Facebook Twitter

საქმე №ას-344-2025 11ივლისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,მ–ის’’ (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ შპს ,,გგპ-ს’’ (შემდეგში - მოსარჩელე ან კრედიტორი) მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 29 900 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ საჩივრით გაასაჩივრა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

4. აღნიშნულ განჩინებებზე მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი შემოიტანა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით შემდეგი საფუძვლით გაასაჩივრა:

- მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ 30-დღიან ვადაში გადაწყვეტილება მზად არ იყო; ამდენად, მხარის საჩივარი არაა წარდგენილი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და,

2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი). დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.

12. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

13. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოება: საჩივრის განხილვის დროის შესახებ სსკ-ს 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ცნობილი იყო მოპასუხის წარმომადგენლისთვის. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო მისი გამოცხადების მომდევნო დღიდან - 2024 წლი 9 ნოემბრიდან.

აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს, ამდენად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან - 2024 წლის 9 დეკემბრიდან და ამოიწურა 2024 წლის 23 დეკემბერს (ორშაბათი), რომელიც არ იყო არასამუშაო/უქმე დღე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება აპელანტს ჰქონდა 2024 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, საქმის მასალებით კი დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს 2024 წლის 31 დეკემბერს, ხოლო, საფოსტო განყოფილებას - 2024 წლის 27 დეკემბერს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ჩაჰბარდა.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

15. რაც შეეხება გადაწყვეტილების მომზადების ვადებთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებულ პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).

16. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა