Facebook Twitter

საქმე №ას-160-2025 08 სექტემბერი, 2025 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში: შსს ან მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა შპს „ლ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებისათვის პირგასამტეხლოს 23 150.74 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ შესაგებელში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესულების ვადის გადაცილება სადავოდ არ გახადა, თუმცა, ვადის გადაცილებაში მისი ბრალის არარსებობაზე მიუთითა, რაც მისი მოსაზრებით, მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამავდროულად, მოპასუხემ სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი და გონივრულობა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 4630.14 ლარის გადახდა დაეკისრა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ დასაბუთებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 11 575.37 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.05.04.2021წ. მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №257 ხელშეკრულება გაფორმდა (შემდეგში - ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე მოპასუხემ შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელისთვის შს სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებისათვის მაისურების და კეპების დამზადების და მიწოდების ვალდებულება იკისრა;

6.2.ხელშეკრულების დანართით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს განისაზღვრა საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, რაოდენობა და ერთეულის ღირებულება;

6.3.ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება 183 736 ლარით განისაზღვრა, რომელიც მოიცავს როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

6.4.ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;

6.5.ხელშეკრულების 11 მუხლით მოწესრიგდა „ფორს-მაჟორი“, კერძოდ, 11.1 პუნქტით განისაზღვრა, რომ ერთ-ერთ ფორს-მაჟორულ გარემოებას „ეპიდემია“ წარმოადგენს. 11.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების, ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას. 11.3. პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, რომელსაც თან უნდა ახლდეს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის, სსიპ „საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის“ დასკვნა ფორს-მაჟორის დადასტურების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან. 11.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით;

6.6.მოპასუხემ დაარღვია საქონლის მიწოდების ვადა. მოსარჩელეს საქონელი 27.08.2021წ. მიაწოდა, ნაცვლად 04.06.2021წ. ვადისგადაცილება 84 კალენდარულ დღეს შეადგენს.

7. ვადისგადაცილებით ვალდებულების შესრულებაში მოვალის ბრალის გამომრიცხველი გარემოების არსებობა არ დადასტურდა, რაც მოვალის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა. შესაბამისად, წარმოიშვა მოვალის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ის) 400-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებით გადაწყვიტა.

8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა უნიფორმის შემადგენელი - მაისურები და კეპები, რომელთა გამოყენებაც უნდა მომხდარიყო შსს თანამშრომლების - პოლიციელების მიერ. შესაბამისად, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციებისა და სპეციფიკის, ასევე ნასყიდობის ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი და რაც მთავარია დროული შესრულების მიმართ არსებობდა მნიშვნელოვანი ინტერესი, რაც თავის მხრივ, აისახება მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გაზარდა 11 575.37 ლარამდე, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის (23150.74/2 ლარი) ნახევარს შეადგენს.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ/აპელანტმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. საკასაციო პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას შეეხება. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეამცირეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, მაშინ როდესაც პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა არ არსებობდა, შესაბამისად, სარჩელი არა ნაწილობრივ, არამედ, სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 23 150.74 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო უნდა დაჰკისრებოდა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 21 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი დავობს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ იყო შეუსაბამოდ მაღალი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, არამართლზომიერად შეამცირეს მისი ოდენობა.

15. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევა შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მოთხოვნა ნარდობის შეთანხმებული ვალდებულების ვადის გადაცილიებით შესრულების გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა.

19. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი.

20. სსკ-ის 629-ე მუხლის პიეველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი.

21. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დაიდო.

22. ხელშეკრულებით შეთანხმდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარებისა და ანგარიშსწორების წესი; ასევე, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისათვის პირგასამტეხლო.

23. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

24. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა. მეტიც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოსარჩელის/აპელანტის მოთხოვნის კანონიერება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

25. წარმოდგენილ საკასაციო განაცხადში, მოსარჩელე/აპელანტი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ისე შეამცირეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომ მისი შემცირების წინაპირობა და ამგვარად პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხების ფორმირების აუცილებლობა, კონკრეტულ საქმეზე არ არსებობდა. ხელშკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 23 150.74 ლარი, რაც ხელშკრულებით განსაზღვრულ 0,15%-ს შეადგენს სრულად უნდა დაჰკისრებოდა ვალდებულების ბრალეულად დამრღვევ მხარეს, რითაც მოხდებოდა ვალდებულების დარღვევით გამოწვეული მინიმალური ზიანის კომპენსირება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო შედავება წარმოადგინა.

26. საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

27. კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. “pacta sunt servanda“- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ., ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017წ., 103).

28. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ.

29. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).

30. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

31. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

32. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

33. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა.

34. გამომდინარე იქედან, რომ თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან, უშუალოდ ვალდებულების დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს გონივრულობის დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა (შდრ.: გაგუა ი., ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2017წ. 47).

35. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი.

36. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

37. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

38. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.

40. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ კომპონენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს.

41. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

42. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

43. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17 <http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf>

44. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული შემთხვევები წარმოიშვას.

45. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის.

46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დასთანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, კერძოდ, დადგენილია, რომ მიმწოდებელმა საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება ამ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველს გადაუხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15% (იხ., ტ.1. ს.ფ. 23).

47. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებათა დარღვევის ფაქტები და ვადაგადაცილების პერიოდი სადავო არაა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია.

48. მოპასუხის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში მითითებული პრეტენზია, რომ პირგასამტეხლო ცალმხრივად განსაზღვრა შემსყიდველმა (იხ., მოპასუხის შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 175), გასაზიარებელი არაა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები კერძოსახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, რომელიც ფორმირდება მასში მონაწილე პირთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, ხელშეკრულებაში მონაწილე პირთა ნების გამოვლენის ნამდვილობა კი, მოცემულ შემთხვეაში სადავო არაა (სსკ-ის 319-ე, 316-ე, 327-ე მუხ.). ამასთან, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისას პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მხარის სახელშეკრულებო ინტერესი დროული შესრულების მიმართ, სახელდობრ, ის გარემოება, რომ ხელშკრულების ფარგლებში მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა სპეციალური უნიფორმის შემადგენელი - მაისურები და კეპები, რომელთა გამოყენებაც უნდა მომხდარიყო შსს თანამშრომლების (პოლიციელები) მიერ. შესაბამისად, მოსარჩელის ფუნქციებისა და სპეციფიკის, ასევე ნასყიდობის საგნის მახასიათებლების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულების მიმართ არსებობდა დაცვის ღირსი ინტერესი, რაც აისახება მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაზე. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მიმწოდებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, რომლის შემცირების წინაპირობები, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს. ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას (იხ., სუსგ-ები №ას-1490-2024, 04 ივლისი, 2025 წელი; Nას-1380-2024, 05 თებერვალი, 2025წ.).

49. ზემომითითებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინების/გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

50. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

51. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 23 150.74 ლარის ოდენობით.

52. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე/შეგებებული სარჩელის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

53. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი/სააპელაციო/საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებულია, ხოლო მისი ავტორი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამივე ინსტანციის სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის თანხა 2 778 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს და შპს „ლ–ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 23 150.74 ლარი;

4. შპს „ლ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯის გადახდა 2 778 ლარის ოდენობით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე