, რომ ქვითარზე პრიზის დასახელებაც იქნება, რომლის აღმოჩენის შემდეგ ფილიალის CCO-მ სიმბოლურად უნდა დაუსვას მომხმარებელს კითხვა - „რამდენი წლის არის კარფური საქართველოში“, პასუხის შემდეგ კი მომხმარებელს უნდა გადასცენ ქვითარზე მითითებული საჩუქარი. ამდენად, შინაარსობრივად, მათ შორის, 13 სექტემბრისთვის დადგენილი წესებიც წინააღმდეგობრივია. მოწმე ლ.ნ–ი აღნიშნავს, რომ კონკრეტულად რა მოიგო პირმა, ქვითარზე არ წერია, არამედ მიეთითება მხოლოდ „მოგების შანსი“, რის შემდეგაც მოლარე მომხმარებელს ქვითართან ერთად უშვებდა კლიენტთა მომსახურებაში, იქ სვამდნენ კითხვას ვაიზერები და გადასცემდნენ საჩუქარს.

მოწმეთა განმარტებების ურთიერთშეუსაბამობის, ასევე გათამაშების რეგლამენტის გაანალიზების შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტული, ნათელი და ცხადი წესი, თუ როდის და ვისთვის უნდა შეეტყობინებინა მოლარეს მოგების თაობაზე ან რა ვალდებულებები უნდა დაეცვა მას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. წესთა ბუნდოვანების პირობებში, კი, დასაქმებულს ამ მოქმედებათა შეუსრულებლობა შრომითი მოვალეობების დარღვევად ვერ შეერაცხება.

8.3. შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევად დამსაქმებლის მიერ დასახელებული გარემოების - კომპანიის კუთვნილი ნივთის მისაკუთრების მცდელობის - არსებობა საააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია. სასამართლომ მოგების ქვითარზე მითითებით შენიშნა, რომ გათამაშება მოხდა სამუშაო საათების მიწურულს; საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით კი გამოარკვია, რომ მოგების დაფიქსირების მომენტში გ.მ–ის სალაროსთან ახლოს სუპერვაიზერები არ იმყოფებოდნენ, რის გამოც მოლარემ გააგრძელა რიგში მყოფი მომდევნო მომხმარებლის მომსახურება, ხოლო შემდგომში თავად აცნობა მოგებისა და მომხმარებლის მიერ ქვითრის საჩუქრად დატოვების ფაქტის შესახებ ხელმძღვანელობას.

პალატის მოსაზრებით, ასევე წინააღმდეგობრივია მიდგომა საჩუქრის თანამშრომლისათვის დატოვების წესებთან დაკავშირებითაც. ერთი მხრივ, ინტერესთა კონფლიქტის და მის გამოვლენა/გამოაშკარავების შესახებ პასუხისმგებლობის თაობაზე საინფორმაციო ბარათი უდგენს ცალსახა ვალდებულებას დასაქმებულს, არ მიიღოს საჩუქარი, მეორეს მხრივ, ეთიკის კოდექსი საჩუქრის მიღების შესაძლებლობას უშუალო მენეჯერთან წინასწარ ან შემდგომში დაუყოვნებლივ შეთანხმებას უკავშირებს. მოწმე ლ.მ–ძე, გ.მ–ის უშუალო ხელმძღვანელი, ჩვენებაში ამბობს, რომ ნაჩუქარი პრიზის გადაცემა შეიძლება, ოღონდ წესების დაცვით. თავად ასეთი ფაქტი არ ჰქონია, მაგრამ იცოდა, რომ არის ბლანკი, რაც უნდა შეავსოს მომხმარებელმა დაცვასთან ერთად, რათა დადგინდეს, რომ მითვისებას არ ჰქონია ადგილი. ამგვარი ბლანკი თ.გ–ისათვის არ წარუდგენიათ. მოწმე ლ.ნ–ი აღნიშნავს, რომ კლიენტის დაჟინებული მოთხოვნისას გამონაკლისის სახით შეიძლება დაიშვას გადაცემა, საამისოდ კი უნდა შედგეს დოკუმენტაციაც. მოწმე დაცვის თანამშრომელი ზ.ნ–ი ამბობს, რომ რაიმე დოკუმენტის შევსება მომხმარებლისთვის არ მოუთხოვიათ. მოწმე სექციის მენეჯერი მ.ბ–ი კი საჩუქრის გადაცემას გამორიცხავს, ამბობს, რომ ნივთი უნდა დაბრუნდეს კვლავ გათამაშებაში. შესაბამისად, არ დასტურდება ნაჩუქარი ნივთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოლარისათვის გადაცემის გამორიცხვის დამდგენი ზეპირი წესის არსებობაც.

თავად გ.მ–ის უშუალო ხელმძღვანელის მიერ იმავე დღეს სამსახურებრივ ჩათში მიწერილი საბოლოო პასუხით („დააზუსტეს...ხვალ გადმოგცემენ“) დასაქმებულს შესაძლოა შექმნოდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ნივთის გადაცემის გონივრული მოლოდინი. იგი არ დაეთანხმა 25 სექტემბერს სუპერვაიზერის განმარტებას, მათ შორის, მომხმარებელთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციას და ითხოვდა საკითხის გარკვევის მიზნით მენეჯერთან შეხვედრას. აღნიშნული დაპირება მიიღო, თუმცა მენეჯერის მხრიდან საკითხთან მიმართებით დასაბუთებული პასუხი, 2022 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით, არ დაბრუნებია. დასაქმებულის მხრიდან განმარტება იმის თაობაზე, რომ მიმართავდა უფლების დაცვის მიზნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებს, ნივთის მისაკუთრების მცდელობად ვერ შეფასდება.

8.4. დამსაქმებელს ვალდებულების უხეშ დარღვევად და, შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად აქვს მიჩნეული გ.მ–ის მიერ 2022 წლის 26 სექტემბერს თანამშრომელ რ.ხ–ძისათვის მომხმარებლის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. ხსენებულ გარემოებებს (სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში) არც დასაქმებული უარყოფს, თუმცა მიუთითებს 2022 წლის 26 სექტემბერს რ.ხ–ძესთან მიმართებით განვითარებული მოვლენების მაპროვოცირებელ გარემოებებზე. სააპელაციო პალატის განსჯით, სიტყვიერი დაპირისიპირება და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა დადგენილ ფაქტადაც რომ ჩაითვალოს, დისციპლინური სახდელის პროპორციულობის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა ჩაატაროს მოკვლევა იმ წინაპირობათა შესახებ, რაც, შესაძლოა, უძღოდა წინ დასაქმებულის ქმედებას, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ინციდენტის მონაწილე თუ შემსწრე პირებს, არ დაეყრდნოს მხოლოდ ერთი მხარის მიწოდებულ გარემოებებს. კომპანიის შინაგანაწესის დანართი №3 - დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური სახდელის დადებამდე აწესებს ვალდებულებას, რომ უშუალო ხელმძღვანელმა ჩაატაროს სამსახურებრივი მოკვლევა; განახორციელოს საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენა და დაფიქსირება; დისციპლინური დარღვევის საკითხზე გამოკითხვა ჩატარდეს განცალკევებულ ოთახში; როგორც ხელმძღვანელს/მენეჯმენტს, ასევე დასაქმებულს აქვს დამკვირვებლის დასწრების უფლება. დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ კომპანიის დასაქმებული.

უდავოა, რომ სუპერვაიზერ რ.ხ–ძის მისვლამდე გ.მ–ი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, ვაიზერთად მცირეხნიან კომუნიკაციას არავინ შესწრებია. სხვადასხვა განმარტებები აქვთ ხელმძღვანელსა და ყოფილ მუშაკს. დასაქმებული კონფლიქტის მაპროვოცირებელ გარემოებებზე მიუთითებს, თუმცა 2022 წლის 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე დისციპლინური წარმოების ფარგლებში სწორი ინფორმაციის დასადგენად წარმოების ჩატარება არ დასტურდება. სიტყვიერ დაპირისპირებას არც დასაქმებული უარყოფს, თუმცა, შესაფარდებელი ღონისძიების პროპორციის განსაზღვრისათვის ინციდენტზე მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა, იყო თუ არა ქმედება პროვოცირებული სხვა ფაქტებით, თუგინდ უშუალოდ რ.ხ–ძის მიერ მის მიმართ გაკეთებული განცხადებებით, აღნიშნული საკითხი კომპანიას სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღებამდე არ გამოუკვლევია. იმ პროცედურულ წესთა ერთობლიობის დარღვევა კი, რომელიც დამსაქმებელმა თავად დააწესა დისციპლინური წარმოების ყოველმხრივი და ობიექტური ჩატარების მიზნებისათვის, სააპელაციო პალატის განსჯით, განაპირობებს ამ წესთა გვერდის ავლით მიღებული გადაწყვეტილების მართლსაწინაღმდეგოობას.

8.5. მოწმეთა ჩვენების სანდოობასა და მათ სუბიექტურობასთან მიმართებით, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შენიშვნები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა უმრავლესობა არის მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული პირი. ამათგან, როგორც მოპასუხე აცხადებს, მოწმე მ.ჭ–ძესთან განვითარებული კონფლიქტის გამო, მოსარჩელეს მიღებული აქვს გაფრთხილება აგვისტოს თვეში. მოწმე თავადაც მიუთითებს კონფლიქტურ დამოკიდებულებას მხარესთან, აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელეც, რაც პირთა შორის უკვე არსებული უარყოფითი წინასწარგანწყობის გამო, სათუოს ხდის ხსენებული მოწმის დამოუკიდებლობას ფაქტებისა თუ მოვლენების მიმართ.

8.6. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად არ მიიჩნია დასაქმებულის მხრიდან მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობების იმ მასშტაბით დარღვევა, რომელსაც შესაძლოა გაემართლებინა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

8.7. პალატამ შენიშნა, რომ აპელანტი ასევე მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნების სხვა არაერთ დარღვევაზე, მათ შორის: 2022 წლის 28 აგვისტოს, მომხმარებლის თანდასწრებით კოლეგის, მ.ჭ–ძის, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე; სამსახურში და შესვენების შემდგომ დაგვიანებაზე; აგრესიაზე კოლეგების მიმართ; სალაროში თანხის მუდმივ დანაკლისზე; მომხმარებელთან კონფლიქტში შესვლაზე; არასასიამოვნო მიმართვებზე, დამცინავ კომენტარებზე; გ.პ–ვის პერიოდულ ვიზიტებზე და მის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფით, მუქარით, დაშინებით, ჟურნალისტების მობილიზებითა და ხელოვნურად დაძაბული ფონის შექმნით „კარფურის“ რეპუტაციის შელახვის მცდელობაზე. დამსაქმებლის მტკიცებით, აღნიშნულ დარღვევებზე გამოყენებულია ორი ჩვეულებრივი, ხოლო ერთი საბოლოო გაფრთხილება.

მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ ხდის მითითებული ფაქტებს და აღნიშნავს, რომ იგი ჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. მოსარჩელის მტკიცებით, მას ედავებოდნენ იმ მითითებების შეუსრულებლობას, რაც არ შედიოდა მის სამსახურებრივ მოვალეობაში. არ ხდებოდა დანაკლისების რეალურ მიზეზთა კვლევა (გაუმართავი სალარო აპარატები, სხვა პირთა წვდომა მათზე და ა.შ), გაფრთხილება კი შესაბამისი სამართლებრივი გზებით თავდაცვის თაობაზე, აღიქმებოდა მუქარად.

საქმის მასალებში წარმოდგენილია 2022 წლის 3 და 11 მარტს, აგრეთვე, იმავე წლის 11 სექტემბერს სალაროში აღმოჩენილ დანაკლისებზე გ.მ–თან დაკავშირებით შედგენილი განცხადება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე. ასევე, 2022 წლის 28 აგვისტოს მომხმარებელთა თანდასწრებით ზემდგომი პირის, მ.ჭ–ძის მიმართ ყვირილის, შეურაცხყოფის მიყენების, მითითების ყურადღების მიღმა დატოვების საფუძვლით, შედგენილია განცხადება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ გაფრთხილების თაობაზე. აღნიშნული აქტების გ.მ–ისათვის გაცნობის, ან მისი მხრიდან გაცნობაზე უარის თქმის დამადასტურებელი, შინაგანაწესით განსაზღვრული დოკუმენტი, (შინაგანაწესის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული უარს აცხადებს ხელის მოწერაზე, მისთვის ინფორმაციის გაცნობას ხელმოწერით ადასტურებს სულ მცირე ორი ხელმძღვანელი პირი) საქმეში არ მოიპოვება. არ არის წარმოდგენილი ასევე წერილობითი მითითება, გაფრთხილება, რაიმე სახის წერილობით შედგენილი აქტი, რომელიც დაადასტურებდა შესაგებელში აღნიშნულ გარემოებებს (სამსახურში დაგვიანება, მომხმარებლის მიმართ არაჯეროვანი დამოკიდებულება, მუდმივის მუქარა ზემდგომი პირებისა თუ თანამშრომლების მიმართ, მეგობრის პერიოდული ვიზიტების, რასაც თან სდევდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, „კარფურის“ რეპუტაციის შელახვის მიზნით ჟურნალისტების მობილიზება და ხელოვნურად დაძაბული ფონის შექმნა).

დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე განცხადებები რომც ჩაითვალოს მუშაკის მხრიდან გაცნობილად და, შესაბამისად, ამოქმედებულად, მათში ზემოთ აღნიშნული ფაქტები მითითებული არ არის. კერძოდ, დასახელებული აქტებიდან ორში საუბარია სალაროს დანაკლისებზე, რაც, როგორც მოწმეები - ლ.ნ–ი და მ.ბ–იც განმარტავენ, მოლარის ჩვეული სამუშაო პროცესის მახასიათებელია და განსაკუთრებულ გადაცდომად არ მიიჩნევა. მესამე განცხადება კი მიემართება კოლეგის მიმართ ერთჯერად შეურაცხყოფას, 2022 წლის 28 აგვისტოს ინციდენტს, რაც თავად მოპასუხის განმარტების მიხედვით, შეფასდა როგორც გადაცდომა და მას განესაზღვრა სახდელიც - გაფრთხილების სახით. ყურადსაღებია მოწმე მ.ბ–ის ჩვენებაც, სადაც იგი აღნიშნავს, რომ 1 წლიანი უშუალო თანამშრომლობის პერიოდში გ.მ–ის მხრიდან მის მიმართ რაიმე გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

ჩამონათვალში არსებული სხვა ფაქტები, კი, რასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს მოწმეებმაც, ხსენებულ პასუხისმგებლობის ფორმებში ნახსენები არ არის. მოწმეები - უშუალო ხელმძღვანელი ლ.მ–ძე, სენიორ სუპერვაიზერი ლ.ნ–ი, ასევე, სექციის/მორიგე მენეჯერი მ.ბ–ი, დანაკლისების, დაგვიანების, თუ არაეთიკური ქცევის შესახებ ჩვენების მიცემის თანადროულად აცხადებენ, რომ 2022 წლის 24 სექტემბრამდე ყველა ეს საკითხი საბოლოოდ ცნობილი იყო სათავო ოფისისთვის და უკვე მოსული იყო გაფრთხილების წერილი. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც, დასტურდება, რომ 2022 წლის 24 სექტემბრამდე გ.მ–ის ქმედებები დამსაქმებლის მხრიდან ერთობლიობაში იყო შეფასებული და მას პასუხისმგებლობის სახედ განესაზღვრა შრომის შინაგანაწესის №3 დანართით გათვალისწინებული სახდელი - წერილობითი გაფრთხილება. იმ გადაცდომების გამო სამსახურიდან გათავისუფლება, კი, რისთვისაც დასაქმებულს უკვე შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა წერილობითი გაფრთხილების სახით, ეწინააღმდეგება ერთი გადაცდომის მიმართ ორი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობის პრინციპს.

8.8. რაც შეეხება საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობას, ბრძანებაში ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი ობიექტური გარემოებები მითითებული არ არის. ფაქტების დასახელებით წერილობითი დასაბუთება არც შემდგომში გაცემულა. მოპასუხე სამართალწარმოების ეტაპზე შედგენილ საპროცესო დოკუმენტებში ობიექტურ გარემოებად ასახელებს 2022 წლის 26 სექტემბერს გ.პ–ვის, როგორც გ.მ–ის წარმომადგენლის მხრიდან მაღაზიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს, რის გამოც მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება იყო ობიექტურად შეუძლებელი.

პალატამ შენიშნა, რომ 26 სექტემბერს გ.მ–ი უწყვეტად მუშაობდა ჩვეული გრაფიკით. გ.მ–ისა და გ.პ–ვის მიერ რაიმე ერთობლივი გეგმის შემუშავებას მოწმე არ ჰყავს. არ დასტურდება გ.პ–ვსა და მას შორის მცირეწუთიანი საუბრის შინაარსი, მისი კავშირი შემდგომში განვითარებულ მოვლენებთან. დისტანცია არსებობდა მოსარჩელის სალაროსა და ინციდენტის ადგილს შორის. მოწმეები ლ.მ–ძე და ზ.ნ–ი თავადვე ადასტურებენ გაკვირვებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე არ ერეოდა ინციდენტში. გ.პ–ვს მოპასუხის თანამშრომლებისათვის არ ჰქონდა წარდგენილი გ.მ–ის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარემოება, თუ რა ფორმით იყო ჩართული მოსარჩელე გ.პ–ვის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებში, არ გამოკვლეულა, მით უმეტეს, რომ თვითდაზიანების მიყენების მიზეზად სამართალდამცავ ორგანოებს გ.პ–ვმა პირადი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე პრობლემები დაუსახელა. ყოველივე აღწერილის გამო, პალატამ დაასკვნა, რომ სხვა პირის მიერ განხორციელებული ქმედებები ვერ შეფასდებოდა დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის ლეგიტიმურ, ობიექტურ გარემოებად. პალატამ ისიც შენიშნა, რომ 26 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ხსენებულ მოვლენათა განვითარებამდე, მოპასუხე ორგანიზაციის უფლებამოსილ ხელმძღვანელობას უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება გ.მ–ის გათავისუფლების შესახებ, რასაც ადასტურებს ლ.ნ–ის 2022 წლის 26 სექტემბრის 14:49 საათზე გაგზავნილი წერილიც.

8.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ობიექტური, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დამსაქმებელმა ვერ შეძლო დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების უხეშად დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც უსაფუძვლოს ხდის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავდროულად, დამსაქმებელმა კუთვნილი მტკიცების ფარგლებში ვერ შეძლო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ვერც ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძვლების დასაბუთება, რაც ამ მხრივაც აბათილებს გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას, თანახმად სსკ-ს 54-ე მუხლისა.

8.10. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საჩივრით ასევე სადავოდ გამხდარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 მაისის საოქმო განჩინება მოწმე მ.ჭ–ძისათვის დასმული შეკითხვის მოხსნის თაობაზე. კერძოდ, 2023 წლის 24 მაისის სასამართლო სხდომაზე 15:01:00-15:02:00სთ მოპასუხემ მოწმეს დაუსვა შეკითხვა 2022 წლის 26 სექტემბერს გ.პ–ვის მიერ კარფურში ვიზიტთან დაკავშირებით, რაზეც მეორე მხარემ განაცხადა პროტესტი, თითქოს აღნიშნულს არ ჰქონოდა კავშირი დავის საგანთან, მაშინ როდესაც მოპასუხე განმარტავდა, რომ გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენს სწორედ გ.პ–ვის, როგორც გ.მ–ის წარმომადგენლის, მიერ ჩადენილი ქმედებები. სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პროტესტი და მოხსნა კონკრეტული შეკითხვა იმ დასაბუთებაზე მითითებით, რომ გ.პ–ვს კავშირი არ ჰქონდა მიმდინარე დავასთან.

სააპელაციო პალატამ სსსკ 140-ე, 148-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოწმის მხრიდან კონკრეტულ გარემოებაზე ჩვენების მიცემას არ შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მოცემულ საქმეზე დასადგენ არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე ან/და შეეცვალა საქმეზე დამდგარი შედეგი, რის გამოც გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა ძალაში.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:

9.1. გ.მ–მა ზედმიწევნით იცოდა, თუ რა პრინციპით მიმდინარეობდა საიუბილეო გათამაშება და რას მოიცავდა მისი ვალდებულება. საკითხზე მას განმარტებები მიღებული ჰქონდა ხელმძღვანელი პირისგან - ლ.ნ–ისგან. ამის მიუხედავად, 2022 წლის 24 სექტემბერს, როდესაც გ.მ–ის სალაროზე გათამაშდა პრიზი, თ.გ–ის ჯერ კიდევ სალაროსთან ყოფნის პერიოდში, გ.მ–მა რამდენჯერმე დახედა სალარო ქვითარს, თუმცა არ აცნობა მომხმარებელს არსებული მოგების შესახებ. თ.გ–ის მიერ სალაროზე თანხის გადახდისა და ქვითრის დაბეჭდვის შემდგომ, დაახლოებით 40 წამის განმავლობაში, გ.მ–ს შეეძლო მიეწოდებინა ინფორმაცია მომხმარებლისათვის, თუმცა მან ეს არ განახორციელა. გ.მ–ს არც თავისი უშუალო ხელმძღვანელებისთვის მიუმართავს, იმ დასაბუთებით, რომ იყო გვიანი და სუპერვაიზერები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. წარმოდგენილ ვიდეომასალაში, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება კარფურის ერთ-ერთი თანამშრომელი სალაროსთან, ასევე, გ.მ–ს ჰქონდა ვალდებულება მიემართა უსაფრთხოების სამსახურისათვის - ზ.ნ–ისთვის, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა სამსახურში. მოგვიანებით, როდესაც გ.მ–მა განაცხადა, რომ პრიზი აჩუქეს, მას ზ.ნ–მა განუმარტა, რომ უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული საქმის მოკვლევა, ვინაიდან კარფურის შინაგანაწესი კრძალავს ნაჩუქარი ნივთის მიღებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი დაჟინებით მოითხოვდა პრიზის გადაცემას, რა შემთხვევაშიც, მომხმარებელს უნდა შეევსო სპეციალური ფორმა.

ვინაიდან ვიდეოჩანაწერებით ვერ დადგინა თ.გ–ის მიერ გ.მ–ისთვის პრიზის ჩუქების ფაქტი, 2023 წლის 25 სექტემბერს გ.მ–ის სუპერვაიზერმა ლ.მ–ძემ დაურეკა თ.გ–ს, რომელმაც განაცხადა, რომ არ ჰქონდა მოგებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და გამოცხადდა კარფურის ფილიალში. თ.გ–ს გაესაუბრნენ მ.ბ–ი (სექციის მენეჯერი), ზ.ნ–ი (უსაფრთხოების ზედამხედველი) და ლ.მ–ძე (სალაროების სუპერვაიზერი). ასევე გასაუბრების კონკრეტულ მონაკვეთს ესწრებოდა ნ.ფ–ა (სალაროების სუპერვაიზორი). აღნიშნული პირების მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება სრულად შეესაბამება შესაგებელზე თანდართულ და მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებებს. თ.გ–მა ამ შეხვედრაზე განმარტა, რომ მოგების შესახებ არ იყო ინფორმირებული, თუმცა სურდა პრიზის მიღება. მას შემდეგ, რაც თ.გ–ს უთხრეს, რომ მიწოდებული ინფორმაცია დაცვის სამსახურის უფროსისთვისაც უნდა დაედასტურებინა, იგი გაბრაზდა და დატოვა კარფურის ტერიტორია.

9.2. მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდებოდა 2022 წლის 26 სექტემბერს გ.მ–ის მიერ რ.ხ–ძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა, რაც აღიკვეთა სხვა თანამშრომლის - ნ.ც–ძის მიერ. ეს ქმედება მოსარჩელემ ჩაიდინა 28 აგვისტოს მ.ჭ–ძის მიმართ განხორციელებული შეურაცხმყოფელი ქმედებებიდან ჯერ კიდევ დისციპლინური წარმოების 45 დღიან ვადაში.

9.3. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოებები, რომ მოსარჩელე პერმანენტულად აგვიანებდა სამსახურში 20-30 წუთის დაგვიანებით, არ აყენებდა ზემდგომ პირებს საქმის კურსში, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, აგვიანებდა შესვენებიდან დაბრუნებას. სამართლებრივი შეფასება ვერ ჰპოვა მოსარჩელის მიერ მ.ჭ–ძის მიმართ 2022 წლის 28 აგვისტოს განხორციელებულმა ქმედებამაც _ უწმაწური ფორმით მიმართვამ სხვა თანამშრომლებისა და მომხმარებლების თანდასწრებით, რაც დასტურდებოდა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული არაერთი პირის ჩვენებიდან.

9.4. გ.მ–ი გამოირჩეოდა აგრესიით კოლეგების მიმართ, რაც გამოიხატებოდა ყვირილში, მუქარასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე გ.მ–ის მეგობარი გ.პ–ვი პერიოდულად მიდიოდი „კარფურში“, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა „კარფურის“ თანამშრომლებს მომხმარებელთა თანდასწრებით. მის ძირითად მოტივაციას წარმოადგენდა თანამშრომლების დაშინება და ორგანიზაციის რეპუტაციის შელახვა, რისთვისაც ხელოვნურად ქმნიდა დაძაბულ ფონსა და არეულობას.

სასამართლოებს უნდა შეეფასებინათ, წარმოადგენს თუ არა დასაქმებულის მიერ მისი თანამშრომლების და ზემდგომების შეურაცხყოფა, მუქარა და ფიზიკური ძალადობის მცდელობა, შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევას. ამ საფუძვლით ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობა კანონმდებელმა სწორედ მსგავსი ურთიერთობების დასარეგულირებლად დააწესა. დაუშვებელია დამსაქმებელს, სხვა დასაქმებულებს ან და დასაქმებულის ზემდგომ პოზიციაზე მყოფ პირებს მოეთხოვოთ, მისცენ გაფრთხილება და დამატებითი ვადა დასაქმებულს, რომ უფრო მეტი შეურაცხყოფა ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ მათ. მსგავსი მიდგომა სრულიად ეწინააღმდეგება კანონმდებლის ნებას და არაფერი აქვს საერთო დასაქმებულის უფლებების დაცვასთან.

9.5. რაც შეეხება გათავისუფლების პროცედურულ ნაწილს, მიუხედავად ანი ალავერდაშვილის 26 სექტემბრის წერილისა, რომ მომზადებულიყო გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ორი დღის შემდგომ, 28 სექტემბრის ბრძანებით, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24-26 სექტემბრის ინციდენტის შესახებ დასაქმებულებმა დაწერეს ახსნა-განმარტებები და განხორციელდა საქმის სრული მოკვლევა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა პროცედურულ დარღვევებთან მიმართებით, მოკლებულია საფუძვლიანობას.

9.6. სარჩელის მე-10 ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელე ადასტურებს, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს დაახლოებით 13:00 საათზე გ.მ–ის ფილიალში მივიდა მისი წარმომადგენელი გ.პ–ვი, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურს წარუდგინა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვა შეხვედრა ფილიალის მენეჯერ ლ.კ–თან გ.მ–ის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლი და კამერების ჩანაწერების დაარქივება და მისთვის გადმოცემა... უარის მიღების შემდგომ გ.პ–ვმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და შეეცადა, ასე მაინც მიეღწია ფილიალის მენეჯერთან შეხვედრისა და გ.მ–ის შრომითი ხელშეკრულების გადმოცემისათვის. ამ შემთხვევაშიც, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოწმეთა ჩვენებები, რომ გ.პ–ვი აგრესიული ფორმით ითხოვდა გ.მ–ისთვის მომხმარებლის მიერ დატოვებულ ქვითარზე ასახული საჩუქრის გადაცემას, თავს წარადგენდა მოსარჩელის ადვოკატად და თვითდაზიანების მიყენებამდე ჰქონდა კომუნიკაცია მოსარჩელესთან, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნას, რომ პისკუნოვის ქმედებები ვერ დაკვალიფიცირდება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ობიექტურ მიზეზად, საფუძველი არ გააჩნია.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 7.1.-7.37. პუნქტებში.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 პუნქტი (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

17. მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლიანობის კვლევისას, უწინარესად, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებს დაეყრდნო დამსაქმებელი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. სასამართლო, როგორც დამსაქმებლის ნების მართლზომიერებაზე ზედამხედველობის ორგანო, შეზღუდულია სწორედ იმ ფაქტობრივი წინაპირობებით, რომელთა არსებობობის გამოც დამსაქმებელმა მიიჩნია, რომ კონკრეტულ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება გაუმართლებელი იქნებოდა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი მიზეზების გამოსარკვევად, კი, სასამართლოსთვის სახელმძღვანელოა არგუმენტები, რომლებიც ასახულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში ან მოგვიანებით, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოცემულ წერილობითი დასაბუთებაში (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-235-2021, 18.06.2021წ.; №ას-877-2023, 20.10.2023წ.; №ას-1651-2023, 31.01.2024წ.; №ას-1494-2022, 31.01.2024წ.; №ას-175-2022, 28.06.2024წ.; №ას-157-2024, 22.07.2024წ.). მიზეზები, რომელთაც უშუალოდ არ განუპირობებიათ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, არამედ, დამსაქმებლის მიერ მოშველიებულია დამატებით, სამართალწარმოების პროცესში, იმისთვის, რომ გაამყაროს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მართებულობა, სასამართლოს მხრიდან უნდა დარჩეს არსებითი შეფასების გარეშე.

18. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 28.09.2022 წლის შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ არ შეიცავს მითითებას ფაქტებზე, რომლებმაც განაპირობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, არამედ, მასში ასახულია მხოლოდ ის სამართლებრივი ნორმები (შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ო“ ქვეპუნქტები), რომლებზე დაყრდნობითაც დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის დასრულებაზე. სარჩელის თანახმად, მიუხედავად დასაქმებულის მოთხოვნისა, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება დამსაქმებელს დასაქმებულისთვის არ გადაუცია. ამგვარი დოკუმენტი მოპასუხეს არც შესაგებელზე დაურთავს და არც საქმის წინასწარი მომზადების დასრულებამდე დამატებით წარუდგენია საქმის განმხილველი სასამართლოსათვის. ამრიგად, შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მოცემული დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი სრულად დამსაქმებელს ეკისრება.

19. სასამართლო შენიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების განმაპირობებელ ფაქტებზე დამსაქმებელმა პირველად მიუთითა შესაგებელში და შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა: 1. 2022 წლის 28 აგვისტოს მ.ჭ–ძისთვის მომხმარებლებისა და თანამშრომლების წინაშე მიყენებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა; 2. დაკისრებული ვალდებულების უპასუხისმგებლოდ შესრულება, რაც სალაროში თანხის მუდმივ დანაკლისში გამოიხატებოდა; 3. 2022 წლის 24 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი, რაც გამოიხატა მომხმარებლისთვის მოგების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევასა და კომპანიის ქონების მისაკუთრების მცდელობაში; 4. 2022 წლის 26 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი - თანამშრომელ რ.ხ–ძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ წინაპირობად კი დამსაქმებელმა მიუთითა 2022 წლის 26 სექტემბერს, სამუშაო ადგილზე, მოსარჩელის წარმომადგენლის - გ.პ–ვის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქცევაზე.

20. მოგვიანებით, 2023 წლის 28 აპრილს, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ გენერალური მენეჯერის, ჟ.ა–ის ხელმოწერილი, 27.04.2023 წლით დათარიღებული განცხადება, რომელიც, ამავე განცხადების თანახმად, მიზნად ისახავდა გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. ხსენებულ დოკუმენტში დასახელებულია 5 მიზეზი, რომელსაც დამსაქმებელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის განმაპირობებელ ფაქტორად მიიჩნევს: 1. მომხმარებლისთვის პრიზის მოგების თაობაზე ინფორმაციის დამალვა; 2. მოგებული ნივთის მისაკუთრების მცდელობა; 3. 2022 წლის 26 სექტემბერს კარფურის თანამშრომლისთვის მომხმარებლის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება; 4. 2022 წლის 26 სექტემბერს კარფურის თანამშრომლისთვის მომხმარებლის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა; 5. 2022 წლის 26 სექტემბერს გ.მ–ის წარმომადგენლის - გ.პ–ვის მიერ კარფურის თანამშრომლებისათვის შეურაცხყოფის მიყენება, ხელოვნურად კონფლიქტური სიტუაციის შექმნა და კარფურის რეპუტაციის შელახვა (იხ. ტ.2, ს.ფ. 305-309).

21. საკასაციო პალატის განსჯით, საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი განცხადებით კასატორმა განკარგა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გარანტირებული ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტების საპროცესო უფლება, რის შედეგადაც, თავად დაავიწროვა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრე, კერძოდ, თუკი შესაგებელში უთითებდა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა სალაროს დანაკლისისა და მ.ჯ–ძის მიმართ 2022 წლის 28 აგვისტოს მოსარჩელის მიერ ჩადენილი შეურაცხყოფის ფაქტებიც, წარმოდგენილი განცხადებით, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ დასახელებული გარემოებები სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას საფუძვლად არ დასდებია. ამდენად, დასახელებული განცხადების არსებობის პირობებში, კასატორის პრეტენზია, რომ 28.08.2022 წელს მ.ჯ–ძის მიმართ მოსარჩელის მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება და სალაროს დანაკლისის შემთხვევები, სასამართლომ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა, უსაფუძვლო საკასაციო პრეტენზიას წარმოადგენს, ვინაიდან დასახელებულ გარემოებათა არსებითად კვლევის საჭიროება გამორიცხა სწორედ მოპასუხის მიერ 27.04.2023 წელს სასამართლოში წარდგენილი განცხადების შინაარსმა.

22. სალაროს დანაკლისისა და მ.ჭ–ძის ეპიზოდების საკვლევ გარემოებათა წრიდან ამორიცხვის შესახებ განცხადების არარსებობის პირობებშიც კი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხსენებული ორი არგუმენტით (სალაროს დანაკლისი და მ.ჭ–ძის შეურაცხყოფა) შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევის საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება ვერ დასაბუთდებოდა, ვინაიდან შესაგებლითა და საქმეზე მტკიცებულებად დართული დისციპლინური პასუხისმგებლობის განცხადებებით უტყუარად დგინდება, რომ 2022 წლის 3 მარტს, ამავე წლის 11 მარტსა და 11 სექტემბერს იდენტიფიცირებულ სალაროს დანაკლისზე, აგრეთვე 28.08.2022 წელს მ.ჭ–ძის შესაძლო შეურაცხყოფაზე, დამსაქმებელს დისციპლინური პასუხისმგებლობა გ.მ–ის მიმართ უკვე გამოყენებული ჰქონდა - წერილობითი გაფრთხილებისა და საბოლოო წერილობითი გაფრთხილების სახით (იხ. ტ.2, ს.ფ. 188-197).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარსულში ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებს, რომელთა აღსაკვეთადაც დამსაქმებელს უკვე შერჩეული აქვს სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფრო მსუბუქი ხასიათის პასუხისმგებლობის ღონისძიებები, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დავაში სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუკი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია შრომის კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა). განსახილველ საქმეში სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელმა დაასახელა არა სშკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“, არამედ ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, ამდენად, ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისთვის შრომითსამართლებრივი პასუხისმგებლობის ორჯერადად დაკისრების დაუშვებლობის სტანდარტი დამსაქმებელს უზღუდავს შესაძლებლობას, რომ შრომითი ვალდებულების უხეშად დარღვევის დასასაბუთებლად მიუთითოს იმ გადაცდომებზე, რომლებსაც დამსაქმებელმა, საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლებაზე უფრო მსუბუქი სანქცია წარსულში უკვე განუსაზღვრა.

24. როგორც აღინიშნა, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად დამსაქმებელი უთითებს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რაც დასაქმებულის მიერ შრომით მოვალეობათა უხეშად დარღვევას გულისხმობს.

25. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის თანახმად, ამ საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (იხ.: სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03. 2015წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-559-559-2018, 2011.2020წ.; №ას-318-2020, 30.06.2022წ.; №ას-1284-2023, 26.12.2023წ.).

26. იმ ძირითად მიზეზებთან ერთად, რომელიც 2022 წლის 24-26 სექტემბერს მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება (იხ. გადაწყვეტილების მე-20 პუნქტი), დამსაქმებელი შრომით მოვალეობათა უხეშად დარღვევად აკვალიფიცირებს 2022 წლის 24 სექტემბრამდე შესაძლო მომხდარ შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე პერმანენტულად აგვიანებდა სამსახურში 20-30 წუთის დაგვიანებით, არ აყენებდა ზემდგომ პირებს საქმის კურსში, არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, აგვიანებდა შესვენებიდან დაბრუნებას, გამოირჩეოდა აგრესიით კოლეგების მიმართ, რაც გამოიხატებოდა ყვირილში, მუქარასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე გ.მ–ის მეგობარი გ.პ–ვი პერიოდულად მიდიოდა „კარფურში“, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა „კარფურის“ თანამშრომლებს მომხმარებელთა თანდასწრებით, რათა დაეშინებინა თანამშრომლები და შეელახა ორგანიზაციის რეპუტაცია.

27. პალატა შენიშნავს, რომ ზემოაღწერილ გარემოებათა უტყუარად დადასტურება კასატორის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენდა; მათ სამტკიცებლად საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, გარდა კასატორი ორგანიზაციის თანამშრომლების ჩვენებებისა და მათივე წერილობითი ახსნა-განმარტებებისა (რაც, თვისობრივად, მოწმის ჩვენებისგან დამოუკიდებელ, ახალ მტკიცებულებას არ წარმოადგენს).

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. ამრიგად, მოწმე საკუთარ ჩვენებაში უნდა უთითებდეს კონკრეტულ, გადამოწმებაუნარიან ფაქტებზე.

29. 2022 წლის 24 სექტემბრამდე ჩადენილი შესაძლო გადაცდომების (სამსახურში დაგვიანების, შესვენებიდან დაგვიანებით დაბრუნების, თანამშრომლებთან გ.მ–ისა და მისი მეგობრის, გ.პ–ვის აგრესიული ქცევების) შესახებ, მოწმეები, როგორც 31.08.2022 წელს მიცემულ ახსნა-განმარტებებში, ისე სასამართლოს წინაშე მიცემულ ჩვენებებში, იძლევიან ზოგად განმარტებებს, კონკრეტული ეპიზოდების, მოვლენების, თარიღების მიუთითებლად, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად მოქმედებისა და საწინააღმდეგოს დამტკიცების შესაძლებლობას მოსარჩელეს, პრაქტიკულად, გამოურიცხავს.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, პატივსადები მიზეზის გარეშე სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება, შესვენებიდან დაგვიანებით დაბრუნება, თანამშრომლებთან კონფლიქტური ურთიერთობა, დასაქმებულის მიერ შრომითსამართლებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებაა, თუმცა ამ სახით შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებით. კომპანიის დანიშნულებიდან ან დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, სამსახურში დროულად გამოცხადებას შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება და ამაზე არც კასატორი არ აპელირებს. ამასთან, დაუდგენელ თარიღებში სამსახურში დაგვიანებისა და შესვენებიდან გვიან დაბრუნების, აგრეთვე სხვა თანამშრომლებთან კონფლიქტურ კომუნიკაციაში შესვლის რამდენიმე შემთხვევის უხეშ დარღვევად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თავად დამსაქმებელი როგორ რეაგირებს ამ დარღვევაზე, კერძოდ, იღებს თუ არა ზომებს მათ აღმოსაფხვრელად, მანამ სანამ დასაქმებულს სამუშაოდან გაათვისუფლებს. დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, დასაქმებულს გადაცდომის აღმოფხვრისა და გამოსწორების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. შესაბამისად, დამსაქმებელი დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერი საფუძვლის შესაქმნელად გადაცდომებს კი არ უნდა „აგროვებდეს”, არამედ მასზე უნდა „რეაგირებდეს”. სწორედ უშედეგო რეაგირება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერი საფუძველი (იხ. სუსგ. №ას-1144-2024, 29.11.2024წ.; შდრ: ქ. მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო სტანდარტები, 2017, გვ. 249-250).

31. ამრიგად, პალატის განსჯით, 2022 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდამდე დასახელებული არცერთი გადაცდომა, დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც კი, მათი ხასიათის, ინტენსივობის, აგრეთვე მათზე დამსაქმელის რეაგირების არარსებობის გათვალისწინებით, არც ცალ-ცალკე და არც ერთობლიობაში, შრომითი მოვალეობების უხეშად დარღვევის სამართლებრივ შემადგენლობას არ იძლევა.

32. რაც შეეხება 2022 წლის 24-26 სექტემბერს მიმდინარე მოვლენებს, დამსაქმებელი შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევად აკვალიფიცირებს შემდეგ ფაქტებს: 1. მომხმარებლისთვის პრიზის მოგების თაობაზე ინფორმაციის დამალვა; 2. მოგებული ნივთის მისაკუთრების მცდელობა; 3. 2022 წლის 26 სექტემბერს კარფურის თანამშრომლისთვის მომხმარებლის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება; 4. 2022 წლის 26 სექტემბერს კარფურის თანამშრომლისთვის მომხმარებლის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა.

33. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი დავა მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, მოსარჩელის აპელირება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მტკიცების ტვირთის ამგვარ განაწილებას, მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შეუსრულებლობა დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს.

34. იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ გ.მ–მა 2022 წლის 24 სექტემბერს დაფიქსირებული მოგების შესახებ მომხმარებელ თ.გ–ს ინფორმაცია არ მიაწოდა, მოწმედ დაიკითხნენ რ.ხ–ძე, ლ.მ–ძე, ლ.ნ–ი, ზ.ნ–ი, მ.ბ–ი - პირები, რომლებიც, მათი განმარტების თანახმად, ესწრებოდნენ 2022 წლის 25 სექტემბერს მომხმარებელთან გამართულ შეხვედრას. მოწმეები ჩვენებებში უთითებენ მომხმარებლის ნაამბობზე, რომ მას მოლარისგან Power Bank-ის მოგების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. საგულისხმოა, რომ მოწმედ დაკითხული არცერთი დასახელებული პირი 2022 წლის 24 სექტემბერს მოგების დაფიქსირების მომენტის უშუალო შემსწრე არ არის, არამედ ისინი გადმოსცემენ ინფორმაციას, რომელიც, მათივე განმარტებით, მიიღეს თ.გ–ისგან.

35. თავად გამარჯვებული მომხმარებელი თ.გ–ი, რომლისგანაც, გ.მ–ის განმარტებით, საჩუქრად მიიღო ქვითარი და, შესაბამისად, მასზე დატანილი ნივთის მოთხოვნის უფლებაც, სასამართლოში ზუსტად ვერ იხსენებს 24-25 სექტემბრის მოვლენებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მოგებაზე განმარტების მიღების პირობებშიც კი, ქვითარი მოლარისათვის დაეტოვებინა.

36. პალატა შენიშნავს, რომ მოწმედ დაკითხული პირები - რ.ხ–ძე, ლ.მ–ძე, ლ.ნ–ი, ზ.ნ–ი, მ.ბ–ი, სწორედ ის პირები არიან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი 2022 წლის 24-26 სექტემბრის ინციდენტში; მათ მიერ დამსაქმებლისთვის მიცემული ახსნა-განმარტებებით, აგრეთვე სასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენებებით, ვლინდება ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება მოსარჩელის მიმართ, ამავდროულად, მოწმედ დაკითხული ყველა დასახელებული პირი მიმდინარე შრომით ურთიერთობაშია კასატორთან (გარდა მ.ბ–ისა, რომელიც, დამსაქმებლის განმარტებით, მასთან აღარ მუშაობს).

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. The Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და The Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. მოწმის ჩვენების სარწმუნო მტკიცებულებად მიჩნევის წინაპირობად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მოწმის ნეიტრალურობას, რაც უპირველესად ნიშნავს ერთ მხარესთან შედარებით მეორე მხარის მიმართ არსებითად ნეგატიური დამოკიდებულების დაუშვებლობას. ისეთ პირობებში, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალში იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოწმის ჩვენება განპირობებულია სუბიექტური დამოკიდებულებით მხარეების მიმართ და რაც მთავარია, ასეთი შთაბეჭდილების შექმნის საფუძველს თავად მოწმის განმარტება იძლევა, სასამართლო ვალდებულია, გადაწყვეტილება არ დააყრდნოს ამავე მოწმის ჩვენებას და განიხილოს იგი არასარწმუნო ჩვენებად (იხ. სუსგ. №ას-1181-2021 29.09.2022წ.).

38. იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციის ერთი მხარე - გ.მ–ი მიუთითებს მომხმარებლის ინფორმირების მოვალეობის შესრულებაზე, ხოლო ამავე კომუნიკაციის მეორე მხარე არ უარყოფს ამგვარი ინფორმირების ალბათობას, პალატა არადამაჯერებლად მიიჩნევს მოწმეთა ჩვენებას, რომლის თანახმადაც, თითქოს, მომხმარებელმა კატეგორიულად უარყო მოლარისგან გათამაშებაში გამარჯვების შესახებ ინფორმაციის მიღების ფაქტი. სხვა მტკიცებულება კი, რომელიც ინფორმირების ვალდებულების რღვევას სარწმუნოდ დაადასტურებდა, საქმის მასალებში დაცული არ არის. ამავდროულად, დამსაქმებლის შიდაორგანიზაციულ აქტებში გაწერილი არ არის ქცევის წესი, რომელიც მომხმარებლის მიერ საჩუქრის მოგების შემთხვევაში, დაადგენდა მოლარის ვალდებულებას, მოგების შესახებ ინფორმაცია მომხმარებლის გარდა სხვა პირისთვისაც (კარფურის თანამშრომლისთვისაც) მიეწოდებინა, ამდენად, კასატორის პრეტენზიას (რომელიც ამავდროულად არათანმიმდევრულიც არის, ვინაიდან მკაფიოდ ვერ განსაზღვრავს, ინფორმაციის ადრესატი ვაიზერი უნდა ყოფილიყო თუ დაცვის თანამშრომელი), რომ ინფორმირების ვალდებულება დარღვეულია თანამშრომლების მიმართაც, არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი.

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მსჯელობას, თითქოს ქვითარზე დატანილი საჩუქრის გადაცემის დაჟინებული მოთხოვნა წარმოადგენს მომხმარებლის მიერ მოგებული ნივთის დაუფლების მცდელობას. მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ დამსაქმებლის შიდაორგანიზაციული დოკუმენტები - ეთიკის კოდექსი და ინტერესთა კონფლიქტის და მის გამოვლენა/გამოაშკარავების შესახებ პასუხისმგებლობის თაობაზე საინფორმაციო ბარათი, მატერიალური ღირებულების მქონე საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით ურთიერთშეუსაბამო წესებს შეიცავენ (საინფორმაციო ბარათი გამორიცხავს საჩუქრის მიღების შესაძლებლობას, ხოლო ეთიკის კოდექსი - უშვებს ხელმძღვანელთან შეთანხმებით). იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს დადგენილად არ მიაჩნია მომხმარებლის ინფორმირების მოვალეობის დარღვევა და, შესაბამისად, ქვითრის მოლარის მფლობელობაში გადასვლას გააჩნია მართლზომიერი საფუძველი, ქვითარზე დატანილი საჩუქრის გადაცემის მოთხოვნა, საკასაციო პალატის განსჯით, წარმოადგენს საჩუქრის მიღების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირების აქტს, შესაბამისად, ამ მოთხოვნის უკანონო ქმედებად (დაუფლების მცდელობად) განხილვის საფუძველი არ არსებობს.

40. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს განსჯით, 2022 წლის 24 სექტემრის ეპიზოდთან მიმართებით დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მოსარჩელე დასაქმებულის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევის მტკიცების ტვირთის დაძლევა, რაც ამ ნაწილში სადავო ბრძანების უკანონობის ინდიკატორია.

41. რაც შეეხება 2022 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდს, დამსაქმებელს მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების უხეშ დარღვევად აქვს კვალიფიცირებული რ.ხ–ძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის ფაქტები. საგულისხმოა, რომ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტს მოსარჩელეც არ უარყოფს, თუმცა გამორიცხავს ფიზიკური ძალადობის მცდელობას.

42. უწინარესად, სასამართლო შენიშნავს, რომ საქმის მასალებში არსით ნეიტრალური ხასიათის მტკიცებულება, რომ ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, დაცული არ არის. სასამართლოსთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით თვალსაჩინოა, რომ დამსაქმებელი სამუშაო ადგილზე აწარმოებს ვიდეო მონიტორინგს ხმის ჩაწერის გარეშე, შესაბამისად, დამსაქმებელს მტკიცების ტვირთის დასაძლევად შეეძლო, სასამართლოსთვის წარედგინა ვიდეო კამერის ჩანაწერების ის კონკრეტული ეპიზოდი, რომლის ანალიზითაც სასამართლო შეძლებდა დაედგინა, ობიექტურად ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მხრიდან თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობის მცდელობას, რაც თავისთავად, უკიდურესად გასაკიცხი ქმედებაა და ცალკე აღებულიც კმარა, რათა შექმნას შრომითი ვალდებულებების უხეშად დარღვევის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძველი. ამასთან, კასატორი სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტში მიუთითებდა, რომ ფიზიკური ძალადობის მცდელობას შეესწრნენ მომხმარებლებიც, შესაბამისად, მხარეს, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად შეეძლო, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით წარედგინა ნეიტრალური გარეშე შემსწრე პირის ჩვენება, რომელსაც დამაჯერებლობის უფრო მაღალი ხარისხი ექნებოდა, ვიდრე კასატორი ორგანიზაციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომელთაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა და მოპასუხესთან სუბორდინაციულ ურთიერთდაქვემდებარებაში ყოფნის გამო, საკასაციო პალატა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დასადასტურებლად არასარწმუნო მტკიცებულებებად განიხილავს. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მცდელობის ფაქტის არსებობა დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო, რაც ამ ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო საჩვარს უპერსპექტივოდ აქცევს.

43. რაც შეეხება რ.ხ–ძის მიმართ ჩადენილ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამგვარის არსებობა პალატას დადგენილად მიაჩნია მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის მიმდინარეობისას ამ გარემოების აღიარების გამო (სსსკ 131-ე მუხლი), თუმცა, მოსარჩელე კონფლიქტის მაპროვოცირებელ ფაქტორად თავად რ.ხ–ძის ქმედებებს მიიჩნევს.

44. საკასაციო პალატის განსჯით, სიტყვიერი დაპირისპირება თანამშრომელთან წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, მით უფრო, კასატორის შიდაორგანიზაციული სამართლებრივი აქტების შინაარსის გათვალისწინებით, თუმცა დისციპლინური გადაცდომის დადგენილად მიჩნევის პირობებშიც კი, შერჩეულმა სანქციამ წარმატებით უნდა დაძლიოს პროპორციულობის ტესტი, აღნიშნული კი მოითხოვს გადაცდომის არსის, ინტენსივობის, ხარისხისა და სიმძიმის ფუნდამენტურ კვლევას, უწინარესად, თავად დამსაქმებლის მიერ. დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ დარღვევაზე მწვავე რეაგირება სპონტანურ რეაქციას კი არ წარმოადგენდა, არამედ გარემოებების ანალიზსა და შეფასებაზე დაფუძნებულ, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას. ამავე მოსაზრებით არის განპირობებული თავად კასატორი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დისციპლინური პროცედურა, კერძოდ, მისი მე-4 მუხლი, რომელიც დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან სახდელის დადებამდე ჩასატარებელ ეტაპებს აღწერს - 1. უშუალო ხელმძღვანელმა უნდა ჩაატაროს სამსახურებრივი მოკვლევა და საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენა და დაფიქსირება; 2. დისციპლინური დარღვევის საკითხზე გამოკითხვა უნდა მოხდეს განცალკევებულ ოთახში. როგორც ხელმძღვანელს/მენეჯმენტს, ასევე დასაქმებულს აქვს დამკვირვებლის დასწრების უფლება. დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ კომპანიის დასაქმებული; 3. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული დასაქმებულის პიროვნული თვისებები, ასევე, შექმნილი გარემოებები, პირობები, რამაც განაპირობა დარღვევა; 4. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას დასაქმებულისგან მოთხოვნილ უნდა იქნას წერილობითი ახსნა-განმარტება ჩადენილი დარღვევისთვის. ამ პროცედურების დაცვა წარმოადგენს არა დამსაქმებლის კეთილ ნებას, არამედ მხარეთა შეთანხმებით დადგენილ და შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესს.

45. განსახილველ შემთხვევაში, რ.ხ–ძის შესაძლო შეურაცხყოფის ფაქტზე დისციპლინური წარმოების მიზნით, დამსაქმებელმა გაატარა ერთადერთი ზომა _ 2022 წლის 26 სექტემბერს ახსნა-განმარტებები ჩამოართვა საკუთარ თანამშრომლებს (რ.ხ–ძეს და მ.ჭ–ძეს, რომელთაგანაც ერთი უშუალოდ ინციდენტის მხარეა, ხოლო მეორესთან, დადგენილია, რომ მოსარჩელეს კონფლიქტური ურთიერთობა აქვს; იხ. ტ.2, ს.ფ. 64-65). უცნობია, წარიმართა თუ არა გამოკითხვა იმ პროცედურის შესაბამისად, როგორც ეს აღწერილია თავად დამსაქმებლის მიერ ნორმატიულად დადგენილ წესებში - განცალკევებულ ოთახში, დამკვირვებლის დასწრების უფლების რეალიზაციის გზით; გამოკვლეული არც ის არის, თუ კონკრეტულად რამ განაპირობა დარღვევის ჩადენა.

46. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებამდე მისგან ახსნა-განმარტების მიღება წარმოადგენს დასაქმებულის უფლებების დაცვის ერთ-ერთ საშუალებას, შესაძლებლობას, აუხსნას და დაუსაბუთოს დამსაქმებელს ჩადენილი ქმედების განმაპირობებელი გარემოებები, გამომწვევი მიზეზები და სხვა, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებელს აძლევს მათი შეფასებისა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. სუსგ. №ას-1125-1045-2017, 05.12.2017წ.). მოცემული დისციპლინური წარმოების ფარგლებში, კი, უგულებელყოფილი იქნა თავად გ.მ–ის უფლება ახსნა-განმარტების მიცემაზე (მტკიცებულება იმისა, რომ დასაქმებულმა არ მოინდომა მისი მიცემა, საქმეში წარმოდგენილი არ არის). ამდენად, დისციპლინური სახდელის დადებამდე განხორციელებული მოკვლევის პროცესი, პალატის განსჯით, უკიდურესად ნაკლიანია, შესაბამისად, მისი საბოლოო პროდუქტი - დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება - პროპორციულობის ტესტით შეფასების საშუალებასაც არ იძლევა. საგულისხმოა ისიც, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს 14:49 საათზე ლ.ნ–ის მიერ გაგზავნილი ელ.ფოსტის შეტყობინების თანახმად, ამ დროისათვის კომპანიის ნება გ.მ–ის სამსახურიდან გათავისუფლებაზე უკვე ფორმირებული იყო, ვინაიდანაც უფლებამოსილი პირი ითხოვდა გათავისუფლების ბრძანების წერილობით მომზადებას (იხ. ტ.2, ს.ფ. 174-175). ამდენად, საკასაციო პალატის განსჯით, შემდგომი ახსნა-განმარტებების ჩამორთმევა მიზნად ისახავდა არა დარღვევის თანაზომიერი დისციპლინური ღონისძიების შერჩევას, არამედ უკვე შერჩეული დისციპლინური სახდელისთვის (სამსახურიდან გათავისუფლებისთვის) მტკიცებულებების შექმნას. ყოველივე აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ვალდებულების უხეშად დარღვევის მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მიერ დაძლეული არ არის, მათ შორის, არც 2022 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებით.

47. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტიც (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). ამ საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივ წინაპირობად დამსაქმებელი მიუთითებს 2022 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელის წარმომადგენლის - გ.პ–ვის მიერ ჩადენილ, თანამშრომელთა შეურაცხმყოფელ და კომპანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიმყენებელ ქცევაზე, რაც გამოიხატა, მათ შორის, თვითდაზიანების მიყენებასა და საპატრულო პოლიციის გამოძახებაშიც.

48. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის სისტემური ანალიზიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მისი პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჩამონათვალს, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება. თუმცა, შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის საფუძვლების აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავი არ არის, რადგან შრომის კოდექსის 47(1) „ო“ ქვეპუნქტი იძლევა ზოგად მითითებას და ამბობს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს „სხვა ობიექტური გარემოება“, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს. შესაბამისად, იმისათვის, რომ ნებისმიერი გარემოება არ მოხვდეს მითითებული დანაწესის მოქმედების სფეროში და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არ გაამართლოს, მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეფასდეს დამსაქმებლის მხრიდან მითითებულ ნორმაზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ეფუძნება თუ არა ობიექტურად გამართლებულ გარემოებას.

49. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტში მოცემული რეგულაცია არ შეიძლება გამოდგეს კეთილსინდისიერების, კეთილი ზნის საწინააღმდეგო გათავისუფლების გამართლებისთვის. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად გასაკიცხი მოტივი არ შეიძლება „ობიექტური გარემოებით შეიფუთოს“. არამედ, „ობიექტური გარემოება“ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ყოველგვარ ვითარებაზე მორგებული განმარტება ვერ იარსებებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ერთი და იგივე „ობიექტური გარემოება“ სხვადასხვა მოცემულობაში განსხვავებულად შეიძლება შეფასდეს... (იხ. სუსგ. №ას-577-2020, 18.09.2020წ.). მთავარია, რომ მოცემული საფუძვლით ხელშეკრულება შეწყდეს მართლზომიერი საშუალებითა და ობიექტურად გამართლებული გარემოებით, რაც ასევე არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაფასებელია, რამდენად არსებობდა მოსარჩელესთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური გარემოება.

50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის ფარგლებში, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება არა დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელს, რომელმაც უნდა შეძლოს ობიექტური გარემოებების და, შესაბამისად, საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება.

51. სასამართლო შენიშნავს, რომ არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ გ.პ–ვს მოპასუხე ორგანიზაციისთვის წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი არ ჰქონია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიუთითებს თავად მოსარჩელის მიერ სარჩელის მე-10 ფაქტობრივ გარემოებაში მოწოდებულ ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, „2022 წლის 26 სექტემბერს გ.მ–ი გამოცხადდა დილის ცვლაში 09:00 საათზე და შეუდგა მისი მოვალეობის შესრულებას. ამავე დღეს დაახლოებით 13:00 საათზე გ.მ–ის ფილიალში მივიდა მისი წარმომადგენელი გ.პ–ვი, რომელმაც უსაფრთხოების სამსახურს წარუდგინა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი...“. ამრიგად, 2022 წლის 26 სექტემბერს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენილად მიჩნევის პირობებში, სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად მართებულად შეერაცხა გ.პ–ვის შესაძლო აგრესიული ქცევა მარწმუნებელ გ.მ–ს.

52. უწინარესად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. დავალების ხელშეკრულება და შესაბამისად, წარმომადგენლობა, ემსახურება პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემას. წარმომადგენლობის ინსტიტუტი არამართლზომიერი მოქმედებების შესრულების დავალების ინსტრუმენტს არ წარმოადგენს, შესაბამისად, თუკი რწმუნებული წარმომადგენლობის უფლებაზე მითითებით კანონის ან/და ეთიკის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ამ მოქმედებათა ადრესატი არის არა მარწმუნებელი, არამედ თავად ის პირი, ვინც ამ ქმედებებს უშუალოდ სჩადის. ამრიგად, უსაფუძვლოა დამსაქმებლის მოსაზრება, რომ წარმომადგენლობის უფლების დადგენი საბუთის არსებობის პირობებში, წარმომადგენლის მართლსაწინააღმდეგო ქცევა (ასეთის დადასტურების შემთხვევაში), შესაძლოა, გახდეს მარწმუნებლის შრომითსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.

53. რაც შეეხება კასატორის იმ არგუმენტს, რომ თითქოს 26 სექტემბერს გ.პ–ვი აგრესიულად მოქმედებდა (მათ შორის, თვითდაზიანებას იყენებდა) გ.მ–თან შეთანხმებულად, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი თავად დამსაქმებელს ეკისრებოდა. მართალია, მოწმის სახით დაკითხული ზ.ნ–ი და მ.ბ–ი უთითებენ ამ დღეს გ.მ–სა და გ.პ–ვს შორის წარმართულ მცირედ კომუნიკაციაზე, მაგრამ არცერთ მათგანს ამ კომუნიკაციის შინაარსობრივი მხარე არ მოუსმენია, ამრიგად, მტკიცება იმისა, რომ გ.პ–ვი შესასრულებელ მოქმედებებს უთანხმებდა გ.მ–ს, დაფუძნებულია მხოლოდ დამსაქმებლის ვარაუდზე და არა მტკიცებულებაზე, ამავდროულად, დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი კამერის ჩანაწერები ხმოვანი არ არის, შესაბამისად, კომუნიკაციის შინაარსის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში კი, შეუძლებელია, დადგინდეს გ.პ–ვის ქმედებებზე გ.მ–ის ზემოქმედება.

54. ამრიგად, პალატის შეფასებით, სამსახურიდან გათავისუფლებაზე გამოვლენილი ნება უკანონოა შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის ფარგლებშიც.

55. საქმეში არსებული მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, რომელსაც კანონი აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთს, ვერ შეძლო უხეში დარღვევის ჩადენის ფაქტის ან სამსახურიდან გათავისუფლების სხვა ობიექტური საფუძვლის არსებობის სათანადოდ დასაბუთება (იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-483-457-2015, 7.10.2015წ.; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.).

56. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

57. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საქმის განხილვაზე.

59. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2049 ლარიდან, 1434.3 ლარი ექვემდებარება კასატორისთვის უკან დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შპს „მ.ა.ფ.ჰ.ჯ–იას“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2049 ლარის (საგადახდო დავალება №015, გადახდის თარიღი: 11.03.2025წ, გადამხდელის ბანკი: „საქართველოს ბანკი“) 70% – 1434.3 ლარი (ათას ოთხას ოცდათოთხმეტი ლარის და ოცდაათი თეთრი) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი