ბს-1102-1064(კ-08) 30 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ივნისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 20 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ხელმოწერილი იყო მ. ს-ის მიერ, ამასთან, მართალია, აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეში მოიპოვებოდა მაია სურამელის სახელზე გაცემული მინდობილობა (ს.ფ. 222), მაგრამ აღნიშნულ მინდობილობაში არ იყო მითითება საკასაციო საჩივრის შეტანის სპეციალურ უფლებამოსილებაზე. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევდა წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეესრულებინა ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა ყოფილიყო აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. აღნიშნული განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მ. ს-ის სახელზე გაცემული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა; კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის ხარვეზის შესახებ განჩინება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხელზე ჩაჰბარდა 2008 წლის 23 ოქტომბერს. ამდენად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2008 წლის 28 ოქტომბერს, თუმცა მისთვის მიცემულ ვადაში კასატორს არ შეუვსია ხარვეზი _ საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მ. ს-ის სახელზე გაცემული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების) საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების შემცველი მინდობილობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.