Facebook Twitter

30 იანვარი, 2025 წელი,

საქმე №ას-99-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე/შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.გ–ი (მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), მიუღებელი შემოსავლის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2008 წლის 12 მარტს, ხ.გ–სა (შემდეგში - მოსარჩელე ან მსესხებელი) და სს „ს.ბ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან ბანკი) შორის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ბანკმა 10 800 აშშ დოლარის ოდენობით იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი გაუხსნა, 360 თვის ვადით, წლიური 10-22% დარიცხვით. სადავო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იგივე თარიღში იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ქ.გორში, ......... პირველ სართულზე მდებარე №6 ბინა (შემდეგში - იპოთეკის საგანი, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება).

2. სადავო ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და მოსარჩელეს შორის 2008 წლის 19 მარტს 10 800 აშშ დოლარზე შედგა იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის მოქმედების ვადა - 72 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%-ით, ხოლო, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ით განისაზღვრა. კრედიტი, ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად თანხის შეტანის გზით უნდა დაფარულიყო.

3. 2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის საგანი მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მსესხებელს 23 320.66 აშშ დოლარისა და 4 618.68 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გადაწყვეტილების აღსრულების წესი დადგინდა და აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა.

5. 2012 წლის 22 ოქტომბერს, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა, რომელსაც დავალიანების თანხის ოდენობა ეცნობა, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების 7-დღიანი ვადა განესაზღრა და ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგების, მათ შორის, იპოთეკის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ განემარტა.

6. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღსრულებულა და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა.

7. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონი 2013 წლის 15 მაისს დასრულდა და 2013 წლის 20 მაისის განკარგულებით იპოთეკის საგანი ბანკს საკუთრებაში გადაეცა.

8. ხელშეკრულებით მოსარჩელეზე გაცემული სესხი უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი 34 650 ლარიდან - 17 345.71 აშშ დოლარით შემცირდა.

9. 2016 წლის 28 დეკემბერს ბანკის მიერ გაცემული წერილის მიხედვით, მსესხებლის სახელზე არსებული ვალდებულების დასაფარად საჭირო იყო 5 051 ლარი და 2 155 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები მოსარჩელეს გაუნულდებოდა, რის შემდეგაც მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე იპოთეკა მოიხსნებოდა.

10. 2016 წლის 29 დეკემბერს, სს „ქ.კ–თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გ.ი–ძემ 5 000 აშშ დოლარი მიიღო, რომელიც მოპასუხე ბანკის სესხის დასაფარად მოსარჩელის ანგარიშზე იქნა შეტანილი. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 19 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება შესრულდა.

11. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, NA12059891-016/001 განკარგულების საფუძველზე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა, ხოლო, 2021 წლის 2 მარტს მოპასუხეს და დ.კ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა.

12. მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა, რომ, მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაკისრებოდა: 40 500 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის, 16 500 აშშ დოლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლისა (2019 წლის 11 დეკემბრიდან 2022 წლის 11 სექტემბრამდე ყოველთვიური 500 აშშ დოლარი) და 2022 წლის 12 სექტემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე 500 აშშ დოლარის გადახდა.

13. მოგვიანებით, სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სადავო ქონებით მოსარჩელე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობდა, რის გამოც, 2013 წლის 3 ივნისიდან ბანკის მიერ ქონების რეალიზაციამდე - 2021 წლის 2 მარტამდე - მოსარჩელისგან ქონებით სარგებლობის საფასურის გადახდას ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით 7 წელსა და 8 თვეზე გაანგარიშებით მოითხოვდა, რაც ჯამში 46 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის (40 500 აშშ დოლარის) ბანკისთვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, მსესხებლის სარჩელი უსაფუძვლო იყო მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილშიც, მიუღებელი შემოსავალი, როგორც ზიანის ერთ-ერთი ფორმა მეორადი მოთხოვნის უფლებაა და პირდაპირ კავშირშია ძირითად ვალდებულებასთან. მისი წარმოშობის წინაპირობაა ძირითადი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, დადასტურდა, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით დაიფარა ბანკის წინაშე მოსარჩელის ვალდებულება, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონების გასხვისების შედეგად მიადგა ზიანი, შესაბამისად, სააპელციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი სწორად არ დააკმაყოფილა.

16.2. რაც შეეხებოდა შეგებებული სარჩელის კანონიერებას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე მიაქცია, რომ ბანკის ინტერესს მის მიმართ არსებული მოპასუხის დავალიანების დაფარვა წარმოადგენდა და არა ფართის გაქირავება, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც აღნიშნული ბანკის ჩვეულ საქმიანობას არ წარმოადგენდა, შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი არ იყო სახეზე, რაც ქმნიდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 411-412-ე მუხლები).

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მხარეებმა საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს.

მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, რაც შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

მოპასუხის შეგებებული სარჩელი სხვისი სიკეთით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობას ემყარება, რომლის შედეგად მოსარგებლემ დაზოგა გადასახდელი ქირა. ამ თანხის პროპორციულად მისი მატერიალური მდგომარეობა გაიზარდა და ამავე პროპორციით ნივთის მესაკუთრის ქონება შემცირდა. ამდენად, შეგებებული სარჩელით მოპასუხე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ - მიუღებელი შემოსავლისთვის.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

20. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე ბანკის მიერ მსესხებლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.

განსახილველ საქმეზე ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით თავად მსესხებლის მიერ აღძრული სარჩელი საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანი ვერ გახდება, რადგან მათ ნაწილში ამ უკანასკნელის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივარი 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად დარჩა. შესაბამისად, მითითებულ ნაწილში (ძირითადი სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილი) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მის მართლზომიერებაზე საკასაციო სასამართლო აღარ მსჯელობს (სსსკ-ის 264.2 მუხლი).

პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 266-ე მუხლზე (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები) და განმარტავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება, სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები.

ამრიგად, სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია.

გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ნამდვილობა გამორიცხავს მომავალში მისი გაქარწყლების შესაძლებლობას, სსსკ-ის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020). სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგი შეუქცევადია. ასეთი გადაწყვეტილების განსაკუთრებულობა ორმხრივად სავალდებულო აკრძალვაა და იგი როგორც საქმეში მონაწილე პირებს, ასევე სასამართლოს ეხება (იხ. სუსგ №ას-675-675-2018, 8.04.2020წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივი ბოჭვის ფარგლებშია მოქცეული და არ შეუძლია სადავო გახადოს ამავე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები, რაც მოცემულ შემთხვევაში შემდეგში მდგომარეობს:

2008 წლის 12 მარტს, მსესხებელსა და კასატორს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მოსარჩელეს ბანკმა 10 800 აშშ დოლარის ოდენობით იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი გაუხსნა, 360 თვის ვადით, წლიური 10-22% დარიცხვით.

დასახელებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იგივე თარიღში იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც სადავო ქონება იპოთეკით დაიტვირთა.

ამ ხელშეკრულების ფარგლებში ბანკსა და მოსარჩელეს შორის 2008 წლის 19 მარტს 10 800 აშშ დოლარზე იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება შედგა, რომლითაც კრედიტის მოქმედების ვადა - 72 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 16%-ით, ხოლო, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ით განისაზღვრა.

კრედიტი, ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად თანხის შეტანის გზით უნდა დაფარულიყო.

2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის საგანი მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მსესხებელს 23 320.66 აშშ დოლარისა და 4 618.68 ლარის გადახდა დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით გადაწყვეტილების აღსრულების წესი დადგინდა და აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცელი გაიცა.

2012 წლის 22 ოქტომბერს, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე კერძო აღმასრულებლის მიერ გაგზავნილი წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა, რომელსაც დავალიანების ოდენობა ეცნობა, ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების 7-დღიანი ვადა განესაზღრა და ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შედეგების, მათ შორის, იპოთეკის საგნის შესაძლო რეალიზაციის შესახებ განემარტა.

გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღსრულებულა და იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია განხორციელდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონი 2013 წლის 15 მაისს დასრულდა და 2013 წლის 20 მაისის განკარგულებით იპოთეკის საგანი ბანკს საკუთრებაში გადაეცა.

ხელშეკრულებით მოსარჩელეზე გაცემული სესხი უძრავი ქონების შესაძენად გადახდილი 34 650 ლარიდან - 17 345.71 აშშ დოლარით შემცირდა.

2016 წლის 28 დეკემბერს ბანკის მიერ გაცემული წერილის მიხედვით, მსესხებლის სახელზე არსებული ვალდებულების დასაფარად საჭირო იყო 5 051 ლარი და 2 155 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები მოსარჩელეს გაუნულდებოდა, რის შემდეგაც მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე იპოთეკა მოიხსნებოდა.

2016 წლის 29 დეკემბერს, სს „ქ.კ–თან“ გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გ.ი–ძემ 5 000 აშშ დოლარი მიიღო, რომელიც მოპასუხე ბანკის სესხის დასაფარად მოსარჩელის ანგარიშზე იქნა შეტანილი. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2008 წლის 19 მარტს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება შესრულდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, NA12059891-016/001 განკარგულების საფუძველზე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა, ხოლო, 2021 წლის 2 მარტს მოპასუხეს და დ.კ–ძეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე - ამ უკანასკნელის საკუთრებად დარეგისტრირდა.

ამდენად, წარმოდგენილი ფაქტები გვაძლევს შემდეგი დასკვნის ჩამოყალიბების წინაპირობას:

უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით დაიფარა მოსარჩელის ვალდებულება ბანკის წინაშე, კერძოდ, იპოთეკით საგნის აუქციონზე რეალიზაციის შედეგად ეს ქონება საკუთრებაში ბანკს გადაეცა, რომლის შედეგად 17 345.71 აშშ დოლარით შემცირდა მსესხებელზე გაცემული სესხის მოცულობა.

21. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ კასატორის მოთხოვნის წარუმატებლობას იგი, შემდეგი მსჯელობიდან გამომდინარეობს:

21.1. სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.

ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო.

იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 7.10.15წ.; №ას-54-54-2018, 13.02.2018წ.). მიუღებელი შემოსავალი ექვემდებარება ანაზღაურებას, თუკი კრედიტორი დაასაბუთებს, რომ იგი ამ ოდენობით ანაზღაურებას მიიღებდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში და ეს მოვალისათვის სავარაუდო უნდა ყოფილიყო (შდრ. იხ. სუსგ №ას-107-2019, 13.03.2020წ.).

21.2 საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვალნათელია, რომ ბანკის როგორც საკრედიტო დაწესებულების უმთავრეს ინტერესს მის მიმართ არსებული ფულადი დავალიანების დაფარვა წარმოადგენდა და, არა - საკუთრებაში მიღებული ფართის გაქირავება. მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც აღნიშნული ბანკის ძირითად და/ან მეორად საქმიანობას არ წარმოადგენს და საკუთრებაში მიღებული უძრავი ნივთების გაქირავების შესახებ კასატორს სასამართლოსთვის ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ იყო, რაც 408.1, 411-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე ქმნის კასატორის შეგებებული სარჩელის უარყოფის საფუძველს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 120 ლარის (საგადახდო დავალება #19963, გადახდის თარიღი - 28.02.2024) 70% - 4 284 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა