საქმე №ას-427-2025
25 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „B.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „B.”-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ფ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების - 5 775 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე არსებობდა საქმიანი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე მოპასუხისათვის ამზადებდა და მათ ობიექტებზე ამონტაჟებდა სხვადასხვა ტიპის ავეჯს, რომლის საერთო ღირებულებამ, სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, ჯამში 44 957 ლარი შეადგინა. საბანკო ამონაწერებიდან დგინდება, რომ მოპასუხემ ვალდებულების მხოლოდ ნაწილი შეასრულა და გადაიხადა 39 182 ლარი, ხოლო 5 775 ლარი არ გადაუხდია. მოსარჩელის დირექტორმა 2022 წლის 04 დეკემბერს წერილით მიმართა მოპასუხეს და შეატყობინა ვალდებულების არსებობის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
3. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო. მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.
5. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიღებული პროდუქციის ღირებულების - 5 775 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მხარეთა შორის 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე მოპასუხისათვის ამზადებდა და მათ ობიექტებზე ამონტაჟებდა სხვადასხვა ტიპის ავეჯს;
7.2. მიწოდებული პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 44 957 ლარი, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს 39 182 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, კერძოდ, დავა ეხება გამყიდველის უფლებას, მყიდველს მოსთხოვოს მიწოდებული საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები (სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე მუხლები), თუმცა სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მისი ხანდაზმულობის გამო, რასაც აპელანტი არ ეთანხმება. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ სამართლებრივი წინაპირობების არსებობის შემოწმება, რაც საფუძვლად დაედო პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1, 317.1, 327.1, 327.2, 477.1, 477.2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის მოდავე მხარეთა შორის ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. ასევე, უდავო გარემოებაა 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე მოსარჩელის მიერ სხვადასხვა ტიპის ავეჯის დამზადებისა და მყიდველის ობიექტებზე დამონტაჟების ფაქტიც.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავო გარემოებაა, რომ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე (მყიდველი) მოსარჩელესთან (გამყიდველი) ანგარიშსწორებას ახორციელებდა პერიოდულად, გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. გამყიდველის მიერ მყიდველისთვის დამზადებული/ მიწოდებული ავეჯის საერთო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 44 957 ლარი, საიდანაც 39 182 ლარი მოპასუხემ გადაიხადა. რაც შეეხება ასანაზღაურებელ სადავო თანხას, რომელიც 5 775 ლარს შეადგენს, ვინაიდან ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით სპეციალური მტკიცებულების არსებობაზე რაიმე მითითებას არ შეიცავს, გამყიდველის მიერ სარჩელზე თანდართული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-36 3838491. (იხ. ს.ფ. 27), რომელიც, როგორც თავად დოკუმენტიდან ირკვევა, მოპასუხეს კუთვნილი ელექტრონული პორტალის საშუალებით დადასტურებული აქვს 2020 წლის 21 იანვარს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად შეაფასა და მიიჩნია მყიდველის მიერ 5 775 ლარის ღირებულების საქონლის შეძენის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად.
11. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია,რომ მოსარჩელემ/აპელანტმა, რომელსაც ვალდებულების წარმოშობისა და დავალიანების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა, დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი. რაც შეეხება მოპასუხეს/მოწინააღმდეგე მხარეს, სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მან ვერ დაადასტურა მიწოდებული და მიღებული საქონლის ღირებულების გადახდის, ასევე, ნაკლოვანი შესრულების ფაქტი, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და დაკმაყოფილებას მართებულად დაექვემდებარება, თუკი დადგინდება რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ მიწოდებული და მიღებული საქონლის ღირებულების გადახდა მის მიერ ხორციელდებოდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 დღის ვადაში და დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ, როგორც 2023 წლის 27 მარტს წარდგენილი სარჩელი (რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი), ასევე, 2023 წლის 11 მაისის სარჩელი, სასამართლოში შეტანილია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურა (ეა-36 3838491) სადავო მიწოდებაზე, რომელიც 2019 წლის 05 დეკემბერს გამოიწერა, მოპასუხემ დაადასტურა 2020 წლის 21 იანვარს და სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102.1, 102.2 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის განმარტებით, მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ თანხის გადახდის კონკრეტულ პირობაზე, რომლის თანახმად, მყიდველს მიღებული საქონლის საფასური გამყიდველისთვის უნდა აენაზღაურებინა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შემსრულებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ დანაწესს. გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ახსნა-განმარტება ქარწყლდება მოსარჩელის ტოლფასი მნიშვნელობის მქონე ახსნა-განმარტებით, სხვა სახის მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გადახდის წესზე და ვადაზე მხარეთა შორის შეთანხმება საქმის გარემოებებიდან უტყუარად არ იკვეთება და პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოება არასწორად მიიჩნია დადგენილად.
14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული დანაწესის თანახმად, იმ მოცემულობაში, როდესაც, ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, რასაც, სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში აქვს ადგილი, მოთხოვნის უფლების ვადის დენა უნდა დაიწყოს არა ანგარიშ-ფაქტურის დადასტურების მომენტიდან (როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით იქნა მიჩნეული), არამედ - კრედიტორის მიერ მოვალისათვის შესრულების მოთხოვნის განცხადების მომენტიდან, რადგანაც მოთხოვნის უფლების წარმოშობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება. როგორც კი ეს ნება იქნება გაცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზე იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, ვალდებულების დარღვევასა და მოთხოვნის წარმოშობის დროზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და მისი ნება მოვალეს მიუვა. დრო, როდესაც კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს, უნდა ჩაითვალოს მოთხოვნის წარმოშობის დროდ.
15. სააპელაციო სასამართლომ, იმ პირობებში როდესაც მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვადებზე მხარეთა შეთანხმება საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, ასევე, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ 2022 წლის 04 დეკემბერს გამყიდველმა მყიდველს წერილობით მიმართა 2020 წლის 21 იანვარს დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნით (გაგზავნისა და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარდგენილია საქმეში, ს.ფ 38-39), გაიზიარა აპელანტის პოზიცია და მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა უნდა განხორციელებულიყო სწორედ კრედიტორის მიერ მოვალისათვის შესრულების მოთხოვნით მიმართვის მომენტიდან, შესაბამისად, 2023 წლის 11 მაისს მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია კანონით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის ვადაში.
16. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია შემდეგი გარემოების აღნიშვნა: ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით 2023 წლის 27 მარტს აღძრული სარჩელის მიღებაზე, განსახილველი სარჩელი კი მოსარჩელემ ხელმეორედ აღძრა 2023 წლის 11 მაისს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 140.2 მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს სწორედ პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებით და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი მოსარჩელეს სასამართლოში წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში და ამ საფუძვლით მისი უარყოფა დაუსაბუთებელი იყო.
18. მოპასუხემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2020 წლის 21 იანვარს დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2019 წლის 05 დეკემბერს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. სწორედ აღნიშნული თარიღიდან წარმოეშვა მხარეს მოთხოვნის უფლება და ვინაიდან ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, ამავე თარიღიდან უნდა ჩათვლილიყო, რომ მისი უფლება დაირღვა, თუ თავისთავად მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი ექნებოდა და სახეზე არ იქნებოდა ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში არ არის გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, როდის წარმოიშვა მოთხოვნის უფლება;
19.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, პალატა მიუთითებს და განმარტავს, რომ ერთ–ერთი მხარის ახსნა–განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად“.., „მოპასუხე მხარის განმარტება ქარწყლდება მოსარჩელის ტოლფასი მნიშვნელობის მქონე ახსნა–განმარტებით, სხვა სახის მტკიცებულება კი საქმეში არ მოიპოვება“. აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას. საქმეში მოსარჩელის მიერ წარდგენილია ანგარიშ-ფაქტურები და ბანკის ამონაწერი. თითოეულ ანგარიშ–ფაქტურაში მითითებული თანხა შეესაბამება ბანკის ამონაწერში ასახულ (ჩარიცხულ) თანხებს. მარტივად არის შესაძლებელი იმის იდენტიფიკაცია, რომელი მომსახურების ანაზღაურება განხორციელდა მოპასუხის მიერ, ცნობილია ფაქტურის გამოწერა/დადასტურების თარიღები, ხოლო ბანკის ამონაწერიდან ანგარიშსწორების თარიღები. არცერთი გადახდის ვადა არ ცდება ფაქტურის დადასტურებიდან 15 დღეს. სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად რომ შეესწავლა მტკიცებულებები, მტკიცებულების არქონას ვეღარ მოიყვანდა არგუმენტად, რადგან არსებობს მტკიცებულება, რომელიც წარდგენილია საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ უნდა დაეყრდნოს პრინციპს: „იმ მოცემულობაში, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა“. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ სუბიექტური მიდგომით, აპელანტის განმარტებით „გააქარწყლა“, როგორც მეორე მხარის ახსნა–განმარტება, ასევე, წარდგენილი მტკიცებულებები და აპელანტს, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე, მიანიჭა უსასრულო, უვადო მოთხოვნის უფლება, რითაც ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია და მისი ზემოაღნიშნული არგუმენტებით ახსნა, დაცვა ან გამართლება ცდება კანონის იმპერატიულად დადგენილ პირობებს;
19.3. აპელანტს პირველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილი აქვს 2023 წლის 27 მარტს, ხოლო მეორე 11 მაისს. იგი ვადების ათვლას იწყებს ბოლო ჩარიცხვიდან (27 მარტი), მაშინ, როდესაც 2023 წლის 27 მარტს განხორციელდა სხვა დაკვეთის და სხვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამდენად, ორივე სარჩელი სასამართლოში შეტანილია ხანდაზმულობის ვადების დარღვევით. ყოველგვარ ლოგიკას და სამართლებრივ რეგულირებას მოკლებულია აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან ბოლო ტრანზაქცია განხორციელდა 2023 წლის 27 მარტს, სწორედ აქედან უნდა მოხდეს ხანდაზმულობის ვადის ათვლა;
19.4. სააპელაციო საჩივარში ვხვდებით ხანდაზმულობის „გაცოცხლების“ მეორე მცდელობასაც. კერძოდ, აპელანტი ხანდაზმულობის ვადის აღდგენას ცდილობდა სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის გამოყენებით, სადაც აღნიშნულია, რომ თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე, რასაც ცდილობს მოცემულ შემთხვევაში აპელანტი. ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და დამალოს მხარეთა შორის არსებული შეთანხმების ფაქტი, ანგარიშსწორების დადგენილი წესი. არსებობდა შეთანხმება - ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 დღის ვადაში, რასაც, როგორც აღინიშნა, ადასტურებს აპელანტის მიერ წარდგენილი სარჩელის დანართი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ამონაწერი ბანკიდან. სააპელაციო სასამართლომ კი, მტკიცებულებების არასრულად შესწავლით და კანონის არასწორი განმარტებით მიიღო გადაწყვეტილება;
19.5. საქმის მასალებში წარდგენილია ამონარიდები ელ. ფოსტიდან და ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ განხორციელდა ნაკლიანი ნივთის მიწოდება, რაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობათ მათ. წარდგენილი ფოტო - მასალა ადასტურებს რამდენად უხარისხო პროდუქციის მიწოდება განხორციელდა. წარდგენილი მტკიცებულებების გამაქარწყლებელი მტკიცებულება მხარეს არ წარუდგენია და ვერც წარადგენდა მისი არარსებობის გამო. ამიტომ, მხოლოდ მხარის ახსნა - განმარტება და რეალურად არსებულ გარემოებებთან შეუსაბამო სამართლებრივი დასაბუთება სასამართლოს არც მტკიცებულებად და არც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ უნდა მიეღო;
19.6. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (Nას-885-2023) თანახმად, „მეორადი მოთხოვნის უფლებათა კონკურენციის საკითხი თითქმის ყველა სამართლებრივ სივრცეში განსაზღვრულ იერარქიასა და ეტაპობრიობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს, რომ ვალდებულების დარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული მეორადი მოთხოვნის უფლება იყოს პრიორიტეტული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის თანახმად, ნაკლის გამოსწორება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი გამყიდველისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი“. არც ეს შანსი გამოიყენა მოსარჩელემ. სააპელაციო სასამართლომ კი საერთოდ არ იმსჯელა ამ საკითხზე, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ დააყენა აღნიშნული საკითხი და წარადგინა მტკიცებულებები.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
22. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა.
23. დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე პერიოდში მიაწოდა სხვადასხვა ტიპის ავეჯი, რომლის ღირებულებამ შეადგინა ჯამში 44 957 ლარი. დადგენილია, ასევე, რომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 39 182 ლარი, ხოლო დარჩენილი 5 775 ლარი, რაც განსახილველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, არ აუნაზღაურებია.
24. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით და მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში დავალიანების გადახდევინების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო კრედიტორის/მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემდგომ, რაც 2022 წლის 04 დეკემბერს განხორციელდა. შესაბამისად, ვინაიდან განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 11 მაისს, ხანდაზმულობის კანონით დადგენილ სამწლიან ვადაში, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი ხანდაზმულად არ მიიჩნია.
25. ზემოაღნიშნულ მსჯელობას კასატორი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში წარადგინა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დარღვევით. კერძოდ, მისი მტკიცებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი და, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი. მისი განმარტებით, მხარეები შეთანხმებულები იყვნენ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვადაზე, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 დღის ვადაში; აღნიშნულის გაუზიარებლობის შემთხვევაშიც, სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 05 დეკემბერს გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაადასტურა 2020 წლის 21 იანვარს, შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სწორედ ამ თარიღიდან წარმოეშვა მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება. კასატორს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში სარჩელი ხანდაზმულია.
26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელის მიერ 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე პერიოდში მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი.
27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს ფაქტები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ სარჩელსა და შესაგებელს. ამავდროულად, მტკიცების პროცესის უზოგადესი პრინციპია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
29. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
31. მოცემულ შემთხვევაში კასატორი დავობს, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვადაზე - ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მოპასუხის მიერ ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 დღის ვადაში, თუმცა საქმეში არ მოიპოვება და არც მოპასუხეს წარუდგენია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. ასეთად ვერ მიიჩნევა საქმეში წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები და ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან. ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ არცერთი გადახდის ვადა არ სცილდება ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 15 დღეს, ვერ მიიჩნევა იმის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ მიწოდებული საქონლის ანგარიშსწორების ვადაზე.
32. ამდენად, ვინაიდან მოპასუხის ახსნა-განმარტება ანგარიშსწორების ვადაზე მხარეთა შეთანხმების თაობაზე, არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მოსარჩელე ასეთი შეთანხმების არსებობის ფაქტს არ ადასტურებს, დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორის პრეტენზია მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობის თაობაზე.
33. საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეში განუმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1261-2020, 18 ივნისი, 2021 წელი).
34. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადგინდა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანგარიშსწორების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, როდიდან წარმოეშვა მოსარჩელეს დავალიანების (5 775 ლარის) ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი და ასევე არასწორად დაადგინა მოსარჩელის მოთხოვნის წარმოშობის მომენტი, შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი.
36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლებების განხორციელება და დაცვა მჭიდროდ არის დაკავშირებული დროის ფაქტორთან. ვადა აწესრიგებს სამოქალაქო ბრუნვას, განაპირობებს ხელშეკრულებათა ჯეროვან შესრულებას. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა, მისთვის დამახასიათებელი დინამიურობითა და დროის დეფიციტით, წარმოუდგენელია ვადებთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილი და სწორი სამართლებრივი მოწესრიგების გარეშე.
37. ვალდებულების დროულად შესრულება სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება შესრულებული უნდა იქნას, რასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ფაქტორიც, რადგანაც კრედიტორის მოთხოვნის უფლებაც არ არის უვადო და მასზე მოქმედებს ხანდაზმულობის ზოგადი წესები.
38. სამოქალაქო სამართალში ვალდებულების შესრულების ვადები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ასეთ ვადებს ერთმანეთისაგან განასხვავებენ არა მარტო ხანგრძლივობისა და განსაზღვრულობის ხარისხის მიხედვით, არამედ მათი წარმომშობი წყაროს სამართლებრივი ბუნების მიხედვითაც. შეიძლება განვასხვავოთ ვალდებულების შესრულების ა) სახელშეკრულებო; ბ) კანონისმიერი; გ) სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ განსაზღვრული; დ) ცალმხრივი ნებით დადგენილი; და ე) გარემოებებიდან გამომდინარე ვადები. ვალდებულების შესრულების განსაზღვრული დრო შეიძლება დადგინდეს: კონკრეტული კალენდარული თარიღით; დროის გარკვეული პერიოდით; რაიმე გარემოების დადგომაზე მითითებით.
39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ვადა, იქნება ეს ზუსტად განსაზღვრული თუ ნავარაუდევი, უნდა იყოს გონივრული. გონივრული ვადა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას და ყველა შემთხვევაში მისი ფარგლები მოიაზრება შესრულების თავისებურებებით. გონივრულია ისეთი ვადა, რომელიც ასეთად შეიძლება ჩათვლილიყო, როგორც კანონის ობიექტური ნების, ისე მხარეთა ნების გამოვლენის საფუძველზე. შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სამოქალაქო ბრუნვის ტრადიციებიდანაც (იხ. სუსგ საქმე Nას-515-515-2018, 06 ივლისი, 2018 წელი).
40. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დროის დადგენა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე როგორც შეთანხმება ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კანონმდებლობა იძლევა „გამოსავალს“ იმ სიტუაციიდან, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა მიერ ვადა შეთანხმებული არ არის. ხშირად კანონისმიერ ვადებს თან ახლავს ალტერნატივა შეთანხმებული ვადების სახით. ეს ნორმა სწორედ ისეთ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც ვალდებულების შესრულებისათვის დრო განსაზღვრული არაა და მისი შესრულების დრო არც სხვა გარემოებებიდან ირკვევა. ასეთ შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალე ვალდებულია, კრედიტორის მოთხოვნისთანავე შეასრულოს ვალდებულება. ნორმის ბოლო წინადადება ითვალისწინებს მოვალის უფლებას, დაუყოვნებლივ შეასრულოს ვალდებულება. კრედიტორის მოთხოვნისთანავე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოვალის ვალდებულებაა და არა უფლება, შესაბამისად, ნორმის ბოლო წინადადების ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორის მოთხოვნის არარსებობის პირობებში მოვალე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეასრულოს ვალდებულება. ამდენად, ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს კრედიტორის უფლებას, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, რა დროსაც მოვალე ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეასრულოს ვალდებულება, ხოლო მეორე მხრივ, აწესებს მოვალის უფლებას, კრედიტორის მოთხოვნის არარსებობის პირობებში ნებისმიერ დროს შეასრულოს ვალდებულება. კრედიტორს შესრულების ვადის არარსებობის პირობებში შესრულების მიღებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს. შესაბამისად, კრედიტორი შესრულების მიღებაზე უარის თქმით შესრულების მიღების ვადის გადამცილებლად მიიჩნევა.
42. ვალდებულების შესრულების დროში იგულისხმება დროის მონაკვეთი, როდესაც ვალდებულება შესასრულებელია. თუ ცალმხრივი გარიგებით, ხელშეკრულებით ან კანონით ვალდებულების შესრულების დრო განსაზღვრულია, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება განსაზღვრულ დროში უნდა შესრულდეს, ხოლო თუ დრო განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალდებულება კრედიტორის მოთხოვნისთანავე უნდა შესრულდეს. ამდენად, ვალდებულების შესრულება სავალდებულოა განსაზღვრულ დროში ან კრედიტორის მოთხოვნისთანავე. შესაბამისად, ამ დრომდე ვალდებულება შესასრულებლად სავალდებულოდ არ მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ არც მისი შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება და არც მისი შეუსრულებლობა იწვევს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 365-ე მუხლის კომენტარი, გვ. 388-389)
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ ვალდებულებებისათვის, რომელთა შესრულების დროც გამომდინარეობს გარემოებებიდან, მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შესრულების შესახებ კრედიტორის მოთხოვნის დროითი ფარგლები. განუსაზღვრელი ხასიათის ვალდებულებებიდან გამომდინარე, ითვლება, რომ მოთხოვნა არის ღია ნებისმიერ დროს (quod sine die debetur, statim debetur). ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სახის ვალდებულებების მიმართ არ მოქმედებდეს ხანდაზმულობის ვადები. ზოგადი წესის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. სუსგ საქმე Nას-515-515-2018, 06 ივლისი, 2018 წელი).
44. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების დროის არარსებობის პირობებში კრედიტორის უფლება, „ნებისმიერ დროს“ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, უვადო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ 365-ე მუხლის დათქმა კრედიტორის მიერ შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლებაზე არ შეიძლება დროში განუსაზღვრელად იქნეს მიჩნეული. ნორმის ეს დანაწესი იმპერატიული არ არის და იგი სრულად არ ასახავს რეალურ ვითარებას (ნორმის ამ დანაწესის პირდაპირი და სიტყვა-სიტყვითი გაგების შემთხვევაში, კრედიტორს ათეული წლების შემდეგაც უნდა მიეცეს შესრულების მოთხოვნის უფლება). ამ დასაბუთების გათვალისწინებით, 365-ე მუხლის შინაარსი 129-ე მუხლის დანაწესებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული (იხ. სუსგ საქმე Nას-48-401-07, 08 ივნისი, 2007 წელი).
45. სასამართლოს ამ განმარტებით ნებისმიერ დროს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა, შესასრულებელი ვალდებულების არსიდან გამომდინარე, ყოველთვის „შესრულების ნავარაუდევ დროს“ უკავშირდება და არა განუსაზღვრელი გაგებით „ნებისმიერ დროს“. ამდენად, კრედიტორის უფლება, „ნებისმიერ დროს“ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ექვემდებარება ხანდაზმულობას და მისი ათვლა იწყება იმ „გონივრული მოლოდინიდან“, რომელიც კრედიტორს შესრულების დროსთან დაკავშირებით აქვს. „გონივრული მოლოდინის“ შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესასრულებელი ვალდებულების თავისებურება, დრო, რომელიც ამ ვალდებულების შესრულებას სჭირდება, კომერციულ ბრუნვაში მიღებული ტრადიციები, შესრულების დროსთან დაკავშირებული კრედიტორის ინტერესი და ა.შ. თუ ვალდებულების შესრულების „გონივრული მოლოდინი“ არ დგინდება, ანუ გარემოებათა ერთობლიობის შედეგად არ ირკვევა ვალდებულების შესრულების „ნავარაუდევი“ დროის არსებობის ფაქტი, ასეთ შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია, ვალდებულების შესრულება ნებისმიერ დროს მოითხოვოს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, 365-ე მუხლის კომენტარი, გვ. 400-401).
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ორმხრივ (სინალაგმატურ) ხელშეკრულებში თითოეულ მხარეს გააჩნია უფლებებიც და მოვალეობებიც, ე.ი. თითოეული მხარე კრედიტორიცაა და მოვალეც. ხშირად, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე, რომელიც გადასცემს რაიმე ქონებას კონტრაჰენტს მისგან სამაგიერო ქონებრივი სიკეთის მიღების სანაცვლოდ, დაინტერესებულია იმით, რომ „გაცვლის“ დრო მინიმალური იყოს. როგორც წესი, ორივე მხარე ვალდებულია შესრულება განახორციელოს ერთდროულად. ორმხრივ ხელშეკრულებაში შესრულების რიგითობის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ურთიერთკავშირს გამყიდველის შესრულების ნაწილსა (საქონლის გადაცემა) და მყიდველის შესრულების ნაწილს (ფასის გადახდა) შორის, რომელიც შემდეგნაირი შეიძლება იყოს: ა) საქონლის (ქონების) გადაცემა წინ უსწრებს ფასის გადახდას; ბ) ფასის მთლიანად ან ნაწილობრივ (ბე, ავანსი) გადახდა წინ უსწრებს საქონლის (ქონების) გადაცემას. კონტრაჰენტებიდან რომელმა უნდა შეასრულოს პირველმა ვალდებულება, თუ ხელშეკრულებით თანმიმდევრობა გათვალისწინებული არ არის? მიიჩნევა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჯერ გამყიდველმა უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება (გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და შემდეგ კი მყიდველმა უნდა გადაიხადოს ფასი, როგორც წესი, ქონების გადაცემისთანავე. ასეთი მიდგომა განპირობებული იმით, თუ რა ინტერესია ჩადებული ქონების სამოქალაქო და სავაჭრო ბრუნვაში. ქონება, ფართო გაგებით, ფულისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს გაცვლის საყოველთაო საშუალებას. ქონების რეალიზაციისათვის საჭიროა მყიდველის მოძებნა. გამყიდველი კონკურენციის კანონების ძალით დაინტერესებულია იმით, რომ გაყიდოს თავისი საქონელი, ამიტომაც გამართლებულია, რომ მას დაეკისროს ორმხრივი ვალდებულების შესასრულებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა ანუ მყიდველისათვის ქონების (საქონლის) გადაცემა.
47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მხარეთა მოქმედების ერთდროულად განხორციელებას ითვალისწინებს (მყიდველისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა, გამყიდველისათვის ფასის გადახდა). აღნიშნული სამართლებრივი ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი; ხოლო, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდა ხდება ნაყიდი ქონების მიღებისას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (იხ. სუსგ საქმე Nას-515-515-2018, 06 ივლისი, 2018 წელი; Nას-849-2024, 09 დეკემბერი, 2024 წელი).
48. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შემოწმებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა.
50. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 03 სექტემბრიდან 2020 წლის 27 მარტამდე არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სხვადასხვა ტიპის ავეჯი; დადგენილია, ასევე, რომ მიწოდებული ავეჯის ღირებულებიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 39 182 ლარი, ხოლო დარჩენილი 5 775 ლარი არ გადაუხდია; აღნიშნულ დავალიანებასთან დაკავშირებულ მიწოდებაზე მოსარჩელემ ანგარიშ-ფაქტურა (ეა-36 3838491) გამოწერა 2019 წლის 05 დეკემბერს, რომელიც მოპასუხემ დაადასტურა 2020 წლის 21 იანვარს. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვადაზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აღნიშნული დავალიანების ანაზღარების მოთხოვნის უფლება 2020 წლის 21 იანვრიდან წარმოეშვა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც სწორედ ამ დროიდან უნდა განხორციელდეს.
51. შესაბამისად, გასაზიარებელია კასატორის შედავება, რომ მოსარჩელეს განსახილველი სარჩელი აღძრული აქვს ხანდაზმულობის კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. „უფლების შემაფერხებელ“ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.
53. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
54. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
55. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე Nას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; Nას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
57. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2020 წლის 21 იანვრიდან, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2023 წლის 27 მარტს (შენიშვნა: აღნიშნული სარჩელის მიღებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, ხოლო განსახილველი სარჩელი ხელმეორედ აღძრულია 2023 წლის 11 მაისს, საქართველოს სსსკ-ის 140.2 მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში), კანონით (სსკ-ის 129.1 მუხლი) დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დავალიანების დაკისრების თაობაზე არ არის განხორციელებადი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
58. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
61. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 288,75 ლარის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 309 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 20,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ა-ფ–ას“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „B.”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „B.”-ს შპს „ა-ფ–ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 288,75 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
5. შპს „ა-ფ–ას“ (ს.ნ. ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 19 მარტს №1915751386 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 309 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 20,25 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
6. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე