ბს-1103-1055(კ-07) 20 მაისი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სანივთე ქოების საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 28 მაისს კ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხელფასისა და სანივთე ქონების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998-2005 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹....... ნაწილში, რა პერიოდშიც მიუღებელი დარჩა ხელფასი – 1505,28 ლარი, ხოლო ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხა _ 636,69 ლარი, რისი მიღების უფლებაც მას წარმოეშვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და 51-ე მუხლებისა და ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების სახით 1505,28 ლარი და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 636,69 ლარის, სულ _ 2141,94 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით კ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ტ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1505,28 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 636,69 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ კ. ტ-ე სამხედრო სამსახურს გადიოდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო "სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად _ სამხედრო მოსამსახურეს.
სასამართლოს განმარტებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12.3 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კ. ტ-ის მიმართ გააჩნია დავალიანება სანივთე ქონების კომპენსაციის სახით 636,69 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია (2007 წლის მაისამდე მოქმედი რედაქციით), აღნიშნული ეხება მხოლოდ მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს და არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ყოფილ სამხედრო პირებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ ფორმის ტანსაცმელი და შესაბამისად, მათი მოთხოვნაც უსაფუძვლოა.
ამასთან, აპელანტის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ არის მიჩნეული და შესაბამისად, სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში დამტკიცებული ხარჯების გეგმური პარამეტრების ზევით დაუშვებელია ფაქტობრივი ხარჯების გაწევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ არამართებულია აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის 2007 წლის მაისამდე მოქმედი რედაქცია ეხებოდა მხოლოდ მოქმედ და არა ყოფილ სამხედრო პირებს. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია”, აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თავდაცვის სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა სამხედრო მოსამსახურეს ფორმის ტანსაცმლით, მაშინ მას უნდა გაეცა კომპენსაცია. თუ აღნიშნული კომპენსაციის გაცემა დაგვიანდებოდა, ხოლო ამ დროის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურე დათხოვნილ იქნებოდა სამხედრო სამსახურიდან, ამით თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება არ შეწყდებოდა აღნიშნული პირის მიმართ.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ასევე უსაფუძვლო იყო აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების გაცემა არ იყო გათვალისწინებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება კონკრეტული სამხედრო მოსამსახურეების მიმართ შეწყდა. ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია სათანადო ასიგნებანი, მოცემულ დავასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, ვინაიდან აღნიშნული გარემობა შესაძლოა მხედველობაში იყოს მიღებული მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სამხედრო სამსახურში მსახურობდა 1998 წლიდან 2005 წლამდე, ხოლო სარჩელი სასამართლოში შესულია 2007 წლის 4 ივნისს. მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილია 2005 წელს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა სამსახურის პერიოდში, როცა ის არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე ზემოაღნიშნული მუხლის გავრცელება უკანონოა.
ამასთან, სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 129-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც მოთხოვნა ხანდაზმულია.
კასატორის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია აგრეთვე, სახელფასო დავალიანების დაკისრების ნაწილშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საკასაციო განაცხადის ფარგლებს და მიუთითებს შემდეგზე: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის I ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
საქმეში ს.ფ. 31-32 დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, რომლის საფუძველზეც აპელანტი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც კასატორს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში ერთმევა საკასაციო საჩივრის შემოტანის უფლება, ხოლო თავის მხრივ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას, იმსჯელოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესულ ნაწილზე.
რაც შეეხება სანივთე ქონების კომპენსაციის საკითხს, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში ნაწილობრივ იზიარება კასატორის პრეტენზიას და განმარტავს შემდეგს: "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ამდენად, ზემოაღნიშნული ორი კომპონენტი კანონმდებლობის მიერ გამოყოფილია ცალკე და არ მოიაზრება ფულად სარგოში.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოცილაური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ასევე ერთმანეთისაგან მიჯნავს ფულადი სარგოსა და სანივთე ქონების კომპენსაციის გაცემის საკითხს.
ზემაღნიშნული ნორმატიული აქტების სამართლებრივი ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სამხედრო მოსამსახურისათვის ფორმის ტანსაცმლისა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება მიეკუთვნება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ის ვერ მოექცევა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების რეჟიმში და ამ ვალდებულების შესრულებაზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹....... სამხედრო ნაწილის უფროსის ცნობა ატარებს ინფორმაციულ ხასიათს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 17 მაისის ¹9/1405 პასუხს, აღნიშნული სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში შეიცავს ცალსახა უარს, რის გამოც მითითებული დოკუმენტები ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად და ვერ იქცევა სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღძრულია 2007 წელს, საკასაციო სასამართლო, მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ კ. ტ-ის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის აღძვრიდან 3 წლიანი უკუდახევით. კერძოდ, ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს 2005 და 2004 წლებში წარმოშობილი სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხების დავალიანება (2005 წლის 27 დეკემბრიდან კ. ტ-ე დათხოვნილია სამსახურიდან).
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ 636,69 ლარს უნდა გამოაკლდეს 2003 წლის პერიოდისათვის სანივთე ქონების გაუცემლობისათვის წარმოშობილი დავალიანების საკომპენსაციო თანხები, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ დაანგარიშება საქმეში წარმოდგენილია სამ წელზე, თანხის შემდგომი დაზუსტების მიზნით საქმე ამ ნაწილში უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს სანივთე ქონების კომპენსაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.