საქმე №ა-5086-შ-104-2025
5 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ბ.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.გ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2025 წლის 22 აგვისტოს შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
2. საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით, სავარაუდოდ, დადგინდა მხარეთა შორის განქორწინება.
3. თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ საცნობი გადაწყვეტილება საბოლოო გახდა 2021 წლის 13 ივლისს და არ გასაჩივრებულა.
4. საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. 2025 წლის 3 სექტემბერს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო 2025 წლის 3 სექტემბრის განცხადებას და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მასვე შეუძლია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განცხადების გამოხმობის შუამდგომლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
10. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, შესაბამისად საჭიროა საპროცესო ანალოგიის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია)). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს (იხ.: სუსგ საქმე Nა-6055-შ-183-2023, 28 თებერვალი, 2025 წელი).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, სამოქალაქო, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამარათლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20, 22-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ.გ–ის წარმომადგენლის განცხადება თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ბ.გ–ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ლულებურგაზის საოჯახო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. ბ.გ–ს დაუბრუნდეს შუამდგომლობა თანდართული მასალით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლე გიზო უბილავა