საქმე №ას-545-2025 29 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ვ.?.?.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ლ.ჯ.ი–ი“, ვ.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „ვ.?.?.“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „ლ.ჯ.ი–ისა“ (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) და ვ.გ–ის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2009 წლის 04 ივნისს მოსარჩელე კომპანიის დირექტორს გ.გ–ძესა და შპს „თ.ე.კ–ის“ დირექტორს მ.ლ–ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად: 1. ასაშენებელი შენობის -1 და -2 სართულებზე განთავსებული ავტოფარეხები არის შპს „თ.ე.კ–ის“ საკუთრება და მოსარჩელე კომპანიას შენობის ამ ნაწილზე (როგორც ახლად წარმოქმნილ ფართზე) საკუთრების უფლების პრეტენზია არ ექნება; 2. იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელე კომპანია მოიპოვებს უფლებას ნაგებობას დააშენოს მეექვსე სართული, შპს „თ.ე.კ–ის“ ამ სართულის ფართზე (როგორც ახლად წარმოქმნილ ფართზე) საკუთრების უფლების პრეტენზია არ ექნება;
2.2. 2010 წლის 30 ივლისს, ერთი მხრივ, მოსარჩელე კომპანიის დირექტორს გ.გ–ძეს, მეორე მხრივ, შპს „თ.ე.კ–ის“ დირექტორს - მეორე მოპასუხეს და, მესამე მხრივ, სს „მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკას“ შორის გაფორმდა მშენებარე მრავალსართულიანი უძრავი ნივთის განშლის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრეებს საერთო საკუთრებაში გააჩნიათ 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........; მხარეები მათ საკუთრებაში არსებული მშენებარე მრავალსართულიანი უძრავი ქონების საჯარო რეესტრში ფართების დამოუკიდებელ ერთეულებად რეგისტრაციის მიზნით შეთანხმდნენ შენობის ფართების განაწილებაზე შემდეგი სახით:
2.2.1 მიწისქვეშა ავტოსადგომების ფართი - 2134 კვ.მ. - შპს „თ.ე.კ–ის“ საკუთრება;
2.2.2 I სართულის ფართი სადარბაზო/ვესტიბიულში შესასვლელთან მარცხენა მხარეს - 309.81 კვ.მ. - შპს „თ.ე.კ–ის“ საკუთრება;
2.2.3 I სართულის ფართი სადარბაზო/ვესტიბიულში შესასვლელთან მარჯვენა მხარეს - 370.73 კვ.მ. - შპს „თ.ე.კ–ის“ საკუთრება;
2.2.4 I სართულის ფართი - 117 კვ.მ. (სადარბაზო/ვესტიბიული) - მოსარჩელე კომპანიის საკუთრება;
2.2.5 II სართულის ფართი - 807.16 კვ.მ. - მოსარჩელე კომპანიის საკუთრება;
2.2.6 III სართულზე 807,16 კვ.მ. ფართიდან 367.16 კვ.მ. - მოსარჩელე კომპანიის საკუთრება;
2.2.7 III სართულზე 807,16 კვ.მ. ფართიდან 440 კვ.მ. - სს „მე-11 შერეული ტიპის პოლიკლინიკის“ საკუთრება;
2.2.8 IV სართულის ფართი - 807.16 კვ.მ. - მოსარჩელე კომპანიის საკუთრება;
2.2.9 V სართულის ფართი - 713,54 კვ.მ. - მოსარჩელე კომპანიის საკუთრება.
2.3. 2012 წლის 5 ივნისს შეიცვალა შპს „თ.ე.კ–ის“ დასახელება შპს „ლ.ჯ.ი–ით“;
2.4. მოპასუხე კომპანიამ 2013 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხისთვის (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე კომპანიისათვის) თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 2013 წლის 01 მარტის განჩინებით მოპასუხეს (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე კომპანიას) აუკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ......., სართული - 2, ს/კ: ........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
2.5. 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს (წინამდებარე საქმეში მოსარჩელე კომპანიას) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........, სართული 2, ს/კ: ........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
3. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის პოზიცია, რომ მის მიერ მეორე მოპასუხისთვის 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდა იძულებით და რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმება მართლსაწინააღმდეგო/არარა გარიგებაა.
4. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, წინამდებარე საქმეში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია კვალიფიციური შესაგებელი, რომელშიც იგი არ ეთანხმება მოსარჩელის იმ მითითებას, რომ თითქოს რაიმე სახის იძულებას ჰქონდა ადგილი მოპასუხის მხრიდან თანხმობის გაცემის სანაცვლოდ. ის ფაქტი, რომ იძულება არ ყოფილა, მოწმობს თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომელიც წარმოადგენს ვალის აღიარებას. მისი შინაარსიდან იკვეთება, რომ მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი იღებს ვალდებულებას, არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა ფიზიკურ პირს - მეორე მოპასუხეს გადაუხადოს 100 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში. ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებულია სანოტარო წესის დაცვით. მიუხედავად ვალის აღიარებისა, მისი გადახდის შეთანხმებული ვადა უშედეგოდ გავიდა, რის შედეგად, მეორე მოპასუხემ სარჩელის უშუალოდ აღძვრამდე შეიტანა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადება, რომელიც 2019 წლის 23 იანვარს დაკმაყოფილდა. უზრუნველყოფის შემდეგ მხარეთა წარმომადგენლებს შორის მოხდა შეხვედრა, სადაც მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე კომპანია სადავოდ არ ხდიდა ვალის არსებობას. შესაბამისად, შედგა კიდევ ერთი დოკუმენტი - მხარეთა შორის მორიგება. მხარეებს სურდათ, რომ მორიგება დამტკიცებულიყო სასამართლოს მიერ. მეორე მოპასუხემ შეიტანა სარჩელი, რომელსაც დაურთო მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმადაც: (1). მოსარჩელე კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ აღნიშნული ვალი, კერძოდ - 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადაეხადა მეორე მოპასუხისთვის, არაუგვიანეს 2019 წლის 04 მაისისა; (2). მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავა მათ შორის უნდა დასრულებულიყო მორიგებით ზემოაღნიშნული პირობით; (3). ვალის სრულად გადახდამდე სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩებოდა ძალაში. აღნიშნულის შემდგომ, მოსარჩელე კომპანიამ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობა შეასრულა და გადაიხადა 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარი მეორე მოპასუხის სასარგებლოდ. ეს იყო ნებელობითი აქტი, რაზედაც ვრცელდება სრული სახელშეკრულებო თავისუფლება და ნების ავტონომია. სწორედ აღნიშნული ხელშეკრულება - მორიგების აქტი გახდა საფუძველი იმისა, რომ მეორე მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადაეცა 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 361.1. მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.
6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ წინამდებარე საქმეში მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარემ მტკიცედ და დამაჯერებლად, თანმიმდევრულად ახსნა და დაადასტურა მასსა და მოსარჩელეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა. სასამართლომ მართებულად დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისთვის 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოხდა მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე (2018 წლის 01 მარტს ნოტარიუსის მიერ დადასტურებული ვალის აღიარების განცხადებისა და 2019 წლის 04 თებერვლის მორიგების აქტის საფუძველზე).
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 341-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 01 მარტის ხელწერილი ხელმოწერილია მოსარჩელე კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორის და დირექტორის - გ.გ–ძის მიერ (სანოტარო წესით არის დადასტურებული). მოსარჩელემ ხელწერილით აღიარა ვალის 100 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით არსებობა და აიღო მისი ანაზღაურების ვალდებულება, რაც უდავოდ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ადგილი ჰქონდა ვალის არსებობის აღიარებას.
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მის მიერ ვალის აღიარების ხელწერილის შედგენა განპირობებული იყო მეორე მოპასუხის მხრიდან იძულებით („განპირობებული ვ. გელაშვილის უკანონო ქმედებით, დაუსრულებელი-დაუსაბუთებელი პრეტენზიებით, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების უსაფუძვლო გასაჩივრებით, თანამესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენებით“). სააპელაციო სასამართლომ აქვე განმარტა, რომ, მართალია, მოსარჩელეს სამართლებრივი წესით არ უდავია და არ მოუთხოვია ზემოაღნიშნული ხელწერილისა და მორიგების აქტის/შეთანხმების ბათილობა, თუმცა, წინამდებარე საქმის გადაწყვეტის მიზნისთვის პალატამ მაინც შეაფასა და იმსჯელა მის მიერ მითითებულ არგუმენტებსა და პრეტენზიებზე ვალის აღიარების ხელწერილთან/შეთანხმებასთან მიმართებით.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნების არანამდვილობაზე მხარე აპელირებს იმ საფუძვლით, რომ ნების ფორმირების დროს ადგილი ჰქონდა იძულებას (კერძოდ, მოპასუხე მხარის მხრიდან მუდმივად ხდებოდა საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება, უსაფუძვლო სარჩელების წარდგენა, ადმინისტრაციული დავის წამოწყება, თანამესაკუთრის უფლების ბოროტად გამოყენება, რაც საბოლოო ჯამში აფერხებდა მის მიერ განხორციელებული დაშენებული ფართის მის სახელზე დარეგისტრირებას). შესაბამისად, იგი იძულებული გახდა ვალის აღიარების ხელწერილისათვის მოეწერა ხელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის მიხედვით, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. აღსანიშნავია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (იძულება, რაც ფსიქოლოგიურ ზეწოლაში გამოიხატებოდა) დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა იძულების (ძალადობის, მუქარის, ფსიქოლოგიური ზეწოლის) ფაქტობრივი გარემოება.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მეორე მოპასუხის მიერ პრეტენზიების წამოყენება, მარეგისტრირებელი ორგანოს (საჯარო რეესტრის) გადაწყვეტილებების გასაჩივრება, სარჩელით სასამართლოსთვის მიმართვა - არ შეიძლება შეფასდეს როგორც იძულება, რამეთუ არცერთი ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მეორე მოპასუხეს მისთვის ხელი რომ არ შეეშალა, ამისთვის თანხა გადაუხადა, ეს მოქმედება შესაძლებელია შეფასდეს, როგორც მხარის „არჩევანი“ /გადაწყვეტილება/დისკრეცია, რამეთუ მას (მოსარჩელეს) შეეძლო თავადაც სამართლებრივი გზით დაეცვა თავისი უფლებები და ინტერესი, მოეთხოვა ხელშეშლის აღკვეთა ან/და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესრულება/თანხმობის გაცემა და ა.შ., მაგრამ ამა თუ იმ ფაქტორის/მოცემულობის გათვალისწინებით, მხარემ (შესაძლოა) მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ მისი საქმიანობისთვის - დროის, ფინანსების დაზოგვისთვის, პარტნიორთან/ქონების თანამესაკუთრესთან სასამართლო დავაზე მართებული იქნებოდა „ეღიარებინა“ და გადაეხადა 100 000 აშშ დოლარი, რათა თავიდან აეცილებინა თანამესაკუთრის მიერ განხორციელებული ქმედებებით გამოწვეული დისკომფორტი/შეფერხება. დღეის მდგომარეობით, მოსარჩელე თუ სხვანაირად აღიქვამს მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მხრიდან არც სამართლებრივად იყო სწორი და არც „მომგებიანი“ ეკონომიური თვალსაზრისით, ეს ვერ გახდება მოპასუხისათვის - თანამესაკუთრისთვის/ბიზნეს პარტნიორისთვის გადახდილი თანხის უკან გამოთხოვის საფუძველი, რამეთუ მოსარჩელემ შეასრულა მის მიერ „ვალის აღიარებით“ ნაკისრი ვალდებულება.
11. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ მეორე მოპასუხისთვის 100 000 აშშ დოლარის გადახდას გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი - ვალის აღიარებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. აღნიშნული კი გამორიცხავდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ კონდიქციური სამართლით რაიმე სახის თანხის უკუდაბრუნების მოთხოვნას არ გააჩნდა საფუძველი. პალატამ აქვე მიუთითა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დასტურდებოდა 2018 წლის 01 მარტს სანოტარო წესით დამოწმებული „ვალის აღიარების“ ხელწერილის/განცხადების საფუძველზე, პალატამ დეტალურად აღარ მიმოიხილა 2019 წლის 04 თებერვალს ზემოაღნიშნული ხელწერილის საფუძველზე გაფორმებული მორიგების აქტი და მასზე ხელმომწერების უფლებამოსილებები, რამეთუ, მორიგების აქტის არარსებობის შემთხვევაშიც, 2018 წლის 01 მარტის ხელწერილიც საკმარისია იმის დასადგენად, თუ რა საფუძვლით იქნა 100 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის გადახდის ვალდებულება წარმოშობილი.
12. რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - 2013 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის პირველი მარტის განჩინებით მოსარჩელეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 2013 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კანონიერ ძალაში 2014 წლის 21 ივლისს შევიდა. 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით კი გაუქმდა 2013 წლის 1 მარტის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, იმ მომენტიდან - 2014 წლის 21 ივლისიდან (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან), როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე კომპანიის სარჩელი უარყოფილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით და მოსარჩელეს წარმოეშვა სსსკ-ის 199-ე მუხლიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, სწორედ ამ მომენტიდან უნდა აითვალოს სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ამოიწურა 2017 წლის 21 ივლისს, სარჩელი კი აღნიშნული მოთხოვნით წარმოდგენილია 28.04.2022 წელს - ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
13. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეს საკმარისი მტკიცება და მტკიცებულებები არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მას მიადგა 50 000 ლარის ოდენობით ზიანი. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ მხოლოდ ზოგადი პოზიცია იყო წარმოდგენილი კონკრეტული დასაბუთების და მტკიცების გარეშე.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
15. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
15.1. სარჩელში, ახსნა-განმარტებებსა და სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე უთითებდა, რომ 2018 წლის 1 მარტს ნოტარიუს ნ. ხ–ას მიერ დადასტურებული იქნა ორი განცხადება. ერთი ადასტურებდა მოპასუხე კომპანიის თანხმობას, რათა მოსარჩელეს თავის სახელზე აღერიცხა ქ. თბილისში, ....... მდებარე ნაგებობის მე-8 სართულზე მდებარე ფართი, ხოლო მეორე განცხადებით მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა - გ. გ–ძემ აიღო ვალდებულება არა უგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა გადაუხადოს ფიზიკურ პირს - მეორე მოპასუხეს 100000 აშშ დოლარი. ამ ორ დოკუმენტზე მითითებით მოსარჩელე ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ სწორედ თანხმობის მიღების სანაცვლოდ გ. გ–ძე იძულებული გახდა დაპირებოდა მეორე მოპასუხეს თანხის გადახდას. მოპასუხე კომპანია ბოროტად იყენებდა მესაკუთრის უფლებებს, არ აძლევდა მოსარჩელეს თანხმობას ფართის რეგისტრაციაზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი არ ურეგისტრირებდა მოსარჩელეს ფართს მისი თანხმობის გარეშე;
15.2. მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე მშენებლობას აწარმოებდა სს ბანკ „ქ–გან“ აღებული კრედიტით. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე კომპანია ვალდებული იყო ყოველი ახალი წარმოქმნილი ფართი დაერეგისტრირებინა და იპოთეკით დაეტვირთა ბანკის სასარგებლოდ;
15.3. მოსარჩელეს მეორე მოპასუხისთვის 2018 წლის 31 დეკემბრამდე თანხა არ გადაუხდია. 2019 წლის 22 იანვარს მეორე მოპასუხემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს. 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მეორე მოპასუხემ ხელი შეუშალა მოსარჩელეს ბანკის ვალდებულების შესრულებაში. მოსარჩელე კომპანიის ხელმძღვანელი იძულებული გახდა მეორე მოპასუხისთვის 2019 წლის 25 მარტს გადაეხადა 80000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. როგორც სამეწარმეო სუბიექტმა შემოსავლის მიმღები (თითქოსდა მომსახურების გამწევი) მეორე მოპასუხე დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. სწორედ ამიტომ გადაურიცხეს 80000 აშშ დოლარი და არა - 100000 აშშ დოლარი;
15.4. მოპასუხე კომპანიამ ბოროტად გამოიყენა მესაკუთრის უფლება და საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე თანხმობის სანაცვლოდ ფაქტიურად გამოძალა თანხა მოსარჩელე კომპანიას;
15.5. გარიგება, იქნება ეს აბსტრაქტული თუ კაუზალური, მართლზომიერი ქმედებაა. მოპასუხის ქმედება კი - თანხმობის გაცემა მოსარჩელე კომპანიისათვის ამ უკანასკნელის მიერ შექმნილი შენობის ნაწილის რეგისტრაციაზე 100000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას - უფლების ბოროტად გამოყენებას (სსკ-ის 170-ე მუხლი). ასეთი გარიგება არ წარმოშობს ვალდებულებას, იმიტომ რომ არის არარა გარიგება, მას არ სჭირდება სასამართლოს მიერ კონსტატაცია;
15.6. სსსკ-ის 199.3 მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნაზე არ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, რადგან იგი არის სპეციალური ნორმა. აღნიშნულ მოთხოვნაზე ვრცელდება სსკ-ის 142-ე მუხლით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადა;
15.7. ზიანის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარდგენილი აქვს ცნობა ბანკიდან, რომელშიც გარკვევით არის მითითებული უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების პერიოდში რა თანხა იქნა გადახდილი პროცენტის სახით. რომ არა გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიება, მოსარჩელე კომპანია ყიდდა ქონების ნაწილს (რაც გააკეთა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისთანავე) და დაფარავდა ბანკის ვალს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
18. სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა შუამდგომლობით მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, ვინაიდან უარს აცხადებს სარჩელზე. შუამდგომლობაში იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ცნობილია სსსკ-ის 273.2 მუხლით [საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება] გათვალისწინებული შედეგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს.
20. საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს [სსსკ-ის 399-ე მუხლი]. საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით [სსსკ-ის 372-ე მუხლი].
21. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღიარებს რა დისპოზიციურობის პრინციპს, მე-3 მუხლით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. სარჩელზე უარის თქმა - ესაა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტი საპროცესო სამართლებრივი შედეგით (თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი. სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, თბილისი, 2014, გვ.85) (იხ. სუსგ საქმე №ას-608-2020, 13 მაისი, 2024 წელი). სსსკ-ის მე-3 მუხლში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ საქმე №ას-20-17-2015, 18 მარტი, 2015 წელი; საქმე №ას-694-648-2017, 12 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-1047-2019, 20 დეკემბერი, 2019 წელი).
22. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. ამასთან, წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვისას, მოსარჩელის დისპოზიციური ნების შესაბამისად ჩამოყალიბებულ სასარჩელო მოთხოვნებზე წარმოების შეწყვეტის გარდა, საკასაციო პალატას არა აქვს სხვა საკითხებზე მსჯელობის უფლებამოსილება.
23. კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ვინაიდან საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი წარმოიშვა საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე, კასატორი სრულად თავისუფლდება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-2-2-2018, 27 ივლისი, 2018 წელი; №ას-608-2020, 13 მაისი, 2024 წელი).
24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე. შესაბამისად, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
25. რაც შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის წარმოებისას მხარეთა მიერ გაღებულ პროცესის ხარჯებს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 249-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს შემაჯამებელი აქტის შინაარსი და ამომწურავადაა განსაზღვრული, გადაწყვეტილების გამოტანისას თუ რა საკითხებზე უნდა იმსჯელოს და სამართლებრივად შეაფასოს სასამართლომ. ამავე ნორმის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო პალატა, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, წინამდებარე საქმეზე წარმოებას ასრულებს, იგი უფლებამოსილია მოცემული განჩინებით, როგორც მართლმსაჯულების შემაჯამებელი აქტით, გაანაწილოს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მხარეთა მიერ გაღებული პროცესის ხარჯები (შედ. იხ. სუსგ საქმე №1410-1425-2011, 28 ოქტომბერი, 2011 წელი).
26. სსსკ-ის 54.1 მუხლის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
27. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში ზემოაღნიშნულ გარემოებაზე (მოპასუხის მიერ მისი მოთხოვნის ნებაყოფლობით დაკმაყოფილება) არ უთითებს. იგი აღნიშნავს, რომ სარგებლობს რა საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით, უარს ამბობს აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე მოპასუხე მხარე პასუხს არ აგებს.
28. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 04 ივლისის განჩინებით მოსარჩელე კომპანიას გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო ამავე სასამართლოს 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით დაეკისრა კიდეც გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
29. სასამართლო ხარჯთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან სსსკ-ის 49.4 მუხლის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში, მსგავსი შეღავათი - სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი ოდენობის განახევრება, არ მოქმედებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში გადახდილ სახელმწიფო ბაჟებთან მიმართებით. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის ლოგიკური განმარტებით დასტურდება, რომ ასეთ დროს მხარეებისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟი (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1410-1425-2011, 28 ოქტომბერი, 2011 წელი) და, შესაბამისად, ვერც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდება მხარე.
30. ამდენად, ვინაიდან მოცემულ საქმეზე წარმოება წყდება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო და, ამასთან, სახეზე არ არის სსსკ-ის 54.1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
31. რაც შეეხება მოპასუხის მიერ გაღებულ საპროცესო ხარჯებს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კომპანიას მეორე მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხის მიერ იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე კომპანიას მოპასუხე მხარის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების ანგარიშში დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.
32. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას [სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები].
33. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში იგულისხმება დავის გადაწყვეტის არა მხოლოდ პროცესუალურ-სამართლებრივი, არამედ უპირველესად – მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ეს პირდაპირ გამომდინარეობს სარჩელის ცნებიდან, კერძოდ, სარჩელი, როგორც სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ინსტიტუტი, არის უფლების დაცვის შესახებ პირის შუამდგომლობა სასამართლოსადმი, რათა მან განიხილოს სარჩელში მოპასუხის წინააღმდეგ წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა და გამოიტანოს ამის თაობაზე გადაწყვეტილება. ამდენად, სარჩელი, მართალია, საპროცესო სამართლის ინსტიტუტია, მაგრამ იგი არ არსებობს იმ უფლებაზე მითითების გარეშე, რომლის დაცვასაც მოსარჩელე მოითხოვს, ე.ი. მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის გარეშე. სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სწორედ მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის მიმართ და, შესაბამისად, ან აკმაყოფილებს სარჩელს ან უარს ამბობს მის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოგებული მხარეა მოსარჩელე, ხოლო წაგებული – მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს პირიქითაა - მოგებულია მოპასუხე, ხოლო, წაგებული – მოსარჩელე. საქმის მოგება-წაგება კი პირდაპირ უკავშირდება მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებას. კერძოდ, თუ მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობს, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა. აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილებაა გამოტანილი იმიტომ, რომ მოსარჩელეს უარი ეთქმევა მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მოპასუხის სარგებელი ისაა, რომ მას მომავალში მოსარჩელე ვეღარ შეედავება იმ უფლების შესახებ, რომლის დაცვასაც ეს უკანასკნელი სარჩელით ცდილობდა. ანალოგიური ვითარებაა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაშიც. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა - უშუალო გავლენას ახდენს მოპასუხისადმი წაყენებულ მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოსარჩელე კარგავს უფლებას, შეედავოს მოპასუხეს იგივე სარჩელით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 273-ე მუხლი). შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმის გამო საქმეზე დამდგარი საპროცესო შედეგი – სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა – მოპასუხის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-795-849-2011, 18 ივლისი, 2011 წელი; ასევე საქმე №ას-1771-1751-2011, 9 თებერვალი, 2012 წელი).
34. ამდენად, საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი იმდაგვარად უნდა განიმარტოს, რომ მხარის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებაში, პირველ რიგში, მოიაზრებოდეს საქმის გადაწყვეტის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგი. ამდენად, მოცემული ნორმის მიზანია, დაიცვას იმ მხარის ინტერესები, რომლის სასარგებლოდაც დავა გადაწყდა. სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის დროს მიიღება მოპასუხისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლო აღარ იხილავს და, შესაბამისად, აღარც აკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. სწორედ ზემოაღნიშნულის გამო სარჩელზე უარის თქმისას საქმის წარმოების შეწყვეტა ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ფარგლებში და ასეთ დროს მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯის – წარმომადგენლის მომსახურების საფასურის მოსარჩელისათვის დაკისრება დასაშვებია (იხ. სუსგ საქმე №-ას-1771-1751-2011, 9 თებერვალი, 2012 წელი).
35. ამასთან, ზემოაღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ ვერ გამოდგება სსსკ-ის 54.1 მუხლი (იხ. წინამდებარე განჩინების 26-ე პუნქტი), რომელიც წარმოადგენს ზოგად წესს და ეხება მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც მოსარჩელე უარს ამბობს თავის სარჩელზე იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა სარჩელის აღძვრის შემდეგ (რაც წინამდებარე საქმეში არ ვლინდება). მოცემული ნორმა არაფერს ამბობს მოსარჩელის პასუხისმგებლობაზე და, შესაბამისად, არ გამორიცხავს მოპასუხის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-795-849-2011, 18 ივლისი, 2011 წელი). საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლის მიერ ხარჯების განაწილების მსგავსი რეგულირება ემსახურება ერთადერთ მიზანს, ხარჯების ანაზღაურება დაეკისროს იმ მხარეს, რომლის მოქმედებამაც განაპირობა ხარჯების არსებობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1364-2022, 17 მარტი 2023 წელი).
36. ამდენად, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა უტოლდება მოპასუხის მიერ დავის მოგებას და მოპასუხეს მოსარჩელის დაუკმაყოფილებელი სარჩელის გამო წარმოეშობა სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, მოსარჩელე, გარდა სსსკ-ის 54.1 მუხლით გათვალისწინებული მოპასუხის მიერ ნებაყოფლობითი შესრულების შემთხვევისა, ვალდებულია, აანაზღაუროს მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯები კანონით დადგენილი წესით.
37. მოცემულ შემთხვევაში კი, ვინაიდან მოპასუხეებს იურიდიული მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა სწორედ მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გამო მოუწიათ, ხოლო მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოში გადაწყვიტა უარი თქვას სარჩელზე, მოპასუხე მხარისათვის გადასახდელი იურიდიული მომსახურების ხარჯისგან მისი გათავისუფლება არც კანონის და არც სამართლიანობის პრინციპის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-848-2024, 3 ოქტომბერი, 2024 წელი).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე კომპანიას პირველი და მეორე მოპასუხეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ, პირველი ინსტანციით საქმის განხილვის ეტაპზე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით, 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით, - 2000 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 53-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ვ.ვ.ვ.“-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - შპს „ვ.?.?.“-ის სარჩელის გამო შპს „ლ.ჯ.ი–ისა“ და ვ.გ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;
4. შპს „ვ.?.?.“-ს (ს/კ: ....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდა;
5. შპს „ვ.?.?.“-ს შპს „ლ.ჯ.ი–ისა“ და ვ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელთა მიერ, პირველი ინსტანციით საქმის განხილვის ეტაპზე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით, 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სახით, - 2000 ლარის ანაზღაურება;
6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე