Facebook Twitter

საქმე №ას-843-2025 29 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.მ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (ძირითადი სარჩელით), ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დადასტურება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ.ტ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ.ჯ–ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თ.ჯ–მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების - ნ.ტ–ისა და ზ.მ–ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ტ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. თ.ჯ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ........, მე-9 სართულზე მდებარე ბინა №40, ს/კ ....... და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე ნ.ტ–ს. თ. ჟ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.ტ–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ......., მე-9 სართულზე მდებარე ბინა №40, ფართი 89.80 კვ.მ, ს/კ ...... გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.ჯ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით თ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ.ჯ–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი, ერთის მხრივ, თ.ჯ–ს, როგორც „გამყიდველს“ და, მეორე მხრივ, ზ.მ–ს, როგორც „მყიდველს“ შორის, 2021 წლის 12 მაისს, ქ.თბილისში, ......., მე-9 სართულზე მდებარე ბინა №40-ზე, ს/კ ......... დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N210455077). დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. თ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი ნ.ტ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.მ–მა და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით ზ.მ–ის წარმომადგენელ ლ.ჩ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 1029 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ ლ.ჩ–ეს ჩაბარდა 2025 წლის 26 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელ ლ.ჩ–ეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2025 წლის 26 ივნისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.150). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 27 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 3 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი