Facebook Twitter

16 მაისი 2025 წელი

№ას-904-2024 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე.ფ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ვა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ე.ფ–იამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ.ს–ას მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ე.ფ–იასა და ნ.ს–ვას შორის ზუგდიდში, ....... მდებარე შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე: 1) ........; 2) ........; 3) ....... 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები;

1.2. ნ.ს–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი -22 ცალი, რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ე.ფ–იას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა:

2.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხე ნ.ს–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდში ........ (საკადასტრო კოდი: ........, ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ......., ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: ........., ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2.2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო ნ.ს–ვას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ზუგდიდში ......... (საკადასტრო კოდი: ........, ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: ........., ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) განთავსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი - 22 ცალი, რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.ფ–იას სარჩელი მოპასუხე ნ.ს–ვას მიმართ დაკმაყოფილდა:

3.1. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 25.03.2020 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე: ს/კ ......... ს/კ ........ ს/კ ........

3.2. მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რაც დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით (აღმასრულებლის აქტში მითითებული ფაქტობრივი მფლობელობის ოდენობით).

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ.ს–ვამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დარჩებოდა განუხილველი, ხოლო მოძრავი ნივთების გამოთხოვის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

5.1. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე, რომელთა საკადასტრო კოდებია: 1) ........; 2) ......; 3) ..........

5.2. ე.ფ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5.3. ე.ფ–იას სარჩელი ნ.ს–ვას მიმართ, 2020 წლის 25 მარტს მხარეთა შორის უძრავ ნივთებზე (1. ს/კ ........; 2. ს/კ .........; 3. ს/კ ........) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დარჩა განუხილველად;

5.4. მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების განუხილველად დატოვების ნაწილში შეიცავს შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

6.1. დაზუსტებული სარჩელით ე.ფ–იას მიერ ნ.ს–ვას მიმართ წარდგენილი სარჩელის მოთხოვნებია: 1) ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე, 2) მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რაც დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით (აღმასრულებლის აქტში მითითებული ფაქტობრივი მფლობელობის მდგომარეობით, მოსარჩელემ დააზუსტა ამ ნაწილში სარჩელი და მიუთითა, რომ 61 ც. სკამი, რაც მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტში, არ არის მოპასუხესთან და მოსარჩელის მფლობელობაშია, შესაბამისად, ამ ნაწილში შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა).

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა). მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.

6.3. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. უდავოა, რომ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი მითითებული არ აქვს, ამავდროულად, სარჩელი არ შეიცავს მოთხოვნას ხელშეკრულებაში მითითებული უძრავი ნივთების მიკუთვნების შესახებ. ასეთი მოთხოვნის არარსებობის პირობებში, სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შეზღუდვიდან გამომდინარე, მოკლებულია უფლებამოსილებას, მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

6.4. ჩანაწერი, რომელიც საჯარო რეესტრში არსებობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებამდე, აღარ არსებობს. იმ შემთხვევაში კი, თუ მხარე სადავო სამართალურთიერთობის შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასთან ერთად მოთხოვნად არ დააყენებს ამ ნივთების მიკუთვნებას, მაშინ იგი ვერ მიაღწევს იურიდიულ შედეგს.

6.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ" კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტსა და მე-2 პუნქტზე, რომელთა თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი საფუძველი; რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

6.6. პალატის განსჯით, თუნდაც ბათილად იქნეს ცნობილი სადავო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე უძრავი ქონება ნ.ს–ვას საკუთრებად დარეგისტრირდა, ეს არ გამოიწვევს ამ ქონებაზე ე.ფ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენას, რადგან მიკუთვნებითი სარჩელი აღძრული არ არის. აღნიშნულის გამო, აღიარებითი მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

6.7. ე.ფ–იას მიერ წარდგენილ აღიარებით სარჩელში აღნიშნული არ არის იურიდიული ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებასაც აღიარებითი მოთხოვნა ემსახურება. ამ საფუძვლით პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის მიღებაზე, თანახმად ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ" ქვეპუნქტისა, რომლის მიხედვით, მოსამართლე სარჩელს არ მიიღებს თუ ის შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.

6.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

6.9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე.ფ–იას აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი გარიგებების ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ე.ფ–იამ და მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი საფუძვლებით:

7.1. გარიგების ბათილად ცნობის შედეგია ის, რომ მხარეებმა უნდა დააბრუნონ ის, რაც გაბათილებული გარიგების საფუძველზე ერთმანეთისგან მიიღეს. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ინტერესი იმაშია, რომ ნ.ს–ვას სახელზე რიცხული სადავო უძრავი ნივთები დაუბრუნდეს ე.ფ–იას, რომელიც შეასრულებს 2019 წლის 28 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნასყიდობის დარჩენილი ფასის გადახდის ვალდებულებას.

7.2. სადავო გარიგებების ბათილად ცნობის შემთხვევაში გაუქმდება რა ნ.ს–ვას სახელზე სადავო უძრავი ქონებების რეგისტრაცია, ძალაში დარჩება რამინ ბებიასა და ე.ფ–იას შორის 2019 წლის 28 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს შეეძლება, მიმართოს საჯარო რეესტრს და მოითხოვოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონებაზე ხელახალი რეგისტრაციის განხორციელება, შესაბამისად, მიიღწევა აღიარებითი სარჩელით დასახული იურიდიული ინტერესიც.

7.3. მხარეებს შორის დადებული სადავოდ ქცეული გარიგება მოჩვენებითია, მისი მიზანი არ ყოფილა გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის გადაცემა და მას არც მიუღია თანხა, აღნიშნულს მოპასუხეც აღიარებს, ამ მოცემულობაში კი ნ.ს–ვა სადავო ქონებების მესაკუთრის სტატუსით განაგრძობს მოსარჩელის მიერ მოწყობილი სასტუმროს ფუნქციონირებას, იღებს შემოსავალს, რაც დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის ინტერესს.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინების ის ნაწილი, რომლითაც გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დარჩა განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების მართლზომიერება, რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს სადავო გარიგებათა არანამდვილობაზე, ისინი უკავშირდება დავის არსებით მხარეს, რასაც საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ფარგლებში ვერ განიხილავს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

14.1. უწინარესად, პალატა შენიშნავს, რომ რამდენადაც განსახილველი სარჩელით მოთხოვნილია გარიგებების ბათილად ცნობა ისე, რომ მიკუთვნებითი ხასიათის მოთხოვნა მოსარჩელეს წარდგენილი არ აქვს, სარჩელი განეკუთვნება აღიარებითი ბუნების სარჩელთა კატეგორიას, რომლის დასაშვებობის დამატებით კრიტერიუმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი ადგენს აღიარებითი სარჩელის მიმართ იურიდიული ინეტერესის არსებობას.

14.2. ამავდროულად, ხსენებული ნორმა აღიარებითი სარჩელის აღძვრისას ითვალისწინებს საკანონმდებლო ვალდებულებას, სარჩელში აღინიშნოს აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი. აღნიშნული მოვალეობის შეუსრულებლობას ამავე კოდექსის 11 ნაწილი უკავშირებს სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საპროცესო შედეგს.

14.3. პალატა შენიშნავს, რომ არც თავდაპირველი და არც დაზუსტებული სარჩელი არ შეიცავს წერილობით მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნის იურიდიული ინტერესი, ესე იგი, რა სამართლებრივი შედეგის მიღწევას ემსახურება მოსარჩელე სადავო გარიგებების ანულირებით. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სარჩელის გამართულობასთან დაკავშირებული მარტოოდენ ეს პრობლემა იმდენად არსებითი ხასიათის საპროცესო ხარვეზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული სარჩელი წარმოებაშიც არ უნდა მიეღო.

14.4. იმ პირობებში, როდესაც სარჩელს უკვე გადალახული აქვს განსახილველად მიღების ეტაპი, საპროცესო ეკონომიის პრინციპთან შეუთავსებელი იქნებოდა, სარჩელი განუხილველად დარჩენილიყო მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნისადმი ინტერესი სარჩელში წერილობით არ დაუსაბუთებია. ვინაიდან დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობამდე, საკუთარი ინიციატივით, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, უნდა შეამოწმოს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას, ესე იგი, დასაშვებია თუ არა აღიარებითი სარჩელი (იხ. სუსგ. №ას-1920-2018, 31.05.2019წ.).

15.1. საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს მიკუთვნებით, გარდაქმნით და აღიარებით სარჩელებს. ამგვარ დაყოფას არა თეორიული, არამედ პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია, რადგანაც უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ. სუსგ. №ას-1389-2018, 30.11.2018წ.; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.).

15.2. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით.

15.3. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

15.4. სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა მიიღებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ. №ას-1525-2019, 16.12.2019წ.).

15.5. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ.. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ; იხ. სუსგ. №ას-1235-1155-2017, 30.04.2018წ.; №ას-995-2018, 27.09.2018წ.).

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გარიგების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგი, უმრავლეს შემთხვევაში, ბათილი გარიგების საფუძველზე გადანაცვლებული სამართლებრივი სიკეთეების უკუქცევაა, მაგრამ მატერიალური ნორმით გათვალისწინებული უფლება (ქონების უკან დაბრუნება) არ წარმოადგენს თვითგანხორციელებად შესაძლებლობას, თუკი ბათილი გარიგების მხარე გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მიზნით ეფექტიანად არ განკარგავს მის ხელთ არსებულ საპროცესო შესაძლებლობას დავის ერთი სამართალწარმოების ფარგლებში ამოსაწურად.

17. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, მარტოოდენ გარიგებების ბათილად ცნობა არ წარმოადგენს საკუთრების აღდგენის თვითკმარ საფუძველს, რადგან გარიგების ბათილად ცნობით, რეესტრის უტყუარობის შედეგად წარმოშობილი უფლებები ეჭვქვეშ ვერ დადგება (იხ. სუსგ. №ას-811-778-2016, 21.03.2018წ.). საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის თანახმად, გარიგების ბათილობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს გავლენას რეესტრის ჩანაწერის ნამდვილობაზე, თუ ჩანაწერის უსწორობა სასამართლო გადაწყვეტილებით პირდაპირ დადგინდება (იხ. სუს.გ №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; №ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

18. საკასაციო პალატის განსჯით, წარმოდგენილი სახით სასარჩელო მოთხოვნა არ იძლევა შესაძლებლობას, სადავო გარიგებების ბათილობის თანადროულად სასამართლომ იმსჯელოს სარეგისტრაციო ჩანაწერის ბედზეც, აღნიშნული დაბრკოლების საფუძველი კი სსსკ 248-ე მუხლია, რომელიც გადაწყვეტილების ფარგლებს შემოზღუდავს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის შინაარსით.

19. სასარჩელო მოთხოვნა მარტოოდენ სადავო გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, რადგან როგორც ამას თავად მოსარჩელე მიუთითებს, უძრავ ქონებებზე, რომელზედაც მას პრეტენზია გააჩნია, დარეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრების უფლება. სადავო ფართებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღსადგენად აუცილებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენაც. აღნიშნული განმარტების საფუძველს იძლევა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.2 მუხლი, რომლის თანახმადაც, რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებულ რეგისტრაციამდე არსებული რეგისტრაციის აღდგენას.

20. პალატა აქვე მიუთითებს, რომ აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვება მოსარჩელეს შესაძლებლობას აძლევს, სასამართლოს მითითებების გათვალისწინებით აღმოფხვრას ის საპროცესო ხარვეზები, რომლითაც მოცემულ საქმეში წარდგენილი სარჩელები ხასიათდება და სასამართლოს მიმართოს იმგვარად ფორმულირებული მოთხოვნებით, რომლებიც, დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკებს არ წარმოშობს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გარიგებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები განუხილველი დარჩა, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ფ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი