Facebook Twitter

17 აპრილი, 2025 წელი,

საქმე №ას-27-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.ფ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - უ.ც–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. N11115/A1856 17/02/2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველის - შპს „ს.ფ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან ფოსტა) მიერაა შევსებული, რომელმაც განახორციელა პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობა (იხ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 22.6 მუხლი).

2. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას დეკლარანტი ან წარმომადგენელი ავსებდა, ამ დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას, დოკუმენტები, მათ შორის, „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია“, წარედგინებოდა ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახებოდა დეკლარანტთან (იხ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის 37.9 მუხლი).

3. უ.ც–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიერ შედგენილი „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის“ დედანი შემოსავლების სამსახურში არ ინახება, სასამართლოს გამოეგზავნა N11115/A1856 17/02/2017 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების, მათ შორის „საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის“ დამოწმებული ელექტრონული ასლები.

4. მოპასუხის სახელზე შევსებული საშემოსავლო დოკუმენტაციის საფუძველზე გაფორმებული და გადმოზიდული საქონლის ღირებულება - 4 644.32 ლარია.

5. 2017 წლის 16 თებერვლის საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაციის მიხედვით, მოპასუხის სახელზე გაცემული ტვირთის მიღების დასახელების აქტის თანახმად, ტრანსპორტირების ხარჯი - 4 584.32 ლარია.

6. 2017 წლის 18 თებერვალს მოპასუხის სასარგებლოდ ს.მ–მა სახელმწიფო ბიუჯეტში - 8 730 ლარი გადარიცხა.

7. იმის გამო, რომ ფოსტის სერვის ცენტრებში არსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა, ჩანაწერს 30 დღე ინახავს, 2017 წლის 17 თებერვალს მოპასუხის მიერ ფოსტის სერვის ცენტრში შესაძლო ვიზიტის შესახებ ვიდეო ჩანაწერი, არ არსებობს.

8. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022წ ლის 13 იანვრის #000140622 დასკვნის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, მოპასუხის სახელით, განლაგებული ფოსტის N17111353 ინვოისზე, 2017 წლის 17 თებერვლის თარიღით ასახული ხელმოწერა, (ქსეროასლზე) შესრულებულია თუ არა მოპასუხის მიერ ვერ დადგინდა ხელმოწერის უხარისხობის გამო (ვერ იქნა წარმოდგენილი გამოსაკვლევი საბუთის დედანი). წარმოდგენილ 2017 წლის 17 თებერვლის N171353 ინვოისის მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული საწერი საშუალებებით, არამედ დაბეჭდილია პრინტერზე. ვინაიდან, გამოსაკვლევი მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული საწერი საშუალებებით, დადგენა იმისა გადატანილია თუ არა გამოსაკვლევი მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა ტექნიკური საშუალებით (გამჭოლ შუქზე, დაწოლის გზით ან პირგადასაღები ქაღალდის მეშვეობით) სხვა საბუთიდან, შეუძლებელია. დადგენა იმისა წარმოდგენილ საბუთებზე განთავსებული ხელმოწერა როდის იყო შესრულებული, შეუძლებელია ვინაიდან ბიუროში არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა ხელმოწერისა და ხელმოწერის ხანდაზმულობის დადგენის შესახებ. (იხ. დასკვნა).

9. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით, ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ ფოსტის თბილისის ტერმინალიდან 2017 წლის 16 თებერვალს გაიტანა კუთვნილი პროდუქცია. გადაზიდვა განხორციელდა მოპასუხის სასარგებლოდ, ხოლო გადამზიდავს წარმოადგენდა შპს „ა..“ (იხ. 2017 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება). გადაზიდვები თურქეთიდან საქართველოს (თბილისის) მიმართულებით განხორციელდა. მოპასუხის მიერ ფოსტის ტერმინალიდან ტვირთის გატანა სასაქონლო დეკლარაციით დასტურდებოდა. იმპორტის გადასახადებისა და მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადად - 2017 წლის 17 თებერვალი განისაზღვრა, თუმცა მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. გადაზიდვის და სატერმინალო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო, დავალიანება - 4 644.32 ლარია.

10. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოთხოვნის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით, კერძოდ, მისი მითითებით, ფოსტის თბილისის ტერმინალიდან არანაირი პროდუქცია არ გაუტანია. სასაქონლო დეკლარაციის თაობაზე მისთვის უცნობია, დაბეჭდილ „ინვოისზე“ მისი ხელმოწერა შესრულებული არ არის, ამასთან არანაირი შეტყობინება დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით არ მიუღია. ყველა ზომა მიიღო, რათა ვიდეო ჩანაწერი მოეპოვებინა ხსენებულ ინვოისზე ხელმოწერის თარიღის გათვალისწინებით, თუმცა უშედეგოდ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

12. მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. მოსარჩელემ საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ შემოსავლების სამსახურის დოკუმენტებში ყველგან მოპასუხე იყო მითითებული და მისი ხელმოწერა ფიქსირდებოდა, მანვე გადაიხადა თანხები ბიუჯეტის სასარგებლოდ. გამარტივებულ დეკლარაციაშიც დაფიქსირებულია გადაზიდვების საფასური. ამასთან, მოპასუხე მითითებულია თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილ თურქულენოვან დოკუმენტებშიც.

14.2. გარდა ამისა, კასატორის მითითებით, საქალაქო სასამართლომ, იმის გამო, რომ ექსპერტიზა ვერ ჩატარდა ინვოისზე არსებული ხელმოწერა არავალიდურად მიიჩნია, რაც მტკიცების ტვირთის განაწილების არსებული სტანდარტის უგულებელყოფაა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ/კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, გადაზიდვისა და სატერმინალო მომსახურების საზღაურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს, რისთვისაც შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს შესაბამისი ხელშეკრულება; ბ) მოსარჩელეს გაწეული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობას მოპასუხე უარყოფს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს არც გადაზიდვის მომსახურება გაუწევია და არც ტერმინალიდან არ გაუტანია რაიმე გზავნილი.

19. მოპასუხის ამ მითითებას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

19.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

19.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

19.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.

19.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).

19.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო და განკუთვნადი მტკიცებულებებით დაადასტურა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი წინაპირობები, კერძოდ, მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობასა და მომსახურების გაწევას ადასტურებს მომსახურების საფასურის გადასახდელად გამოწერილ ინვოისზე მოპასუხის ხელმოწერა (ინვოისზევეა მითითებული მოპასუხის პირადი ნომერი, რომელიც მხარეთა შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარების გარეშე მოსარჩელესთვის ვერ გახდებოდა ხელმისაწვდომი), გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილია დოკუმენტები, მათ შორის, სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია (N11115/A1856) და საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ტვირთის დასახელება, ფასი და ა.შ., ხოლო ტრანსპორტირების ხარჯად მითითებულია - 4 584.32 ლარი, დეკლარაციას ხელს აწერს მოპასუხე. გარდა ამისა, წარმოდგენილია ტვირთის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც, მართალია, გადახდას ასრულებს მესამე პირი (ს.მ–ი), თუმცა საგადახდო დავალებაში მითითებულია, რომ გადახდა სრულდება მოპასუხის სასარგებლოდ, დოკუმენტში მითითებულია მოპასუხის პირადი ნომერიც. საქმეში წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ მოპასუხის განაცხადი, რომელსაც თავად აწერს ხელს. უფრო მეტიც, მოპასუხის მტკიცებას, რომ ის მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ შესულა და არც ტვირთი არ მიუღია, აქარწყლებს საქმეში წარმოდგენილი ტვირთის გამოგზავნამდე თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი თურქულენოვანი დოკუმენტები, სადაც ადრესატად სწორედ მოპასუხეა მითითებული.

19.6. რაც შეეხება სარჩელის უარყოფის საფუძვლად „ინვოისზე“ ხელმოწერის არანამდვილობასთან მიმართებით მოპასუხის შედავებას, საკასაციო სასამართლო ამ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობისა და მომსახურების გაწევის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მან აღნიშნულს წარმატებით გაართვა თავი. საქმეში წარდგენილია მოპასუხის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, მოპასუხის მტკიცებით, წარმოდგენილ საბუთებზე ხელმოწერა მას არ შეუსრულებია, შესაბამისად, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სადავო დოკუმენტებზე ხელმოწერის ნამდვილობის გაქარწყლება.

19.7. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ, ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის მიუხედავად, აღნიშნული ფაქტი სასამართლოს მოპასუხის პოზიციის დამადასტურებელ გარემოებად არ უნდა მიეჩნია. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც დასკვნიდან ირკვევა, მოპასუხის სახელით, განლაგებული ფოსტის N17111353 ინვოისზე, 2017 წლის 17 თებერვლის თარიღით ხელმოწერა, (ქსეროასლზე) შესრულებულია თუ არა მოპასუხის მიერ, შეუძლებელია დადგინდეს ხელმოწერის უხარისხობის გამო (ვერ იქნა წარმოდგენილი გამოსაკვლევი საბუთის დედანი). წარმოდგენილ 2017 წლის 17 თებერვლის N171353 ინვოისის მარჯვენა ქვედა კუთხეში განთავსებული მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული საწერი საშუალებებით, არამედ დაბეჭდილია პრინტერზე. ვინაიდან, გამოსაკვლევი მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა არ არის შესრულებული საწერი საშუალებებით, დადგენა იმისა გადატანილია თუ არა გამოსაკვლევი მოპასუხის სახელით შესრულებული ხელმოწერა ტექნიკური საშუალებით (გამჭოლ შუქზე, დაწოლის გზით ან პირგადასაღები ქაღალდის მეშვეობით) სხვა საბუთიდან, შეუძლებელია. დადგენა იმისა წარმოდგენილ საბუთებზე განთავსებული ხელმოწერა როდის იყო შესრულებული, შეუძლებელია ვინაიდან ბიუროში არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა ხელმოწერისა და ხელმოწერის ხანდაზმულობის დადგენის შესახებ (იხ. დასკვნა). იმ პირობებში, როცა მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა საქმეში არსებულ სხვა რელევანტურ წერილობით მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პრეტენზია, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო დოკუმენტებზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის, დაუსაბუთებელია.

19.8. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელემ დაადასტურა თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად შესაგებელში მითითებული გარემოებები.

20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

21. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, უ.ც–ს შპს „ს.ფ–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სულ - 455,76 (70+50+185.76+150) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 264.3, 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ს.ფ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. უ.ც–ს დაეკისროს - 4 644.22 ლარის გადახადა შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ;

5. შპს „ს.ფ–ას“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 300 ლარიდან (საგადახდო დავალება #525, გადახდის თარიღი 06.02.2024წ), ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. უ.ც–ს შპს „ს.ფ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 455,76 ლარის ანაზღაურება;

7. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა