საქმე №ას-859-2022 29 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ-მ-ბი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ქ–ი (გ.ქ–ის უფლებამონაცვლე)(მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ქ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ-მ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ ქ. გორში, ........ მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: №.........) (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 240 ლარის გადახდა, 2019 წლის 13 მარტიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებიდან მფლობელის გამოსახლებამდე. მოპასუხეს ასევე დაეკისრა 1 680 ლარის გადახდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, ხოლო მოსარჩელემ წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იჯარის ხელშეკრულების 2018 წლის ივნისიდან შეწყვეტის ფაქტი დადგენილად მიიჩნია, თუმცა ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის შეცვლით, ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი საიჯარო ქირის სახით დაეკისრა ზიანის - 2040 ლარის ანაზღაურება. სხვა ნაწილში უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საქმეში გ.ქ–ის უფლებამონაცვლედ ჩაება თ.ქ–ი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, შპს „ტ-მ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
11. 2025 წლის 18 ივლისს პალატას განცხადებით მომართეს თ.ქ–მა, და შს ,,ტ -მ–ის" დირექტორებმა, ზ.ხ–ძემ, ი.ხ–ძემ და ფ.ხ–ძემ. განცხადებაში მითითებულია, რომ თ.ქ–ი უარს ამბობს სარჩელზე, ხოლო მოპასუხე, დირექტორების სახით, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე. ასევე, მოსარჩელემ მოითხოვა ზეპირი მოსმენის გარეშე დამტკიცდეს მორიგება და შეწყდეს საქმის წარმოება.
12. სასამართლო დამატებით დაუკავშირდა მოსარჩელე თ.ქ–ს და თავის მხრივ, ადრესატმა დაადასტურა, რომ მხარე ეთანხმება წარმოდგენილ განცხადებას, უარს აცხადებს სარჩელზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
14. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
15. სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85).
16. სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
17. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.
18. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელის ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე (საქმე №ას-859-2022) სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
20. მოცემულ შემთხვევაში გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით შპს "ტ-მ–ს" (ს/ნ 217 881 273) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ....... (საკადასტრო კოდი: №.....) გასხვისება და ყველა სახის ნივთობრივი და უფლებრივი დატვირთვა.
21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების/განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 1991-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ქ–ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-589-2022 (მოსარჩელე - თ.ქ–ი, მოპასუხე - შპს „ტ-მ–ბი“, დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება).
3. გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
3.1. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების თაობაზე, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს "ტ-მ–ს" (ს/ნ ........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ....... (საკადასტრო კოდი: №.......) გასხვისება და ყველა სახის ნივთობრივი და უფლებრივი დატვირთვა.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
5. შპს ,,ტ-მ–ს" (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ფ.ხ–ძის მიერ 12.08.2022წ. №14140995664 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 584.00 ლარის, და 07.10.2022წ. №14714643768 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 150.00 ლარის 50% – ჯამში, 367.00 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ ქოჩიაშვილი
გ.. ჯეირანაშვილი