Facebook Twitter

13 მარტი, 2025 წელი,

საქმე #ას-962 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ.ს.ს.ც–ი“ (მოპასუხე)

II კასატორი - შპს „დ.ს.ს.ც–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან პაციენტი) შპს „ქ.ა. # ს.ს-ში“ აღრიცხვაზე და ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იმყოფებოდა. მკურნალი ექიმი - ნ. გ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მკურნალი ექიმი).

2. პაციენტმა მკურნალ ექიმთან ხუთი, მათ შორის სამი გეგმიური ვიზიტი განახორციელა. საჭირო კვლევები ექიმის მეთვალყურეობითა და დაკვირვებით ტარდებოდა.

3. ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა.

4. პაციენტს 2018 წლის 5 აპრილს, 23:00 საათზე, საშოდან მოულოდნელი სისხლდენა დაეწყო. მკურნალმა ექიმმა იგი შპს „დ.ს.ს.ც–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, სამედიცინო ცენტრი ან კლინიკა) გააგზავნა. სადაც საკეისრო კვეთით მკვდარი ნაყოფი ამოიყვანეს. ძლიერი სისხლდენის გამო, გაკეთდა საშვილოსნოს ამპუტაცია ორთავე ფალოპის მილთან ერთად. მიუხედავად ამისა, სისხლდენა არ შეჩერდა.

5. მოსარჩელეს 2018 წლის 6 აპრილს, 18:00 საათზე კვლავ ჩაუტარდა ოპერაცია, რა დროსაც მას მარჯვენა საკვერცხე ამოკვეთეს და სისხლდენა შეწყდა.

6. 2018 წლის 17 აპრილს მოსარჩელე კლინიკიდან გაეწერა.

7. მოსარჩელის მითითებით, არც ის და არც მისი ოჯახის წევრები საშვილოსნოსა და საკვერცხის ამოკვეთის აუცილებლობაზე ინფორმირებული არ ყოფილან და ამის შესახებ შემთხვევით, ოპერაციის შემდეგ, იქ მომუშავე ექთნისაგან გაიგო (იხ. მოსარჩელის ახსნა -განმარტება).

8. საკითხის შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, მოსარჩელემ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა.

9. სააგენტოს 2009 წლის 9 თებერვლის საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ - ,,პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია რეცენზირებულია სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, მეანობა-გინეკოლოგიური პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ.

რეცენზენტთა დასკვნით: ამბულატორიული მეთვალყურეობა ჩატარებულია სახელმწიფო სტანდარტის სრული დაცვით. ყველა ვიზიტი, კონსულტაციები, ანალიზები ჩატარებულია სრულად. პაციენტს, როცა ისვენებდა მაღალმთიან სოფელში, სადაც იყო ცუდი მისასვლელი გზა და არ არსებობდა სამედიცინო დახმარების საშუალება, 05.04.18წ, ღამის 23:00 საათზე დაეწყო ძლიერი სისხლდენა საშოდან, რაზეც ორსულის ახლობლებმა ტელეფონით შეატყობინეს მკურნალ ექიმს, რომელმაც სავსებით სამართლიანად ურჩია მიემართათ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებისთვის ან ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახ. ინტერვენციელ კლინიკაში (3 დონე), ქუთაისის ახალი №2 სამშობიარო სახლი არის 2 დონის კლინიკა და აქვს ნებადართული ორსულის და მშობიარის მიღება 34 კვირის ვადიდან, ანუ პაციენტი ექიმის მიერ იყო სწორად გადამისამართებული. 06.04.18წ., 03:30 სთ-ზე პაციენტი მოთავსდა მოპასუხე კლინიკაში მძიმე მდგომარეობით, მკვდარი ნაყოფით, ძლიერი სისხლდენით. 06.04.18წ., 03:50 სთ-05:40 სთ-ზე ორსულს ჩაუტარდა ოპერაცია: ლაპარატომია, საკეისრო კვეთა ქვედა სეგმენტში. საშვილოსნოს ამპუტაცია ორთავე ფალოპის მილთან ერთად. მასიური თანამედროვე მიდგომით (up-to-date). ასეთ შემთხვევაში მენეჯმენტი გამომდინარეობს ორგან-შემანარჩუნებელი ტაქტიკიდან:

1. შესაკუმში საშუალებები+პროსტაგლანდინები;

2.საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა;

3. B ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე.

არცერთი ეს მეთოდი ოპერაციის მსვლელობაში ნაცადი არ ყოფილა.

2018 წლის 6 აპრილს 16:00 საათზე, ექიმთა კონსილიუმის ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რადიკალური ოპერაციის (ჰისტერექტომია ორივე მილთან ერთად), პ/ო პერიოდში სისხლისა და სისხლის შემცვლელი გადასხმისა, ზოგადი მგომარეობა რჩება მძიმე. პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა, რაზეც მიუთითებს სისხლიანი გამონადენი დრენაჟიდან (1500მლ - 1600მლ) 18:00 საათამდე, დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებლები, მიუხედავად დიდი რაოდენობით სისხლის და სისხლისშემცვლელების გადასხმისა. ამ ეტაპზე ჩვენი აზრით უნდა დასმული ყოფილიყო რელაპარატომიის საკითხი, რომელიც მიუხედავად პაციენტის მძიმე მდგომარეობისა არ გაკეთდა 23.00 საათამდე. შესწავლის შდეგად შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა:

რეცენზენტთა შეფასებით - არ იქნა ნაცადი ორგან-შემანარჩუნებელი ტაქტიკა შესაკუმში საშუალებები+პროსტაგლანდინები; საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა; ,,B’’ ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე. პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა და უნდა დასმულიყო რელაპარატომიის საკითხი, თუმცა ექიმების ო.ს–ძის და ლ.ჯ–ძის მიერ გამოირიცხა შინაგანი სისხლდენა და რელაპარატომია 23 საათამდე არ გაკეთდა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პროფესიული საბჭოს წინაშე, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, სამედიცინო ცენტრის ექიმების - ო–ე ს–ძის, (სახ.სერტ.,,მეანობა-ინეკოლოგია’’), ზ.კ–ძისა (სახ.სერტიფ. ,,მეანობა- გინეკოლოგია’’) და ლ. ჯ–ძის (სახ.სერტიფ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა.

10. მოსარჩელისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 სხდომაზე სამედიცინო ცენტრის ექიმებისთვის - ო–ე ს–ძე (სერტ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’), ლ. ჯ–ძე (სერტ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’) და ზ.კ–ძე (სერტ. ,,მეანობა- გინეკოლოგია’’), წერილობითი გაფრთხილების მიცემა დადგინდა (იხ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №02/21703 შეტყობინება). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

11. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა, კლინიკაში სტაციონარულად მოთავსების შემდგომ მის სამედიცინო ისტორიაში აისახა.

12. სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ბ მოკლე ანამნეზის მიხედვით, ,,პაციენტის 1-ლი ორსულობაა. ორსულობა მიმდინარეობდა გაურთულებლად. ექოსკოპიურად დადგენილი ჰქონდა პლაცენტის დაბალი მიმაგრება. როგორც აღინიშნა, 2018 წლის 6 აპრილის ღამით, 23 საათზე ძილში დაეწყო სისხლდენა საშოდან, მუცლის - საშვილოსნოს მკვეთრი დაჭიმულობა და ტკივილი. სისხლდენა გაუძლიერდა, რის გამოც სოფლიდან კერძო მანქანით წამოვიდა სამშობიაროში. მოპასუხე დაწესებულებაში მას ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია, ამოყვანილ იქნა მკვდარი ნაყოფი. ოპერაციის მსვლელობისას ვინაიდან სისხლდენა გრძელდებოდა, გადაწყდა საშვილოსნოს ამპუტაცია მილებთან ერთად. მიუხედავად ამისა, სისხლდენა დრენაჟიდან გრძელდებოდა დღის 18 საათამდე და მოხდა მარჯვენა საკვერცხის ამოკვეთა, რის შემდეგაც სისხლდენა შეწყდა. გაწეული მკურნალობის შემდეგ 2018 წლის 17 აპრილს მოსარჩელე ბინაზე გაეწერა “.

13. ოპერაციული მკურნალობის შედეგად მოსარჩელეს ბიოლოგიური მშობიარობა ვეღარ დაუდგება, დარჩა ერთადერთი შესაძლებლობა - სუროგაცია (იხ. მოსარჩელის ახსნა-განმარტება).

14. ქუთაისის ქართულ-ამერიკული კლინიკა რეპროარტის 2022 წლის 8 ივნისის 03/09 ცნობის თანახმად, მოსარჩელე ქართულ-ამერიკულ აკადემია ,,რეტროარტში“ მკურნალობდა, მომსახურების ღირებულებაში შედის: 1. წინასაინვიტრო კვლევები - 1500 ლარის ფარგლებში; 2. ფოლიკულომასტიმულირებელი თერაპია - 3500 ლარის ფარგლებში; 3. ფოლიკულების ასპირაცია - 4100 ლარი; 4. ესაჭიროება სუროგატი.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამავე კლინიკის დიაგნოზია - საშვილისნოსთან დაკავშირებული ქალის უნაყოფობა; ქირურგიული მენოპაუზა. გეგმავს ორსულობას სუროგაციის პროგრამის გამოყენებით.

15. სუროგაცია საქართველოში ჩვეულებრივ - 20 000 აშშ დოლარიდან 54 000 აშშ დოლარამდე ღირს, რომლის ოდენობა კომპონენტებზე, სერვისზე და პუნქტების რაოდენობაზეა დამოკიდებული (იხ. ცნობა).

16. შპს ,,ბ.ფ–ის’’ დანართ ერთ და დანართ ორში აღნიშნულია იმ სამედიცინო პროცედურის საფასური, რაც აუცილებელია სუროგაციის პროგრამისათვის პაციენტისა და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. სუროგატი დედის მთლიანი კომპენსაცია - 17250 აშშ დოლარი (67 333 ეკვივალენტი ლარი), ხოლო სააგენტოს მოსაკრებელი და სუროგატი დედის მომზადებისათვის საჭირო თანხები ჯამურად - 12 000 ლარია.

17. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტთა (მეანობა-გინეკოლოგია) დ.გ–სა და თ.ჭ–ას მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი დოკუმენტაციის ექსპერტული ანალიზით: პაციენტი მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, საშოდან ძლიერი სისხლდენით 3:30 საათზე მძიმე მდგომარეობაში, მკვდარი ნაყოფითა და ძლიერი სისხლდენით სამედიცინო ცენტრში მოთავსდა.

შესვლის დიაგნოზი - ორსულობის 32 კვირა, თავით წინამდებარეობა, პლაცენტის დაბალი მიმაგრება აცლითა და გარეგანი სისხლდენით. მკვდარი ნაყოფი. ჰემორაგიული შოკი, 1-2 ხარისხის ანემია.

სისხლის დანაკარგი სტაციონარში მოთავსებამდე -1700-1900მლ. 03:15 წუთზე დაიწყო ოპერაცია, საკეისრო კვეთა ქვედა სეგმენტში. ამოყვანილ იქნა მკვდარი ახალშობილი, საშვილოსნოს ამპუტაცია ორივე მილთან ერთად. მასიური ჰემოტრანსფუზია - ინფუზია. ოპერაციის მსვლელობაში ესხმება სისხლი, კროპლამა, კრისტალოიდები.

საოპერაციო ოქმიდან - მუცლის ღრუს გახსნის შემდეგ მუცლის ღრუში სერიოზული სითხე 150მლ. რაოდენობით, საშვილოსნოს წინა კედელი მუქი ფერის, გაჟღენთილი სისხლით, გატარდა განაკვეთი საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში - დაიღვარა სისხლით გაჟღენთილი წითელი ფერის სანაყოფე სითხე, საშუალო რაოდენობით კოლტებთან ერად. 03:55წთ. თავით ამოყვანილია მკვდარი მდედრობითი სქესის ნაყოფი, წონა: 2000გრ. სიგრძე 44სმ. (ნაყოფის სხეულზე მაცერაციის და სიმახინჯის ნიშნები არ აღენიშნება). ნაყოფის ამოყვანისთანავე ჭრილში ამოვიდა მომყოლი, რომელიც აცლილი იყო დიდ უბანზე (თითქმის მთლიანად). საშვილოსნო მთლიანად გაჟღენთილი სისხლით, სახეზეა კუველერის საშვილოსნო, აღენიშნა სისხლდენა. გადაწყდა საშვილოსნოს ამპუტაცია მილებთან ერთად (კონსერვაციული ზომები - ელექტროკოაგულაცია სისხლმდენი ადგილების? ტამპონადა? ჰემოსტატიური ღრუბელი? პროფუზული სისხლდენა გრძელდებოდა). ოპერაცია ნაწარმოებია ტიპიურად. მუცლის ღრუში ჩაიდო პოლიეთილენის ირიგატორი, რომელიც გამოტანილია ჭრილში. ჰემოსტაზი სხეული.

შენიშვნები - ოპერაცია ნაწარმოებია სწრაფად, ორი მსხვილი კალიბრის ვენის მობილიზაციის შემდეგ. მუცლის ღრუში - სისხლით გაჟღენთილი საშვილოსნოს კედლები-საშვილოსნო-პლაცენტარული აპოპლექსია, ანუ კუველერის საშვილოსნო, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ატონიის მიზეზს. თანამედროვე მიდგომით (up-to-date), ესეთ შემთხევაში მენეჯმენტი გამომდინარეობს ორგან-შემანარჩუნებელი ტაქტიდან:

1. შესაკუმში საშუალებები+პროსტაგლანდინები;

2. საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა;

3. B-ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე.

როგორც ისტორიიდან ჩანს არცერთი ეს მეთოდი ნაცადი ოპერაციის მსვლელობაში არ იყო და ვინაიდან სისხლდენა გრძელდებოდა-გადაწყდა საშვილოსნოს ამპუტაცია მილებთან ერთად 06/04.2018; 18:00სთ.

2018 წლის 6 აპრილს 18:00 საათზე, ექიმთა კონსილიუმის ჩანაწერიდან ჩანს, რომ მიუხედავად რადიკალური ოპერაცისა (ჰისტერექტომია ორივე მილთან ერთად), პ/ო პერიოდში სისხლისა და სისხლისშემცველის გადასხმის, ზოგადი მდგომარეობა რჩება მძიმე. მუცლის ღრუს დრენაჟიდან მუქი ფერის სისხლიანი გამონადენი, რომელმაც ამ დროისათვის მიაღწია 1500-1600... . აღენიშნება ძლიერი ტაქიკარდია-128. მუცელი-ზომიერად შებერილი, ექოსკოპიით მუცლის ღარებში სითხე 70-100... HB 6,8გ/ლ , კოაგულოგრამა - N, ზომიერი ჰიპოპროტეინემია.

გამოტანილია დასკვნა, რომ შინაგან სისხლდენას ადგილის არ აქვს და გაგრძელდა კონსერვატიული მკურნალობა (სისხლის და სისხლისშემცველების გადასხმა).

21:00სთ PS- 120-126, გამონადენი დრენაჟიდან 18:00სთ-დან 21:00 საათამდე- 500მლ. HB-4.8გ/ლ.

23:00სთ. - HB-5გ/ლ, კოაგულოგრამა-№, გადაწყდა-რელაპარატომია.

შენიშვნები - პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა, რაზეც მიუთითებს სისხლიანი გამონადენი დრენაჟიდან- (1500- 1600...), 18:00 საათამდე, დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებლები, მიუხედავად დიდი რაოდენობით სისხლის და სისხლიშემცველების გადასხმისა. ამ ეტაპზე ჩვენი აზრით უნდა დასმული ყოფილიყო რელაპარატომიის საკითხი, რომელიც მიუხედავად პაციენტის მძიმე მდგომარეობისა არ გაკეთდა 23:00 საათამდე.

რელაპარატომიისას ამოკვეთილ იქნა მარჯვენა საკვერცხე, სისხლდანა შეწყდა და პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ოპერაციის აღწერა - გაიხსნა მუცლის ღრუ, მუცლის ღრუში ჩაღვრილი სისხლი როგორც თხიერი 100-150 ასევე კოლტის სახით 400-500 ამოსუფთავების შემდეგ დათვალიერდა მენჯის ღრუს ორგანოები: ტაკვი, დანამატები ვიზულურად უცვლელი, ჰემატომებისა და სისხლმდინარე უბნების გარეშე, ოპერაციაში ჩაერთო ქირურგი ზ. ჯ–ნი, რომელმაც გააფართოვა მუცლის განაკვეთი თეთრ ხაზზე. დათვალიერდა ღვიძლი, ელენთა, ნაწლავები და ბადექონი. პათოლოგია ნანახი ვერ იქნა სისხლდენის სავაუდო კერად მიჩნეულ იქნა მარჯვენა საკვერცხე?? რომელიც ამოიკვეთა, დუგლასის ფოსოში ჩაიდო დრენაჟი.

06/04/2018წ. 23:20სთ. ნაწარმოებია რელაპარატომია. მუცლის ღრუს რევიზით, სანაცია, მარჯვენა საკვერცხის ამოღება. წინასაოპერაციო დიაგნოზი: შინაგანი სისხლდენა, ჰემოპერიტონეუმი.

რეცენზენტთა შენიშვნები:

1. მუცლის ღრუში ნანახი სისხლის კოლტები მიანიშნებს კოაგულოპატიის არარსებობაზე;

2. საეჭვოა ჩანაწერი - სისხლდენის სავარაუდო კერად მიჩნეულია მარჯვენა საკვერცხე? - უნდა ჩაითვალოს, რომ ვინაიდან სისხლდენა შეწყდა მარჯვენა საკვერცხის ამოღების შემდეგ, სისხლდენის კერა იყო მარჯვენა საკვერცხე.

ოპერაციის შემდეგ პერიოდში მელოგინეს განუვითარდა პნევმონია, მწვავე ანემია. ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევები და პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე.

18. სამედიცინო ცენტრსა და თ.ა–ას შორის 2022 წლის 17 თებერვალს მოსარჩელისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ჯეროვნების შეფასების მიზნით, Nგმც 22 0317/1 ხელშეკრულება გაფორმდა.

მედიცინის აკადემიური დოქტორის, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრის, თ.ა–ას 2022 წლის 26 აპრილის ექსპერტული შეფასების მიხედვით, ,,კლინიკაში მოთავსებისთანავე მორიგე მეანების მიერ მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა მძიმედ. არსებული კლინიკური ნიშნების საფუძველზე სწორად იქნა ეჭვი მიტანილი პლაცენტის ნაადრევ აცლაზე, დიაგნოზი: ორსულობა 32 კვირის, ნაყოფის თავით წინმდებარეობა, დაბლა მიმაგრებული პლაცენტის აცლა, მკვდარი ნაყოფი, სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. მორიგე ექიმების მიერ დროულად, ეტაპობრივად განხორციელდა სისხლდენის მართვის ადეკვატური ნაბიჯები. ოპერაციის მსვლელობის მომენტში დადასტურდა პლაცენტის აცლის მესამე/მძიმე ხარისხი და დიაგნოსტირდა კიუველერის საშვილოსნოს დიაგნოზი, რომელიც უმეტესწილად, ჰისტერექტომიის წარმოების ჩვენებას წარმოადგენს, აგრესიული უტეროტონული თერაპიის ფონზე გადაწყდა საშვილოსნოს შენარჩუნება, შეყვანილ იქნა ოქსიტოცინის ინფუზია, თუმცა სისხლდენა არ შეჩერდა, მდგომარეობა გაუარესდა და მიღებულ იქნა სწორი გადაწყვეტილება, არ გაეგრძელებინათ არაეფექტური, კონსერვატიული, ორგანოშემანარჩუნებელი ინტერვენციები და დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის აცილების მიზნით, მოხდა ჰისტერექტომია’’.

ექსპერტი მიუთითებს, რომ მშობიარობის შემდგომი სისხლდენის გაიდლაინების/პროტოკოლების და Uptodate-ის რეკომენდაციების მიხედვით, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის კონსერვატიული მართვის მიზნით ნამდვილად მოწოდებულია განსხვავებული ინტერვენციები, მაგრამ მათი გამოყენება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: დაკარგული სისხლის მოცულობაზე, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმეზე, სისხლდენის გამომწვევ მიზეზებზე. მაგ.: ატონიური სისხლდენის დროს უპირატესობა ენიჭება უტეროტონიკების გამოყენებას, საშვილოსნოს სისხლძარღვების გადაკვანძვას, კომპრესიული ნაკერის დადებას, ხოლო საშვილოსნოს ქვედა სეგმენტიდან სისხლდენის დროს ეფექტურია საშვილოსნოს ტამპონადის წარმოება, ადგილობრივი ჰემოსტატური საშუალებების გამოყენება, რადგან უტეროტონური საშუალებების გამოყენება ამ შემთხვევაში ნაკლებად ეფექტურია, განსაკუთრებით კიუველირის საშვილოსნოს დროს. გადაწყვეტილება კონსერვატიული მეთოდების გამოყენების ხანგრძლივობისა და სისხლდენის მართვის საბოლოო ეტაპზე, ანუ ჰისტერექტომიაზე გადასვლის შესახებ უნდა მიიღოს კლინიცისტმა და მოცემულ შემთხვევაშიც მეანმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სისხლდენის მიზეზი იყო ატონიური და არ დაკარგა დრო მისი მართვის მიზნით მოწოდებული კონსერვატიული მართვის მეთოდების გამოყენებაზე, რითაც შესაძლებელი გახდა დედის გადარჩენა.

დასკვნის თანახმად - სამედიცინო ცენტრში პაციენტსთვის გაწეული სამედიცინო დახმარება ეროვნული პროტოკოლისა და Uptodate-ის და FIGO რეკომენდაციებით განხორციელდა, კერძოდ, კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა შეფასდა ადექვატურად, დროულად იქნა დაწყებული პირველსაწყისი სარეანიმაციო ღონისძიებები და ოპერაციული ჩარევა, სწორად განისაზღვრა ოპერაციული ჩარევის მასშტაბი, ადექვატურად ჩატარდა ტრანსფუზიულ-ინფუზიური თერაპია, რამაც განაპირობა პაციენტისათვის სიცოცხლის შენარჩუნება მისი ჯანმრთელობისათვის მინიმალური რისკების მიყენებით (იხ. დასკვნა).

19. პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა „სამედიცინო მომსახურების გაწევაზე“, სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება.

20. 2024 წლის 5 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე დასკვნის გამცემმა ექიმმა თ.ა–ამ გამნმარტა:

,,უშუალოდ შევეხები იმ საკვანძო მომენტებს რომლებიც ეხება ასეთი მდგომარეობის მართვას. მასალა სრულად მაქვს შესწავლილი, უპირველესად ძალიან მიხარია რომ პაციენტი ჯანმრთელია და კარგად გრძნობს თავს. დიაგნოზი რაც პაციენტს ჰქონდა - დაბლა მიმაგრებული პლაცენტა, საჭიროებდა ძალიან განსხვავებულ, ძალიან აქტიურ მინტორინგს, კონსულტაციის ექიმს თავის დროზე უნდა დაესვა ეს დიაგნოზი და შეეფასებინა სისხლდენის რისკი. მარტივად რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ პლაცენტის აცლა თავისი მიმდინარეობის მიხედვით არის სიცოცხლის ზღვარზე გასული მდგომარეობა, ეს საერთაშორისო სახელწოდებაა მისი. ქალბატონი, რომელიც კლინიკაში შემოვიდა ამ მდგომარეობაში იყო. საოცრად არასტაბილური, მას რამოდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდა სისხლდენა, მუცლად მყოფო ნაყოფი იყო მკვდარი. მუცლის ღრუ რომ გაიხსნა სრულად აცლილი იყო პლაცენტა, ნაყოფი იყო მაცერირებული - ანუ ეს იყო დიდი ხნის ამბავი, ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ პაციენტი შემოვიდა ისეთ მდგომარეობაში, სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე, ეს კლინიკის ექმების ბრალი არ არის.

მეანობა არ არის ზუსტი მეცნიერება, მეანობა პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან იკვლევა. აქ იყო ლაპარაკი სიკვდილ-სიცოცხლეზე. ამ დროს ექიმს ვერ მოთხოვ განსაზღვროს პაციენტს ბავშვი კიდევ ეყოლება თუ არა, აქ არის საუბარი ქალის გადარჩენაზე. ამ დროს საჭიროა ექიმის კლინიკური აზროვნება - მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

ამ შემთხვევაში ექიმი სწორად მიხვდა რომ ეს იყო კოაგულოპატიური სისხლდენა, ამიტომ არ გამოიყენა ის მეთოდი რაზეც გვეუბნებიან რომ უნდა გამოეყენებინა, რომ გამოეყენებინა, დაიკარგებოდა დრო და პაციენტი დაიღუპებოდა. ეს ისეთი სისხლდენაა, რა დროსაც სისხლი ყველა ორგანოდან შეიძლება წამოვიდეს და ამ დროს პაციენტი კვდება.

რაც შეეხება საკვერცხეს, იგი იყო თუ არა სისხლდენის მიზეზი ამას ზუსტად ვერავინ გაიგებს. კოაგულოპატიური სისხლდენა ბევრად უფრო რთული სამართავია, იმიტომ რომ რაც არ უნდა შესაკუმში საშულება გაუკეთო ამ დროს პაციენტს საშვილოსნო არ იკუმშება და პაციენტი იღუპება.

ის მდგომარეობა რაც ამ ქალბატოს ჰქონდა, ჩათვალეთ რომ 98%-ში უნდა ჩატარდეს ოპერაცია, იმიტომ რომ ჰქონდა პლაცენტის სრული აცლა და ნაყოფი იყო მკვდარი. ეს ქალბატონი რომ გადარჩა ღმერთის მადლობელი უნდა იყოს.

21. ექსპერტ დ.გ–ს განმარტებით - “რაც პაციენტს ჰქონდა ეს ის საშიში, ვერაგი დიაგნოზია, რასაც ძალიან ხშირად შედეგად შეიძლება მოჰყვეს ქალის გარდაცვალება.

პაციენტი ოპერაციას აუცილებლად საჭიროებს როცა სისხლი არ დედგება. ამიტომ თუ სისხლი არ შეჩერდა იგი კოაგულოპატიაში გადადის. ვინაიდან ამ შემთხვევაში, იყო სისხლი კოლტები, ე.ი. სისხლი შედედება კიდევ შესაძლებელი იყო. ამიტომ ყველაფერი დრულად იქნა დაცული და პაციენტი გადარჩა.

ატონიური სისხლდენა არის როცა ორგანიზმი სისხლისგან იცლება და ბოლოს გადადის კოაგულოპატიურ სისხლდენაში. მეც ამ შემთხვევაში იგივეს გავაკეთებდი რაც ექიმებმა გააკეთეს, რადგან ვერავინ ვერ განსაზღვრავს როგორ განვითარდება სისხლდენა, ამიტომ ექიმები სწორი მიმართლებით არიან წასული და ქისტეროთომია (საშვილოსნოს ამიღება) სწორად განხორციელდა.

ხუთი წუთითაც რომ დაგვიანებულიყო ოპერაცია, შეიძლება იგი წარუმატებელიც ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ვამბობ, თუ გადაიზრდებოდა კოაგულოპატიურ სისხლდენაში, პაციენტი ვეღარ გადარჩებოდა. ამ დროს ყველა სისხლძარღვიდან, შეიძლება თვალებიდანაც, ყურებიდანაც წამოვიდეს სისხლი, მას ვერავინ ვეღარ აჩერებს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ქისტეროთომია (საშვილოსნოს ამოღება) ყველა შემთხვევაში იყო საჭირო.

თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ წესებს ექიმი გაივლიდა, დროს დაკარგავდა და შეიძლება ქალი დაღუპულიყო. აქ დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სისხლდენა და პაციენტი კლინიკაში დაგვიანებული მივიდა.

ექიმი საშვილოსნოს ამპუტაციაზე გადავიდა იმიტომ, რომ სისხლის დანაკარგი ძალიან დიდი იყო და ყველა სხვა მოქმედება სიცოცხლისთვის საშიში გახდებოდა. შესაძლებელია 2-3 წუთი დაგვიანებული ყოფილიყო და ქალი დაიღუპებოდა. აღარც ამპუტაცია აღარ უშველიდა მერე.

პაციენტის ინფორმაციული თანხმობა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ასეთ პაციენტს კი არა მშობიარესაც ვაფრთხილებთ, რომ შეიძლება ოპერაცია დასჭირდეს. ამ შემთხვევაში იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო ალბათ ინფორმაციული თანხმობა არ იყო აუცილებელი. რაც შეეხება მეორე ოპერაციას აუცილებელი იყო თანხმობა, თუ ის იქნებოდა გონზე. თუ ასეთ დროს ოჯახის წევრები ადგილზეა ვცდილობთ ისინი ჩავაყენოთ საქმის კურში. არის შემთხვევები როცა პაციენტი გვიწერს ხელს, ზოგჯერ უარს ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას ვაკეთებთ. თუ პაციენტმა არ მოგვცა თანხმობა ოპერაციას მაინც ვაკეთებთ. რამოდენიმე ექიმი ვისაც შეხება აქვს შემთხვევასთან ვაწერთ ხელს და მაინც ვაკეთებთ ოპერაციას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს შემთხვევა ძალიან რთული იყო, მაგრამ ექიმების სწორი მოქმედებით ამ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“.

22. ექსპერტ თ.ჭ–ას განმარტებით კი - „საქმე გვქონდა ძალიან რთულ პათოლოგიასთან, რომლის 70-80%-ში თუ დროულად არ იქნება მიღებული ზომები, იწვევს ქალის სიკვდილს.

ამ შემთხვევაში, პლაცენტა იყო აცლილი, რაც იწვევს სისხლდენას და საჭიროებს სასწრაფო ჩარევას. გააჩნია კიდევ უბანს. არსებობს სამი სახის პლაცენტის აცლა. პირველი - როცა აცლილია 1/3; მეორე - როცა აცლილია ნახევარი და მესამე - როცა მთლიანად აცლილია. ამ შემთხვევაში, პლაცენტა იყო მთლიანად აცლილი ანუ იყო მესამე ხარისხის პლაცენტის აცლა, რამაც გამოიწვია ნაყოფის სიკვდილი და ძლიერი სისხლდენა. საშვილოსნო გაიჟღინთა სისხლით, მან საათნახევარი მოანდომა კლინიკაში მოსვლას, სისხლდენა გრძელდებოდა, ამიტომ აუცილებელი გახდა სასწრაფო ოპერაციული ჩარევა.

მე ჩემს პრაქტიკაში ბევრი მქონია ასეთი შემთხვევა და უმეტესობა დამთავრებულა ქისტერესკოპიით (საშვილოსნოს ამოღება).

საკვერცხის ამოღება უკავშირდება ჩატარებულ ოპერაციას, პირველი ოპერაცია რომ არ გაკეთებულიყო არც მეორე ოპერაცია დასჭირდებოდა ალბათ. მე ასე მგონია ცოტ-ცოტას ჟონავდა სისხლი, ამიტომ ჟონავდა დრენაჟიდან, დაიწია ჰემოგლობინმა, მაჯა აჩქარებული იყო 124-128 წთ-ში, გახდა საჭირო ამ სისხლდენის მიზეზის პოვნა.

ინფორმაციული თანხმობის მიღება პაციენტისგან აუცილებელია, მაგრამ როცა ეს შეუძლებელია კომისიური წესით სამ ექიმს შეუძლია დაადასტუროს ეს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება ოპერაციის შესახებ თანხმობის გარეშე.

მედიცინა არ არის იურისპრუდენცია ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. როცა მძიმეა შემთხვევა ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცეს ამ სიტუაციაში. მთავარია რომ პაციენტი გადარჩეს.

მე პირადად ზოგჯერ გამომიყენებია ზოგჯერ არა, ზოგჯერ გაამართლა, ზოგჯერ არა. მსუბუქ შემთხვევებში, შეიძლება ყველა ღონისძიება გამოვიყენოთ რაც პროტოკოლშია მითითებული, მძიმე შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევა საუკეთესო გამოსავალია, რათა პაციენტი გადარჩეს“.

23. ზემოღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცესში არ გაეწია ადეკვატური - პროტოკოლთან შესაბამისი მკურნალობა და არც მოსალოდნელი შედეგის შესახებ ყოფილა ინფორმირებული.

24. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და მიუთითა, რომ სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, თუმცა საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა იმ ფაქტობრივ ნაწილს, რომ მოსარჩელისგან (მისი ოჯახის წევრისგან) ინფორმირებული თანხმობა არ მიღებულა და მას მართლაც არ ჩატარებია მკურნალობის ყველა ელემენტი სრულად; კერძოდ, საქმის მთავარი სხდომის მიმდინარეობისას მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტებები იმგვარად წარმოაჩინა, რომ პროფესიონალი ექიმების შეფასებით კონკრეტულად ამ ყველა მეთოდის გამოყენება არ იყო არანაირი შედეგის მომცემი დროის დაკარგვის თვალსაზრისითაც, რის გამოც პრიორიტეტი მიენიჭა ადამიანის სიცოცხლეს და მოხდა პაციენტისთვის სიცოცხლის შენარჩუნება. ხოლო ასეთ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვერ მოხერხდებოდა პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის ინფორმირება და თანხმობის მიღება (იხ. სხდომის ოქმი).

25. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მატერიალური ზიანის - 67 333 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

26. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მატერიალური ზიანის - 67 333 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (სარეზოლუციო ნაწილის 1.1. 1.2 და 2 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა;

28. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

28.1. I კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებული ექსპერტის დასკვნა, სახელმწიფო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დასკვნას ეწინააღმდეგება რომელმაც დარღვევა, სწორედ პროტოკოლის მოთხოვნათა უარყოფის გამო დაადგინა.

კასატორის მითითებით, მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა. ექიმის მიერ რთული სიტუაციის მართვის პროტოკოლის გადახვევა, პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგოა.

მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვა იმგვარი ხასიათის ხელყოფაა რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად აქცევს. მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მომავალში ბავშვს ვერ გააჩენდა, რამაც დათრგუნა და მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული თანხა კი, კიდევ უფრო ამძაფრებს მის მორალურ მდგომარეობას (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

28.2. მეორე კასატორის მტკიცებით, პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის დარღვევა მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შეიძლება გახდეს, როდესაც აღნიშნულმა მას ზიანი მიაყენა. განსახილველ შემთხევაში, საშვილოსნო მართებულად ამოიჭრა, შესაბამისად, არც მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან მოპასუხე მხარის საკასაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

30. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელს/კასატორის პრეტენზიები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტები და არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები, ნაწილობრივ დასაბუთებულია.

31. სსკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის.

32. სსსკ-ის მე-4 მუხლით მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

33. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 1007-ე მუხლის შინაარსზე და განმარტავს, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხი წინაპირობის არსებობას მოითხოვს: უნდა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის და ბრალი. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი (საქმე №ას-1124-1044-2017, 30.07.2018წ.).

34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა, ქირურგიული ოპერაცია და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. პაციენტს ზიანის ანაზღაურების უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ: 1. სამედიცინო საქმიანობის მიზანი მიღწეული არ არის (ადამიანის ჯანმრთელობის აღდგენა და სიცოცხლის შენარჩუნება) და 2. მედიცინის მუშაკის ქმედება არ შეესაბამება სამედიცინო მაჩვენებლებს. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არამარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ უმოქმედობასაც.

ამ ტიპის დელიქტებში, როგორც წესი, არ არის პირდაპირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მარტივად, სამედიცინო დელიქტი არის სამედიცინო ზრუნვა ან მკურნალობა, რომელიც არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტს და ზიანს აყენებს პაციენტს. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო პერსონალის (ექიმის) მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი.

35. პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

36. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება განთავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი ფუნქციონირებით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).

37. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.

38. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ, უმოქმედობასაც.

39. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.

40. მკურნალობის (ქირურგიული ოპერაცია ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციისას) დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა (ქირურგიული ოპერაცია) სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; საქმე №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).

41. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა.

42. საექიმო შეცდომად მიიჩნევა ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევა, რამაც განაპირობა პაციენტის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებები (ქირურგიული ოპერაცია), რაც, თავის მხრივ, პაციენტისათვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა. ექიმს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ პაციენტს მართლზომიერად და უშეცდომოდ უმკურნალეს, იგი პასუხს აგებს არასწორ მკურნალობაზე და მხოლოდ ასეთი მკურნალობის თანმდევ უარყოფით შედეგზე. ამდენად, ექიმის პასუხისმგებლობის საფუძველი არის არა მკურნალობის უარყოფითი შედეგი, არამედ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა (სუსგ საქმე №1268-1526-09, 25.05.2010წ.).

43. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას (ქირურგიული ჩარევისას) შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ.: სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11.05.2018წ., 78).

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

45. ქირურგიული ოპერაციის დროს სამედიცინო შეცდომის, წარმოქმნილი ზიანისა და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენა სწორედ მოსარჩელის/პაციენტის მტკიცების ტვირთია, განსახილველ შემთხვევაში მან შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება, კერძოდ:

45.1. დადგენილია რომ 2018 წლის 6 აპრილს მოსარჩელემ მოპასუხე კლინიკაში გაიკეთა საკეისრო კვეთა, ამოყვანილ იქნა მკვდარი ნაყოფი.

45.2. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, რა დროსაც მოხდა მისთვის ჯერ საშვილოსნოსა და შემდეგ მარჯვენა საკვერცხის ამოკვეთა.

45.3. მოსარჩელის მტკიცებით, მას მოპასუხე კლინიკაში გაეწია არასრული მკურნალობა (დადგენილი სახელმწიფო პროტოკოლისგან განსხვავებული, არასრულყოფილი მეთოდებით), რის გამოც მას დროულად ვერ შეუჩერეს სისხლდენა და ამოკვეთეს საშვილოსნო და შემდეგ მარჯვენა საკვერცხე. მოპასუხის ამ ქმედებით მას წაერთვა შვილოსნობის უნარი.

45.4. დადგენილია ისიც, რომ პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა „სამედიცინო მომსახურების გაწევაზე“, სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება.

45.5. ასევე დადგენილია, რომ საკითხის შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, მოსარჩელემ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა.

45.6. შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები:

1. არ იქნა ნაცადი ორგან-შემანარჩუნებელი ტაქტიკა (შესაკუმში საშუალებები + პროსტაგლანდინები;

2. საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა;

3. ,,ბ’’ ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე.

პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა და უნდა დასმმულიყო რელაპარატომიის საკითხი, თუმცა ექიმების მიერ გამოირიცხა შინაგანი სისხლდენა და რელაპარატომია არ გაკეთდა 23 საათამდე’’.

45.7. უდავოა, რომ მოსარჩელისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 17 აპრილის №5 სხდომაზე სამედიცინო ცენტრის ექიმებისთვის - ო–ე ს–ძე (სერტ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’), ლ. ჯ–ძე (სერტ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’) და ზ.კ–ძე (სერტ. ,,მეანობა- გინეკოლოგია’’), წერილობითი გაფრთხილების გამოცხადება დადგინდა (იხ. სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილის №02/21703 შეტყობინება).

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირების მიერ არ გასაჩივრებულა.

45.8. იმავე შინაარსის დარღვევაზეა საუბარი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტთა (მეანობა-გინეკოლოგია) დ.გ–სა და თ.ჭ–ას მიერ პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ამსახველი დოკუმენტაციის ექსპერტული ანალიზში. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოპერაცია ნაწარმოებია სწრაფად, ორი მსხვილი კალიბრის ვენის მობილიზაციის შემდეგ. მუცლის ღრუში - სისხლით გაჟღენთილი საშვილოსნოს კედლები-საშვილოსნო-პლაცენტარული აპოპლექსია, ანუ კუველერის საშვილოსნო, რომელიც წარმოადგენს საშვილოსნოს ატონიის მიზეზს. თანამედროვე მიდგომით (up-to-date), ესეთ შემთხევაში მენეჯმენტი გამომდინარეობს ორგან-შემანარჩუნებელი ტაქტიდან:

1. შესაკუმში საშუალებები+პროსტაგლანდინები;

2. საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა;

3. B-ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე.

როგორც ისტორიიდან ჩანს არცერთი ეს მეთოდი ნაცადი ოპერაციის მსველობაში არ იყო და ვინაიდან სისხლდენა გრძელდებოდა-გადაწყდა საშვილოსოს ამპუტაცია მილებთან ერთად 06/04.2018; 18:00სთ.

პაციენტს ოპერაციის შემდეგ განუვითარდა შინაგანი სისხლდენა, რაზეც მიუთითებს სისხლიანი გამონადენი დრენაჟიდან- (1500- 1600...), 18:00 საათამდე, დაბალი ჰემოგლობინის მაჩვენებლები, მიუხედავად დიდი რაოდენობით სისხლის და სისხლისშემცველების გადასხმისა. ამ ეტაპზე ჩვენი აზრით უნდა დასმული ყოფილიყო რელაპარატომიის საკითხი, რომელიც მიუხედავად პაციენტის მძიმე მდგომარეობისა არ გაკეთდა 23:00საათამდე.

45.9. საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმაც დაადასტურა ზემოაღნიშნული პროტოკოლით მკურნალობის მნიშვნელობა, თუმცა, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მათი სრულად გამოყენება შედეგს ვერ გამოიღებდა, შესაბამისად, უპირატესობა პაციენტის სიცოცლეს მიენიჭა.

46. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მოსარჩელის მკურნალობის პროცესში თანამედროვე სამედიცინო მიდგომით გათვალისწინებული და კონკრეტული სამედიცინო დიაგნოზით დასაშვები ორგანოშემანარჩუნებელი ტაქტიკა (შესაკუმში საშუალებები + პროსტაგლანდინები; საშვილოსნოს მაგისტრალური სისხლძარღვების გადაკვანძვა; ბ ლინჩის ნაკერი საშვილოსნოზე) ოპერაციის მსვლელობისას არ გამოყენებულა (იხ.პაციენტის იტორია).

47. ექიმ-გინეკოლოგი თ.ა–ას სამედიცინო შეფასებაში მართალია, მითითებულია, რომ მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იყო სწორი გადაწყვეტილება, პაციენტის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად თუმცა, შეფასება არ შეიცავს მსჯელობას დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის მეთოდების სრულად გამოყენებით, კონსერვატიული, ორგანოშემანარჩუნებელი ინტერვენციები რატომ არ უნდა გამოეყენებინათ და რატომ იქნებოდა იგი არაეფექტური პაციენტისათვის; ან რა იყო მათი გამოყენების დაუძლეველი დამაბრკოლებელი გარემოება, როდესაც დადგენილი პროტოკოლი ამ მეთოდების გამოყენებას მსგავს შემთხვევაში პრიორიტეტულად ითვალისწინებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ მოსაზრებას მისი სუბიექტური ხასიათიდან გამომდინარე არ იზიარებს.

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კლინიკური მკურნალობის პროცესში სწორედ იმ ფაქტის გათვალისწინებით, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სრულყოფილ მკურნალობას ეხება, დაუსაბუთებელია, მკურნალობის/ქირურგიული ჩარევის პროცესში იმგვარი გადაწყვეტილების მიღება, რომლის ფარგლებშიც მიზანშეწონილად ჩაითვლება ორგანოშემანარჩუნებელი ყველა მეთოდის უგულებელყოფა/გარიცხვა. მით უფრო იმ მოცემულობით, როცა კლინიკისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის ავადმყოფობის მიმდინარეობა, რომლის ფარგლებშიც ჩატარებული საკეისრო კვეთის შემდგომ არ მოხდა სათანადო მეთოდების გამოყენება სრულყოფილად, არ დაისვა შინაგანი სისხლდენის დიაგნოზი და ოპერაციის შემდეგაც მოსარჩელეს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა სისხლდენა.

შესაბამისად, გამოიკვეთა, რომ საშვილოსნოს ამოკვეთა უშედეგო აღმოჩნდა და სისხლდენა მხოლოდ მარჯვენა საკვერცხის ამოკვეთის შემდეგ შეწყდა.

49. ამდენად, კლინიკის ექიმთა მიმართ გამოცხადებული დისციპლინური სახდელი-წერილობითი გაფრთხილება, მიუთითებს სამედიცინო შეცდომაზე (პროტოკოლით დადგენილი წესის დარღვევაზე) და ადასტურებს მოსარჩელის მკურნალობის პროცესში მოპასუხის პერსონალის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტს. ამასთან, თავად დამდგარი შედეგი მიუთითებს პაციენტის მკურნალობის პროცესის იმგვარ არასათანადო მართვაზე, რომლის შედეგადაც მოხდა პაციენტისათვის ბიოლოგიურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს საშვილოსნოსა და მარჯვენა საკვერცხის ამოკვეთა.

50. საწინააღმდეგოს მტკიცება მოპასუხეს ევალებოდა. კლინიკამ კი, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო. სახელდობრ, სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვერ დაადასტურეს დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის მეთოდების სრულად გამოყენებით, კონსერვატიული, ორგანოშემანარჩუნებელი ინტერვენციები რატომ არ უნდა გამოეყენებინათ და რატომ იქნებოდა იგი არაეფექტური პაციენტისათვის, ან რა იყო მათი გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, როდესაც მსგავს შემთხვევაში დადგენილი პროტოკოლი ამ მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს.

51. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ კლინიკამ ვერ დაადასტურა, რომ ადეკვატური, პროტოკოლის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით მკურნალობის სრულად ჩატარების შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა დამდგარი მძიმე შედეგის თავიდან აცილება.

52. დადგენილია, რომ სამედიცინო პერსონალის მოქმედება გამოიხატა აუცილებელი, შესაბამისი გულისხმიერებისა და წინდახედულების დარღვევაში, პროტოკოლით დადგენილი მეთოდების არასრულად გამოყენებაში, რამაც მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუარესება გამოიწვია. მოქმედება მართლსაწინააღმდეგოა, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მართლწინააღმდეგობასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი კომპენსაციის სახით ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან. ვინაიდან, უდავოა, რომ მოსარჩელემ დაკარგა შვილის გაჩენის უნარი, ხოლო სუროგაციის გზით შვილის გაჩენა დაკავშირებულია საკმაო ოდენობის თანხებთან, რომელიც მის მიერ შესწავლილ იქნა შესაბამის დაწესებულებებში და რომლის ჯამური ღირებულება - 67 333 ლარია.

53. მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გათვალისწინებით მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

54. სსკ-ის 413-ე მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით; სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 19.1 მუხლის შესაბამისად, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ („გ“ ქვეპუნქტი), ასევე, დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის თაობაზე („ზ“ ქვეპუნქტი).

ამავე კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურების გაწევას.

55. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე იმსჯელა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. აღნიშნული მოთხოვნა მსჯელობის საგანი იყო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც (შდრ: სარიშვილი-ბოლქვაზე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58240/08, 19 ივლისი, 2018 წელი). აღნიშნულ დავა შედარებით განსხვავებული ფაქტობრივი მოცემულობით ხასიათდება, თუმცა, გადაწყვეტილება საინტერესოა მორალური ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმის გამოყენება-განმარტების თვალსაზრისით.

56. არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის დროს ეროვნული სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებით. ამ საკითხში უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული აქვს პრაქტიკა: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ. №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.).

57. კანონმდებელი არ ადგენს ცალკეულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. ერთ-ერთ საქმეში (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი), საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, როდესაც ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია“. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ.სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).

58. სსკ-ის 413-ე მუხლის საკანონმდებლო მოწერიგება მიზნად ისახავს შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება, წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა. სხეულის დაზიანება ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენება ადამიანის სიცოცხლის იმგვარი ხელყოფაა, რომელიც დაზარალებულს არასრულფასოვნად და ზოგ შემთხვევაში, არაშრომისუნარიანად აქცევს, სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია.

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მოიცავს სპეციალურ თავს „თანხმობა“, რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის თანხმობის მიღების პირობები. ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ეთიკის ერთ-ერთი პრინციპის - „პაციენტის ავტონომიის“ პატივისცემის რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია. „პაციენტის ავტონომია“ - ესაა პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი. აუცილებელია, რომ ინფორმირებული თანხმობა: წინ უსწრებდეს ნებისმიერ ჩარევას სამედიცინო მომსახურების გაწევისას და ბიოსამედიცინო კვლევის წარმოებისას; იყოს თავისუფალი (გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ზეწოლა); იყოს გააზრებული, რისთვისაც პაციენტს ან კვლევის სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჩარევის შესახებ. (იხ.დამატებით: ქირურგიული ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, #3, 2017, 103-105.).

60. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას. ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს, რომ პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა შესაძლო (როგორც სახარბიელო, ისე არასახარბიელო) გამოსავლის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ სამედიცინო მანიპულაციასთან, იმისათვის, რომ პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. (იხ.დამატებით: ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისათვის ავტორთა კოლექტივი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“).

61. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის 22.1 მუხლის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. პაციენტის აღნიშნული უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (მე-8 მუხლი), ასევე, „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (მე-5 მუხლი), პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე.

62. ამავდროულად, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციისა და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე, ეკისრება კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ადამიანის/ პაციენტის თვითგამორკვევის უფლებიდან გამომდინარე კლინიკა ვალდებულია პაციენტს აცნობოს ყველა იმ არსებითი ფაქტის შესახებ, რომლებიც აუცილებელია ამ უკანასკნელის თანხმობის მისაღებად, რადგან მხოლოდ ინფორმირებულ პაციენტს შეუძლია გადაწყვიტოს, ჩარევას დაექვემდებაროს თუ არა და ამაზე თანხმობის გაცემა სურს თუ არა (იხ. დამატებით: ფ.ბაქრაძე, „მტკიცების ტვირთის განაწილება სამედიცინო დავებში“, სამართლის მიმოხილვა N3, 2018, 89).

63. განსახილველ შემთხვევაში პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა „სამედიცინო მომსახურების გაწევაზე“, სამედიცინო ბარათში არ ფიქსირდება.

64. აღსანიშნავია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VC სლოვაკეთის წინააღმდეგ (VC v. Slovakia), სადაც სასამართლომ პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამედიცინო ჩარევა მომჩივანის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩატარდა. სხვაგვარად რომ ითქვას, პაციენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამედიცინო ჩარევის ხასიათი და მისი გვერდითი მოვლენები გაეცნობიერებინა, ფაქტობრივად მას არ ჰქონდა სხვა გზა გარდა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას დასთანხმებოდა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად.

65. ასევე, აღნიშვნის ღირსია საქმე CASE OF Y.P. v. RUSSIA. პაციენტი ჩიოდა, რომ მას სამშობიარო საავადმყოფოს ექიმებმა თანხმობის გარე ჩაუტარეს სტერილიზაცია, რაც არ იყო აუცილებელი მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ორ წელიწადში როდესაც ქალბატონმა მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა შვილის გაჩენა, შეიტყო, რომ დაორსულება შეეძლო მხოლოდ „ინ ვიტრო“ განაყოფიერების გზით. ეროვნულმა სასამართლომ მომჩივანის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ არსებობდა სამედიცინო საფუძველი – გახეხილი საშვილოსნო, რის გამოც, იყო ძლიერი სისხლდენის საშიშროება. ექიმებმა მოახდინეს საშვილოსნოს მილების სტერილიზაცია შემდგოში ორსულობის აღსაკვეთად. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომეს ჩარევა არ მიიჩნია აუცილებელ ზომად, რადგან პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას არ ემსახურებოდა. ამიტომ დაირღვა ევროპის კონვენციის მე-8 მუხლი.

66. სხვა დავებში ევროპულმა სასამართლომ გარდაუვალი სამედიცინო აუცილებლობის გარეშე უნებართვო სტერილიზაცია ჩათვალა პაციენტის უფლებაში ჩარევის ისეთ ზომად, რომელიც არღვევდა კონვენციის მე-3 მუხლს. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მომჩივნები მიეკუთვნებოდნენ მოწყვლადი მოსახლეობის ჯგუფს (ბოშები) და იმყოფებოდნენ რეპროდუქციული ცხოვრების ადრეულ ეტაპზე.

67. საკითხი საგულისხმოა მტკიცების ტვირთის განაწილების კუთხითაც, რადგან გადაუდებელი აუცილებლობის ისეთ შემთხვევებში, როცა გამორიცხულია sამედიცინო ჩარევამდე ინფორმირებული თანხმობის მიღება, კლინიკას ეკისრება როგორც სამედიცინო ჩარევის გადაუდებლობის, ისე გონივრული და წინასწარ განჭვრეტადი თანმიმდევრული მოქმედებების მტკიცების ტვირთი.

სამედიცინო დაწესებულების მიერ საკუთარი მოვალეობის დარღვევის დადასტურებისას პაციენტს წარმოეშობა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (იხ. ბიჭია მიხეილი, გაგუა ილონა, „პაციენტის ინფორმირებული თანხმობის გაცემის ისტორიული საფუძვლები და თანამედროვე გამოწვევები პრაქტიკაში“, თსუ-ს „სამართლის ჟურნალი“, #1,2024, 40).

68. რაც შეეხება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 413-ე მუხლის განმარტებით, პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარი დარღვევა, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც შეიძლება გახდეს.

69. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხე სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებული არასრული მკურნალობის პროცესში მიადგა მორალური ზიანი, მით უფრო იმ საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, რომ რეალურად მისი სიცოცხლე დადგა რისკის ქვეშ, ამასთან, ჩატარებული ოპერაციის შედეგად მან საერთოდ დაკარგა შვილოსნობის უნარი.

70. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 20 000 ლარის ანაზღაურება.

71. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მეორე კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია იმ უმნიშვნელოვანესი გარემოების გასაქარწყლებლად, რომ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის მეთოდების სრულად გამოყენებისას, კონსერვატიული, ორგანოშემანარჩუნებელი ინტერვენციები დაუშვებელი, არაეფექტური და პაციენტის სიცოცხლისთვის სახიფათო იყო; ან რა იყო მათი გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოება, როდესაც მსგავს შემთხვევაში დადგენილი პროტოკოლი უპირველესად ამ მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებს. ეს გარემოება მოპასუხის საკასაციო საჩივარს აცლის წარმატების საფუძველს.

72. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

73. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

74. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. ამდენად, მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. შპს „დ.ს.ს.ც–ს“ მ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის - 67 333 ლარისა და მორალური ზიანის - 20 000 ლარის ანაზღაურება.

5. შპს „დ.ს.ს.ც–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. შპს „დ.ს.ს.ც–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 6 986.64 (2 619.99+4 366.65) ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე

გიზო უბილავა