21 მარტი 2025 წელი
№ას-9-2025 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)
ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „D”
მოწინააღმდეგე მხარე _ ე.ი–ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ საზოგადოების პარტნიორისთვის დოკუმენტის გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ი–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „პარტნიორი”) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „D“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „საწარმო“, „კომპანია“, „საზოგადოება“) მიმართ, შემდეგი დოკუმენტების გადაცემისა და ინფორმაციაზე წვდომის მიცემის მოთხოვნით:
1.1. კომპანიის უკანასკნელი 5 წლის ფინანსური ანგარიშების ასლები, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს, საბალანსო უწყისებს, მოგება და ზარალის უწყისებს, ნაღდი ფულის და კაპიტალის ბრუნვას;
1.2. ინფორმაცია და დოკუმენტების ასლები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომპანიის მიმართ ჩატარებული ყველა საგადასახადო შემოწმების თაობაზე;
1.3. კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩამონათვალი (საკადასტრო კოდების მითითებით), აგრეთვე იმ კომპანიების ჩამონათვალი (საიდენტიფიკაციო კოდებით), რომელშიც კომპანია ფლობს წილს/აქციებს;
1.4. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომპანიის პარტნიორთა მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ასლი;
1.5. ყველა წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ეხება ან ადასტურებს რაიმე ხარჯს ან რაიმე გარიგებას, ხელშეკრულებას ან სხვა შეთანხმებას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში ცალკეულად ან ერთობლივად აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს;
1.6. კომპანიის მიერ დივიდენდების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებასთან ან დივიდენდების განაწილების შესახებ წინადადებასთან დაკავშირებით გაცემული ნებისმიერი თანხმობის, დადასტურების ასლები და ინფორმაცია;
1.7. კომპანიის საკუთრებაში არსებული და თბილისში, იუმაშევის ქუჩა 27-ში მდებარე ქარხნის განკარგვასთან, გასხვისებასთან ან/და უფლებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმების, თანხმობის, წინადადების, დამტკიცების შესახებ ინფორმაცია და ასლები;
1.8. კომპანიის უკანასკნელი 5 წლის საბანკო ამონაწერები (შემოსავალ-გასავალის მოძრაობა ყველა ბანკიდან, რომელშიც კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში);
1.9. საგადასახადო დეკლარაციების შემოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ელექტრონული მომხმარებლის გვერდზე www.rs.ge მოსარჩელისათვის შეზღუდული წვდომის მიცემა (მხოლოდ დათვალიერების ფუნქციით).
მოთხოვნები დაზუსტებულია 16.10.2023 წლის დაზუსტებული სარჩელით (ს.ფ. 84-100).
სარჩელის საფუძვლები:
2.1. ე.ი–ი წარმოადგენს მოპასუხე საწარმოს 40%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს. 2022 წლის 29 ივლისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა საწარმოსთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხემ უპასუხოდ დატოვა.
2.2. საქმის განხილვის დროს მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით გადასცა დოკუმენტაცია 4 ყუთად, მაგრამ მათი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოწოდებული დოკუმენტები არ შეიცავს სარჩელით მოთხოვნილ ინფორმაციას.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ თავდაპირველი სარჩელით შესაგებელი არ ცნო და მიუთითა, რომ დოკუმენტების მიუწოდებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ საწარმოში მიმდინარე აუდიტორული შემოწმებით, რომლის დასრულების შემდგომაც მოპასუხეს მიეწოდებოდა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი.
3.2. დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდგომ მოპასუხემ დააზუსტა საკუთარი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი კვლავ არ ცნო და განმარტა, რომ საქმის განხილვის პერიოდში შ.პ.ს. „D“-მ ე.ი–ს გადასცა ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რასაც ითხოვდა თავდაპირველი სარჩელით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბერის გადაწყვეტილებით ე.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
4.1. მოპასუხე შ.პ.ს. „D“-ს დაევალა ე.ი–ს გადასცეს და მისცეს წვდომა შემდეგ დოკუმენტაცია და ინფორმაციაზე:
4.1.1. კომპანიის უკანასკნელი 5 წლის ფინანსური ანგარიშების ასლები, რაც შეზღუდვის გარეშე მოიცავს, საბალანსო უწყისებს, მოგება და ზარალის უწყისებს, ნაღდი ფულის და კაპიტალის ბრუნვას.
4.1.2. ინფორმაცია და დოკუმენტების ასლები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომპანიის მიმართ ჩატარებული ყველა საგადასახადო შემოწმების თაობაზე;
4.1.3. კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩამონათვალი (საკადასტრო კოდების მითითებით), აგრეთვე იმ კომპანიების ჩამონათვალი (საიდენტიფიკაციო კოდებით), რომელშიც კომპანია ფლობს წილს/აქციებს;
4.1.4. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კომპანიის პარტნიორთა მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ასლი;
4.1.5. ყველა წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ეხება ან ადასტურებს რაიმე ხარჯს ან რაიმე გარიგებას, ხელშეკრულებას ან სხვა შეთანხმებას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში ცალკეულად ან ერთობლივად აღემატება 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარს;
4.1.6. კომპანიის მიერ დივიდენდების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებასთან ან დივიდენდების განაწილების შესახებ წინადადებასთან დაკავშირებით გაცემული ნებისმიერი თანხმობის, დადასტურების ასლები და ინფორმაცია;
4.1.7. კომპანიის საკუთრებაში არსებული და თბილისში, ........ მდებარე ქარხნის განკარგვასთან, გასხვისებასთან ან/და უფლებრივ დატვირთვასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმების, თანხმობის, წინადადების, დამტკიცების შესახებ ინფორმაცია და ასლები;
4.1.8. კომპანიის უკანასკნელი 5 წლის საბანკო ამონაწერები (შემოსავალ-გასავალის მოძრაობა ყველა ბანკიდან, რომელშიც კომპანიას გახსნილი აქვს ანგარიში);
4.1.9. საგადასახადო დეკლარაციების შემოწმების მიზნით, კომპანიამ მოსარჩელეს მისცეს შეზღუდული წვდომა (მხოლოდ დათვალიერების ფუნქციით) შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ელექტრონული მომხმარებლის გვერდზე www.rs.ge.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
6.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლების შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტ შ.პ.ს. „D“-ს გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა;
6.2. აპელანტ შ.პ.ს. „D“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
6.3. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 დეკემბერი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. სააპელაციო საჩივრის განსახილველად სასამართლო სხდომა დაინიშნა 2024 წლის 24 აპრილს, 13:00 საათზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომლის წარმომადგენელ ო.გ–ს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა - ზ.ქ–მა და ლ.ბ–ამ - აპელანტი მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აპელანტის წარმომადგენელს საქმის ზეპირ განხილვამდე არც განცხადებით მიუმართავს სასამართლოსთვის სხდომის გადადების თაობაზე და არც სხვა საშუალებით უცნობებია გამოუცხადებლობის მიზეზები, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიო გარემოება და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა.
8. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე აპელანტმა საჩივარი წარადგინა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება. საჩივრის თანახმად, სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ მოსამართლის თანაშემწის მიერ ეცნობა სატელეფონო გზით, რომელმაც საუბრის პროცესში აპელანტის წარმომადგენელს განუმარტა, რომ ზეპირი მოსმენა დანიშნული იყო 2024 წლის 26 აპრილს 13:00 საათზე, მე-20 სხდომათა დარბაზში. აპელანტის წარმომადგენელი სასამართლოში გამოცხადდა 26 აპრილს, მითითებულ დროს და რადგან სხდომის გახსნა გაჭიანურდა, სატელეფონო გზით დაუკავშირდა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ სხდომა ჩატარებულა 24 აპრილს და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალით სააპელაციო საჩივარს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. ვინაიდან აპელანტს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია სსსკ 70-78-ე მუხლების დაცვით, საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო უკანონო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სააპელაციო პალატის განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
10.2. მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგენილი სატელეფონო აქტით და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოთხოვილი აუდიო ჩანაწერით, რაც სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ აპელანტ შ.პ.ს. „D”-ს წარმომადგენელს - ო.გ–ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სატელეფონო საშუალებით, ეცნობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 24 აპრილს, 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია საჩივარში მითითებული გარემოება, რომ აპელანტს სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით ეცნობა სხდომის თარიღის თაობაზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. კასატორის მტკიცებით, სარჩელით მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა 2023 წლის 15 მაისის სხდომის შემდეგ, როდესაც კომპანიაში არსებული სრული დოკუმენტაცია 4 ქსეროქსის ყუთით გადაეცა მოსარჩელე მხარეს, თუმცა 2023 წლის 23 ივნისს მოპასუხე საწარმომ მიიღო შეტყობინება დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით. მოსარჩელეს მაშინვე განემარტა, რომ ახალი მოთხოვნები სცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რის გამოც დაკმაყოფილება იყო შეუძლებელი, ხოლო გადაცემული დოკუმენტაცია სრულად მოიცავდა სასარჩელო მოთხოვნის ჩამონათვალში ასახულ ინფორმაციას. ამის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე მიიჩნია, რომ დოკუმენტის პარტიორისთვის გადაცემის ვალდებულება კვლავაც შეუსრულებელი იყო, რაც დაედო საფუძვლად სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეს დაავალა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის - კომპანიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩამონათვალისა და იმ კომპანიის ჩამონათვალის მიწოდებაც, რომელშიც საწარმო ფლობდა აქციებს/წილებს, აღნიშნულის გადაცემის მოვალეობა კი საწარმოს ისედაც არ გააჩნია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლიდან გამომდინარე. ამასთან, არ არსებობდა ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოს საგადასახადო შემოწმების ამსახველი დოკუმენტების გადაცემის დავალდებულების საფუძველი, ვინაიდან საქმეში იყო აუდიტორული დასკვნა, რომელიც მოიცავდა 2011 წლიდან 2022 წლის ჩათვლით პერიოდს. ამასთან, კრების ოქმები, რომლის მოსარჩელისთვის გადაცემაც მოპასუხეს დაევალა, არ არსებობდა. ამ დარღვევათა გამო მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი და იმედოვნებდა გადაწყვეტილების მის სასიკეთოდ შეცვლას, თუმცა დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივრის განხილვას სააპელაციო პალატა ფორმალურად მიუდგა და არ გაითვალისწინა, რომ სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით და არა სასამართლოს უპატივცემულობით. აღნიშნულის გამო კი, მოპასუხეს მოესპო უფლების დაცვისა და საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესაძლებლობა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. მოცემულ შემთხვევაში, შესაფასებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი უცვლელად დატოვების კანონიერება.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმოვს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.
16.1. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე.
16.2. საქმის მასალებში დაცულია სატელეფონო აქტი, შედგენილი მოსამართლის თანაშემწის მიერ, რომელშიც მითითებულია, რომ 2024 წლის 10 აპრილს დაუკავშირდა აპელანტის წარმომადგენელ ო.გ–ს მის მიერ მითითებულ ნომერზე, მიიღო დასტური, რომ ნამდვილად ო.გ–ს ესაუბრებოდა და შეატყობინა საქმის განხილვის თარიღი, ამასთან, განუმარტა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები (იხ. ს.ფ. 76).
16.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში აპელანტმა განმარტა, რომ მოსამართლის თანაშემწის მიერ სასამართლო სხდომის თარიღად მიეთითა არა 2024 წლის 24 აპრილი, არამედ 2024 წლის 26 აპრილი.
16.4. საჩივარში მითითებული გარემოების გადამოწმების მიზნით სააპელაციო სასამართლომ ს.ს.ი.პ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა მოსამართლის თანაშემწესა და აპელანტის წარმომადგენელს შორის 2024 წლის 10 აპრილს შემდგარი სატელეფონო კომუნიკაციის ამსახველი აუდიო ჩანაწერი (ს.ფ. 217). აღნიშნული ჩანაწერის თანახმად, სასამართლოს მოხელემ აპელანტის წარმომადგენელ ო.გ–ს აცნობა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლო სხდომაზე დანიშნული იყო სწორედ 2024 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე, ამასთან, განუმარტა არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობისას მხარის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე.
16.5. დადგენილია, რომ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამოცხადებული მხარის შუამდგომლობა და აპელანტის წინააღმდეგ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
17.1. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს. აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში კი, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
17.3. დასახელებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17.5. ციტირებული ნორმა განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
17.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილი ადგენს მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელ გარემოებებს, ესენია: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
17.7. ზემოაღნიშნულ შემთხვევათაგან ერთ-ერთის არსებობისას, სასამართლო არაა უფლებამოსილი, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო, თუ ასეთი გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, იგი უნდა გაუქმდეს.
17.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, თუ რა განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის საპატიო მიზეზად – მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
17.9. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა რაიმე ობიექტური გარემოების გამო. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
18.1. კასატორი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე აპელირებს, კერძოდ, უთითებს, რომ სატელეფონო კომუნიკაციის პროცესში მოსამართლის თანაშემწემ არასწორად მოანიშნინა სხდომის გამართვის თარიღი, ესე იგი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად მოწვეული არ ყოფილა საქმის ზეპირ მოსმენაზე,
18.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ციტირებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72 - ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73 -ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
18.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.
18.4. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება, ტელეფონის შემთხვევაში, დასტურდება ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
18.5. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო აქტი აპელანტის წარმომადგენლისთვის სასამართლო უწყების გადაცემის შესახებ შეესაბამება სსსკ 72-73-ე მუხლის მოთხოვნებს. ამავდროულად, საქმეს დაერთვის სატელეფონო გზით უწყების ჩაბარების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, რომელიც ნეიტრალური ხასიათისა და მაღალი სარწმუნოობის მტკიცებულებას წარმოადგენს და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიუთითებს მასზედ, რომ სასამართლომ ჯეროვნად, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით შეასრულა აპელანტი მხარის სასამართლო სხდომაზე მოწვევის ვალდებულება.
18.6. საქმეში დაცულია შ.პ.ს. „დ“-ს დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ძალითაც ო.გ–ი აღიჭურვა საწარმოს საპროცესო წარმომადგენლობის უფლებამოსილებით, მათ შორის, სამოქალაქო საქმეების სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმოებისა და სსსკ 98-ე მუხლით გათვალისწინებული სპეციალური საპროცესო უფლებებით. მინდობილობა გაცემულია 23.06.2023 წელს და მოქმედია 2 წლის ვადით.
18.7. საგულისხმოა, რომ საჯაროდ გამოქვეყნებული ადვოკატთა ერთიანი სიის თანახმად, რწმუნებული ო.გ–ი ადვოკატთა ასოციაციის წევრია (სიითი 4917, საერთო სპეციალიზაცია), შესაბამისად, მას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლება, სსსკ 440-ე მუხლის შესაბამისად, გააჩნდა.
18.8. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა ასკვნის, რომ სასამართლო უწყება აპელანტი მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კასატორის წარმომადგენლის პრეტენზიაზე, რომ სასამართლოს სხდომის თარიღი მან არასწორად მოინიშნა, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: მხარის ან მისი წარმომადგენლის დაუდევრობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად არ განიხილავს, ამდენად, წარმომადგენლის მოქმედებისა თუ უმოქმედობის ნეგატიური შედეგების ადრესატი სწორედ ის მხარეა, რომელსაც რწმუნებული წარმოადგენს.
19.1. კასატორის პრეტენზიის თანახმად, მას დავის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა.
19.2. აღნიშნული არგუმენტის საპირწონედ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით დადგენილი სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (იხ. სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ.)
19.3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე, 387-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
19.4. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით არსებითად ედავება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე დავის გადაწყვეტის მართებულობას. საკასაციო პალატა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მხარეს, რომელსაც სურს მისი სააპელაციო პრეტენზიების შინაარსობრივი კვლევა, ევალება სასამართლო სხდომაზე გამოცხადების მოვალეობის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნის უფლებას, ხოლო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის არსებობისას უპირობოდ ეტყვის უარს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელ სააპელაციო საჩივრის ავტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ისე, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის ხელახლა კვლევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.
19.5. ამრიგად, პალატის განსჯით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის ყველა ზემოაღნიშნული წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
19.6. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხ. Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.). თუმცა, არ შეიძლება, აღნიშნული განხორციელდეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით კი - მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის დაცვა უზრუნველყო.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2024 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
22. ვინაიდან საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე კასატორს ეთქვა უარი, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
23.1. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის - ე.ი–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, რაც საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, შემდეგ გარემოებათა გამო:
23.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
23.3. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (იხ. სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
23.4. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც, არ ვლინდება საჭიროება, გადაწყვეტილება მიიღოს მხარეთა პოზიციების ზეპირად მოსმენის გზით. სასამართლოსთვის ცნობილია მხარეთა სამართლებრივი პოზიციები, რომლებიც ასახულია საკასაციო საჩივარსა და შესაგებელში, ხოლო მათი ზეპირი ფორმით მოსმენის აუცილებლობა არ ვლინდება, მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის ალბათობის არსებობა (იხ. სუსგ №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; იხ. სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. „D“-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 18 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე