საქმე №ას-399-2025 8 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „სადაზღვევო კომპანია“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დეპარტამენტი“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ძირითადი თანხის - 56 875 ლარის და პირგასამტეხლოს - 4806 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2021 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №18, რომლის საფუძველზე, 2022 წლის 01 იანვარს სადაზღვევო კომპანიის მიერ დეპარტამენტზე გაიცა სადაზღვევო პოლისი №AUTO-NVI-21-12-021720, რომლის თანახმად, დაზღვეული იქნა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა FORD RANGER, სახ. №......;
2.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში „მხარეებს“ ეკისრება „პირგასამტეხლო“ შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით;
2.3. მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პირობების პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; .... ვ) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება;
2.4. სადაზღვევო პირობების მე-2 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს: გ) ზარალი, რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას; ვ) შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას. ამავე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით;
2.5. 2022 წლის 03 ოქტომბერს დაახლოებით 05:20 სთ-ზე, ახმეტაში, ...... და ....... ქუჩების კვეთაზე დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ო.ჯ–ი მართავდა დაზღვეულ ავტომობილს და მეწყვილესთან, ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტ ი.ა–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომობილი მოძრაობდა დაახლ. 40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც ქუჩების კვეთასთან საავტომობილო გზაზე გადმოურბინა ძაღლმა, რის გამოც მძღოლმა ავტომანქანის საჭე მიმართა მარცხნივ, საიდანაც დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი ეჯახებოდა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გზა განაგრძო პირდაპირ და დაამუხრუჭა, მაგრამ, ვინაიდან ავტომანქანა უკვე გადასული იყო მოხრეშილ გვერდულზე, ვეღარ მოხერხდა მისი შეჩერება და შეეჯახა გვერდულთან მდებარე ქვის ღობეს, რის გამოც ავტომანქანას დაუზიანდა წინა მხარე, ასევე დარტყმის შედეგად ავტომანქანაში გაიხსნა დამცავი ბალიშები;
2.6. მომხდარი შემთხვევის შედეგად ავტომანქანამ მიიღო გარკვეული დაზიანებები. შსს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ადგილზე მისვლისა და მომხდარი ფაქტის დაფიქსირების შედეგად, გადამოწმებული იქნა ო. ჯ–ი ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე, შედეგად თრობის ფაქტი არ დადასტურდა. ამასთან, ო.ჯ–ის მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლითაც ო. ჯავახიშვილი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხ. მე-10 ნაწილით, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების და სხვა ქონების დაზიანება;
2.7. სადაზღვევო კომპანიასთან ზარი განხორციელდა კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების მეორე განყოფილების უფლებამოსილი თანამშრომლის ი.ი–ის მიერ, რომელმაც პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიას მიაწოდა ინფორმაცია მომხდარი ფაქტის დადგომის თაობაზე, ხოლო აღნიშნული მის მიერვე თავისივე ახსნა-განმარტებით იქნა მოგვიანებით დაზუსტებული, სადაც მიუთითა, რომ 2022 წლის 03 ოქტომბერს გამთენიისას მას დაუკავშირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების თანამშრომელი ო.ჯ–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ქ. ახმეტაში მოუხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ვინაიდან თავად იყო ნასვამ მდგომარეობაში, სთხოვა მორიგე თანამშრომელს, რომ შემთხვევის ადგილას მიეყვანა, იქ მისულებს კი დახვდათ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, თანამშრომლები გადიოდნენ პირველად დახმარებას. ამის პარალელურად კი ადგილზე შეკრებილთა მხრიდან გაიგონა, რომ მძღოლს სავარაუდოდ ჩაეძინა. აღნიშნულის შემდგომ დარეკა სადაზღვევო კომპანიაში და თავდაპირველად მიაწოდა არასწორი ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ, რადგან თავად შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია და არც ფაქტში მონაწილე პირებთან გასაუბრების საშუალება არ ჰქონია;
2.8. დაზიანებულ ავტომობილს 2022 წლის 05 ოქტომბერს შპს „ა–ის“ მომსახურების სერვის-ცენტრში, ხოლო მოგვიანებით, 2023 წლის 03 ივლისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ტექნიკური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა დაზიანებები და შედგა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2019 წლის ავტომობილი FORD RANGER, სახ. ნომრით ......, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარის წინა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის. სრული განადგურების (ტოტალის) პირობებში, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ავტომანქანის საბალანსო ღირებულების ოდენობით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს არსებული ლიმიტის ფარგლებში, რაც შეადგენს 56 875 ლარს. მოთხოვნილ 56 875 ლარზე დარიცხული პირგასამტეხლო სარჩელის შეტანის დროისათვის შეადგენს 19 223.75 ლარს, კერძოდ, 2022 წლის 21 ნოემბრიდან 2023 წლის 21 ივლისამდე (სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე) პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 19 223.75 ლარს, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა - 169 დღეს, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულების პირგასამტეხლო ერთ დღეზე - 113.75 ლარს;
2.9. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თაობაზე დაუყოვნებლივ, 2022 წლის 03 ოქტომბერს, ეცნობა სადაზღვევო კომპანიას, მართალია, თავდაპირველად ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიწოდებულია შეტყობინების ავტორის ი.ი–ის მხრიდან, რომელიც არ იყო ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მონაწილე პირი (თვითმხილველი), არამედ მათ დაუკავშირდა როგორ მესამე პირი იმ ინფორმაციის მისაწოდებლად, რომ მომხდარი იყო სადაზღვევო შემთხვევა. ამასთან, სადაზღვევო კომპანია იმავე დღეს, 03 ოქტომბერს, დაუკავშირდა პირდაპირ მძღოლს, რომელმაც განუმარტა, რომ საავტომობილო გზაზე გადმოირბინა ძაღლმა, რის გამოც მან საჭე მიმართა მარცხნივ, თუმცა შემდგომ დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან ეჯახებოდა ავტომობილი, ამიტომ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით გზა განაგრძო პირდაპირ და დაამუხრუჭა, ვეღარ მოხერხდა დროულად მისი გაჩერება და შეეჯახა გვერდულთან ახლოს მდებარე ქვის ღობეს;
2.10. შპს „ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტმა დაადგინა შემდეგი: ძაღლის ავტომობილის წინ გამოჩენის დროს მძღოლს არ ჰქონდა მანევრირების ან/და დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი; მძღოლს შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ავტომობილის მართვისას დაიცავდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებსა და წესებს; ავტომობილის დაზიანებების, კედლის კონსტრუქციის და დაზიანების ხარისხის, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ინჟინრული ცოდნით და ექსპერტული გამოცდილებით შესაძლებელია ითქვას, რომ შემთხვევის დროს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, დიდი ალბათობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა 20 კმ/სთ-ს;
2.11. მოსარჩელემ მიმართა სადაზღვევო კომპანიას სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით, თუმცა მოპასუხემ უარი განუცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე და მიუთითა, რომ მძღოლ ო.ჯ–ის მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულად ყალბი ინფორმაციის მიწოდებას საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის მექანიზმთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თავდაპირველად მოწოდებული ინფორმაციით მძღოლს ჩაეძინა, რაც სხვა გარემო ფაქტორებთან ერთობლიობით წარმოადგენს მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგს. ხოლო, შემდგომ შეცვლილი ინფორმაციის სისწორე გამოირიცხა ექსპერტის მიერ.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებმა სატენდერო დოკუმენტაციის I ნაწილის მე-2 მუხლით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ანაზღაურებაზე ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სადაზღვევო კომპანიის პრეტენზია, რომ მძღოლის - ო.ჯ–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადაზღვევო კომპანიისათვის შეგნებულად ყალბი ინფორმაციის მიწოდებას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის განვითარების მექანიზმთან დაკავშირებით და, რომ სადაზღვევო კომპანიისთვის თავდაპირველად მოწოდებული ინფორმაციით მძღოლს ჩაეძინა, რაც სხვა გარემო ფაქტორებთან ერთობლიობით წარმოადგენდა მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, პირველადი ზარი სადაზღვევო კომპანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე განხორციელებულია დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სამეურნეო ნაწილის უფროსის ი.ი–ის მიერ, რომელიც შემთხვევის თვითმხილველს არ წარმოადგენდა და როგორც მოგვიანებით განმარტავს, იმყოფებოდა რა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს მიაწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია მძღოლის ჩაძინების თაობაზე (იხ.საქმის ფურცელი 97-99. ი.ი–ის ახსნა-განმარტება, ასევე გ.წელაურის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება); აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ო.ჯ–მა სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელთან გასაუბრებისას, ასევე სასამართლო სხდომაზე დეტალურად ახსნა შეჯახების გამომწვევი მიზეზი (იხ. CD დისკი ორი აუდიო ჩანაწერით ს.ფ. 246; ასევე მოწმის ჩვენება), რომელიც ასევე სრულ თანხვედრაში მოდის სარჩელზე თანდართულ მეორე თვითმხილველი, მეწყვილე პირის განმარტებასთან (იხ. ს.ფ. 84-90; 2022 წლის 21 ოქტომბრის ო.ჯ–ის და ი.ა–ის ახსნა-განმარტებები, 2022 წლის 10 მარტის ო.ჯ–ის გასაუბრების ოქმი).
5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შპს „ა–ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შემთხვევის უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირების კუთხით ვერ იქნებოდა განმსაზღვრელი შემდეგ გარემოებათა გამო: ექსპერტიზის დასკვნაში, მართალია, საუბარია ალბათობაზე, რომ მძღოლი მოძრაობდა 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, თუმცა არც აღნიშნული დასკვნით და არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ მძღოლი მოძრაობდა დასაშვებზე მეტი, გადაჭარბებული სიჩქარით; მეტიც, უდავო გარემოებაა რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა განხორციელებულია ღამის საათებში - 05:00 საათზე (შეზღუდული ხილვადობის პირობებში; როცა ადამიანის ორგანიზმის რეაქცია ჩვეულებრივთან შედარებით შენელებულია), ხოლო ალკოტესტზე შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაფიქსირებია ალკოჰოლური ან სხვა სახის სიმთვრალე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, როდესაც არ არსებობდა სხვა ლოგიკური ახსნა, თუ რამ განაპირობა შეჯახება, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად იქნა გაზიარებული მოსარჩელე მხარის პოზიცია და მძღოლის ქმედება მართებულად შეფასდა არა უხეშ, არამედ ე.წ „მარტივ“ გაუფრთხილებლობად, რაც სადაზღვევო კომპანიისათვის წარმოშობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას.
6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 5.4 პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია: „ა) სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებითა და ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობებით დადგენილი წესით; ბ) მოთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და „დაზღვევის პირობებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზიანებულ ავტომობილს 2022 წლის 05 ოქტომბერს შპს „ა–ის“ მომსახურების სერვის-ცენტრში, ხოლო შემდეგ, 2023 წლის 03 ივლისს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ტექნიკური დათვალიერება, რის შედეგადაც დადგინდა დაზიანებები და შედგა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2019 წლის ავტომობილი FORD RANGER, სახ. ნომრით ......, ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია. ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარის წინა ნაწილზე არსებული დაზიანებების გათვალისწინებით ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ არის (იხ. ს.ფ. 101-102, 62-70). პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა სრული განადგურების (ტოტალის) პირობებში, მართებულად განსაზღვრა ავტომანქანის საბალანსო ღირებულების ოდენობით და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს არსებული ლიმიტის ფარგლებში მოპასუხე სადაზღვევო კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ მართებულად დააკისრა 56 875 ლარის ანაზღაურება.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 10.1. პუნქტის საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.2. ქვეპუნქტი), მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 19 223.75 ლარის გადახდის დაკისრება, რომელიც განისაზღვრა შეუსრულებელი ვალდებულების - 56 875 ლარის 0.2%-ის ოდენობით 169 ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით (2022 წლის 21 ნოემბრიდან - ზარალის ანაზღაურებაზე განაცხადის შეტანის დღიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენის დღემდე - 2023 წლის 21 ივლისამდე).
8. სააპელაციო პალატამ, სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულობისა და მისი ოთხჯერ შემცირების მიზანშეწონილობის თაობაზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, 4806 ლარის ოდენობით, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ვალდებულების დარღვევის/ვადაგადაცილებით შესრულების თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 799.1. [დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება] და 820-ე [ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით] მუხლები.
15. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დამზღვევისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი გამოწვეულია მხარეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით და არ არსებობს შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
16. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა, მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.
17. სადაზღვევო კომპანია ზიანის ანაზღაურებაზე უარს აფუძნებს ორ გარემოებას, კერძოდ, იგი უთითებს სატენდერო დოკუმენტაციის I ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, „მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით“ და ასევე, სადაზღვევო კომპანიისათვის შეგნებულად, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, რაც ასევე ანაზღაურებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი საფუძველია.
18. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ., ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290) (იხ. სუსგ საქმე №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წელი).
20. გაუფრთხილებლობა სამოქალაქო სამართალში იყოფა ორ სახედ: უხეში გაუფრთხილებლობა (culpa lata) და მარტივი გაუფრთხილებლობა (culpa levis). უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი ქმედებით სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არღვევს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, რის გამოც განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა ხშირად ერთ სიბრტყეზე განიხილება. მარტივი გაუფრთხილებლობისას კი გონივრული წინდახედულებისა და ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებულია. უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც სამოქალაქო ბრუნვისათვის საჭირო გულმოდგინების განსაკუთრებით მძიმე, უჩვეულო ხარისხით დარღვევა, პასუხისმგებლობის საფუძვლად გამოიყენება, როცა ამის შესახებ პირდაპირ უთითებს კანონი. ევროპული სამართლებრივი სისტემის ზოგიერთ ქვეყანაში განზრახი ქმედება მოიცავს უხეშ გაუფრთხილებლობასაც, რომელიც ხშირად მიიჩნევა dolus eventualis-ად (არაპირდაპირ განზრახვად) (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 125). მაგალითად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301 III მუხლის თანახმად, უხეში გაუფრთხილებლობა განზრახ ქმედებად განიხილება. „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას მხარე არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, იგი განზრახ ქმედებად არ ჩაითვლება. ამრიგად, პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვას და მარტივ გაუფრთხილებლობას“ (Lando/ Beale, Principles of European Contract Law. Part I and II. Kluwer Law International. The Hague/London/Boston, 2000, 122-3). ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიერ განზრახვის კატეგორიაში უხეში გაუფრთხილებლობის გაერთიანებას განსაზღვრული საფუძველი აქვს. ამის მიზეზი უნდა იყოს განზრახვისა და უხეში გაუფრთხილებლობისათვის საერთო დამახასიათებელი ნიშნის არსებობა – ორივე შემთხვევაში პირის მიერ საკუთარი ქმედების სამართლებრივი მნიშვნელობის გაცნობიერებისა და მისი შედეგების გათვალისწინების შესაძლებლობა, რაც უცხოა მარტივი გაუფრთხილებლობისათვის. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ. ნათია ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, გვ. 150-152) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
21. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ასეთი განმარტება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი).
22. დადგენილია, რომ 2022 წლის 03 ოქტომბერს დაახლოებით 05:20 სთ-ზე, ახმეტაში, ...... და ....... ქუჩების კვეთაზე დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების პირველი განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ო.ჯ–ი მართავდა დაზღვეულ ავტომობილს და მეწყვილესთან, ამავე სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების I განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტ ი.ა–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ავტომობილი მოძრაობდა დაახლ. 40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც ქუჩების კვეთასთან საავტომობილო გზაზე გადმოურბინა ძაღლმა, რის გამოც მძღოლმა ავტომანქანის საჭე მიმართა მარცხნივ, საიდანაც დაინახა, რომ საპირისპირო მხრიდან მოძრავი ავტომობილი ეჯახებოდა. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, გზა განაგრძო პირდაპირ და დაამუხრუჭა, მაგრამ, ვინაიდან ავტომანქანა უკვე გადასული იყო მოხრეშილ გვერდულზე, ვეღარ მოხერხდა მისი შეჩერება და შეეჯახა გვერდულთან მდებარე ქვის ღობეს, რის გამოც ავტომანქანას დაუზიანდა წინა მხარე, ასევე დარტყმის შედეგად ავტომანქანაში გაიხსნა დამცავი ბალიშები.
23. დადგენილია ასევე, რომ მომხდარი შემთხვევის შედეგად ავტომანქანამ მიიღო გარკვეული დაზიანებები. შსს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ადგილზე მისვლისა და მომხდარი ფაქტის დაფიქსირების შედეგად, გადამოწმებული იქნა ო. ჯ–ი ალკოტესტით სიმთვრალე-სიფხიზლეზე, შედეგად თრობის ფაქტი არ დადასტურდა. ამასთან, ო.ჯ–ის მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომლითაც ო. ჯ–ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხ. მე-10 ნაწილით, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების და სხვა ქონების დაზიანება.
24. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მძღოლი მოძრაობდა დასაშვებზე მეტი, გადაჭარბებული სიჩქარით, ალკოტესტზე შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაფიქსირებია ალკოჰოლური ან სხვა სახის სიმთვრალე. ამასთან, უდავოა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა ღამის საათებში - 05:00 საათზე, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, როდესაც ადამიანის ორგანიზმის რეაქცია ჩვეულებრივთან შედარებით შენელებულია. გამომდინარე აქედან, პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტების ერთობლიობა იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.
25. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიისათვის შეგნებულად ყალბის ინფორმაციის მიწოდებას, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, პირველადი ზარი სადაზღვევო კომპანიაში ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე განხორციელებულია დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სამეურნეო ნაწილის უფროსის ი.ი–ის მიერ, რომელიც შემთხვევის თვითმხილველს არ წარმოადგენდა და როგორც მოგვიანებით განმარტავს, იმყოფებოდა რა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, მან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელს მიაწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია მძღოლის ჩაძინების თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ო.ჯ–მა სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელთან გასაუბრებისას, ასევე სასამართლო სხდომაზე დეტალურად ახსნა შეჯახების გამომწვევი მიზეზი, რომელიც ასევე სრულ თანხვედრაში მოდის სარჩელზე თანდართულ მეორე თვითმხილველი, მეწყვილე პირის განმარტებასთან (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-1306-1226-2015, 1 ივლისი, 2016 წელი). აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (იხ. სუსგ საქმე №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი).
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3814,95 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 730,90 ლარი და დარჩენილი 3084,05 ლარის 70% – 2158,83 ლარი (საკასაციო საჩივარზე დავის საგნის ფასი შეადგენს 61681 ლარს (56875+4806), რომლის 5% 3084,05 ლარია).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ნ.ვ.დ–ვა“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ნ.ვ.დ–ვას“ (საიდენტ. კოდი: ..........) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 23 იანვარს №1737627564 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 3814,95 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 730,90 ლარი და დარჩენილი 3084,05 ლარის 70% – 2158,83 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე