4 ივლისი, 2025 წელი,
საქმე №ას-55-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - კ.დ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.დ–ვა“, ა(ა)იპ „ნ.უ–ი“, შპს „ნ.ი–ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. კ.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი, კასატორი ან კომპანიის დირექტორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა; სს „ნ.დ–ვის“(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, საზოგადოება ან კომპანია) სააპელაციო საჩივარი კი, დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების მეორე და მესამე პუნქტების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი უარყოფილ იქნა. სახელდობრ:
1.1. კასატორმა ვრცლად წარმოადგინა საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების უსწოროდ დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლის ნორმების გამოყენების თვალსაზრისით. კასატორის მითითებით, დარღვეულია მტკიცების ტვირთის განაწილებისა და ფიდუციური მოვალეობების დარღვევით გამოწვეული ზიანის დასაბუთების სტანდარტი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. სს „ნ.ვ.“ რეგისტრირებულია 2020 წლის 20 თებერვლიდან (იმავე წლის 23 მარტიდან სს „ნ.დ–ვა“). საზოგადოების აქციონერები არიან - „ა(ა)იპ „ნ.უ–ი (აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე დ.კ–ძე, კანცლერი ე.ა–ი), ს/ნ ......., 60% - იანი წილის მფლობელი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე); შპს „ნ.ი–ა“ (წილის 100% მესაკუთრე დ.კ–ძე), ს/ნ ........, წილი კომპანიის კაპიტალში - 40% (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე).
4.4. მეორე მოპასუხის დამფუძნებელია ა(ა)იპ „ე.შ.ს.ი–ი“ (საკუთრივ უნივერსიტეტის დაფუძნებისას, ინსტიტუტის სახელით - წესდებას ხელს აწერენ წარმომადგენლები: დ.კ–ძე, მისი მეუღლე ს.ჩ–ვა და გ.ტ–ძე).
4.5. ა(ა)იპ „ე.შ.ს.ი–ის“ ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილია - დ.კ–ძე. ამავე ინსტიტუტის დამფუძნებელთა შორის არიან დ.კ–ძე და ს.ჩ–ვა.
4.6. 2020 წლის 20 თებერვალს, სს „ნ.ვ.ის“ რეგისტრაციამდე, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ გენერალურ დირექტორად მოსარჩელე - 4 წლით დაინიშნა.
4.7. 2020 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელეს, უნივერსიტეტსა და შპს ნ.ი–ას (როგორც კომპანიის აქციონერებს) შორის დაიდო „ხელშეკრულება სადაზღვევო საქმიანობის მენეჯმენტზე“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც„ სასამსახურო ხელშეკრულება“), რომლითაც განისაზღვრა დირექტორების/მათ შორის მოსარჩელის, სოციალური და ფინანსური გარანტიები - ანაზღაურება, სახელფასო ბიუჯეტის ოდენობა, ბონუსის მიღების საფუძვლები და პროცედურა, თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისას კომპენსაციის გადახდის საკითხები. დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს მინიმალური სახელფასო ფონდი ჯამურად - 50000 ლარს შეადგენდა. ამასთან, დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელფასის შემცირების უფლება არ ჰქონდათ (იხ. ხელშეკრულების 1.6 მუხლი).
4.8. მოსარჩელის ხელფასი - 9 000 ლარს შეადგენდა (იხ. შეთანხმების 1.7 მუხლი). დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ხელფასი თანაბარი უნდა ყოფილიყო (იხ. ხელშეკრულების 1.5 მუხლი).
4.8.1. კომპანია სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული წმინდა მოგებიდან, დირექტორებზე ყოველწლიურად გასცემდა ბონუსს (პრემიას) (იხ. ხელშეკრულების 2.6.1 მუხლი). ბონუსი გასანაწილებელი მოგების 40%-ით განისაზღვრებოდა (იხ. შეთანხმების 2.6.4 მუხლი), მოსარჩელეს წლიური გასანაწილებელი მოგებიდან - 17% ერგებოდა (იხ. შეთანხმების 2.6.6 მუხლი), ბონუსის 70% მომდევნო წლის 10 მარტამდე, ხოლო დარჩენილი ოდენობა – 1 მაისამდე უნდა გაცემულიყო.
4.9. 2021-2023 წლებში, კომპანიის მიერ მიღებული წმინდა მოგება არანაკლებ - 3 000 000 ლარი უნდა ყოფილიყო (იხ. ხელშეკრულების 2.7 მუხლი). ამ მუხლის მიზნებისთვის, თუკი 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის წმინდა მოგება - 3 000 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა, აქციონერებს სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტა შეეძლოთ.
4.10. ხელშეკრულების 2.8 მუხლის თანახმად, გარდა 2.7 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, აქციონერები ვალდებული იყვნენ წლიური ბონუსის წილის შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 თვეში დირექტორებისთვის გადაეხადათ კომპენსაცია - 1 000 000 ლარი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, გენერალური დირექტორის წილი დირექტორატის პრემიის ოდენობაში - 42.5% (საწარმოს მოგების 40%-ის 17%), 42 5000 ლარია.
აღნიშნული პირობა არ იმოქმედებდა, თუკი დირექტორი გათავისუფლდებოდა მის მიერ კომპანიის საზიანო ქმედებით, რაც კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო.
4.11. საკადრო პოლიტიკას გენერალური დირექტორი იმ დათქმით განსაზღვრავდა, რომ დაუშვებელი იყო ნეპოტიზმი ან რაიმე მსგავსი მოპყრობა. ერთეული შემთხვევა შესაბამისი არგუმენტაციით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეთანხმებულიყო (იხ.ხელშეკრულების 2.11 მუხლი).
წესიდან გამონაკლისი იყო პირველი ეტაპის თანამშრომელთა დანიშვნები, ე.ი. აღნიშნული არ მიესადაგებოდა იმ პირებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, 2020 წლის 22 ოქტომბრის მონაცემებით უკვე ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციებს.
4.12. მოსარჩელემ კომპანიაში სიმამრი, დეიდაშვილი, დეიდაშვილის მეუღლე, ცოლის დეიდაშვილი, შვილის ნათლია... თანამშრომელთა შერჩევის წესის უგულვებელყოფით დაასაქმა.
4.13. 2021 წლის გაზაფხულზე მოსარჩელემ ხელფასი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე - 2000 ლარით გაიზარდა. სხვა დირექტორებს კი, 1000 ლარით გაუზარდა.
4.14. მოსარჩელე 2021 წლის ოქტომბერში კომპანიის ხარჯით გერმანიაში მივლინებით 7 დღით გაემგზავრა, თუმცა იქ შეხვედრა ფიზიკური ფორმით არ ჩატარებულა.
4.15. 2021 წელს სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წმინდა მოგება - 39.9 ლარი, ხოლო ზარალი - 2 940 000 ლარია.
4.16. 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი გაიზარდა, ასევე გაიზარდა საზოგადოების მართვის ნაწილში, კერძოდ ყოველდღიურ მენეჯმენტში სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ჩართულობა.
4.17. მოსარჩელე კომპანიაში მოძრავი ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაციას არ ახდენდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით დაფიქსირდა - 49 048 ლარის ქონებრივი დანაკლისი.
4.18. მოსარჩელემ ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში გაწევრიანებაზე განაცხადი დაგვიანებით წარადგინა, შედეგად კომპანიამ ზიანი განიცადა (იხ. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის წერილი).
4.18.1. სსიპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრში“ კომპანია დაგვიანებით, 2022 წლის ოქტომბერში გაწევრიანდა, რის გამოც, დამატებითი თანხა გადაიხადა (ნებისმიერი მზღვეველი, რომელიც არ გახდება ცენტრის მზღვეველი ამ უკანასკენლის სახელმწიფო რეგიტრაციის შემდეგ, ცენტრის მზღვეველად გახდომიდან 10 დღის ვადაში, შენატანის სახით შემოიტანს თანხას, რომელიც შეადგენს მზღვეველად გახდომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელებული ჯამური შენატანების თანხის 5%. იხ. ცენტრის წესდების 11.4 პუნქტი).
4.18.2. საზოგადოების მიერ სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან - 2020 წლის ივნისის ჩათვლით, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია - 604 459 ლარია, საიდანაც 2022 წლის აპრილში - 25 959 ლარი, 2022 წლის მაიში - 116 245 ლარი,, ხოლო 2022 წლის ივნისში - 462 255 ლარია (იხ. 2022 წლის 15 ოქტომბრის ცნობა).
