საქმე№ას-1005-2025 8 აგვისტო, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიზო უბილავა
კერძო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – კ.გ–ძე, ლ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სარჩელის მოთხოვნა კ.გ–ძისა და ლ.გ–ძისათვის (შემდეგში: მოპასუხეები) 2020 წლის 30 ოქტომბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 32 384.93 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე კ.გ–ძეს მოსარჩელეის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 17 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1 695.73 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1 081.30 ლარი, პროცენტი 181.89 ლარი, საკომისიო 30 ლარი, პირგასამტეხლო 402.54 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით: - „1. აპელანტს დაევალა, აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხარვეზის შევსების მიზნით: ა) სააპელაციო მოთხოვნის შესაბამისად, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით (1 295,40 ლარი), ბ) წარედგინა დაზუსტებული და დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც მითითებული იქნება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს გ) ასევე, წარედგინა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით;
5. დასახელებული განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, გაეგზავნა აპელანტს და ჩაბარდა 2024 წლის 10 ოქტომბერს.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს ხარვეზის აღმოფხვრის ვადა ჰქონდა 2024 წლის 21 ოქტომბრის 24:00 საათამდე, თუმცა აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი შეავსო განსაზღვრულ ვადაში, 2024 წლის 23 ოქტომბერს, გზავნილის ფოსტაში წარდგენის გზით. კერძო საჩივრის ავტორმა, კერძო საჩივართან ერთად წარმოადგინა შპს „ს.ფ–ის“ შეტყობინების ბარათი გზავნილის მიღების შესახებ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახლველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.
11. მოცემულ შემთხვევაში საკვლევი საკითხია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.
12. საკასაციო სასამართლო, საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულების საკითხის შეფასებისას, მიუთითებს სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და მიუთითებს კერძო საჩივარზე დართულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გზავნილი ფოსტის პროგრამაში დარეგისტრირდა 2024 წლის 21 ოქტომბერს, ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ბოლო დღეს (გასათვალისწინებელია, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერი, ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული უშუალოდ მე-10 დღე, კვირა დღეა), რაც წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.ბ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. უბილავა