Facebook Twitter

06 ივნისი 2025 წელი

№ას-1068-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - მ.გ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 28 მარტს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.გ–ძემ, მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, ....... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაზე მ.გ–ძის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების ბათილად ცნობის, ამ ქონებაზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის ბათილად ცნობისა და მ.გ–ძის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნებით.

2. სარჩელი ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელეს ბახმაროში საკუთრებაში გააჩნდა მამაპაპისეული ქონება, რომელიც მდებარეობდა საკურორტო ზოლში. 1997-2012 წლებში მუშაობდა შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლად აჭარასა და გურიაში. 2010 წლის 14 სექტემბერს მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ.გ–ი, რომელიც გაეცნო, როგორც გენერალური ინსპექციის თანამშრომელი, სინამდვილეში კი ყოფილა პროკურატურის თანამშრომელი. აღნიშნულმა პირმა მ.გ–ძეს მოსთხოვა, წასულიყო საჯარო რეესტრში და დაეწერა განცხადება ქონების მიტოვებაზე. კონკრეტულად, დაეთმო ბახმაროში მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მოსარჩელემ განუმარტა, რომ ქონება არ უკავშირდებოდა შსს-ში მის მუშაობას, რომ ეს იყო მამაპაპისეული ქონება. მიუხედავად ამისა, მკაცრად მოსთხოვეს შეესრულებინა მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეექმნებოდა არა მარტო მას, არამედ მის მეუღლესაც, რომელიც, ასევე პოლიციის თანამშრომელი იყო. სახელმწიფო წარმომადგენლის მხრიდან ზეწოლის შედეგად იძულებული გახდა წასულიყო საჯარო რეესტრში და მითითების შესაბამისად, მიეტოვებინა ქონებაზე საკუთრების უფლება. ამდენად, გარიგება წარმოადგენდა მართლწესრიგის საწინააღმდეგოს, ამორალურს, რაც მისი ბათილობის საფუძველია.

3 მოპასუხე, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ როცა მესაკუთრე ნებაყოფლობით უარს აცხადებს საკუთარ ქონებაზე, სახელმწიფო ავტომატურ რეჟიმში ხდება მიტოვებული უძრავი ნივთის მესაკუთრე. სახელმწიფოს არ ეკისრება იმის გამორკვევის ვალდებულება, თუ რა მოტივი გააჩნია მხარეს სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების მიტოვებისას.

4. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით და განმარტა, რომ მოსარჩელეს იძულების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.გ–ძემ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით მ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა:

6.1. ბათილად იქნა ცნობილი, 2010 წლის 14 სექტემბერს, მ.გ–ძის მიერ ....... საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვება;

6.2. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში ........ საკადასტრო კოდის უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

6.3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტი ბახმარო, ..... ქუჩაზე მდებარე ....... საკადასტრო კოდის უძრავი ქონება, 121 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული 72.90 კვ.მ საერთო ფართის შენობა-ნაგებობით, აღირიცხა მ.გ–ძის საკუთრებაში.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

7.1. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათითა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის განმარტებით დგინდება, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობის საფუძველზე, მ.გ–ძეს საკუთრების უფლებით გადაეცა 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული 72,9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლით, რომელიც წარმოადგენდა მამაპაპისეულ ხის ერთსართულიან ძველ ნაგებობას, რომელიც 2008 წელს დაიკანონა (ს.ფ.18-20);

7.2. 2010 წლის 14 სეტემბერს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი განცხადება, სადაც მ.გ–ძემ განაცხადა, რომ საკუთრების უფლებით გააჩნდა უძრავი ქონება კურორტ ბახმაროში, ......ქუჩაზე, ნაკვეთის კოდი ........, 121 კვმ ფართის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით და სურვილი ჰქონდა, მიეტოვებინა უფლება აღნიშნულ ქონებაზე - ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენდა, რომ იგი გამოწვეული იყო იძულებითი ზემოქმედების შედეგით, რაც ამორალურობისა და მართლწინააღმდეგობის სამართლებრივი საფუძვლით ბათილია (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი).

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად, რითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

9. 2023 წლის 10 აპრილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

10. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

10.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ.გ–ძის სასარგებლოდ 2008 წლის 19 სექტემბერს გაცემული №147 საკუთრების მოწმობა, რაც საფუძვლად დაედო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებას. ამდენად, სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოვლინდა ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რომელიც წარდგენილი რომ ყოფილიყო საქმის განხილვის დროისათვის, გამოიწვევდა სამინისტროსათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

10.2. აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველი სამოქალაქო დავის განხილვისას არ იყო ცნობილი, ვინაიდან მ.გ–ძის სასარგებლოდ საკუთრების უფლების მოწმობა აღიარების კომისიის გვერდის ავლით გაიცა. შესაბამისად, დადგენილია, რომ მ.გ–ძე არ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს, რადგან ამ ქონებაზე უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გააჩნია, რაც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია.

11. 2023 წლის 20 აპრილს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) და „დ“ ქვეპუნქტებზე დაყრდნობით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა).

12.1. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მ.გ–ძის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ ნების გამოვლენისას, მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმთავითვე უკანონო იყო, ვინაიდან ბათილი იყო თავად ის უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომლითაც მ.გ–ძეს საკუთრებაში გააჩნდა სადავო უძრავი ქონება, რის შესახებაც განმცხადებელს სამოქალაქო დავის წარმოებისას ინფორმაცია არ ჰქონია.

12.2. ამრიგად, განმცხადებლის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გამოვლინდა ისეთი გარემოება მ.გ–ძის საკუთრების უფლების დამდგენი საბუთის ბათილობის სახით, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა აბსოლუტურად განსხვავებული, სააგენტოსთვის სასარგებლო, გადაწყვეტილების გამოტანას.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით აღნიშნული განცხადებები განსახილველად იქნა მიღებული.

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:

15.1. სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებსაც: 1) არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების შემოწმებისას; 2) ამასთანავე, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები არსებობდეს საქმის განხილვის დროს (გადაწყვეტილების გამოტანამდე) და არა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; 3) აღნიშნული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; 4) ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებებისა და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი უნდა გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; 5) და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

აქედან გამომდინარე, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

15.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საკასაციო საჩივარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ „შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება (ნაკვეთის მამაპაპისეული კუთვნილება) არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს...“ აღნიშნული განმარტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულებამდე მიეთითებინათ მ.გ–ძის საკუთრების უფლების არანამდვილობაზე, სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულებამდე მიემართათ სასამართლოსათვის და დაეწყოთ დავა საკუთრების მოწმობის ბათილობაზე - რაც არ გაუკეთებიათ.

15.3. პალატის განსჯით, არ დასტურდებოდა მტკიცებულებების მოპოვების შეუძლებლობასთან მიმართებით განმცხადებელთა ბრალის გამომრიცხველი გარემოებები, რის გამოც, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებებში დაფიქსირებული არგუმენტები, ფორმალური საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, გამორიცხავდა განცხადებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

16. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ორივე განმცხადებელმა. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ დასაბუთებას:

16.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მ.გ–ძეზე 2008 წლის 19 სექტემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა №147, რომელიც წარმოადგენდა მ.გ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს 2008-2010 წლებში, ესე იგი, მ.გ–ძის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების ნების გამოვლენისას მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმთავითვე უკანონო იყო, ვინაიდან ეფუძნებოდა ბათილ უფლებადამდგენ დოკუმენტს.

16.2. აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო მ.გ–ძის სამოქალაქო სარჩელის განხილვისას, საქმეზე დადგენოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ამდენად, კერძო საჩივრის მოსაზრებით, არსებობს საქმის წარმოების განახლების ორი საფუძველი - 1. გამოვლინდა, რომ მოსარჩელე არ იყო იმ ქონების მესაკუთრე, რომელზე საკუთრების უფლების აღდგენასაც იგი ითხოვდა (სსსკ 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) და 2. გაუქმდა ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილება - 2008 წლის 19 სექტემბრის №147 საკუთრების მოწმობა - რომელსაც დაეყრდნო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება (სსსკ 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი).

16.3. კერძო საჩივრის ავტორისათვის ფაქტობრივი გარემოება, რომ მ.გ–ძის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა იყო უკანონო, გამოვლინდა მხოლოდ ქუთაისის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით, შესაბამისად, სააგენტოსთვის ხსენებული გარემოება უცნობი იყო, სანამ აქტის უკანონობა არ დადგინდა სასამართლო გადაწყვეტილების ძალით.

17. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ დასაბუთებას:

17.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი მ.გ–ძეზე 2008 წლის 19 სექტემბერს გაცემული №147 საკუთრების უფლების მოწმობა, ესე იგი, დადგენილია, რომ მ.გ–ძე არ წარმოადგენდა უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს, რადგან ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 07 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ ხსენებული საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია მიწის თვითნებურად აღიარების კომისიის გვერდის ავლით, უკანონოდ, რის შესახებაც სამოქალაქო დავის წარმოების პროცესში სამინისტროს ინფორმაცია არ ჰქონია, რადგან სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულად ცნობილი არ ყოფილა და არც მისი რომელიმე თანამშრომელი დაკითხულა საქმეზე მოწმედ.

17.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც უძრავ ნივთზე (ს/კ ......) საკუთრების მიტოვების განცხადება ბათილ ნების გამოვლენად არის მიჩნეული და ქონებაზე აღდგენილია მ.გ–ძის საკუთრების უფლება, ეფუძნება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის №147 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მ.გ–ძის საკუთრებაში ირიცხებოდა კურორტ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი. ამ გარემოებას კი არსებითად აქარწყლებს ადმინისტრაციულ საქმეზე 20.04.2022 წელს მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება დასახელებული საკუთრების უფლების მოწმობის უკანონობის შესახებ, რომელიც გამოვლინდა სამოქალაქო საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ.

17.3. მოცემულ ეტაპზე, ...... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე მ.გ–ძის საკუთრების რეგისტრაციის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს 2018 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება, რაც პრობლემას უქმნის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულებას; შესაბამისად, ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების აღდგენისთვის აუცილებელია 2018 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

17.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საკასაციო საჩივარში სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პრეტენზია („შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება (ნაკვეთის მამაპაპისეული კუთვნილება) არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“) იმგვარად, რომ სამინისტროს სამოქალაქო სავის წარმოების ეტაპზევე გააჩნდა ინფორმაცია მ.გ–ძის სასარგებლოდ გაცემული საკუთრების მოწმობის უკანონობაზე და შესაბამისად, შეეძლო ადმინისტრაციული დავის წამოწყება სამოქალაქო საქმის პარალელურად. აღნიშნული ციტატით კასატორი ცდილობდა არა აღიარების კომისიის აქტის უკანონობის დამტკიცებას, არამედ მოსარჩელის იმ მითითების გაქარწყლებას, რომ ქონება მამაპაპისეული წარმოშობისა იყო, ვინაიდან აღიარება ხორციელდება არა მემკვიდრეობითი, არამედ სპეციალური კანონით დაწესებული გარემოებების არსებობის საფუძვლით.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად. საქმის განმხილველ სასამართლო შემადგენლობას კერძო საჩივრები განსახილველად გადმოეცა 2025 წლის 16 აპრილს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

21. წინამდებარე კერძო საჩივრების ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იქნა უარყოფილი.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამრიგად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ. №ას-1455-2019, 15.11.2019წ).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შესაძლებელია კანონმდებლის მიერ განსაზღვრული საფუძვლით და ამ საფუძველთა ჩამონათვალი ამომწურავია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) და მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი, საშუალო წინდახედულების ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა მთლიანად ან ნაწილობრივ საპირისიპირო გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ. №ა-3801-1-10-2019, 8.11.2019წ; №ა-4092-ა-12-2019, 26.02.2021წ; №ას-7-2021, 18.03.2021წ; №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ; №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ).

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.

25. სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

26. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ასახელებს სსსკ 423.1 „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველს, საკასაციო პალატა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლას, უწინარესად, სწორედ ამ ნორმის ფარგლებში შეუდგება.

27. იმისთვის, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას დასახელებული ნორმის ფარგლებში გააჩნდეს საფუძველი, სამოქალაქო საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არსებითად უნდა ეფუძნებოდეს გაუქმებულ განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას, ესე იგი, დავისთვის მნიშვნელობის მქონე და მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი ფაქტობრივი ელემენტის დადგენის ერთადერთ საფუძველს უნდა წარმოადგენდეს სწორედ ეს დოკუმენტი.

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოიხმობს სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების 4.1. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას: „4.1. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათითა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის განმარტებით ირკვევა, რომ 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობის საფუძველზე, მ.გ–ძეს საკუთრების უფლებით გადაეცა 121 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზედ განთავსებული 72,9 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლით, რომელიც წარმოადგენს ხის ერთსართულიან ძველ ნაგებობას (ს.ფ.18-20). მოსარჩელეს მითითებით, საცხოვრებელი სახლი არის მამაპაპისეული ხის ნაგებობა, რომელიც 2008 წელს დაიკანონა. მოპასუხეს საწინააღმდეგო მტკიცებულება იმისა, რომ სახლი არ არის ერთსართულიან ძველ ნაგებობა-არ წარმოუდგენია“.

29. ციტირებული ფაქტიდან დგინდება, რომ უძრავ ნივთზე მ.გ–ძის საკუთრების უფლების არსებობა დადგინდა არა 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობის, არამედ საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომელიც, თავის მხრივ, უფლების დამდგენ იურიდიულ დოკუმენტად ასახელებდა 2008 წლის 19 სექტემბერს გაცემულ საკუთრების უფლების მოწმობა №147-ს.

30. პალატა შენიშნავს, რომ მოცემული სამოქალაქო დავის ფარგლებში, საქმის არსებითი განხილვის არცერთ ეტაპზე, არცერთი ინსტანციის სასამართლოში, 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობა, როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება, წარდგენილი არც კი ყოფილა, შესაბამისად, კასატორი სააგენტოს მითითება, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადგენისას სასამართლო ხსენებულ დოკუმენტს არსებითად დაეყრდნო, მოკლებულია საფუძველს. სადავო ნების გამოვლენამდე სადავო ნივთის მოსარჩელისადმი კუთვნილება სააპელაციო პალატამ დაადგინა ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, შესაბამისად, ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების 4.1. პუნქტში სასამართლომ მოიხსენია 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობა, ნიშნავს მარტოოდენ იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების ტექსტში ასახა საჯარო რეესტრის ამოწერის შინაარსობრივი მხარე და არა იმას, რომ ფაქტის დადგენისას სასამართლომ ხსენებული მოწმობით იხელმძღვანელა.

31. ამრიგად, ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ძალით ბათილად არის ცნობილი 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობა, ვერ განაპირობებს საქმის წარმოების განახლების შედეგს სსსკ 423.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში.

32. საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას წარედგინება სამი სავალდებულო წინაპირობა კუმულატიურად: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (იხ. სუსგ. №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ.).

33. „ახლად“ მხოლოდ ის ფაქტები და მტკიცებულებები მიიჩნევა, რომლებიც ობიექტურად უკვე წინა პროცესის ზეპირი განხილვის დასრულებამდე არსებობდა, მაგრამ მტკიცების ტვირთის მატარებელი მხარისთვის არაბრალეულად იყო უცნობი. „ახლად“ მიიჩნევა არა ობიექტურად ახლად წარმოშობილი, არამედ „ახლად“ აღმოჩენილი ფაქტები და მტკიცებულებები. ასეთი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს ასევე საკანონმდებლო სისტემატიკის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, მასში განხილული ბრალის საკითხი, უცილობლად, მხოლოდ ობიექტურად უკვე არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს შეიძლება ეხებოდეს. იმ გარემოებების თვალსაზრისით, რომლებიც მხოლოდ მომავალში წარმოიშობა, ეს საკითხი თავიდანვე არ დგება.“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი, 2020წ., გვ.1134).

34. იმისთვის, ახლად აღმოჩენილმა გარემოებამ ან მტკიცებულებამ დასრულებულ საქმისწარმოებაზე ზეგავლენა იქონიოს, აღნიშნული გარემოება/მტკიცებულება უნდა მიემართებოდეს დასრულებული სამოქალაქო საქმის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას. საქმის წარმოების განახლების საფუძველია არა სამოქალაქო დავასთან კავშირში მყოფი ყოველი გარემოება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც უშუალოდ განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს.

35. როგორც უკვე აღინიშნა, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა იმ გარემოებით, რომ 2008 წლის 18 სექტემბრიდან 2010 წლის 14 სექტემბრამდე დროის შუალედში უძრავ ნივთზე ს/კ ........ რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენდა მ.გ–ძე; მართალია, ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით 2008 წლის 19 სექტემბრის საკუთრების უფლების №147 მოწმობა გამოცხადებულია ბათილ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №882009209049 გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაპირველად მ.გ–ძეს უძრავი ნივთის მესაკუთრის სტატუსი მიენიჭა, ადმინისტრაციულ დავაში გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად, მისი ბათილად ცნობის/ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სასამართლოს ან მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არ არსებობს.

36. „საჯარო რეესტრის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი. ამავე კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად ცნობის შემდეგ აუცილებელია რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. ვიდრე აღნიშნული არ მოხდება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემი, მისი რეგისტრაციის პერიოდში, დაცულია უტყუარობის პრეზუმფციით და იგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად განიხილება.

37. პალატის განსჯით, მ.გ–ძის სარჩელის პერსპექტიულობა დამოკიდებული იყო იმ გარემოების დადასტურებაზე - დაათმობინეს თუ არა მას რეგისტრირებული უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ არამართლზომიერი ზემოქმედების საშუალებებით. აქედან გამომდინარე, დავის გადასაწყვეტად მტკიცების საგანში შემავალ და სასამართლოს საკვლევ ფაქტებს განეკუთვნებოდა ორი ძირითადი გარემოება: 1. იყო თუ არა მოსარჩელე უძრავი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრე სადავო ნების გამოვლენამდე და 2. რამდენად წარმოადგენდა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგს სადავოდ ქცეული უძრავი ნივთის მიტოვების განცხადება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ დავაში საკვლევ გარემოებას არ წარმოადგენდა მ.გ–ძის სახელზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების წარმომავლობა.

38. მტკიცების საგანში შემავალი პირველი გარემოება სააპელაციო სასამართლომ, როგორც უკვე აღინიშნა, დაადგინა უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, რომელიც არათუ დავის მიმდინარეობისას, არამედ დღესაც, წინამდებარე კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზეც, ძალაში მყოფ მონაცემთა ერთობლიობად მიიჩნევა, ვინაიდან საქმის მასალებში დაცული არ არის მისი ძალადაკარგულად/ბათილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება.

39. რაც შეეხება ნებაზე ზემოქმედების ფაქტორებს, სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო რომ: 1. 2010 წლის სექტემბრიდან არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა მ.გ–ძის, როგორც მაღალჩინოსნის მიერ, ბახმაროში უძრავი ქონების უკანონო დაუფლების ფაქტზე მითითებით; 2. მ.გ–ძემ განცხადება ბახმაროში არსებულ ქონებაზე მიტოვების თაობაზე საჯარო რეესტრში წარადგინა 2010 წლის 14 სეტემბერს; 3. 2010 წლის 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, ჩოხატაურში, კურორტ ბახმაროში, საკუთრების უფლების მიტოვების მოთხოვნით განცხადება წარადგინა 65-მა პირმა; 4. სარჩელში მ.გ–ძემ მიუთითა, რომ მის მიმართ ზემოქმედება ქონების მიტოვებაზე ხდებოდა გენერალური ინსპექციის თანამშრომელის გ.გ–ის მხრიდან მობილური ტელეფონით კომუნიკაციით, რომლის დასადასტურებლადაც წარმოადგინა მობილური ოპერატორის მიერ გაცემული ამონაწერი მ. გიორგაძის ტელეფონზე 2010 წლის 13 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით ზარების განხორციელების თაობაზე; 5. მ.გ–ძის განცხადების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2013 წლიდან გ.გ–ი გამოკითხული არ არის, რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა, არც რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა გამოვლენის მიზნით არ განხორციელებულა. ამ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით პალატამ დაასკვნა, რომ მ.გ–ძის მხრიდან ქონებაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვება, მაღალი ალბათობით, არა ნების თავისუფალი გამოვლენის, არამედ იძულებითი ზემოქმედების განხორციელების შედეგს წარმოადგენდა.

40. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, მ.გ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნეული №147 საკუთრების უფლების მოწმობის არანამდვილობა, მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების გარეშე, წინამდებარე საქმის შედეგზე ზეგავლენას ვერ იქონიებდა.

41. ამასთან, პალატამ დადგენილად რომც მიიჩნიოს, რომ №147 საკუთრების უფლების მოწმობის კანონშეუსაბამობის ფაქტობრივ გარემოებას წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შედეგის განპირობება შეეძლო, პალატა მიიჩნევს, რომ განცხადებებითა და კერძო საჩივრებით დაძლეული არ არის სსსკ 423-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

42. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრების ავტორების მითითებას იმის შესახებ, რომ უფლების დამდგენი საბუთის ბათილობის საფუძველი შეიტყვეს მათსავე ადმინისტრაციულ სარჩელზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2022 წლის გადაწყვეტილებით. აღნიშნულის საპირწონედ, საქმის მასალებშია სარჩელზე თანდართული, საჯაროდ გამოქვეყნებული არაერთი სტატია, რომელშიც აღწერილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე შ.ს–ძე კანონის მოთხოვნათა დაღვევით გასცემდა საკუთრების უფლების მოწმობებს, მათ შორის, მოქმედ საჯარო მოხელეებზეც, ამ პირთა ვინაობებს შორის დასახელებულია მ.გ–ძეც (იხ. ს.ფ. 23-34). სტატიებში აღბეჭდილი იყო ისიც, რომ პროკურატურა საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი შ.ს–ძის მიმართ ახორციელებდა სისხლისსამართლებრივ დევნას (იხ. ს.ფ. 29), ამდენად, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უფლების დამდგენი დოკუმენტის სავარუდო კანონსაწინაღმდეგოობაზე იმთავითვე უთითებდა, შესაბამისად, მოპასუხეებად დასახელებულ სააგენტოსა და სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ქონების მართვა-განკარგვაზე პასუხისმგებელ სუბიექტებს, სულ მცირე, 2017 წლის 22 აპრილიდან (სარჩელის მოპასუხეებზე ჩაბარების თარიღი; ტ.1, ს.ფ. 93-94) შეეძლოთ შეესწავლათ მ.გ–ძის უფლების დამდგენი საკუთრების მოწმობის ნამდვილობის საკითხი, სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოებში დაწყებული სისხლის სამართლის საქმის საბოლოო შედეგის მოკვლევის ჩათვლით, და გამოერკვიათ, რომ, მათ შორის, მ.გ–ძის სასარგებლოდ №147 საკუთრების უფლების მოწმობის უკანონოდ გაცემის ფაქტზე შ.ს–ძის მიმართ ჯერ კიდევ 2012 წლის 7 მაისს დადგა გამამტყუნებელი განაჩენი; აღნიშნულ გარემოებათა მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს შესაძლებლობას მისცემდა, სამოქალაქო დავის დასრულებამდე წამოეწყოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

44. მოპასუხეები წინამდებარე სამოქალაქო დავაში სარჩელისაგან თავს იცავდნენ მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ ევალებოდათ უძრავ ნივთზე საკუთრების მიტოვების განცხადების განმაპირობებელი გარემოებების კვლევა, რაც სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა არ გაიზიარეს. ადმინისტრაციული ორგანოები მ.გ–ძის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სამოქალაქო საქმის განმხილველმა სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოების მტკიცება არ გაიზიარა და სარჩელი მათ საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. ამ მოცემულობაში კი, მ.გ–ძის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონსაწინააღმდეგობაზე სამოქალაქო საქმის განხილვის პროცესში მიუთითებლობა წარმოადგენს სწორედ ბრალეულ უმოქმედობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადებებმა ვერ დაძლიეს სსსკ 423-ე მუხლის წანამძღვრები, რაც კერძო საჩივრების უარყოფის დამატებითი საფუძველია.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო, თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.; Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად, ხოლო საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ ქმნის საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივრებს დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვათ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 ივლისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი