№ას-1058-2025 1 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – მ.პ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ო–ძე (მ.მ–ის უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ.მ–ის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ.პ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .........., ფართი 36.68 კვ.მ., ს/კ №...... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ.მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 პრილის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. 2025 წლის 21 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მ.პ–ის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და 2025 წლის 18 ივლისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც სადავო უძრავი ქონების ს/კ ........ მესაკუთრეა ნ.ო–ძე პ/ნ .......
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ.ო–ძე, ამავე განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2025 წლის 21 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა ნ.ო–ძემ (მოსარჩელის უფლებამონაცვლემ), მოითხოვა სარჩელის გამოხმობა.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განცხადებით მომართა ასევე კასატორმა, თანხმობა განაცხადა სარჩელის გამოხმობის შესახებ შუამდგომლობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
10. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დისპოზიციურობის პრონციპის კერძო გამოხატულებაა მოსარჩელის/განმცხადებლის უფლება, გამოიხმოს სარჩელი/განცხადება.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე (იხ. სუსგ Nას-431-431-2018 (ბ), 22.06.2018წ.; №ას-398-398-2018, 25 დეკემბერი, 2018, პ.21). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ან საკასაციო წესით საქმის განხილვისას სარჩელის გამოხმობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
12. დადგენილია, რომ 2025 წლის 21 და 22 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართეს მოსარჩელის წარმომდგენელმა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოითხოვა სარჩელის გახმობა), და მოწინააღმდეგე მხარემ (თანხმობა განაცხადა სარჩელის გახმობის შესახებ შუამდგომლობაზე).
13. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის გამოხმობის პროცესუალური წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა და განუხილველად დატოვოს მისი სარჩელი, თუ მოპასუხე თანახმაა აღნიშნულზე. გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე (მოპასუხე) მხარე დაეთანხმა მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადებას და განაცხადა თანხმობა (იხ. მოწინააღმდეგე მხარის წერილობითი განცხადება) სარჩელის გამოხმობაზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა სარჩელის გამოხმობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ–ის უფლებამონაცვლის - ნ.ო–ძის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება (№2/25962-24) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 ივნისის განჩინება (2ბ/2559-25);
3. მ.მ–ის უფლებამონაცვლის ნ.ო–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ძიმისტარაშვილი