Facebook Twitter

№ას-1048-2025 8 აგვისტო, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიზო უბილავა

საჩივრის ავტორები – ნ.ხ–ი, ა.ხ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ლ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ.ლ–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნ.ხ–ისა და ა.ხ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, საჩივრის ავტორები) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ მოითხოვა ყადაღს დადება მოპასუხე ა.ხ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით ბ.ლ–ნს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბ.ლ–ნის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ბ.ლ–ნის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ......, ს/კ ......... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს ამ ნაწილში განჩინების გაუქმება.

5.1. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს, რომ სადავო უძრავი ქონების გაქირავებით მოპასუხე იღებს დამატებით შემოსავალს, ხოლო აკრძალვის არსებობა, რომელიც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, გრძელვადიანი დამქირავებლის მოძიებას უშლის ხელს.

5.2. საჩივრის ავტორებმა ასევე მიუთითეს, რომ სარჩელი წარმოადგენს მხოლოდ უსაფუძვლო მცდელობას, მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების მოსარჩელის მიერ დასასაკუთრებლად, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით ნ.ხ–ისა და ა.ხ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება. პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, საჩივრის ავტორების პრეტენზიების გაზიარების საფუძველი კი არ არსებობდა, ვინაიდან, მოპასუხეს იჯარის ან ქირავნობის გარიგების დადება არ შეზღუდვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ნ.ხ–ის საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ა.ხ–ის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 1971 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.

12. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

15. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

18. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბ.ლ–ნის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ა.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....., ს/კ ........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და ამ ნაწილში განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

19. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონების შესაძლო გასხვისება გაართულებდა ან შეუძლებელს გახდიდა შემდგომში მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩათვალა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მართლზომიერია. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, ა.ხ–მა ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს ისეთი გარემოება, რომელიც სადავო აკრძალვის უკანონობას დაადასტურებდა.

21. საკასაციო სასამართლოს განსჯით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჭიროებაში და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ა.ხ–ის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხე ვალდებულებისგან თავის ასარიდებლად უძრავ ქონებას გაასხვისებდა. აღნიშნულს მიემხრო სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლოც იზიარებს. მით უფრო, რომ სარჩელი არის მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი, რაც ნიშნავს იმას, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული არ იქნება მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ მოვალემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა მფლობელობაში, აღნიშნული ქმედებები კი საფრთხის ქვეშ დააყენებს გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაძლოა შეუძლებელიც გახადოს. პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას მასზედ, რომ აკრძალვის არსებობა, რომელიც საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, გრძელვადიანი დამქირავებლის მოძიებას უშლის ხელს. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ა.ხ–ს აეკრძალა სადავო უძრავი ქონების მხოლოდ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა და არა იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებების გაფორმება. შესაბამისად, აღნიშნული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 191-ე მუხლის დანაწესის ფარგლებში, სწორად გამოიყენა სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ღონისძიება და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა ა.ხ–ის საჩივრის ნაწილში უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ: #ას-54-2019, 06.06.19 წ.).

22. რაც შეეხება ნ.ხ–ის საჩივარს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც საჩივრის ავტორის წინააღმდეგაა გამოტანილი.

23. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა.ხ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ ....... გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა როგორც ა.ხ–მა, ასევე მოპასუხე ნ.ხ–მა, მიუხედავად იმისა, რომ გასაჩივრებული განჩინებით დამადგარი შედეგი მიმართული არ არის ნ.ხ–ის წინააღმდეგ.

24. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება ნ.ხ–ის წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, იგი ვერ იქნება მიღებული განჩინების საჩივრით გასაჩივრების სუბიექტი, რაც მისი მოთხოვნის ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში;

3. ნ.ხ–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე (უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში) დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა