საქმე №ას-476-2025
9 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ.ლ–ი“ (მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
II კასატორი მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „დ.ს.კ.ი–ომ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „სადაზღვევო კომპანია“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ლ–ის“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“, „მეიჯარე“, „პირველი კასატორი“, „მოპასუხე კომპანია“), ბ.ც–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“, მეორე კასატორი“, „მოიჯარე“), და რ.ა–ას („სატრანსპორტო საშუალების მძღოლი“, „თავდაპირველი მოპასუხე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მაისის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ნაწილში გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა. სარჩელი მოპასუხე რ.ა–ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დარჩა განუხილველი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 79 755 ლარის გადახდა. სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მეორე მოპასუხემ და მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველ და მეორე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 79 755 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. პირველი მოპასუხე ახორციელებს ქ. თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონში;
7.2. მოპასუხე კომპანია წარმოადგენს ....... სახელმწიფო ნომრით რეგისტრირებული „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს;
7.3. 2020 წლის 16 ივნისს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დაიდო N4N42 იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მეიჯარის საკუთრებაში არსებული 2011 წლის გამოშვება N2 კატეგორიის ავტობუს - „Ford transit“-ის, ტრანსპორტის სახელმწიფო ნომერი ......., ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი: N......., მოიჯარეზე დროებით სარგებლობაში გადაცემა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით (ხელშეკრულების 1.1. პუნქტი);
7.4. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მოიჯარე აცხადებს, რომ თანახმად, სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოიჯარეს მიანიჭებს უფლებამოსილებას, იჯარის საგნით განახორციელოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა;
7.5. ხელშეკრულების 3.3. პუნქტით, მოიჯარე აცხადებს, რომ იჯარის საგანს გამოიყენებს მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის მეიჯარის მიერ მითითებულ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მარშრუტზე;
7.6. ხელშეკრულების 3.5. პუნქტით, მოიჯარე აცხადებს, რომ ყოველდღიურად გადაიხდის მარშრუტზე მოძრაობის ღირებულებას და სხვა გადასახდელებს, რომელიც დადგენილია ან/და დადგენილი იქნება მეიჯარის შიდა ნორმატიული აქტებით წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
7.7. ხელშეკრულების 3.8. პუნქტით, მოიჯარე აცხადებს და ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მეიჯარის მიერ განსაზღვრული მძღოლის სამუშაო აღწერა და მძღოლის ქცევის წესები და კისრულობს ვალდებულებას იჯარის საგნის სარგებლობისას, მკაცრად დაიცვას მძღოლის სამუშაო აღწერით და მძღოლის ქცევის წესებით განსაზღვრული ვალდებულებები;
7.8. ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იჯარის საგანი მოიჯარეზე გადაცემულია შეზღუდული სარგებლობის უფლებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
7.9. ხელშეკრულების 7.2.2. ქვეპუნქტით, მეიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მოიჯარეს ქ. თბილისის მერიის მიერ დადგენილი შეღავათებით მოსარგებლე მგზავრების გადაყვანისათვის დადგენილი კომპენსაცია;
7.10. ხელშეკრულების 7.3.2. ქვეპუნქტით, მოიჯარე უფლებამოსილია, მეიჯარის თანხმობით, იჯარის საგანი სამართავად გადასცეს სხვა პირს, რომელიც შერჩეული იქნება მძღოლების სარეზერვო ჯგუფიდან. სარეზერვო ჯგუფის არსებობა და შემადგენლობა განსაზღვრულია მეიჯარის შიდა სტანდარტების შესაბამისად;
7.11. ხელშეკრულების 7.4.1. ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია, იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის (გარდა მეიჯარის გადაწყვეტილებისა), მეიჯარის მიერ მითითებულ მარშრუტზე, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
7.12. ხელშეკრულების 7.4.7. ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია აწარმოოს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების 3.3. მუხლით განსაზღვრული (მოიჯარე აცხადებს, რომ იჯარის საგანს გამოიყენებს მხოლოდ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისათვის მეიჯარის მიერ მითითებულ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მარშრუტზე) საქმიანობა;
7.13. ხელშეკრულების 7.4.8. ქვეპუნქტის თანახმად, ყოველდღიურად, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ, განათავსოს იჯარის საგანი მეიჯარის მიერ მითითებულ ავტოსადგომზე;
7.14. ხელშეკრულების 7.4.12. ქვეპუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია არ შეზღუდოს და არ შეუშალოს ხელი მეიჯარეს იჯარის საგანზე შიდა და გარე რეკლამის განთავსებაში, მათ შორის, ელექტრონული სახით და აღნიშნული რეკლამიდან მეიჯარის მიერ მიღებულ შემოსავალზე პრეტენზია არ განაცხადოს;
7.15. ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, მოიჯარის მიერ იჯარის საგნით სარგებლობისას, ნებისმიერ სახით იჯარის საგანზე ან მესამე პირებზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, მოიჯარე კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას აანაზღაუროს იჯარის საგნის ან/და მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანი სრულად; მოიჯარე ვალდებული იყო თვეში არანაკლებ 22 დღეების რაოდენობით ემუშავა წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე;
7.16. ამდენად, წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იჯარის საგანი მოიჯარეზე გადაცემული იქნებოდა შეზღუდული სარგებლობის უფლებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
7.17. იჯარის ხელშეკრულების 7.3.2. პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილების ფარგლებში, 2020 წლის 22 ივლისს, მოიჯარემ განცხადებით მიმართა მეიჯარე კომპანიის მიკროავტობუსის დირექტორს და როგორც „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალების (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ......) მოიჯარემ - მძღოლი N87, გამოთქვა სურვილი, კომპანიის წინაშე საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მინდობილობა გაეცა D კატეგორიის მართვის მქონე რ.ა–ასათვის. განმცხადებლის მოთხოვნა კომპანიის მიერ დაკმაყოფილდა;
7.18. 2021 წლის 16 მარტს, მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული, და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მოიჯარისათვის გადაცემული „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N.......) მოძრაობისას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ვერ უზრუნველყო რა მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით, რის შედეგად დაზიანდა ერთი მხრივ, შპს „ბ–ოს“ კუთვნილი „ჯაკის“ მარკის სატრანსპორტო საშუალება (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N......) და მეორე მხრივ, გ.გ–ის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალება (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N......);
7.19. გ.გ–ის კუთვნილი „ბმვ“-სა და შპს „ბ–ოს“ კუთვნილი „ჯაკის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაზღვეული იყო მოსარჩელე კომპანიაში;
7.20. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ. კერძოდ, 2021 წლის 16 მარტს, საპატრულო პოლიციის მიერ გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, სამართალდამრღვევ მძღოლად მიეთითა - რ.ა–ა; საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, ,,2021 წლის 16 მარტს, ქ. თბილისში, ........ მიმდებარედ, ფორდის მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსი სახ. N ......, რომელსაც მართავდა რ.ა–ა, მობრუნების მიზნით გადავიდა საპირისპირო მიმართულებაზე, ხოლო, საპირისპირო მიმართულებაზე მცხეთიდან-ავჭალის მხარეს მოძრავი სატვირთო ა/მ ჯაკი მიკროავტობუსზე შეჯახების თავიდან არიდების მიზნით, გადმოვიდა საპირისპირო მიმართულებაზე, ავჭალიდან-მცხეთის მიმართულებაზე და შეეჯახა ბ.მ.ვ.-ის მარკის ავტომანქანას... ბრალეულობა გამოიკვეთა ფორდის მარკის სამარშრუტო მიკროავტობუსის სახ. N ......, მძღოლის მხრიდან“;
7.21. „ი–მ“ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და დაზღვეული - „ბმვ“-ს მარკის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ზღვრული სადაზღვევო ღირებულების (30 000 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, ნაწილობრივ აუნაზღაურა 101 658.75 ლარის ოდენობით ზიანი, ხოლო, ზიანის ანაზღაურების დანარჩენი 398.99 აშშ (1370.25 ლარი) ოდენობით ნაწილი ჩაუთვალა დამზღვევს, ამ უკანასკნელის მიერ „ი“-სათვის გადასახდელ სადაზღვევო პრემიაში; „ჯაკის“ მარკის სატრანსპორტო საშუალების ნაწილში - მზღვეველმა აუნაზღაურა დამზღვევს (შპს „ბ–ო") 12 755 ლარის ოდენობით ზიანი;
7.22. მოსარჩელეს საექსპერტო დასკვნების მოსამზადებლად სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსათვის გადახდილი აქვს 480 ლარი, ხოლო შპს „ა.დ.ს“- სათვის 50 ლარი - ზიანის შეფასების საფასური.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა სწორედ სუბროგაციას ეფუძნება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტები სადავოდ ხდიან სასამართლოს მხრიდან მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების საკითხს, კერძოდ, მოსარჩელის პრეტენზიის თანახმად, მეორე მოპასუხე რეგისტრირებულ მესაკუთრესთან - მოპასუხე კომპანიასთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანისათვის, ხოლო მეორე მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ მოტივით, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია განსაზღვროს სუბროგაციის წესით ასანაზღაურებელ ზიანზე პასუხისმგებელ პირთა წრე და სწორედ ამ ჭრილში შეაფასებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას და დასაბუთებას.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლზე და ამ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარდგენილი საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრითა და პატაკით შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს - თავდაპირველი მოპასუხე. იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში წარდგენილი არ არის, პალატა ვერ გაიზიარებს მეორე მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ პირებს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლთან ერთად ასევე წარმოადგენდნენ მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები (სსსკ-ის 4.1. 102-ე, 103.1. მუხლები). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რომ სახეზეა: მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება და არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ზემოაღნიშნული მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა მოსარჩელე კომპანიაში დაზღვეული ავტომობილები და მათ მესაკუთრეებს არ მიადგებოდათ ზიანი, რაც სუბროგაციის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიას ანიჭებს უფლებას მოითხოვოს დამზღვევთათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება როგორც უშუალოდ ზიანის მიმყენებლისგან, ასევე, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელისაგან.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 463-ე, 464-ე, 308-ე, 998-ე, 999-ე მუხლებზე.
12. სააპელაციო პალატის მითითებით,, 2021 წლის 16 მარტს, მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარისათვის გადაცემული „ფორდის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო (სახელმწიფო) N.......) მოძრაობისას, მოიჯარის მინდობილმა პირმა რ.ა–ამ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და დააზიანა ორი ავტო- სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც დაზღვეული იყო „ი–ში“; საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ზიანის გამომწვევი ავტომანქანის მოსარგებლე (დამრღვევი მძღოლი), სწორედ ავტომანქანის რეგისტრირებული მესაკუთრის (მეიჯარის) და მოიჯარის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე ფლობდა მითითებულ სატრანსპორტო საშუალებას; თავდაპირველი მოპასუხე გარდაცვლილია და მის ნაწილში მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო.
13. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იჯარის ხელშეკრულების საგანზე, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იჯარის საგანი მოიჯარეს გადაეცა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში N2 კატეგორიის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველსაყოფად და ამ მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ისეთი შეზღუდული უფლებებით, რაც არ არის დამახასიათებელი სტანდარტული საიჯარო ურთიერთობისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრირებულ მესაკუთრესა (მეიჯარეს) და ავტომანქანის ფაქტობრივ მფლობელ პირს შორის, რომელსაც სამართავად გადაეცა სატრანსპორტო საშუალება, არსებობდა შუალედური რგოლი (მოიჯარე) - სუბიექტი, რომელიც მესაკუთრის გარეშე, დამოუკიდებლად ვერ შეარჩევდა მინდობილ მძღოლს და ვერც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელობა-სარგებლობას განახორციელებდა საკუთარი ნება -სურვილის მიხედვით, მესაკუთრის მიერ განსაზღვრული შეზღუდვების პირობებში, სააპელაციო პალატა დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას, რომ N4N42 იჯარის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით, ადგილი არ აქვს რეგისტრირებული მესაკუთრის მხრიდან მომეტებული საფრთხის წყაროზე ზემოქმედების და ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის იმგვარ შეზღუდვას, რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მოიჯარესთან ერთად მეიჯარის სოლიდარულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამორიცხავდა.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი.
15. პირველი საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. მოპასუხე კომპანია ახორციელებს ქ. თბილისში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონში (ნებართვა N1, ნებართვა 4). საზოგადოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება ფორდ ტრანზიტი (სახ. ნომერი ......, ახალი სანომრე ნიშანი - ........) იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იყო ინდივიდუალურ მეწარმეზე - მეორე მოპასუხეზე და ახორციელებდა სამგზავრო გადაყვანას N.. მარშრუტზე. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი წარმოადგენდა მოიჯარე მძღოლის მინდობილ პირს, რომელთაც იჯარის საგნის მოვლა-შენახვა და პასუხისმგებლობა მესამე პირების მიმართ სოლიდარულად ჰქონდათ აღებული;
15.2. მოიჯარესთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით, იჯარის საგანი მხარეთა მიერ წინასწარ შეთანხმებული იმდაგვარი პირობებით გადაეცა მეორე მოპასუხეს, რომ იჯარის საგნით სარგებლობის შედეგად მას ჰქონდა მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობა. მეტიც, მოიჯარეს საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საკუთრებაში გადაეცა იჯარის საგანი - იგივე ავტომანქანა, რაც საქმეშია აღნიშნული;
15.3. გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხე წარმოადგენდა მოიჯარე მძღოლის მინდობილ პირს მოპასუხე კომპანიასთან ურთიერთობაში და მისი შერჩევა მინდობილ მძღოლად განხორციელდა თავად მოიჯარის მიერ. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოიჯარე თავისუფალი იყო მისი მინდობილი პირის შერჩევასთან დაკავშირებით და მხოლოდ მის მიერ თავდაპირველი მოპასუხის შერჩევით და მინდობილობის გაფორმების შემდგომ გაიცა თანხმობა კომპანიის მხრიდან;
15.4. კომპანიის მიერ თანხმობის გაცემის შემდგომ თავდაპირველი მოპასუხე/ მძღოლი მოიჯარის ნაცვლად ასრულებდა საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და იჯარის საგნის მოვლა-შენახვის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულად ჰქონდათ აღებული;
15.5. კასატორი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, გარდა საკუთრების შეძენის ფაქტისა, იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარე მესაკუთრისამებრ ფლობს ნივთს და რადგან მოიჯარე უფლების თვალსაზრისით უთანაბრდება მესაკუთრეს, მანვე უნდა ზღოს მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ტვირთი, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დიფერენცირებულია ნივთის ფლობის ორი სხვადასხვა სახე. საიჯარო ხელშეკრულებისას ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა მოიჯარეს განსხვავებით თხოვების ხელშეკრულებისაგან, როდესაც პასუხისმგებელი გამოდის მესაკუთრე. მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მესაკუთრის მხრიდან მფლობელობის გადაცემა იმგვარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებაა, რომელიც დელიქტური ვალდებულებისაგან ათავისუფლებს მომეტებული საფრთხის წყაროს ყოფილ მესაკუთრეს ამ შემთხვევაში - პირველ კასატორს.
16. მეორე საკასაციო საჩივრის თანახმად:
16.1. ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს მოპასუხე კომპანია წარმოადგენდა, ხოლო მეორე მოპასუხეს ნივთი გადაცემული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მოპასუხემ ვეღარ შეძლო საიჯარო ვალდებულების შესრულება, რის გამოც განცხადებით მიმართა მესაკუთრე კომპანიას გამოხატა რა მათ წინაშე სურვილი სატრანსპორტო საშუალება სამართავად გადასცემოდა რ.ა–ას, რომელიც შეასრულებდა მათ წინაშე საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას. აღნიშნულის თაობაზე ითხოვა დათანხმება მესაკუთრის მხრიდან მიიღო _ თანხმობა ხელის მოწერით და ბეჭედის დასმით. აღნიშნული თანხმობის საფუძველზე რ.ა–ა სამარშრუტო ტაქსის სამართავად დაინიშნა და იგი ასრულებდა საიჯარო ვალდებულებას;
16.2. სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 პუნქტით, თუ მფლობელი ანუ მოპასუხე კომპანია დანიშნავს ავტომანქანის სამართავად პირს ან პირს გადასცემს სატრანსპორტო საშუალებას, მაშინ მფლობელი (მესაკუთრე) აგებს მე-3 პირების წინაშე პასუხს სამოქალაქო წესით. რადგან ნივთი სამართავად გადაეცა თავდაპირველ მოპასუხეს და მასვე დაეკისრა მფლობელთან ყველა ვალდებულება, შესაბამისად, საიჯარო ურთიერთობა მესაკუთრის წინაშე აღებული ვალდებულების ნაწილში გულისხმობს საიჯარო ქირის გადახდას, ხოლო სატრანსპორტო საშუალების მოვლა და სხვა ვალდებულებები აღარ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში საიჯარო ხელშეკრულებაზე აპელირება და ამით მეორე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაჰკისრება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე შეუსაბამო და უკანონოა. შესაბამისად, ზიანი უნდა დაეკისროს მფლობელს, მესაკუთრეს და არა მეორე მოპასუხეს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილისა და 8 მაისის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
22. განსახილველ შემთხვევაში, ორივე საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის იდენტიფიცირების საკითხი. კერძოდ, პირველი საკასაციო საჩივრის თანახმად, რამდენადაც პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული იყო იჯარის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომლითაც თავდაპირველმა მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, ზიანის ანაზღაურებაზე მავალდებულებელ სუბიექტს სწორედ ავტომანქანის მოიჯარე და არა ავტომანქანის მესაკუთრე (მოპასუხე იურიდიული პირი) წარმოადგენს. მეორე საკასაციო საჩივრის ფარგლებში კი, მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე კომპანიის თანხმობით შეირჩა იჯარის ხელშეკრულების საგნის მძღოლი, ვინაიდან უშუალო მოიჯარე ვეღარ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, სსკ-ის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, მეორე კასატორი ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მეიჯარეს/ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს მიიჩნევს.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ აღძრული სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებია: სსკ-ის 832.1. მუხლი [თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით], 999.1. მუხლი [მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი], ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადება [თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან], 463-ე მუხლი [თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს], 408.1. მუხლი [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე მუხლი [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება].
24. სსკ-ის 832.1. მუხლით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით) (იხ. სუსგ საქმე №ას-581-549-2011, 05 სექტემბერი, 2012 წელი). თავის მხრივ, სადაზღვევო კომპანიის შესაბამისი სამართლებრივი ინტერესის რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი წინაპირობების არსებობაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული ავტომანქანები, შესაბამისად, სუბროგაციის საფუძველზე, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სადაზღვევო კომპანიაზე (მზღვეველზე) გადავიდა. მოცემულ შემთხვევაში, ზიანი მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციამ გამოიწვია, რომელსაც შემთხვევის დადგომის დროს, თავდაპირველი მოპასუხე მართავდა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ თავდაპირველი მოპასუხე მოიჯარის მინდობილი პირი იყო და ამ უკანასკნელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მოპასუხე კომპანიას თანხმობა ჰქონდა გაცემული სამართალურთიერთობაში თავდაპირველი მოპასუხის ჩართვასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 7.17 პუნქტი).
26. სსკ-ის 999.1. მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდ არის მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელთაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მათზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი). სსკ-ის 999.4. მუხლის პირველი წინადადება იურიდიულ მფლობელს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევისათვის, როცა მოსარგებლე მისი ნებისგან დამოუკიდებლად დაეუფლა სატრანსპორტო საშუალებას, თუმცა კანონმდებელი აქვე შემდგომი წინადადებების სახით პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას უპირისპირებს შემთხვევას, როდესაც იურიდიული მფლობელის ბრალით მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუფლება მოსარგებლის მხრიდან ან მოსარგებლე თავად იურიდიული მფლობელის გადაწყვეტილებით აღმოჩნდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატატორი (იხ. სუსგ საქმე №ას-630-2019, 30 სექტემბერი, 2020 წელი). სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების თანახმად შესაძლებელია გამოვყოთ ორი შემთხვევა, როდესაც პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს: როდესაც მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება მომეტებული საფრთხის წყაროთი ზიანის მიყენების ინსტიტუტის თავისებურებას, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს (მფლობელს), რომელიც არ წარმოადგენს ზიანის მიმყენებელს, არ მიუძღვის ბრალი ზიანის დადგომაში (იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი). ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4. მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010 წელი).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული შესაძლებლობა გამოიყენა და სარჩელი წარადგინა როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისა და მოიჯარის, ისე ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირის - თავდაპირველი მოპასუხის (ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი) მიმართ, თუმცა მოგვიანებით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი თავდაპირველი მოპასუხის ნაწილში, გამოიხმო, რაც სადავოდ არ გაუხდია პროცესში მონაწილე არცერთ მხარეს. შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში, შესაფასებელია, რამდენად მართლზომიერად დაეკისრათ მესაკუთრესა და მოიჯარეს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს ზიანის ანაზღაურება.
28. მოცემულ შემთხვევაში, ზიანი დადგა მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული და მოიჯარისათვის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული საგნის - ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა თავდაპირველი მოპასუხე - მოსარგებლე, როგორც ავტომანქანის მესაკუთრის, ისე მოიჯარის ნების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო უშუალოდ თავდაპირველი მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, მოპასუხეები ერთობლივად არიან პასუხისმგებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისათვის. შესაბამისად, არ არსებობს გარემოებები, რაც გამორიცხავდა მოპასუხე კომპანიისა და მოიჯარის სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-949-2020, 20 იანვარი, 2022 წელი).
29. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირველ საკასაციო საჩივარში მითითებულ პრეტენზიაზე, რომლის თანახმად, ვინაიდან მოპასუხეთა შორის არსებობდა საიჯარო ხელშეკრულება, დელიქტურ ზიანზე პასუხისმგებლობა სწორედ მოიჯარეს უნდა დაკისრებოდა, რაც გამორიცხავდა მოპასუხეთა სოლიდარულ ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებაზე.
30. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
31. ამავე კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სსკ-ის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შინაარსზე, რომლის თანახმად, იჯარის საგანი მოიჯარეზე გადაცემული იყო შეზღუდული სარგებლობის უფლებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (იხ. ხელშეკრულების 6.5 პუნქტი, წინამდებარე განჩინების 7.8 პუნქტი), რასაც ადასტურებს ასევე ის გარემოება, რომ ხელშეკრულებითვე მოიჯარე უფლებამოსილი იყო მეიჯარის თანხმობით, იჯარის საგანი სამართავად გადაეცა სხვა პირისთვის (იხ. ხელშეკრულების 7.3.2 პუნქტი, წინამდებარე განჩინების 7.10 პუნქტი). იჯარის ხელშეკრულებით, მოიჯარეს ასევე განსაზღვრული ჰქონდა შეზღუდული მარშრუტი, იჯარის საგნის განთავსების ადგილი და სხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, წინამდებარე საქმის ფარგლებში, ადგილი არ აქვს რეგისტრირებული მესაკუთრის მხრიდან მომეტებული საფრთხის წყაროზე ზემოქმედების და ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის იმგვარ შეზღუდვას, რაც სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მოიჯარესთან ერთად მეიჯარის სოლიდარულ სამოქალაქო პასუხისმგებლობას გამორიცხავდა.
33. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარს, საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსაბუთებელია. მოიჯარეს ხელშეკრულების 8.4 პუნქტით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება ნებისმიერ სახით იჯარის საგანზე ან მესამე პირებზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, იჯარის საგნის ან/და მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანი აენაზღაურებინა სრულად. ამასთან, ისევე როგორც მესაკუთრეს, მოიჯარის მხრიდანაც ადგილი არ ჰქონდა მომეტებული საფრთხის წყაროზე ზემოქმედების და ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის იმგვარ შეზღუდვას, რასაც მისი ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობის გამორიცხვა შეეძლო, რამდენადაც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა თავდაპირველ მოპასუხეზე, როგორც უფლებამოსილ მძღოლზე მინდობილობის გაცემის შემდგომ მოიჯარე კვლავ დარჩა საიჯარო სამართალურთიერთობაში. საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ როგორც პირველი მოპასუხე/მეიჯარე უთითებს და მეორე მოპასუხის მხრიდან შედავებული არ არის, იჯარის საგნით სარგებლობით მოიჯარეს ჰქონდა მატერიალური სიკეთის მიღების შესაძლებლობაც.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად განსაზღვრა ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირთა წრე. შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-949-2020, 20 იანვარი 2020 წელი; ას-995-2021, 31 მაისი, 2023 წელი; ას-1088-2024,, 9 დეკემბერი 2024 წელი, ას-1129-2023, 26 დეკემბერი 2023 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „თ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. შპს „თ.ლ–ს“ (ს/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 31 მარტს №26598989840 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4 293. 45 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 305.7 ლარი და დარჩენილი 3 987.75 ლარის 70% – 2 791.43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. ბ.ც–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ა.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2025 წლის 1 მაისს №27072177502 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3 987,75 ლარის 70% – 2 791.43 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე