11 ივლისი, 2025 წელი,
საქმე №ას-209-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - ტ.გ–ა, მ.გ–ა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)
II კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.გ–ა, მ.გ–ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი მოცდენისა და იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 1 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, ტ.გ–ა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან პირველი დასაქმებული) სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან ცენტრი) დასაქმებული იყო ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს მე-8 რაიონული სამსახურის უმცროსი ექიმის პოზიციაზე, ხოლო, მ.გ–ა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მეორე დასაქმებული) - ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს მე-8 რაიონული სამსახურის მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა.
2. მოსარჩელეთა სამუშაო დრო შეადგენდა კვირაში 48 საათს, 24 საათიანი ცვლის გრაფიკით. 2022 წლის დეკემბრის თვისთვის, პირველი მოსარჩელის ერთი 24-საათიანი ცვლის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 186 ლარს, მეორე მოსარჩელის - დარიცხულ 157 ლარს, 2023 წლის 1 იანვრიდან პირველი მოსარჩელის ანაზღაურება - დარიცხულ 204.6 ლარს, მეორე მოსარჩელის - დარიცხულ 172.7 ლარს. ამდენად, ზემომითითებულ პერიოდში პირველი მოსარჩელის - ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1 636.8 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელის - დარიცხულ 1 381.6 ლარს. 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, ცენტრის სამსახურის უმცროსი ექიმის პოზიციაზე დასაქმებული პირის ერთი ცვლის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 225 ლარით, რაც თვეში დარიცხულ 1 800 ლარს გულისხმობს, მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული პირის ერთი ცვლის ანაზღაურება კი, შეადგენდა დარიცხულ 190 ლარს, თვეში - დარიცხულ 1 520 ლარს. 2024 წლის 1 იანვრიდან, ცენტრის სამსახურის უმცროსი ექიმის პოზიციაზე დასაქმებული პირის ერთი ცვლის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 257.5 ლარით, რაც თვეში დარიცხულ 1 980 ლარს გულისხმობს, მძღოლის პოზიციაზე დასაქმებული პირის ერთი ცვლის ანაზღაურება შეადგენს დარიცხულ 209 ლარს, ხოლო თვეში - დარიცხულ 1 672 ლარს.
3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 24 აპრილის დასკვნების თანახმად, დასაქმებულებს დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის, მოხმარების ფაქტი.
4. დამსაქმებლის 2023 წლის 2 მაისის ბრძანებების (შემდეგში - სადავო ბრძანებები ან გასაჩივრებული ბრძანებები) საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა.
5. შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, იძულებითი მოცდენისა და იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნებისთვის პროცენტის დაკისრების მოთხოვნებით მოპასუხის წინააღმდეგ დასაქმებულებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით:
6.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;
6.2. სადავო ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი;
6.3. მოსარჩელეები სამუშაოზე აღდგენილ იქნენ;
6.4. პირველი დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა ყოველთვიურად 1 636.8 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 2 მაისიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდისთვის, ყოველთვიურად 1 800 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის და ყოველთვიურად 1 980 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2024 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის;
6.5. პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 1 023 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება. გარდა ამისა, პირველი დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის 1 023 ლარის 0.07%-ის (დასაბეგრი) გადახდა;
6.6. მეორე დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა ყოველთვიურად 1 381.6 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 2 მაისიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდისთვის, ყოველთვიურად 1520 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისთვის და ყოველთვიურად 1 672 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2024 წლის 1 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის;
6.7. მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 863.5 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება. გარდა ამისა, მეორე დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის 863.5 ლარის 0.07%-ის (დასაბეგრი) გადახდა, 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პროცენტის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მითითებულ ნაწილში დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
8.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ დასაქმებულების მიმართ უკიდურესი ღონისძიების გამოყენების, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზანშეწონილობა არ არსებობდა, რაც დასახელებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს ქმნიდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 54-ე მუხლი - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
8.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილშიც, გამომდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან, სშკ-ის 48.8, 48.9 და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 58-ე, 394.1, 408.1 და 411-ე მუხლებიდან.
8.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ კანონშეუსაბამოდ ჩათვალა იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის პროცენტის დაკისრების ნაწილში, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
- სშკ-ის 41.4 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48.9 მუხლით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კანონისმიერი პირგასამტეხლო - 0.07% დაერიცხა იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას, რაც ზემოაღნიშნულ მუხლს
ეწინააღმდეგებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმებას ექვემდებარებოდა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
9.1. დასაქმებულების საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მათი მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს იძულებითი განაცდურის კი არა, არამედ, იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაგვიანების გამო დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2023 წლის 17-30 აპრილის პერიოდში დამსაქმებელი მოსარჩელეებს იძულებითი მოცდენის პირობებში ამყოფებდა, რა დროსაც პირველ დასაქმებულს შეეძლო 1 023 ლარის ოდენობით ხელფასი გამოემუშავებინა, ხოლო, მეორე დასაქმებულს - 863.5 ლარის ხელფასი მიეღო. აღნიშნული თანხები დამსაქმებელს მოსარჩელეთათვის არ აუნაზღაურებია. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, იგივე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაა. შესაბამისად, ამ თანხების გადახდის დაგვიანების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება კანონთან შესაბამისია.
9.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფას მოითხოვს დამსაქმებელი, რომელიც საკასაციო საჩივარში შემდეგზე მიუთითებს:
- მოპასუხე ცენტრის შრომის შინაგანაწესის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, ცენტრში დასაქმებული პირის ან ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო, „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - დასაქმებული პირისთვის სხვა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს. დასახელებული შინაგანაწესი ითვალისწინებს სამსახურში მიღების მსურველი პირის ვალდებულებას, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარადგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა. შინაგანაწესის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომად მიჩნეულია დასაქმებულის მიერ დისკრედიტაციისკენ მიმართული საქციელი, განურჩევლად იმისა, სად არის ის ჩადენილი. კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის სპეციფიკა, სადაც თითოეული დასაქმებული იმის მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რომ, შესაძლოა, არასამორიგეო დღეს მისი სამსახურში გამოცხადება გახდეს საჭირო.
- თუკი სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მოსარჩელე დასაქმდა და მოცემული დავის განხილვისას შემოსავალს იღებდა, იძულებითი განაცდურის დამსაქმებლისთვის სრულად დაკისრება გამოიწვევს უფლებრივი რესტიტუციის მიზნის შელახვას და მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. საქმის გადაწყვეტისას სასამართლომ მითითებული გარემოება არ გამოიკვლია. ამდენად, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არასწორადაა გამოანგარიშებული.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლისა და 31 მარტის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები ცნობილია დასაშვებად და მიღებულია განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ხოლო მოპასუხე მხარის საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც იძულებითი მოცდენის ანაზღაურებაზე 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ დასაქმებულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ზემომითითებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რაც იმით დაასაბუთა, რომ 0.07%-ის ოდენობით კანონისმიერი პირგასამტეხლო საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 41.4 პუნქტის საწინააღმდეგოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურებას დაერიცხა, თუმცა საკითხის ამგვარად შეფასება არასწორია, შემდეგი გარემოების გამო:
11.1. სშკ-ის 41-ე მუხლით, რომელიც შრომის ანაზღაურების ფორმას, ოდენობასა და გაცემის დროს განსაზღვრავს, დადგენილია, რომ შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი
ხელშეკრულებით. შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48.9 მუხლით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
11.2. განსახილველი დავის სწორად გადასაწყვეტად, შემდეგი საკითხის გამორკვევაა აუცილებელი: 1 023 ლარი (პირველი მოსარჩელის შემთხვევაში) და 863.5 ლარი (მეორე მოსარჩელის შემთხვევაში), რომელთა 0.07%-ის ანაზღაურებასაც დასაქმებულები სარჩელით მოითხოვენ, არის თუ არა სშკ-ის 41.4 მუხლით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურება (მისი ნაწილი), რომლის გადახდის დაყოვნების პირობებში დამსაქმებელს კანონმდებელი პროცენტის ანაზღაურების ვალდებულებას წარმოუშობს.
დასმული საკითხის განხილვისას, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:
1). იძულებითი განაცდურის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ვალდებულების შესრულებაა. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს განაცდურის სამართლებრივი საფუძვლიდან, კერძოდ, განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგა. ასეთ შემთხვევაში, განაცდური ის შემოსავალია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილმა პირმა დათხოვნიდან აღდგენამდე პერიოდში ვერ მიიღო და უნდა მიიღოს, ვინაიდან ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება, შეწყვეტის მომენტიდან, გაგრძელებულად მიიჩნევა, შესაბამისად, განაცდურის ანაზღაურება დამსაქმებლის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებაა. განაცდურს ქართული სასამართლოები, როგორც ზიანს, ისე განიხილავენ (ნ.გუჯაბიძე, ქ.მესხიშვილი, საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, 2017, გვ.272, 273).
2). 2023 წლის 14 აპრილიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე, 2023 წლის 2 მაისამდე, მოსარჩელეებს არ ჰქონდათ შრომითი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა. 2023 წლის 14 აპრილი იყო პარასკევი, ამდენად, იძულებითი მოცდენის გამოთვლისას მხედველობაში მიიღება აპრილიდან (ორშაბათიდან) 2 მაისამდე პერიოდი. 2023 წლის 17-23 აპრილის კვირაში პირველი მოსარჩელის მიერ შესაძლო შესასრულებელი ცვლების გათვალისწინებით, იგი მიიღებდა დარიცხულ 409.2 ლარს, ამავე ანაზღაურებას მიიღებდა 24-30 აპრილის კვირაში, ხოლო 1 მაისს, შეეძლო შეესრულებინა ერთი ცვლა, რომლის ღირებულებაც 204.6 ლარია, რაც ჯამურად დარიცხულ 1 023 ლარს შეადგენს. ამავე პრინციპით, 2023 წლის 17-23 აპრილის კვირაში მეორე მოსარჩელის მიერ შესაძლო შესასრულებელი ცვლების გათვალისწინებით, იგი მიიღებდა დარიცხულ 345.4 ლარს, ამავე ანაზღაურებას მიიღებდა 24-30 აპრილის კვირაში, ხოლო 1 მაისს, შეეძლო შეესრულებინა ერთი ცვლა, რომლის ღირებულებაც 172.7 ლარია, რაც ჯამურად დარიცხულ 863.5 ლარს შეადგენს.
ზემომითითებული ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ სადავო შემთხვევა სშკ-ის 41.4 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში უნდა მოექცეს, რადგან 1 023 ლარი (პირველი მოსარჩელის შემთხვევაში) და 863.5 ლარი (მეორე მოსარჩელის შემთხვევაში), რომელთა 0.07%-ის ანაზღაურებასაც დასაქმებულები სარჩელით მოითხოვენ, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ანაზღაურებაა (კუთვნილი შრომის ანაზღაურების ნაწილი), რომელთა ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვისაც დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და წინამდებარე საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეს იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის 0.07% (დასაბეგრი) გადახდა უნდა დაეკისროს.
14. რაც შეეხება გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილებს, მათში წარმოდგენილი მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელი, სახელდობრ:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებების (რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა) ერთობლივი ანალიზის გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოქმედების ვალდებულების „უხეშ დარღვევად“ კვალიფიკაცია არამართებულია. აქედან გამომდინარე, დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე სადავო ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა გამომდინარე სსკ-ის 54-ე მუხლიდან (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) კანონისმიერად ჩაითვალა წარმატებულად.
ამავდროულად, ხსენებულ ნაწილში სამართლებრივი დასკვნის ჩამოყალიბებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო შემდეგი გარემოებები:
1). მოპასუხე ცენტრის შრომის შინაგანაწესის 31-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის, ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი წესების, მათ შორის - მოთხოვნების დარღვევა. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია - ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, ცენტრში დასაქმებული პირის ან ცენტრის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ის ჩადენილი თუ მის გარეთ, ხოლო „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად - ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან ასეთი ნივთიერების სამუშაო ადგილზე მოხმარება/მიღება, ან დასაქმებული პირისთვის სხვა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს დამსაქმებლის ავტორიტეტს.
2). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მარიხუანის აკრძალვა მორალური თვითდეგრადაციის მოტივით არ წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს. კონსტიტუცია უზრუნველყოფს პირის თავისუფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისეული გეგმები და მიზნები, განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც არ ვნებს სხვას. მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანის მოხმარება უკავშირდება გარკვეულ ნეგატიურ შედეგებს მომხმარებლისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს არჩევანი წარმოადგენს პირის პირად ავტონომიას, რაც დაცულია მისი თავისუფალი განვითარების უფლებით: შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვიტოს, გამოსცადოს ამ საშუალებების ეფექტები, მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული დოზით ნეგატიურად ზემოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. ამრიგად, მარიხუანის მოხმარების ისეთი შესაძლო შედეგები, როგორიცაა შრომისუნარიანობის დაქვეითება, აპათია და ჩაკეტილობა არ წარმოადგენს თავისუფალი განვითარების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება N1/13/732 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
3). სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 24 აპრილის დასკვნების თანახმად, მოსარჩელეებს დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის, მოხმარების ფაქტი. საქმის მასალებით არ დგინდება, და მოპასუხეც აღიარებს, რომ არ დგინდება მოსარჩელეთა მიერ შრომითი მოვალეობების შესრულებისას ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ან/და ნარკოტიკული ნივთიერების სამუშაო ადგილზე მიღება. დასაქმებულების მიმართ გამოყენებული არ ყოფილა სხვა დისციპლინური სახდელი.
4). დამსაქმებელს არ მიუთითებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია იმ გარემოების მტკიცება, რომ მოსარჩელეთა მიერ გაურკვეველ ვითარებაში, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებამ შრომითი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა გამოიწვია ან დამსაქმებელს რაიმე სახის, თუნდაც ავტორიტეტის შემლახველი, ზიანი მიადგა. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებულებმა მარიხუანა არასამუშაო პერიოდში მოიხმარეს, ასევე, არ დადასტურებულა სამუშაო მოვალეობების ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ შესრულება და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე პირების მიერ დასაქმებულების ამგვარი პირადი ცხოვრების სფეროს მიკუთვნებული ინფორმაციის მიღება.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისია (იხ. სუსგ: №ას-1159-1090-2015, 3.05.2016).
15. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც გამოკვეთილია, შესაბამისად, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენისა და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების გადაწყვეტილებაც უცვლელადაა დასატოვებელი.
მოცემულ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელეთა საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის საფუძველზე მოსარჩელეები გათავისუფლებული არიან შრომის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლიდან (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია), 41.1 მუხლის „ე“ (უვადო ან სამუდამო (გარდაცვალებამდე) გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება – სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით) და 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტებიდან (სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს, საკასაციო საჩივრისთვის - დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა) გამომდინარე, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრის დავის საგნის (პალატა მხედველობაში იღებს, თითოეული მოსაჩელის მიერ სადავოდ გამხდარ თანხას - 2 წელზე გაანგარიშებით) ღირებულების 5 პროცენტი 300 ლარზე ნაკლებს შეადგენს, რომელთა გადახდის ვალდებულებისგან ისინი გათავისუფლებული არიან, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს დასაქმებულების მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ტ.გ–ასა და მ.გ–ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.7 და 2.7 პუნქტები და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ტ.გ–ას სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაეკისროს 1 023 ლარის 0.07% (დასაბეგრი) გადახდა 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
5. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს მ.გ–ას სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაეკისროს 863.5 ლარის 0.07% (დასაბეგრი) გადახდა 2023 წლის 10 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს;
7. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოეში ტ.გ–ას მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;
8. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში მ.გ–ას მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა