Facebook Twitter

საქმე №ას-577-2025 08 სექტემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს.ფ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.თ–ძე (ა–ი) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.თ–ძემ (სარჩელის აღძვრის დროისათვის მისი გვარი იყო ა–ი) (შემდგომში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ს.ფ–ვას (შემდგომში: მოპასუხე ან კასატორი) და სხვათა მიმართ ქ.ფოთში, ......, ........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (შემდეგში - სადავო უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ 14.12.2016წ., სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ მოსარჩელეა რეგისტრირებული, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება.

2. მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში მოპასუხემ უძრავი ნივთის ფლობის მართლზომიერებაზე მიუთითა: განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომს ფლობს და სარგებლობს სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე. მოპასუხის გამოსახლებაზე ქონების უწინდელ მესაკუთრეს - ც.ჯ–ძეს ეთქვა უარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 19.08.1998წ. გადაწყვეტილებით, საქმეზე N2/213. მოპასუხემ წარადგინა ასლი ფოთის საქალაქო სასამართლოს 19.08.1998წ. გადაწყვეტილებისა, საქმეზე N2/213, მოსამართლე - ლ.გ–ნი, მოსარჩელე - ც.ჯ–ძე, ერთ-ერთი მოპასუხე - ს.ფ–ვა, თანამოპასუხეები: ქ.ფოთის კომუნალური მეურნეობის ადმინისტრაცია, ქ.ფოთის მერია, დავის საგანი - ქ.ფოთში, ....... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ს.ფ–ვას და სხვა პირთა გამოსახლება (იხ., შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 28, 30).

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 20.07.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფლდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

4. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება, სადავო უძრავ ქონებას ფლობს მოპასუხე, რომელმაც ვერ დაადასტურა რომ სადავო უძრავი ქონების ფლობის უფლება აქვს, კერძოდ, მხარეთა შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში მესაკუთრე (მოსარჩელე) შეზღუდული იქნებოდა საკუთრებით სარგებლობაში არ არსებობს; არც რაიმე კანონისმიერი საფუძველი არსებობს მესაკუთრის შებოჭვისთვის განახორციელოს ნივთზე სრული ბატონობა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა. აპელანტმა სადავო გადახდა გადაწყვეტილების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის შედავებაზე - მოპასუხემ წარადგინა საინფორმაციო ბარათი, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მისამართზეა რეგისტრირებული 1997წ. აგრეთვე, რეგისტრირებულია კომუნალური (შუქი, გაზი) მომსახურების აბონენტად. ფოთის საქალაქო სასამართლოს 19.08.1998წ. გადაწყვეტილებით საქმეზე N2/213, ირკვევა, რომ მოპასუხეს 1985წ. დაეწვა სახლი და სახელმწიფომ სადავო უძრავ ქონებაში შეასახლა. შესახლების დროისათვის ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონება 2016წ. აღირიცხა. მოპასუხის გამოსახლება უძრავი ქონებიდან სამაგიერიო ფართის მიცემის შემთხვევაშია დასაშვები (იხ., სააპელაციო საჩივარი - ტ.1. ს.ფ. 191).

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 20.07.2017წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. სადავო უძრავი ქონება (#1 შენობის ნაწილი 942 კვ.მ #02/1, #03/1, #04/1) საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული.

9. სადავო უძრავი ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.

10. მოპასუხის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი არ დასტურდება.

11. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ (აპელანტი), რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

11.1კასატორი აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები მისი მფლობელობის მართლზომიერების შესახებ. მოპასუხე (აპელანტი) საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მიუთითებდა, რომ სადავო ბინაში 1984წ. ქალაქ ფოთის აღმასკომის გადაწყვტილებით შეასახლეს, როგორც დაზარალებული, კერძოდ, მოპასუხეს სახლის დაეწვა და სახელმწიფომ სადავო ბინაში შეასახლა. ამ დროიდან მოყოლებული მოპასუხე უწყვეტად ცხოვრობს სადავო ბინაში, აქვს რეგისტრაცია და იხდის კომუნალურ გადასახადებს (ელ.ენერგია, გაზი);

11.2ვინაიდან ტექ.ბიუროს არქივი დაიწვა და საბუთები განადგურდა, მოპასუხემ დამატებითი საბუთების წარდგენა ვერ შეძლო. მის ხელთ არსებული საბუთები კი, თავის დროზე, ფოთის საქალაქო სასამართლოში წარადგინა მის წინააღმდეგ ც.ჯ–ძის მიერ აღძრული სარჩელის განხილვისას. დასახელებულ საქმეზე მიღებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილება კი, ასლის სახით წარადგინა შესაგებელში, რადგან უშუალოდ საქმე არ მოიძებნა;

11.3კასატორმა საკასაციო საჩივარს დაურთო დაკარგული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებულ ფოთის საქალაქო სასამართლოს 17.03.2025წ. განჩინება, საიდანაც ირკვევა, რომ აღდგენილი იქნა N2/213 საქმის წარმოება, რომლის საფუძველზეც 19.08.1998წ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლ.გ–ნმა მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ც.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ფ–ვა გამოსახლებული იქნა სადავო საცხოვრებელი სახლიდან სხვა სამაგიერო ბინის მიცემით. ქალაქ ფოთის მერიას დაევალა ქალაქის ფარგლებში ს.ფ–ვას შესაბამისი ფართის მქონე ბინით უზრუნველყოფა. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ერთდროულად“ (იხ., საკასაციო საჩივარის დანართი - ტ.2. ს.ფ. 203, 204.);

11.4ფოთის ტექ.ბიუროს არქივი დამწვარია, რითაც ისარგებლა მხარემ და სადავო უძრავი ქონება თავის საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილება კი ტექ.ბიუროს არქივის დაწვის გამო საჯარო რეესტრში არ იძებნება, რომლითაც დაფიქსირდებოდა, რომ სადავო უძრავი ქონებიდან მოპასუხის გამოსახლება დაუშვებელია;

11.5ამდენად, არსებობს ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სანაცვლო ბინით უზრუნველყოფის გარეშე მოპასუხის/კასატორის გამოსახლება იკრძალება, ხოლო წინამდებარე საქმეზე მიღებული გასაჩივრებული გადაწყევტილებით კასატორის გამოსახლებაა დადგენილი;

11.6მოსარჩელე არ არის კეთილსინდისიერი მესაკუთრის უფლების რეალიზების საკითხში, მან იცოდა, რომ მისი წინამორბედი მესაკუთრის - ცუცუნა ჯიბლაძის საკუთრების უფლება სადავო უძრავი ნივთიდან მოპასუხის გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და სადავო ბინაზე მესაკუთრის უფლება შეზღუდული სახით არსებობდა;

12. კასატორი მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ზღუდავს მესაკუთრის უფლებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას სწორედ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიების შესაბამისად შეამოწმებს.

17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინების კანონიერება.

18. ის სამართლებრივი შედეგი რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

20. განსახილველ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა; უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს, რომელიც უთითებს მფლობელობის მართლზომიერებაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

21. საკასაციო პრეტენზიაში კასატორი უთითებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ შეაფასეს მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერება. მოპასუხე (აპელანტი) საქმის წარმოების ყველა ეტაპზე მიუთითებდა, რომ სადავო ბინაში ქალაქ ფოთის აღმასკომის 1984წ. გადაწყვტილებით შეასახლეს, როგორც დაზარალებული. ამ დროიდან მოყოლებული მოპასუხე უწყვეტად ცხოვრობს სადავო ბინაში, აქვს რეგისტრაცია და იხდის კომუნალურ გადასახადებს (ელ.ენერგია, გაზი). საკასაციო საჩივარზე დართულია დაკარგული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 17.03.2025წ. განჩინება, რომლითაც ირკვევა, რომ აღდგენილი იქნა N2/213 საქმის წარმოება, რომლის საფუძველზეც 19.08.1998წ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლ.გ–ნმა მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ც.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ფ–ვა გამოსახლებული იქნა სადავო საცხოვრებელი სახლიდან სხვა სამაგიერო ბინის მიცემით. ქალაქ ფოთის მერიას დაევალა ქალაქის ფარგლებში ს.ფ–ვას შესაბამისი ფართის მქონე ბინით უზრუნველყოფა. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ერთდროულად“ (იხ., საკასაციო საჩივარის დანართი - ტ.2. ს.ფ. 203, 204.).

22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, გამოსაკვლევია მოპასუხის მხრიდან ვინდიკაციურ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შედავების - სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელობა, საფუძვლიანობა.

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

24. მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება 14.12.2016წ. დაირეგისტრირა;

25. მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროისათვის ამავე უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობდა;

26. მოპასუხე 1997 წლიდან სადავო უძრავი ქონების მისამართზეა რეგისტრირებული;

27. მოპასუხე კომუნალური (შუქი, გაზი) მომსახურების აბონენტადაა რეგისტრირებული;

28. მოპასუხე უთითებდა და საქმის მასალებში წარმოდგენილი აქვს ცნობა, რომ 16.12.1983წ. ქ.ფოთში, ........ ქუჩაზე მდებარე მისი სახლი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა;

29. მოპასუხე საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ არსებობს ფოთის საქალაქო სასამართლოს 19.08.1998წ. გადაწყვეტილება, საქმეზე N2/213, მოსამართლე ლ.გ–ნი, მოსარჩელე - ც.ჯ–ძე, ერთ-ერთი მოპასუხე - ს.ფ–ვა, თანამოპასუხეები: ქ.ფოთის კომუნალური მეურნეობის ადმინისტრაცია, ქ.ფოთის მერია, დავის საგანი - ქ.ფოთში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ს.ფ–ვას და სხვა პირთა გამოსახლება, რომლის საფუძველზე ც.ჯ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ს.ფ–ვა გამოსახლებული იქნა სადავო საცხოვრებელი სახლიდან სხვა სამაგიერო ბინის მიცემით. ქალაქ ფოთის მერიას დაევალა ქალაქის ფარგლებში ს.ფ–ვას შესაბამისი ფართის მქონე ბინით უზრუნველყოფა. დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს ერთდროულად.

30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატას სათანადოდ არ გამოუკვლევია და ერთობლივად არ შეუფასებია, რის გამოც, იურიდიულად დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რაც სადავო ქონებაზე მოპასუხის მფლობელობის მართლზომიერებაზე მიუთითებდა.

31. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, თუკი ზემოაღნიშნული გარემოებები იმის გამო არ იქნა მხედველობაში მიღებული, რომ მოპასუხემ მის სასარგებლოდ მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლის მტკიცებულების სახით წარმოდგენა ვერ შესძლო, ხოლო შესაგებელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად წარდგენილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილების დაუმოწმებელ ასლს მტკიცებულებითი ძალა ვერ მიენიჭა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხ.), ამჯერად, კასატორმა, დაკარგული საქმის წარმოების აღდგენის ფარგლებში, შესძლო მოეპოვებინა ფოთის საქალაქო სასამართლოს 17.03.2025წ. განჩინება (იხ., საკასაციო საჩივარის დანართი - ტ.2. ს.ფ. 203, 204.).

32. მოპასუხის მტკიცების ტვირთის რეალიზების საპროცესო ვადასთან მიმართებით კი, ყურადღებაა გასამახვილებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 215.3 მუხლზე, რომელთა ერთობლივი ანალიზით პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული. თავის მხრივ, ახალი მტკიცებულების წარდგენის რელევანტურ საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამ საპროცესო მოქმედების შესრულებას.

33. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე შესაგებელში უთითებდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 19.08.1998წ. გადაწყვეტილებაზე საქმეზე N2/213, როგორც მისი მფლობელობის მართლზომიერებაზე, რაც გამორიცხავდა მესაკუთრის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ როგორც ამას კასატორი უთითებს აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის წარდგენა ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზით, კერძოდ, საქმე ვერ მოიძებნა და მისი აღდგენა მხოლოდ დაკარგული საქმის წარმოების საპროცესო საშუალებით გახდა შესაძლებელი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულ სარჩელს - სხვისი უკანონო მფლოებლობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მისი მესაკუთრისთვის დაბრუნების შესახებ - მოპასუხემ კვალიფიციური შესაგებელი დააპირისპირა, რომლის საფუძვლიანობაზე ხელახლა უნდა იმსჯელოს სააპელაციო სასამართლომ.

34. ამასთან, გათვალისწინებით, იმისა, რომ მოსარჩელემ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება 14.12.2016წ. დაირეგისტრირა, ამ უფლების რეგისტრაციის დროისათვის კი, ამავე უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობდა, ჰქონდა რეგისტრაცია და იყო კომუნალური (შუქი, გაზი) მომსახურების აბონენტად რეგისტრირებული, მანამდე კი, 19.08.1998წ. გადაწყვეტილებით საქმეზე N2/213 სადავო უძრავი ქონების უწინდელი მესაკუთრის მოთხოვნა მოპასუხის გამოსახლების შესახებ შეიზღუდა იგივე ფართის მქონე ბინით უზრუნველყოფის გარეშე, სააპელაციო პალატამ ხელახლა უნდა იმსჯელოს და გამოიკვლიოს ქონების ამჟამინდელი მესაკუთრის - მოსარჩელის უფლება სადავო უძრავი ნივთით შეუზღუდავად სარგებლობის შესახებ.

35. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

36. სსკ-ს 394-ე მუხლის „ე” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება არ არის შესაძლებელი.

37. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა გამოიკვლიოს ფაქტობრივი გარემოებები და სრულყოფილად შეაფასოს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები რამდენად წარმოადგენს 162-ე მუხლის ფარგლებში ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

38. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სრულად არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება.

39. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად,

40. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ფ–ვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 თებერვლის განჩინება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე