16 მაისი 2025 წელი №ას-904-2024 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ფ–ა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მოძრავი ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ე.ფ–ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს ნ.ს–ვას მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ე.ფ–ასა და ნ.ს–ვას შორის ზუგდიდში, ......... მდებარე შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთებზე: 1) ........; 2) ......; 3) ........ 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები;
1.2. ნ.ს–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი -22 ცალი, რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 28 მაისს, რ.ბ–გან, რომელსაც მოპასუხე წარმოადგენდა, სასტუმროს გახსნის მიზნით, მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ზუგდიდი, .......... საკადასტრო კოდებით: .........., ......., .......... შეძენილი ქონება იყო შავი კარკასის მდგომარეობაში და საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს.
2.2. ს.ს. „ს.ბ–თან" დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მიიღო სესხი 471 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის უზრუნველსაყოფადაც 2019 წლის 29 მაისს იპოთეკით დაიტვირთა შეძენილი ქონება. აღნიშნული ნივთებით უზრუნველყოფილი სესხის ოდენობამ შეადგინა 252 000 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სხვა პირთა უძრავი ნივთებიც.
2.3. მოსარჩელესა და მოპასუხე ნ.ს–ვას შორის ზეპირი შეთანხმებით გადაწყდა, რომ ნაწილ თანხას მოსარჩელე მოპასუხეს გადაუხდიდა სესხის მიღებისთანავე, ხოლო დარჩენილ ნაწილს _ შენობის რემონტის დასრულებისა და სასტუმროს ამუშავების შემდეგ, რაზეც მოპასუხე დათანხმდა. ბანკიდან მიღებული სესხის ნაწილით მოსარჩელემ დაფარა მისი პირადი სესხი, ნაწილით მოპასუხე ნ.ს–ვას გადაუხადა 72 000 აშშ დოლარი და მისივე თხოვნით, 122 865 ლარი გადაურიცხა ნასყიდობის საგნის ყოფილ მესაკუთრეს, ნ.ს–ვას ნათესავ რ.ბ–ს
2.4. 2020 წლის მარტში ნ.ს–ვამ მოსარჩელეს შესთავაზა უძრავი ქონების მის სახელზე გადაფორმება, ვიდრე მოსარჩელე მთლიანად არ გადაიხდიდა ნასყიდობის ღირებულებას. 2020 წლის 25 მარტს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და ქონება საკუთრების უფლებით ნ.ს–ვას სახელზე აღირიცხა.
2.5. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს მითვისებული აქვს არა მარტო კაპიტალურად გარემონტებული უძრავი ქონება (შავი კარკასის მდგომარეობაში შეძენილი), არამედ მოსარჩელის მიერ გადახდილი 72 000 აშშ დოლარი და მისი სიძის, რ.ბ–ს სახელზე გადარიცხული 120 865 ლარი, ასევე - მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ქონება, რომელიც ინახება სასტუმროში, მდებარე: ზუგდიდი, ........, კერძოდ: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი -22 ცალი, 3 რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი-4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი. ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) 10 კომპლექტი, სამინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით 5 კომპლექტი (სასარჩელო მოთხოვნა 61 ერთეული სკამის ნაწილში შემცირდა 13.06.2023 წლის სასამართლო სხდომაზე, იხ. სხდომის ოქმი 14:15:10-14:18:36 სთ).
მოპასუხეების პოზიცია:
3.1. მოპასუხემ დაადასტურა, რომ უძრავი ქონების ფაქტობრივი მესაკუთრე ნ.ს–ვა იყო, შესაბამისად, ზეპირი მოლაპარაკება მოსარჩელესთან ნასყიდობის შესახებ სწორედ მან აწარმოა. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 1 800 000 ლარით. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელეს საკმარისი ფული არ ჰქონდა და მის მოძიებას აპირებდა საბანკო კრედიტით, ნ.ს–ვა დათანხმდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე მიეღო ვალის აღიარების ხელშეკრულება 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის მოსარჩელის მხრიდან გადახდის შესახებ, ხოლო ნასყიდობის საგნად მითითებულიყო 800 000 ლარი, რომლის გადახდაც მოსარჩელემ სრულად ვერ უზრუნველყო. აღნიშნულის გამო, გამყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გავიდა და 25.03.2020 წლის ხელშეკრულებებით განხორციელდა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა - ქონების რეალური მესაკუთრისათვის, ნ.ს–ვასთვის, უკან დაბრუნება.
3.2. ნ.ს–ვამ, როგორც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთების მესაკუთრემ, დაფარა მოსარჩელის დავალიანების ნაწილი ს.ს. „ს.ბ–ში", 585 000 აშშ დოლარის ოდენობით, რითიც მოსარჩელე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
3.3. სარჩელის საგნად ქცეული ავეჯი, იმ ოდენობით, რაც დახვდა ნ.ს–ვას, კვლავ შენობაშია და მოპასუხეს დაკავებული აქვს გირავნობის უფლებით, ვიდრე მოსარჩელე მას არ აუნაზღაურებს ს.ს. „ს.ბ–ის“ წინაშე გადახდილ დავალიანებას.
3.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის მოძრავი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს და არც იმას, რომ ამავე ნივთებს (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში) თავად ფლობს, თუმცა მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულებამდე გააჩნია მათი მართლზომიერი დაკავების (გირავნობის) უფლება.
საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შინაარსი:
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ე.ფ–ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა:
4.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მოპასუხე ნ.ს–ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდში ........ (საკადასტრო კოდი: ........, ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: .........., ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
4.2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო ნ.ს–ვას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ზუგდიდში ......... (საკადასტრო კოდი: .........., ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ......., ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: .........., ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) განთავსებულ მოძრავ ნივთებს, კერძოდ: ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი - 22 ცალი, რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ე.ფ–ას სარჩელი მოპასუხე ნ.ს–ვას მიმართ დაკმაყოფილდა:
5.1. ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 25.03.2020 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე: ს/კ ........ ს/კ ........ ს/კ .......
5.2. მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რაც დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით (აღმასრულებლის აქტში მითითებული ფაქტობრივი მფლობელობის ოდენობით).
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ს–ვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
7.1. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2020 წლის 25 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ნივთებზე, საკადასტრო კოდებით: 1) .......; 2) .......; 3) ........
7.2. ე.ფ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
7.3. ე.ფ–ას სარჩელი ნ.ს–ვას მიმართ, 2020 წლის 25 მარტს მხარეთა შორის უძრავ ნივთებზე (1. ს/კ ........; 2. ს/კ ........; 3. ს/კ ........) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დარჩა განუხილველად;
7.4. მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების გამოთხოვის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მოძრავი ნივთების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1. ე.ფ–ას საკუთრებაა ნ.ს–ვას სახელზე რიცხულ უძრავ ნივთებში (ს/კ .........; ს/კ ..........; ს/კ .........) განთავსებული ტელევიზორი - 24 ცალი, მაცივარი - 22 ცალი, რბილის ავეჯი - 6 კომპლექტი, დივანი ამაზონი - 4 ცალი, რბილი ავეჯი "მირინა 7" - 1 ცალი, სკამი BRUKLES - 4 ცალი, მაგიდა LIVA - 4 ცალი, სკამი BRUKLES - 17 ცალი, მაგიდა (1.8.4. 2016) - 10 ცალი, მაგიდა (1.8.1. (2) 2012) - 6 ცალი, სკამი (სტ 2030, ლიზა ვენგე) - 16 ცალი, სკამი (სტ 7402 სტატუ) - 24 ცალი, სკამი (სი.ს 553 ნეაპოლი H) - 4 ცალი (ს/ზ ელ - 05021792), საძინებელი მატრასით (სენიორა) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ექსპრესო) - 3 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (კაპრისო) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (სტატუ) - 10 კომპლექტი, საძინებელი მატრასით (ატლასი) - 1 კომპლექტი, საძინებელი მატრასით - 5 კომპლექტი.
8.2. განჩინების 8.1. პუნქტში ჩამოთვლილ მოძრავ ნივთებს, გარდა 61 ცალი სკამისა, ფლობს მოპასუხე ნ.ს–ვა. დასახელებულ 61 სკამზე აღდგენილია ე.ფ–ას მფლობელობა.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
9.1. მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული მოძრავი ნივთების ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად მიუთითებს, რომ ე.ფ–ას გააჩნია მის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები, კერძოდ, მოპასუხემ შეასრულა ე.ფ–ას მიერ ს.ს. „ს.ბ–ი“-ს წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულება 585000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც ნ.ს–ვას მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა რეგრესული მოთხოვნის უფლება, რომელიც ჯერ შესრულებული არ არის, შესაბამისად, მოპასუხეს გააჩნია მის კუთვნილ უძრავ ნივთში განთავსებული მოძრავი ნივთების ფლობის უფლება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
9.2. პალატამ მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
9.3. პალატამ განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა, ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
9.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მოძრავი ნივთები ე.ფ–ას საკუთრებაა; მხარეებს შორის 2020 წლის 25 მარტს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტში ასახული მოძრავი ნივთები, გარდა 61 სკამისა, მოპასუხე ნ.ს–ვას მფლობელობაშია. მოპასუხეს დასახელებული მოძრავი ნივთების ფლობის მართლზომიერების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც შეეხება ფულადი მოთხოვნის არსებობის გამო ნივთების დაკავების უფლებაზე მოპასუხის აპელირებას, პალატამ აღნიშნული არგუმენტი არ მიიჩნია მესაკუთრის - ე.ფ–ას ვინდიკაციური მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებად.
9.5. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მესაკუთრემ მფლობელს წაუყენა რა დასაბუთებული პრეტენზია, ნივთებზე მოპასუხის მფლობელობა მიიჩნევა შეწყვეტილად სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს–ვამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
10.1. მოძრავი ნივთები, რომლის გამოთხოვაც მოთხოვნილია სარჩელით, ნ.ს–ვამ ე.ფ–ასგან შეიძინა უძრავ ნივთებთან ერთად, ერთი მთლიანი ხელშეკრულებით, ვინაიდან 2020 წლის 25 მარტით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ნივთები ნ.ს–ვას გადაეცა, უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, რაზედაც მიღება-ჩაბარების აქტი სპეციალურ მითითებას შეიცავს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე სარჩელის განუხილველად დატოვების პირობებში, მოძრავი ნივთების ნაწილში ხელშეკრულება მიიჩნევა ნამდვილად, რაც განაპირობებს ამავე ნივთების მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას.
10.2. რომც დადგინდეს, რომ მოძრავი ნივთები ნ.ს–ვას უკანონო მფლობელობაშია, გადაწყვეტილების აღსრულება მაინც ვერ მოხდება, ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რომელი ნივთები უნდა იქნეს გამოთხოვილი ნ.ს–ვასაგან. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოძრავი ნივთები, რომლებიც გამოთხოვილი უნდა იქნეს ნ.ს–ვასაგან, მითითებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებაში _ მიღება-ჩაბარების აქტში, რითაც აზრი დაუკარგა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მნიშვნელობას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.1. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ სამართლებრივი მიზნის გათვალისწინებით, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს, მოძრავი ნივთების დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
15.2. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება (იხ. სუსგ. №ას-914-2019, 25.07.2019წ.; №ას-246-246-2018, 20.03.2018წ.).
15.3. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.
15.4. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკის თანახმად, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მხარეთა მტკიცებისა და მითითების ტვირთი. ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან (1. მოსარჩელე მესაკუთრეა; 2. მოპასუხე მფლობელია; 3. ფლობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე) პირველი ორის - მოსარჩელის საკუთრების უფლებისა და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას ეკისრება მარტოოდენ მითითების ვალდებულება (მრავალთა შორის იხ. სუსგ.№ას-690-661-2016, 01.09.2016წ.; №ას-1643-2019, 10.01.2020წ.; №ას-1570-2018, 22.11.2018წ.; №ას-1452-2020, 18.02.2021წ.). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.
15.5. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ამგვარი განაწილება გამომდინარეობს საპროცესო სამართლის იმ უზოგადესი წესიდან, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (იხ. სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ). მესაკუთრე ვინდიკაციური სარჩელით უარყოფს მფლობელობის საფუძვლიანობას, შესაბამისად, მას უარყოფის მტკიცება ვერ დაეკისრება, ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება შედის რა მოპასუხის ინტერესის სფეროში, ამავე გარემოების მტკიცების ტვირთიც სწორედ მის მხარეს არის.
16.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში კასატორი არ შედავებია წინამდებარე განჩინების 1.2. პუნქტში ჩამოთვლილი ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტს; ვინდიკაციურ მოთხოვნას მოპასუხე მხარე უპირისპირებდა იმ გარემოებას, რომ მან ს.ს. „ს.ბ“-ს წინაშე შეასრულა მოსარჩელის ფულადი ვალდებულება, რომლის რეგრესული ანაზღაურების მოვალეობაც მოსარჩელეს აკისრია და სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე მოპასუხეს მართლზომიერად აქვს დაკავებული მოსარჩელის მოძრავი ნივთები.
16.2. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებით მასში განთავსებული მოძრავი ნივთების მოპასუხის მიერ შეძენის შესახებ, მითითებული არ ყოფილა არც შესაგებლებში (იხ. ტ.1, ს.ფ. 193-205; ტ.4, ს.ფ. 3-23) და არც სააპელაციო საჩივარში (იხ. ტ.4, ს.ფ. 175-193).
16.3. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
16.4. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არის მესამე ინსტანციის (საბოლოო ინსტანცია) სასამართლო, რომელიც ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა სისწორეს სამართლებრივი კუთხით. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო, ამიტომ, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა საკასაციო სასამართლოში პრინციპულად დაუშვებელია. ერთადერთ გამონაკლისს ამ შემთხვევაში წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საპროცესო სამართლებრივი ნორმების ისეთი დარღვევა, რომლის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
16.5. ამრიგად, საკასაციო პალატა დაუშვებლად მიიჩნევს კასატორის მითითებას ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე იმის შესახებ, რომ უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ძალით მოპასუხეს სადავოდ ქცეულ მოძრავ ნივთებზე მოპოვებული აქვს საკუთრება, ამდენად, დასახელებული არგუმენტის შინაარსობრივ კვლევას პალატა არ შეუდგება.
16.6. ამდენად, საკასაციო პალატისთვის სავალდებულოდ მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც აღწერილია ამ განჩინების 8.1.-8.2. პუნქტებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა გამოიკვლევს იმ გარემოებას, კასატორის მიერ სადავო ნივთების ფლობა ხორციელდება მართლზომიერი საფუძვლით თუ მის გარეშე.
17.1. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მოძრავ ნივთებზე მოპასუხე მფლობელობას ახორციელებს იმ უკუმოთხოვნის უზრუნველსაყოფად, რომელიც კასატორს წარმოეშვა მოსარჩელის ვალის დაფარვიდან. კასატორის აზრით, რეგრესული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე მას ხსენებულ მოძრავ ნივთებზე გირავნობის უფლება გააჩნია.
17.2. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს სახელშეკრულებო და კანონისმიერ გირავნობას. მათ შორის განსხვავება წარმოშობის საფუძვლებშია - სახელშეკრულებო გირავნობა ფუძნდება ორმხრივი ნების გამოვლენის გზით, მოგირავნესა და დამგირავებელს შორის დადებული ხელშეკრულების ძალით, კანონისმიერი გირავნობა კი კანონმდებლის ნორმატიული ნების საფუძველზე აღმოცენდება და კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოვალის მიმართ არსებული თავისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ამ უკანასკნელის დაუკითხავად გამოიყენოს მისი ნივთი გირავნობის საგნად. როგორც წესი, კანონისმიერი გირავნობის წარმოშობის წინაპირობა არის გირავნობის საგნის არსებობა კრედიტორის (მოგირავნის) მფლობელობაში (იხ. ჭანტურია ლ., „კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი“, თბილისი, 2012, გვ. 126).
17.3. კანონისმიერი გირავნობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებია: გირავნობის უფლება დამქირავებლის ნივთებზე (სსკ 568-ე მუხლი), გირავნობის უფლება საიჯარო ინვენტარზე (სსკ 586-ე მუხლი), გირავნობის უფლება ნაყოფზე (სსკ 596-ე მუხლი), გირავნობის უფლება მენარდის მიერ დამზადებულ მოძრავ ნივთზე (სსკ 634-ე მუხლი), გირავნობის უფლება ტვირთზე გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ხარჯების გამო (სსკ 685-ე მუხლი), სასაქონლო საწყობში შენახულ საქონელზე გირავნობის უფლება (სსკ 796-ე მუხლი). კანონისმიერი გირავნობის ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და კანონმდებლობა შეიძლება ითვალისწინებდეს ამგვარი გირავნობის სხვა შემთხვევებსაც.
17.4. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სადავო მოძრავ ნივთებზე მოპასუხის მფლობელობა კანონისმიერი გირავნობის ზემოაღნიშნული არცერთი საფუძვლით არ წარმოშობილა; მოძრავი ნივთების მოპასუხის მფლობელობაში გადასვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ უძრავი ნივთები, რომელშიც განთავსებულია სადავო ინვენტარი, მოსარჩელემ მიჰყიდა მოპასუხეს, თავის მხრივ კი მოპასუხე, რომელიც დაეუფლა შეძენილ უძრავ ნივთებს და მასში განთავსებულ მოძრავ ქონებას, უარს აცხადებს გამყიდველისთვის ამავე მოძრავი ნივთების დაბრუნებაზე, რადგან მიაჩნია, რომ მესამე პირის (ბანკის) წინაშე მოსარჩელის ვალდებულების შესრულებით მოიპოვა რეგრესული მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც უფლება აქვს, გირავნობა გაავრცელოს მოსარჩელის მოძრავ ნივთებზე.
17.5. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დამტკიცდება, რომ კასატორმა, როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრემ, შეასრულა ე.ფ–ას საკრედიტო ვალდებულების ნაწილი ს.ს. „ს.ბ–ის წინაშე“, მისი რეგრესული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს შესაძლოა წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი (1. უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. 2. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს) და ამავე კოდექსის 986-ე მუხლი (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება).
17.6. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ არც იპოთეკის და არც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტი, კანონისმიერი გირავნობის წარმოშობის შემთხვევებს არ ითვალისწინებს, ამდენად, კასატორს ნამდვილად რომც გააჩნდეს მოსარჩელის მიმართ უკუმოთხოვნა, მოვალის (მოსარჩელის) მოძრავი ნივთებით მოთხოვნის უზრუნველყოფის კანონისმიერი უფლება მას არ გააჩნია, ხოლო სახელშეკრულებო გირავნობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტს კასატორი არათუ ვერ ამტკიცებს, არამედ არც კი უთითებს მასზე.
18. ამრიგად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მასზედ, რომ მოპასუხის მფლობელობას მოსარჩელის კუთვნილ ნივთებზე ვარგისი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, შესაბამისად, ფლობა არამართლზომიერია. ამრიგად, სავინდიკაციო სარჩელის სამივე წინაპირობა განხორციელებულია.
19.1. კასატორი მიიჩნევს, რომ რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში მოპასუხისგან გამოსათხოვი ნივთები სახელდებით ჩამოუთვლელობა გამოიწვევს ამ ნაწილში გადაწყვეტილების აღუსრულებლობას, რის გამოც არსებული ფორმით ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვება გაუმართლებელია.
19.2. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 01.09.2023 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოძრავი ნივთების ჩამონათვალს მართლაც არ შეიცავს, არამედ იგი ფორმულირებულია შემდეგნაირად: „მოპასუხის მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რაც დაყადაღებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინებით (აღმასრულებლის აქტში მითითებული ფაქტობრივი მფლობელობის ოდენობით)“.
19.3. ამრიგად, ნივთების ჩამონათვალის განსაზღვრის მიზნებისათვის გადაწყვეტილება მიუთითებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლის ძალითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ყადაღა დაედო ნ.ს–ვას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე ზუგდიდში .......... (საკადასტრო კოდი: ........, ფართი 384.67 კვ.მ (მე-2 სართული); საკადასტრო კოდი: ........, ფართი 365.48 კვ.მ (მე-3 სართული); საკადასტრო კოდი: ......., ფართი 380.80 კვ.მ (მანსარდა) განთავსებულ მოძრავ ნივთებს და ამ განჩინების აღსასრულებლად აღმასრულებლის მიერ შედგენილ აღწერა-დაყადაღების აქტზე.
19.4. საკასაციო პალატის განსჯით, ამგვარად ფორმულირებული სარეზოლუციო ნაწილი, შესაძლოა, დადგეს კიდეც აღსრულების დაბრკოლებების წინაშეც, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტით აღნიშნული დაბრკოლება დაძლევადია. ამასთან, გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკის ადრესატი კრედიტორია და არა მოვალე, ამდენად, ამ რისკზე მოვალის (კასატორის) აპელირება პალატას საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძვლად არ მიაჩნია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21.1. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
21.2. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
21.3. სსსკ 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
21.4. წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, ვინაიდან საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია. საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით, საიდანაც 850 ლარი კასატორს უკან უნდა დაუბუნდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დანარჩენი 150 ლარიდან კასატორს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო უნდა დაუბრუნდეს 70%, რაც შეადგენს 105 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ს–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.ს–ვას (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 850 ლარი (საგადასახადო დავალება № 8565, გადახდის თარიღი: 16.07.2024წ, გადამხდელი: მ. ბ. (პ/ნ .......) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. ნ.ს–ვას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადასახადო დავალება № 8565, გადახდის თარიღი: 16.07.2024წ, გადამხდელი: მ. ბ.(პ/ნ ......) გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი