Facebook Twitter

საქმე№ას-907-2025 8 აგვისტო, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიზო უბილავა

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან კასატორი/შემსყიდველი) შპს „დ“-ის (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მენარდე/მიმწოდებელი) წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 8 495.17 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლო არის არასწორად დათვლილი, შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 3 351.9 ლარი;

4. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.

5.2. 2023 წლის 3 მაისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №100 (CPV18200000), რის მიხედვითაც მოპასუხე კომპანიამ აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა 83 286.00 ლარის ღირებულების მართლწესრიგის ოფიცრის (საგაზაფხულო) უნიფორმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან (03.05.2023 წ.) 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით.

5.3. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი №3-ით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 11 370 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 08.06.2023 წელს, 6 დღის დაგვიანებით.

5.4. საქმეში წარმოდგენილი №4 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 29 812 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 19.06.2023 წელს, 17 დღის დაგვიანებით.

5.5. საქმეში წარმოდგენილი №2 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 3 584 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 01.06.2023 წელს, ამ შემთხვევაში მიწოდების ვადა არ დარღვეულა.

5.6. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში 16 272 ლარის ღირებულების უნიფორმა, სამინისტროს მიეწოდა 68 დღის დაგვიანებით. 2023 წლის 9 აგვისტოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის №2533864 წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შესახებ და განესაზღვრა დრო, ვალდებულების ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე.

5.7. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველმა პირგასამტეხლო მოპასუხეს დაარიცხა, მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 8 495.17 ლარს.

5.8. აპელანტის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა. კერძოდ, შემსყიდველის მიერ 2023 წლის 3 მაისის ხელშეკრულებით განხორციელებული მოთხოვნის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი ნაცვლად 2023 წლის 2 ივნისისა, სრულად მიწოდებულიია 2023 წლის 9 აგვისტოს - 68 კალენდარული დღის დაგვიანებით. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2. პუნქტის თანახმად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 8 495,17 ლარს.

5.9. აპელანტის განმარტებით სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ობიექტი პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის სამინისტროს საქმის სრულფასოვან განხორციელებას. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარად დაუსაბუთებლად შემცირება არაპროპორციულია და სცდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს, რის გამოც უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

5.10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, მოსარჩელეს მიაწოდა 68 კალენდარული დღის დაგვიანებით. მოსარჩელემ ხელშეკრულების 10.2 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,15%, რაც ჯამში შეადგენს 8 495,17 ლარს, რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.

5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია და აპელანტებმა ვერ გააქარწყლეს სათანადო მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ერთ-ერთი აპელანტის პოზიცია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დადებულ გარიგებას წარმოადგენს, პალატა ყურადღება მიაპყრობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია პირგასამტეხლოს ოდენობისგანსაზღვრისთაობაზეhttp://www.procurement.gov.ge/News/recomendaciapirgasamtexlo.aspx). სადაც მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. ვინაიდან ხელშეკრულების შესრულების გარანტია მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი უნდა დაიცვან და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, როგორიცაა პირგასამტეხლო, გაითვალისწინონ იმ შემთხვევებში, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ობიექტურ რისკებთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ასევე მიუთითა, რომ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობა, ცალკეულ შემთხვევებში, იწვევს სამართლიან უკმაყოფილებას მიმწოდებლების მხრიდან, რასაც, ხშირ შემთხვევაში, იზიარებს სასამართლო, კერძოდ, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაპროპორციულად მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე მცირდება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მყარი სასამართლო პრაქტიკაა ჩამოყალიბებული. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სააგენტომ რეკომენდაციის სახით მიუთითა, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით;

5.12. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. (სუსგ ას-905-2021) სააგენტოს რეკომენდაციასთან მიმართებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები მხოლოდ მოპასუხის პოზიციას იზიარებენ, რაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

6.3. ამდენად, კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაუსაბუთებლად არაგონივრულად შეამცირეს პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას მსგავს საკითხებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმეზე Nას-251-2018, 08.02.2022 წ.).

13. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ.: სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორი სადავოდ ხდის, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან არამართლზომიერად შემცირდა. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.;). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

16. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

17. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაშია მისაღები, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №100 (CPV18200000), რის მიხედვითაც მოპასუხე კომპანიამ აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა 83 286.00 ლარის ღირებულების მართლწესრიგის ოფიცრის (საგაზაფხულო) უნიფორმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან (03.05.2023 წ.) 2023 წლის 2 ივნისის ჩათვლით. უდავოა, რომ ვალდებულება ნაწილობრივ დაირღვა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი №3-ით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 11 370 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 08.06.2023 წელს, 6 დღის დაგვიანებით. წარმოდგენილი №4 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 29 812 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 19.06.2023 წელს, 17 დღის დაგვიანებით. წარმოდგენილი №2 მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში 3 584 ლარის ღირებულების უნიფორმა სამინისტროს მიეწოდა 01.06.2023 წელს, ამ შემთხვევაში მიწოდების ვადა არ დარღვეულა. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში 16 272 ლარის ღირებულების უნიფორმა, სამინისტროს მიეწოდა 68 დღის დაგვიანებით.

19. 2023 წლის 9 აგვისტოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის №2533864 წერილით მოპასუხეს ეცნობა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილების შესახებ და განესაზღვრა დრო, ვალდებულების ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, შემსყიდველმა პირგასამტეხლო მოპასუხეს დაარიცხა, მთლიანი ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 8 495.17 ლარს.

20. მიუხედავად იმისა, რომ შესასრულებელი ვალდებულება სპეციფიურია, ამავდროულად შემსყიდველი განსაკუთრებული საჯარო ინტერესის სფეროში საქმიანობს, რაც ზრდის მიმწოდებლის პასუხისმგებლობას და ავალებს ამ უკანასკნელს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და გულისხმიერებით მოეკიდოს შესასრულებელ ვალდებულებას, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართლზომიერად შეამცირეს მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, გონივრულ ოდენობამდე, ხოლო, კასატორს ისეთი მტკიცებულებები და არგუმენტები არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოსთვის, რაც მიღებული და გასაჩივრებული შედეგის არსებითად შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის თაობაზე, და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო მართებულად შემცირდა. სასამართლომ კრედიტორისა და მოვალის მტკიცების ფარგლების, ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების და ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი ოდენობით.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

23. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. უბილავა