4.19. კომპანია მოსარჩელის დირექტორობის დროს, სახელმწიფო ტენდერებში ყველა სხვა სადაზღვევო კომპანიასთან შედარებით, შეუსაბამოდ დაბალი ფასებით, მონაწილეობდა, რაც კომპანიის მომგებიანობაზე უარყოფითად აისახებოდა (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდიდან ამონაბეჭდებ და კონსოლიდირებული ტენდერების ზარალიანობის მაჩვენებელი -103%).
4.20. აგროდაზღვევის სეგმენტში მოსარჩელეს/დირექტორს გადაზღვევის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, შესაბამისად, არც სადაზღვევო რისკების შეფასების სისტემა არ დანერგილა.
4.21. მოსარჩელე/დირექტორი საბანკო გარანტიებს პროცედურული დარღვევით, კერძოდ, კომიტეტის თანხმობის (კომპანიის საბანკო გარანტიების/ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისების გაცემის სახელმძღვანელო BGGL/2020; აღნიშნული წესით შესაბამისად, 2020 წლის 8 აგვისტოდან შესაბამისი დეპარტამენტი უფლებამოსილია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს 20 000 ლარს ქვემოთ გასაცემ გარანტიებზე, ხოლო ლიმიტს ზემოთ მას ესაჭიროება კომიტეტის თანხმობა) გარეშე გასცემდა.
4.22. 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სუბროგაციული მოთხოვნა ჯამურად -1 981 204 ლარია (იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილები), რომლის ამოღების მიზნით, მოსარჩელეს არსებითი ქმედება არ განუხორციელებია, კერძოდ, 2020 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე სულ - 5 მიმდინარე, დასრულებული და დაარქივებული სამოქალაქო საქმე, 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 18 ოქტომბრამდე - 208 მიმდინარე, დასრულებული და დაარქივებული სამოქალაქო საქმეები იძებნება, სადაც მოსარჩელე კომპანიაა.
4.22.1. 2021 წლის 25 აგვისტოს პირველ მოპასუხესა და შპს „კ.ე..“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად ურთიერთთანამშრომლობის წესებისა და პრინციპების დადგენა წარმოადგენდა (იხ. შეთანხმების 1.2 პუნქტი - კლიენტი ანდობს მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას კლიენტს მიაწოდოს გადაუხდელი ან ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულებების ან/და ფინანსური დავალიანებების შეგროვების მომსახურება იმ მოვალეთაგან, რომლებიც წარმოიშვა კლიენტის ამჟამინდელი და წინა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, აგრეთვე საქონლის ან/და მომსახურებისთვის, რომელიც გამომდინარეობს კლიენტისა და მოვალეს შორის დადებული და შეთანხმებული ხელშეკრულებების შესაბამისად).
2021 წლის ოქტომბერში განხორციელებული დებიტორული დავალიანებებიდან გადახდილი თანხების ჯამი - 2987 ლარია, საიდანაც მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილია - 528.699 ლარი (იხ. 2021 წლის 5 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი).
ამასთან, მკაფიო განსხვავებაა შპს „კ.ე..“-ის მიერ მითითებულ და კოპპანიის შიდა სამსახურის მიერ მითითებულ კრედიტორულ დავალიანებებს შორის (იხ. ცხრილი).
2022 წლის 20 ივნისს კომპანიის დირექტორის გ.ბ–იას წერილით ხელშეკრულება შეწყვეტილია.
5. თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის წარუმატებლობა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი ნორმის რედაქცია) 9.6 (შპს-ს დირექტორი საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ის არ შეასრულებს ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ), სსკ-ის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების ფაქტობივი შემადგენლობის არ არსებობამ განაპირობა.
6. განსახილველი დავის ძირითადი საკვანძო საკითხი დირექტორის მხრიდან საწარმოს მიმართ არსებული ფიდუციური მოვალეობების დარღვევის შემოწმებასა და ამ ასპექტში დირექტორის ქმედების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
მოპასუხეთა მოსაზრებით, დირექტორი კომპანიის საუკეთესო ინტერესს უგულველყოფთა, არ ზრუნავდა საწარმოზე, რაც გამოიხატა შემდეგ გარემოებებში: შეთანხმების 2.11 მუხლის უგულველყოფით კომპანიაში ახლო ნათესავების დაასაქმებაში, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე ხელფასის გაზრდაში, მოძრავი ქონების აღრიცხვის წესის დარღვევაში, წამგებიან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობაში, საბანკო გარანტიების პროცედურული დარღვევებით გაცემაში, საზღვარგარეთ არასაჭირო ვიზიტში, კომპანიის უარყოფითი ბალანსით.
შესაბამისად, მოსარჩელესთან/დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა/გათავისუფლება მის მიერ კომპანიის საზიანო ქმედების პირდაპირი შედეგია.
7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს...
საწარმოს დირექტორთან დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი აქტის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა სამოქალაქო კოდექსში უნდა იქნას მოძიებული... მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სამოქალაქო მხარე ყველაზე ახლოს დავალების ხელშეკრულებასთან დგას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და, როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
8. საკასაციო სასამართლომ დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში განმარტა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის მიხედვით, „კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები, და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)…“ (შდრ. სუსგ #ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი; სუსგ #ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი).
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება.
გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი.
ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია (დამატებით იხ., ჭანტურია ლ, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, თბ., 2006, 202-203, 256, 302, 384-386, 405-407; მაისურაძე დ, სამეწარმეო განსჯის წესი საკორპორაციო სამართალში, საკორპორაციო სამართლის კრებული I, რედ.ი.ბურდული, თბ., 2011, 113-117. ბურდული ი, ზუბიაშვილი ნ, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 37, ველი 5-6, თბ., 2017.).
10. პრეზუმფცია დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის შესახებ გამოიყენება მხოლოდ ოთხი კუმულაციური წინაპირობის არსებობისას: 1) დირექტორმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (უნდა იმოქმედოს). ისეთ შემთხვევაში, როცა დირექტორმა გამოიჩინა უმოქმედობა და არ მიიღო გადაწყვეტილება, იგი ვერ იქნება დაცული სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესით (აღნიშნულში არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც უმოქმედობა, თავისთავად, მიღებული გადაწყვეტილების შედეგია ანუ მიღებულია გადაწყვეტილება მოქმედებისაგან თავის შეკავების შესახებ); 2) გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორმა უნდა მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის საკმარისია მოცემულ გარემოებებში, მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა აკმაყოფილებდეს კეთილგონივრულობის სტანდარტს; 3) გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას კეთილსინდისიერად - ეს მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად თუ სხვა გარემოებებთან ერთად, დირექტორისთვის ცნობილია, რომ იგი იღებს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებას; და 4) დირექტორს არ უნდა ჰქონდეს პირადი დაინტერესება, შესაბამისად, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ დირექტორის პირადი დაინტერესება, მაშინ სახეზეა არა ზრუნვის, არამედ დირექტორის ერთგულების მოვალეობის დარღვევა.
ამ გამიჯვნას არსებითი პროცესუალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ერთგულების მოვალეობის დარღვევის გამო, დირექტორის პასუხისმგებლობის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსარჩელის მტკიცების ტვირთში ზიანის ფაქტთან ერთად შედის მხოლოდ იმ გარემოების დადასტურება, რომ დირექტორს გადაწყვეტილების/გარიგების მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა.
თუ მოსარჩელე აღნიშნულის დადასტურებას მოახერხებს, მაშინ დირექტორის გადაწყვეტილების დასაცავად სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების წესის/ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის პრეზუმფციის მოქმედება გამორიცხულია, რაც ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე დირექტორზე, რომელმაც უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველმხრივ სამართლიანი და გონივრული იყო კორპორაციისათვის. აღნიშნული გულისხმობს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შემოწმებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის, ისე მატერიალური შინაარსის თვალსაზრისით.
11. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი დასკვნები ჩამოაყალიბა იმის შესახებ, რომ კომპანიის დირექტორის ქმედებები არა საზოგადოების, არამედ პირად ინტერესებს ემსახურებოდა და, დირექტორი ფიდუციური ვალდებულების დარღვევით მოქმედებდა, კერძოდ:
12. დადგენილია, რომ მოსარჩელემ კომპანიაში სიმამრი, დეიდაშვილი, დეიდაშვილის მეუღლე, ცოლის დეიდაშვილი, შვილის ნათლია... თანამშრომელთა შერჩევის წესის უგულვებელყოფით დაასაქმა (იხ.ხელშეკრულების 2.11 მუხლი). საკადრო პოლიტიკას კი, გენერალური დირექტორი იმ დათქმით განსაზღვრავდა, რომ დაუშვებელი იყო ნეპოტიზმი ან რაიმე მსგავსი მოპყრობა. ერთეული შემთხვევა შესაბამისი არგუმენტაციით, სამეთვალყურეო საბჭოსთან უნდა შეთანხმებულიყო.
მოსარჩელე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ისინი კომპანიაში მასთან შეთანხმების გაფორმებამდე დაასაქმა, მოპასუხეთა მითითებას უარყოფს, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მის ყურადღებას მიაქცევს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე“, რომლის შესაბამისად, ის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვალდებული იყო, დაეცვა საწარმოს ინტერესები და თანამშრომლები პირადი დაინტერესებით არ დაენიშნა.
13. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის გაზაფხულზე მოსარჩელემ ხელფასი, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე - 2000 ლარით გაიზარდა. სხვა დირექტორებს კი, 1000 ლარით გაუზარდა. ხელფასი კი, სასამსახურო ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაა, შესაბამისად, ხელშეკრულებაში ცვლილება შედის იმ წესით, რა წესითაც აღნიშნული ხელშეკრულება იდება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამსახურო ხელშეკრულებას ხელს აქციონერები აწერენ, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე. სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანა და კომპეტენცია კი, დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მასთან, ხელშეკრულების დადება და შეწყვეტაა (იხ.წესდების 8.9. პუნქტი).
მოსარჩელისთვის ხელფასის გაზრდის თაობაზე მიღებული წერილობითი დოკუმენტი მოცემულ საქმეში არ წარდგენილა, აღნიშნულის თაობაზე დირექტორსაც არ მიუღია ბრძანება (იხ. სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსარჩელის განმარტება). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ ხელფასის თვითნებურად გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება კანონიერების პრინციპის დაცვით არ მიღებულა.
14. უდავოა, რომ მოსარჩელე 2021 წლის ოქტომბერში კომპანიის ხარჯით გერმანიაში მივლინებით 7 დღით გაემგზავრა, თუმცა იქ შეხვედრა ფიზიკური ფორმით არ ჩატარებულა, შესაბამისად, იმ პირობებში, როცა არ დგინდება ვიზიტის მიზნობრიობა და საჭიროება სახეზეა დირექტორის პირადი ინტერესი, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებაც საქმეში არ წარდგენილა.
15. ასევე დადგენილია, რომ 2021 წელს სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წმინდა მოგება - 39.9 ლარი, ხოლო ზარალი - 2 940 000 ლარია, მაშინ როცა სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობამ აღნიშნული წელი მოგებით დაასრულა (იხ. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში). მოსარჩელის განმარტებით იგი არა ზარალი, არამედ საინვესტიციო ხარჯია, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება, სწორედ მისი ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს.
მოსარჩელემ/დირექტორმა კი, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშსს (გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა) სათანადო გამაქარწყლებელი მტკიცებულება ვერ დაუპირისპირა.
16. უდავოა, რომ 2021 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კომპანიის საწესდებო კაპიტალი, მართვის ნაწილში კი, ყოველდღიურ მენეჯმენტში სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ჩართულობა გაიზარდა.
კერძოდ, მოსარჩელემ დამფუძნებლებს საწესდებო კაპიტალში - 2 400 000 ლარის შეტანის განხორციელება სთხოვა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას; აღნიშნული ნიშნავდა, რომ კომპანია ფაქტობრივად გაკოტრებული იყო და კომპანიის მომგებიანობის შესახებ დირექტორი დამფუძნებლებს არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.
არაერთ ფინანსური პრობლემის გამო, საბოლოოდ კომპანიის საწესდებო კაპიტალში დამატებით - 1 850 000 ლარის შეტანა გახდა აუცილებელი, შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ კაპიტალი აქციონერთა სურვილით გაიზარდა, დაუსაბუთებელია.
17. დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიის ბალანსზე მოძრავი ქონების აღრიცხვა-ინვენტარიზაციას არ ახდენდა. 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით - 49 048 ლარის ქონებრივი დანაკლისი დაფიქსირდა (იხ. აუდიტის დასკვნა).
მოსარჩელემ/დირექტორმა კომპანიის აუდიტის კვალიფიკაცია სადავოდ გახადა, იმ მოცემულობაში, როცა შიდა აუდიტორის თანამდებობაზე ე.ბ–ძის დანიშვნა, საქართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმდა და დასტური პროცედურაზე თავად კასატორმა წარადგინა (იხ. 2021 წლის 1 მარტის დირექტორისთვის გადაცემული N171 წერილობითი ნებართვა, საიდანაც დგინდება, რომ ე.ბ–ძის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია თავად მოსარჩელემ წარუდგინა საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს), კასატორის ეს მოსაზრება საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს თვალსაზრისით აუდიტის დასკვნის საპირწონე მტკიცებულება და/ან არგუმენტი კასატორის მიერ არ წარდგენილა.
18. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ ააიპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში გაწევრიანებაზე განაცხადი დაგვიანებით წარადგინა, შედეგად კომპანიამ - 438 630 ლარის ზიანი განიცადა (იხ. სავალდებულო დაზღვევის ცენტრის 2020 წლის 16 ოქტომბრის წერილი), კერძოდ, სსიპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრში“ კომპანია დაგვიანებით, 2022 წლის ოქტომბერში გაწევრიანდა, რის გამოც, დამატებითი თანხა გადაიხადა (ნებისმიერი მზღვეველი, რომელიც არ გახდება ცენტრის მზღვეველი ამ უკანასკენლის სახელმწიფო რეგიტრაციის შემდეგ, ცენტრის მზღვეველად გახდომიდან 10 დღის ვადაში, შენატანის სახით შემოიტანს თანხას, რომელიც შეადგენს მზღვეველად გახდომამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელებული ჯამური შენატანების თანხის 5%. იხ. ცენტრის წესდების 11.4 პუნქტი). საზოგადოების მიერ სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან - 2020 წლის ივნისის ჩათვლით, პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) და სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებში ჯამურად გამომუშავებული პრემია - 604 459 ლარია, საიდანაც 2022 წლის აპრილში - 25 959 ლარი, 2022 წლის მაიში - 116 245 ლარი, ხოლო 2022 წლის ივნისში - 462 255 ლარია (იხ. 2022 წლის 15 ოქტომბრის ცნობა), შესაბამისად, კომპანიამ დირექტორის ქმედებით ზიანი განიცადა.
19. დადგენილია, რომ კომპანია მოსარჩელის დირექტორობის დროს, სახელმწიფო ტენდერებში ყველა სხვა სადაზღვევო კომპანიასთან შედარებით, შეუსაბამოდ დაბალი ფასებით, მონაწილეობდა, შესაბამისად, დირექტორის ეს ქმედება კომპანიის მომგებიანობაზე უარყოფითად აისახებოდა (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდიდან ამონაბეჭდები და კონსოლიდირებული ტენდერების ზარალიანობის მაჩვენებელი -103%).
20. ასევე დადგენილია, რომ აგროდაზღვევის სეგმენტში მოსარჩელეს/დირექტორს გადაზღვევის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, შესაბამისად, არც სადაზღვევო რისკების შეფასების სისტემა არ დანერგილა („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად, გადაზღვევა არის ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ დიდი მოცულობის სადაზღვევო პორთფელის პირობებში, გადაზღვევის ხელშეკრულების არარსებობა, დირექტორის წინდაუხედავობაზე მიუთითებდა.
21. დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელე/დირექტორი საბანკო გარანტიებს პროცედურული დარღვევით გასცემდა, კერძოდ, კომიტეტის თანხმობა (კომპანიის საბანკო გარანტიების/ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისების გაცემის სახელმძღვანელო BGGL/2020; აღნიშნული წესით შესაბამისად, 2020 წლის 8 აგვისტოდან შესაბამისი დეპარტამენტი უფლებამოსილია ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს 20 000 ლარს ქვემოთ გასაცემ გარანტიებზე, ხოლო ლიმიტს ზემოთ მას ესაჭიროება კომიტეტის თანხმობა) არ გაცემულა შემდეგი საბანკო გარანტიების მიმართ:
· შპს „მ.ბ.გ–ი“, 2021 წლის 28 მაისი, ელექტრონული სატენდერო გარანტია - 27 738 ლარი;
· შპს „ს–ა“, 2021 წლის 26 მარტი, ელექტრონული სატენდერო გარანტია - 120 492 ლარი;
· შპს „გ.თ.“, 2020 წლის 29 დეკემბერი, სახელშეკრულებო გარანტია - 28 500 ლარი;
· შპს „მ–ი“, 2021 წლის 5 აპრილი, სახელშეკრულებო გარანტია - 200 000 ლარი;
· შპს „ა–ი“, 2021 წლის 19 მაისი, სახელშეკრულებო გარანტია - 200 000 ლარი.
ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელე აღნიშნულ საკითხებს საბჭოსთან არ ათანხმებდა და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა.
22. დადგენილია, რომ 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, სუბროგაციული მოთხოვნა ჯამურად -1 981 204 ლარია (იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილები), რომლის ამოღების მიზნით, მოსარჩელეს არსებითი ქმედება არ განუხორციელებია კერძოდ, 2020 წლის 20 თებერვლიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე სულ - 5 მიმდინარე, დასრულებული და დაარქივებული სამოქალაქო საქმე, 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 18 ოქტომბრამდე - 208 მიმდინარე, დასრულებული და დაარქივებული სამოქალაქო საქმეები იძებნება, სადაც მოსარჩელე კომპანიაა. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 25 აგვისტოს პირველ მოპასუხესა და შპს „კ.ე..“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანს დებიტორული დავალიანების ამოსაღებად ურთიერთთანამშრომლობის წესებისა და პრინციპების დადგენა წარმოადგენდა (იხ. შეთანხმების 1.2 პუნქტი - კლიენტი ანდობს მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მომსახურების მიმწოდებელი კისრულობს პასუხისმგებლობას კლიენტს მიაწოდოს გადაუხდელი ან ვადაგადაცილებული ფინანსური ვალდებულებების ან/და ფინანსური დავალიანებების შეგროვების მომსახურება იმ მოვალეთაგან, რომლებიც წარმოიშვა კლიენტის ამჟამინდელი და წინა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, აგრეთვე საქონლის ან/და მომსახურებისთვის, რომელიც გამომდინარეობს კლიენტისა და მოვალეს შორის დადებული და შეთანხმებული ხელშეკრულებების შესაბამისად).
2021 წლის ოქტომბერში განხორციელებული დებიტორული დავალიანებებიდან გადახდილი თანხების ჯამი - 2987 ლარია, საიდანაც მომსახურების მიმწოდებლისთვის გადახდილია - 528.699 ლარი (იხ. 2021 წლის 5 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი). ამასთან, მკაფიო განსხვავებაა შპს „კ.ე..“-ის მიერ მითითებულ და კომპანიის შიდა სამსახურის მიერ მითითებულ კრედიტორულ დავალიანებებს შორის (იხ. ცხრილი). 2022 წლის 20 ივნისს კომპანიის დირექტორის გ.ბ–იას წერილით ხელშეკრულება შეწყვეტილია.
23. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელე/კასატორი, როგორც საზოგადოების დირექტორი ამ საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებდა და მასთან სამოსამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტა, მის მიერ კომპანიისთვის საზიანო ქმედებების შედეგია, შესაბამისად, სარჩელიც მართებულად იქნა უარყოფილი.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის გაჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის ნახევრის - 3000 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ხოლო მეორე ნახევარი - 3000 ლარი კასატორმა გადაიხადა. შესაბამისად, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან, 3000 ლარიდან (საგადახდო დავალება #20790247141, გადახდის თარიღი 01.03.2024წ) - 2100 ლარი, რასაც გამოაკლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის 30%, 900 ლარი და საბოლოოდ დაუბრუნდეს 1200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კ.დ–ძეს (ს/ნ .........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3000 ლარიდან (საგადახდო დავალება #20790247141, გადახდის თარიღი 01.03.2024წ) - 2100 ლარი, რასაც გამოაკლდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 3000 ლარის 30%, 900 ლარი და საბოლოოდ დაუბრუნდეს 1200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა