Facebook Twitter

საქმე №ას-1118-2025

1 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს.ზ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ზ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი.ზ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ზ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანამესაკუთრედ ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ი.ზ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე ი.ზ–ძე (პ/ნ .......) ცნობილ იქნა ს.ზ–ძის (პ/ნ ........) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 722.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, მდებარე - ქალაქ თბილისში, ......... (საკადასტრო კოდი N.......), 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. მოპასუხე ს.ზ–ძეს (პ/ნ .......) მოსარჩელე ი.ზ–ძის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისრა 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით აპელანტ ს.ზ–ძის წარმომადგენლის ს.ა–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო, ს.ზ–ძის სააპელაციო საჩივარზე (საქმეზე N 2ბ/3015-24) ს.ზ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული 722.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, მდებარე - ქალაქ თბილისში, ......... (საკადასტრო კოდი N.......), 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ი.ზ–ძის ცნობის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი დარჩა ძალაში.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 14 აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ს.ა–ძეს (იხ. მინდობილობა - ტ. 1, ს.ფ. 194-196) გაეგზავნა და ამავე წლის 14 აგვისტოს ჩაბარდა.

13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, მხარისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა 2025 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და ამავე წლის 19 აგვისტოს ამოიწურა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი 2025 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივართან დაკავშირებით მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

15. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

16. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ზ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: გიზო უბილავა