11 ივლისი, 2025 წელი,
საქმე №ას-642-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ლ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ლ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, კრედიტორი, ბანკი) და ლ.ლ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მსესხებელი, მოვალე) შორის 2013 წელს ე.წ. „სოციალური ავანსის“ ხელშეკრულება (შემდეგში - სესხის ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლითაც მოპასუხეს 1 800 ლარის ოდენობით სესხი სამი წლით გადაეცა.
2. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი მოვალემ დაარღვია და სესხის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ გადახდა აღარ შეუსრულებია.
3. მსესხებლის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა კრედიტორს არ აღუძრავს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა გაუშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
4. 2020 წლის 10 აგვისტოს, ბანკსა და მოვალეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში - საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) გაფორმდა. კრედიტის თანხა 1 871 ლარს შეადგენდა, საპროცენტო განაკვეთი - 32%-ს, გარიგების მოქმედების ვადა - 25.01.2022წ. განისაზღვრა, ხოლო, კრედიტის მიზანი, მოსარჩელე ბანკის „ვალდებულების რეფინანსირება“ იყო.
5. ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა შორის 2013 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმული დავალიანების დაფარვა განხორციელდა. სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს რაიმე თანხა არ ჩარიცხვია.
6. 2020 წელს, კოვიდ-19 ვირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სახელმწიფოსგან მოპასუხეს 140 ლარის ოდენობით სოციალური დახმარება ჩაერიცხა, რომლის გაცემა მოსარჩელე ბანკს უნდა შეესრულებინა.
7. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით მოვალის წინააღმდეგ კრედიტორმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. იმავე სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა მსესხებელმა, რომელმაც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით: სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს 2 098.99 ლარის (მათ შორის: ძირი - 1 656 ლარი, პროცენტი - 422.99 ლარი, ჯარიმა - 20 ლარი) გადახდა დაეკისრა; შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა მოპასუხემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; მსესხებლის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; კრედიტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისთვის უნდა შეფასებულიყო, თუ რამდენად რეალური იყო საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის მოთხოვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდიდა აღნიშნული ხელშეკრულების ნამდვილობას და მის ბათილად ცნობას მოითხოვდა.
11.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის, 2013 წელს შედგენილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების ბერკეტები ბანკს ხანდაზმულობის საფუძვლით დაკარგული ჰქონდა. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რა ინტერესი ამოძრავებდა მოვალეს ხანდაზმული სასესხო ვალდებულების რეფინანსირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას. როდესაც ხდება ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტის თავისუფალი ნების შეფასება, უნდა დადგინდეს ის მოტივები, რაც ხელშემკვრელ მხარეს ნების გამოვლენისას ამოძრავებდა და რა სარგებელი უნდა მიეღო მას გარიგებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან არ იკვეთებოდა, თუ რა შესაძლო მიზანი უნდა ჰქონოდა მოპასუხეს ხანდაზმული ვალდებულების დასაფარად ახალი სესხის გაფორმებისას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2020 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მას ხელზე რაიმე თანხა არ მიუღია. იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდებოდა, რომ მოვალემ ძველ ვალდებულებას ახალი თანხა დაამატა ან ხელშეკრულებიდან სხვაგვარად რაიმე სარგებელი მიიღო, შესაძლოა სასამართლოს სხვაგვარი დასკვნები მიეღო. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე კრედიტის აღებით მოვალის სასარგებლო მოცემულობა არ დგინდებოდა, რაც მის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნების ნაკლზე პირდაპირ მიუთითებდა.
11.3. სააპელაციო სასამართლომ ხელშეკრულების გაფორმების პერიოდზეც მიაქცია ყურადღება, კერძოდ, დადგინდა, რომ მსოფლიო პანდემიის შედეგად შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე სახელმწიფომ სოციალური დახმარება გასცა, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს 140 ლარი უნდა მიეღო. მხარეთა, მათ შორის, ბანკის წარმომადგენლების განმარტებებიდან დადგინდა, რომ აღნიშნული თანხა მოვალეს ანგარიშზე „დაბლოკილი“ ჰქონდა, ვინაიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულება უფიქსირდებოდა, რომელიც, როგორც აღინიშნა, ხანდაზმული იყო.
შესაბამისად, სახელმწიფოსგან ჩარიცხული სოციალური დახმარების მიღების უფლებას მოპასუხე მოკლებული იყო. ამ მოცემულობის პარალელურად მოპასუხემ ბანკს სესხის ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიზანსაც ხანდაზმული სასესხო ვალდებულების დაფარვა წარმოადგენდა და რომლის შედეგადაც მოვალეს რაიმე თანხა ხელზე არ მიუღია.
ამდენად, 140 ლარიანი სოციალური დახმარების სანაცვლოდ მოპასუხეს ბანკმა ხანდაზმული ვალდებულება „გაუცოცხლა“ და შეასრულებინა, რომლის ანაზღაურებაც წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა.
11.4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შექმნილი მოცემულობა ქმნიდა სსკ-ის 54-ე მუხლით მოცემული ზნეობის საწინააღმდეგო გარიგების შემადგენლობას, რაც მისი ბათილობის საფუძველს წარმოადგენდა.
12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საკასაციო საჩივარი, მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე სსკ-ის 81-84-ე მუხლებზე მიუთითებდა, რომლებიც მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევებს აწესრიგებენ. ბანკის მხრიდან მოტყუების ფაქტი სარწმუნო მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, აღნიშნულის დასადასტურებლად იგი მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე მიუთითებდა. გარდა იმისა, რომ საკუთარ მტკიცებას მოწინააღმდეგე მხარემ თავი ვერ გაართვა, ბანკის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოტყუებას ადგილი არ ჰქონია. კასატორმა წარმოადგინა მსესხებლის მიერ ხელმოწერილი გარიგება, რომლის ხელმოწერით მოპასუხემ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ნება გამოავლინა.
მოპასუხის შეგებებული სარჩელი ხანდაზმულია, ამ უკანასკნელის განმარტებით, მოტყუების თაობაზე მან სარჩელის ჩაბარებისას გაიგო, რაც არასწორია. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელის ანგარიშიდან თანხა რამდენჯერმე ჩამოიჭრა, ხოლო ტრანზაქციის მიზნობრიობაში მითითებულია - „თანხის შეგროვება ვალდებულების დასაფარად“.
შესაბამისად, ვალდებულების არსებობის შესახებ მოსარჩელისთვის ჯერ კიდევ 2020 წლიდან იყო ცნობილი და, თუკი ის თავს მოტყუებულად მიიჩნევდა, სასამართლოსთვის სსკ-ის 84-ე მუხლით დადგენილ ერთწლიან ვადაში უნდა მიემართა, კერძოდ, ხსენებული ნორმის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2021 წლის აგვისტოში გავიდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
16. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, სახელდობრ, წარმოიშვა თუ არა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნა მსესხებლის მიმართ.
17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას იმის თაობაზე, რომ სადავოდ ქცეული გარიგება საზოგადოებაში მოქმედ ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება და, ასევე, კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფითაა დადებული, რაც მას საჯარო წესრიგის საწინააღმდეგოდ დადებულ ხელშეკრულებადაც აქცევს.
ზემომითითებულ მოსაზრებას საქმეზე გამოკვეთილი რამდენიმე გარემოება ამყარებს, კერძოდ:
1). კასატორსა და მოწინააღმდეგე მხარეს შორის 2013 წელს სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხეს 1 800 ლარის ოდენობით სესხი სამი წლით გადაეცა.
2). სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკი მოპასუხემ დაარღვია და სესხის გაცემიდან ერთი წლის შემდეგ გადახდა აღარ შეუსრულებია.
3). მსესხებლის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა კრედიტორს არ აღუძრავს, რითაც ამ უკანასკნელმა სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გაუშვა.
4). 2020 წლის 10 აგვისტოს, ბანკსა და მოპასუხეს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა. კრედიტის თანხა 1 871 ლარს შეადგენდა, საპროცენტო განაკვეთი - 32%-ს, მოქმედების ვადა - 25.01.2022 წლამდე განისაზღვრა, ხოლო, კრედიტის მიზანი იყო, მოსარჩელე ბანკის „ვალდებულების რეფინანსირება“.
5). ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა შორის 2013 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმული დავალიანება დაიფარა. სადავო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს რაიმე თანხა არ ჩარიცხვია.
6). 2020 წელს, კოვიდ-19 ვირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, სახელმწიფოსგან მოპასუხეს 140 ლარის ოდენობით სოციალური დახმარება ჩაერიცხა, რომლის გაცემა მოსარჩელე ბანკს უნდა შეესრულებინა. მხარეთა, მათ შორის ბანკის წარმომადგენლების განმარტებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინდა, რომ აღნიშნული თანხა ანგარიშზე მოპასუხეს „დაბლოკილი“ ჰქონდა, რადგან 2013 წლის კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულება უფიქსირდებოდა, რომელიც, როგორც აღინიშნა, ხანდაზმული იყო.
18. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 319-ე მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ე.ი. მოქმედებს პრინციპი - ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო თავისუფლებაც კანონისმიერ ჩარჩოშია მოქცეული.
სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ არის მიმართული. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ:
სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანი ისეთი გარიგებების თავიდან აცილებაა, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არაა, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს (იხ. სუსგ: №ას-212-201-2017, 15.05.2017; №ას-15-15-2016, 1.03.2016).
სსკ-ის 54-ე მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“, რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა; საჯარო წესრიგი; ზნეობის ნორმები... ამ მუხლის მიზანია, ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული... დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას, შემოწმების საგანია არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. სუსგ: №ას-10-2020, 24.06.2020).
სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია.
19. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საბანკო კრედიტის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს სსკ-ის 54-ე მუხლი შეიცავს.
განსახილველი შემთხვევა იმითაა გამორჩეული, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 3 აგვისტოს ახალი ხელშეკრულება მსოფლიო პანდემიის პირობებში გაფორმდა, რა პერიოდშიც, შექმნილი სოციალური ფონიდან გამომდინარე სახელმწიფომ სოციალური დახმარება გასცა, რომლის მიხედვითაც მოპასუხეს 140 ლარი უნდა მიეღო.
მხარეთა, მათ შორის, ბანკის წარმომადგენლების განმარტებებიდან დადგენილია, რომ აღნიშნული თანხა მოპასუხეს ანგარიშზე „დაბლოკილი“ ჰქონდა, ვინაიდან 2013 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასესხო ვალდებულება უფიქსირდებოდა, რომელიც, იყო ხანდაზმული.
შესაბამისად, სახელმწიფოსგან ჩარიცხული სოციალური დახმარების მიღების შესაძლებლობას მოპასუხე მოკლებული იყო.
ასეთი გარემოებების პარალელურად მოპასუხემ ბანკს სესხის ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის მიზანიც ხანდაზმული სასესხო ვალდებულების დაფარვა წარმოადგენდა და რომლის შედეგადაც მოვალეს რაიმე თანხა ხელზე არ მიუღია. აქედან გამომდინარე, თვალნათელია, რომ რეალურად 140 ლარიანი სოციალური დახმარების გაცემის სანაცვლოდ ბანკმა მოპასუხეს ხანდაზმული ვალდებულება „გაუცოცხლა“ და ახალი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოდგენილი სარჩელით 2 816.02 ლარის გადახდა მოსთხოვა.
20. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონის დასახელებული ნორმის შინაარსის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოცემულობა ქმნის სსკ-ის 54-ე მუხლის შემადგენლობას, რაც შედავებული გარიგების ბათილობის საფუძველია და თავდაპირველ სარჩელს წარუმატებელს ხდის, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებს.
21. რაც შეეხება მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობაზე კასატორის პრეტენზიას, აღსანიშნავია, რომ ხსენებული პრეტენზიის დასასაბუთებლად კასატორი სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოპასუხის მხრიდან მოტყუებით დადებული გარიგების ბათილობის მომწესრიგებელი ნორმის დეფინიციაზე მიუთითებს, რომლისთვისაც კანონით ხანდაზმულობის ერთწლიანი ვადაა დადგენილი. აღნიშნულ პოზიციას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიუთითებს შემდეგზე:
სამართალში მოქმედი პრინციპი “Da mihi factum, dabo tibi ius - მომეცი ფაქტები, მოგცემ სამართალს”, ცხადად წარმოაჩენს იმ დანაწესს, რომ მოსარჩელეს ევალება ფაქტების მითითება და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, ხოლო მოპასუხეს - მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების დამაჯერებლად და სამართლებრივად ვარგისი შედავებით უარყოფა (იხ. სუსგ: №ას-1387-2020, 11.03.2021). უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ (იხ. სუსგ: №ას-339-2023, 22.09.2023).
სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის არაკვალიფიციური შედავება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, და იმ პირობებში, როდესაც შეგებებული მოსარჩელის მიერ განხორცილებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზაციის ფარგლებში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ქმნის სსკ-ის 54-ე მუხლის შემადგენლობას, სასამართლო იმ უფლებამოსილებით აღიჭურვა, რომ დასახელებულ ნორმაზე დაყრდნობით 2020 წლის 3 აგვისტოს საბანკო კრედიტის სადავო ხელშეკრულება ბათილად ეცნო, რამაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება განაპირობა.
სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილად ცნობას კი არ აქვს რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, მის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში შეგებებულ მოსარჩელეს დაცული აქვს (შდრ. იხ.: სუსგ: №ას-761-729-2016, 31.01.2017; №ას-225-215-2016, 25.05.2016).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
25. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ლ.ბ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება # 5, გადახდის თარიღი - 13.05.2025) 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა