Facebook Twitter

30 იანვარი, 2025 წელი,

საქმე №ას-45-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (საარბიტრაჟო მოპასუხე) - სს „ა-ო“

მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი, საარბიტრაჟო მოსარჩელე) - ბ.ო.ბ–ი (ბ.ო.ბ)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 30 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ.ო.ბ–ის (შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი ან საარბიტრაჟო მოსარჩელე) წარმომადგენელმა, რომელმაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სს „ა–თვის“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოპასუხე) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ.თბილისი, .........., ნაკვ. 05/001, ს/კ .........., შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) გასხვისებისა და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა.

განცხადების საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

- განმცხადებელი, ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული და მოქმედი შეზღუდული პასუხისმგებლობის კერძო კომპანიაა, ხოლო, საარბიტრაჟო მოპასუხე - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი სააქციო საზოგადოება.

2024 წლის 6 თებერვალს, ნიდერლანდების საარბიტრაჟო ინსტიტუტში მოსარჩელემ არბიტრაჟზე მოთხოვნა შეიტანა, რომლის ფარგლებშიც, მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების მოპასუხის მიერ შესრულება მოითხოვა. მოპასუხის მიერ თავისი ვალდებულებების განუწყვეტლივ შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის 1 თებერვლის წერილით მოსარჩელემ გადახდის გრაფიკის შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა. აღნიშნული შეწყვეტის შედეგად, სესხის ხელშეკრულების პირობები აღდგა.

2019 წლის ივლისიდან, მოსარჩელე სს „ა“ აქციონერია, დანარჩენი აქციონერები არიან: ვ.ს–ი (რომლის საკუთრებაშია აქციათა 51%) და სს „კ-კ. ბ.ჯ–ია“ (რომელიც აქციათა 9%-ის მესაკუთრეა).

- საარბიტრაჟო სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა, 2023 წლის 1 ნოემბრიდან ანგარიშსწორების თარიღამდე მოპასუხისთვის 2 309 246.36 ევროს, 6 775.0 ევროს, 2022 წლის 1 ივლისიდან სრულად გადახდამდე პროცენტისა და ხსენებული საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრება.

- საარბიტრაჟო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა-აღსრულებაზე, არამედ, მოპასუხეს ნებაზეც, განახორციელოს გარკვეული მოქმედება, კერძოდ, გადაიხადოს დაკისრებული თანხა.

თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში კი, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი დამოკიდებული გახდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა - იძულებითი აღსრულება. თავის მხრივ, იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება, მოპასუხის მიერ მის საკუთრებაში არსებული ერთადერთი უძრავი ქონების გასხვისების ან სხვაგვარი განკარგვის, ან, უფლებრივად დატვირთვის შემთხვევაში.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრის განჩინებით: საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და სანივთოსამართლებრივი უფლებებით დატვირთვა.

3. დასახელებული განჩინება საარბიტრაჟო მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა, სადაც შემდეგზე მიუთითა:

- განმცხადებელს ევალება დაადასტუროს, რომ მის სარჩელს დაკმაყოფილების გონივრული პერსპექტივა აქვს. გარდა ამისა, განმცხადებელი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომ გაუჩნდა მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღუსრულებლობის ვარაუდი. მიუხედავად ამისა, განმცხადებლის პოზიცია ორივე მიმართულებით დაუსაბუთებელია.

- საარბიტრაჟო სარჩელი არაპერსპექტიულია. საარბიტრაჟო ტრიბუნალს საერთოდ არ აქვს დავის განხილვის იურისდიქცია. სარჩელი უპერსპექტივო კიდევ იმის გამო არის, რომ მოდავე მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არ არსებობს.

- თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა გაუქმდეს, ასეთ შემთხვევაში უზუნველყოფის ჩანაცვლება უნდა შესრულდეს. ალტერნატიული მოძრავი ნივთების ღირებულება ჯამურად 8 282 732 ლარს შედგენს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა.

4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელეს მიკუთვნებითი საარბიტრაჟო სარჩელი ჰქონდა აღძრული და, ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფაზე შუამდგომლობდა, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს მისი იძულებითი აღსრულება უნდა უზრუნველეყო.

4.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო სარჩელი პერსპექტიული არ იყო, ტრიბუნალს იურისდიქცია არ გააჩნდა და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროება არ არსებობდა, რადგან მოცემული საჩივრის ფარგლებში საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციისა და საარბიტრაჟო განხილვაზე მხარეთა შეთანხმების კანონიერების დადგენა სასამართლოს კომპეტენციას სცდებოდა, იგი საარბიტრაჟო ტრიბუნალის განხილვის საგანი იყო და გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.

6. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს განსაზღვრავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა.

სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, მისი მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

8. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ასევე, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

9. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის, რომლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა, მოთხოვნებია: 2023 წლის 1 ნოემბრიდან ანგარიშსწორების თარიღამდე მოპასუხისთვის 2 309 246.36 ევროს, 6 775.0 ევროს, 2022 წლის 1 ივლისიდან სრულად გადახდამდე პროცენტისა და საარბიტრაჟო განხილვის ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილებისას გადაწყვეტილების აღსრულება, მოპასუხის მხრიდან თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის შემთხვევაში, იძულებით აღსრულებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სწორედ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გარანტიებს წარმოქმნის და ამ ნიშნით სამართლებრივად მართებულ, კანონიერ აკრძალვას წარმოადგენს.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორის პრეტენზიების საპასუხოდ სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში საარბიტრაჟო ტრიბუნალის იურისდიქციისა და საარბიტრაჟო განხილვაზე მხარეთა შეთანხმების კანონიერების დადგენა წინამდებარე განჩინების კვლევის საგანი ვერ გახდება, რადგან აღნიშნული სცდება განსახილველი საკითხის ფარგლებს და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება.

რაც შეეხება შემოთავაზებულ ალტერნატიულ ქონებას, კერძოდ, მოძრავ ნივთებს, ამ შემთხვევაშიც სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მათ არ აქვთ უძრავ ქონებასთან შედარებით სარჩელის უზრუნველსაყოფად სათანადო ლიკვიდურობა. შესაბამისად, უზრუნველყოფის საგნის შეცვლით გადაწყვეტილების ეფექტურად აღსრულება ვერ მიიღწევა, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზნებთან წინააღმდეგობაშია.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საფუძვლიანია და სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რის გამოც საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4, 264.3-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ა–“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 ნოემბრისა და 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებები;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა