საქმე №ას-1252-2023 5 სექტემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ჩ–ძე, ვ.ბ–ი, მ.ბ–ი, მ.ჩ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის გადახდის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ბანკი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი ნ.ჩ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ვახტანგ ბარნაბიშვილის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“), მ.ბ–ისა (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“) და მ.ჩ–ძის (შემდგომში - „მეოთხე მოპასუხე“) მიმართ თანხის გადახდის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 28 ნოემბერს ბანკმა მომხმარებლებს შემდეგი აქციის ფარგლებში - „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“, შესთავაზა იპოთეკური სესხის აღება და გადახდის დაწყება ორი წლის შემდეგ. აქციით სარგებლობის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 იანვარი. მოსარჩელის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ახალი საბანკო პროდუქტის მოქმედება საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით შეჩერდა;
2.2. 2017 წლის 18 დეკემბერს, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N6821646-ა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით დადგინდა გენერალური საკრედიტო ხაზის შემდეგი პირობები: მოქმედების ვადა - 300 თვე; მოცულობა - 150 000 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში; საპროცენტო სარგებელი: კრედიტით, საკრედიტო ხაზით და ოვერდრაფტით სარგებლობაზე - წლიური 0%-დან 48%-მდე, საკომისიო - პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის - ვადამდე დაფარული თანხის 0%-დან 7 %-მდე. ამავე ხელშეკრულების მეოთხე პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების სტანდარტული და დამატებითი პირობები, დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებები. კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები დადგენილი იყო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ით, რომელიც განთავსებული იყო ბანკის შემდეგ ვებ-მისამართზე http://bankofgeorgia.ge ან/და თან ერთვოდა ხელშეკრულებას და რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილებოდა მასთან ერთად. ამასთან, ხელშეკრულებაზე თანდართულ რედაქციასა და ბანკის ვებ-მისამართზე განთავსებულ რედაქციას შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭებოდა ბანკის ვებ-მისამართზე განთავსებულ რედაქციას. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებოდნენ, ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ასახული იყო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2-ში, რომელიც ასევე წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილებოდა მასთან ერთად. დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები (მათ შორის დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები) (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ასახული იყო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N4-ში, რომელიც ასევე წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილებოდა მასთან ერთად. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი ადასტურებდა, რომ იგი გაეცნო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგენილ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსს და მიიღო ეს პირობები, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგენილი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შინაარსი არ იყო ბუნდოვანი ან/და იმდენად უჩვეულო, რომ არ შეეძლო მათი გათვალისწინება, მათი შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და შესაბამისად, არ იყო საზიანო მისთვის. მხარეები თანხმდებოდნენ და აცნობიერებდნენ, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება და ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1), ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების დამატებითი პირობები (გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2) და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობები (მათ შორის, დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების სტანდარტული პირობები) (დანართი N4) წარმოადგენდა ერთ მთლიან შეთანხმებას მხარეთა შორის;
2.3. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N6821646-ა ფარგლებში 2017 წლის 18 დეკემბერს, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N6821646-ა-6821646. კრედიტის მოცულობად განისაზღვრა 61 000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადად - 180 თვე, კრედიტის თანხის დაფარვის თარიღად - ყოველი თვის 25 რიცხვი, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხ საპროცენტო სარგებლად - წლიური 16%, აუთვისებელი კრედიტის თანხაზე დასარიცხ საკომისიო გადასახადად - წლიური 0%, სიცოცხლის/უბედური შემთხვევის დაზღვევის მართვის საკომისიოდ - წლიური 0.38%. ათვისებული კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობად განისაზღვრა ყოველი თვის 25 რიცხვი, პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისათვის ერთჯერადად - 10 ლარი. ამავე ხელშეკრულების 4.18 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის - 1%. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 2%-ზე ნაკლები იყო და კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვა განხორციელდებოდა კრედიტის გაცემიდან 1 თვის ვადაში, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა კლიენტისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო სარგებლის ვადამდე დაფარვისათვის, ვადამდე დაფარული თანხის 2%-ის ოდენობით. სესხის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტს არ დაეკისრებოდა სესხის წინსწრებით დაფარვის პირგასამტეხლო, მხოლოდ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული მაქსიმუმ მომდევნო სამი თვის ჯამური თანხის შესაბამისი ოდენობის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში იმ პირობით, რომ აღნიშნული უფლებით კლიენტი ისარგებლებდა მხოლოდ თვეში ერთხელ. კრედიტის მიზნობრიობად განისაზღვრა - მიწის ნაკვეთის შეძენა;
2.4. 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისი დებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა პირობები, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის 1-12 (ჩათვლით) მუხლებს (გარდა 3.2.-3.4. პუნქტებისა) და იმავე გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N2-ის (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) შესაბამის დებულებებს, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის 8.3. და 8.4. პუნქტებით გათვალისწინებულ დავების არბიტრაჟში განხილვის დებულებებს. ამავე ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დამატებითი პირობები (ამგვარის არსებობის შემთხვევაში) ასახული იყო დანართი N1-ში, რომელიც ასევე წარმოადგენდა წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. საკრედიტო ხელშეკრულების 5.1.1. პუნქტით დადგინდა, რომ კლიენტი გაცნობილი იყო გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითა (მისი დანართების ჩათვლით) და საკრედიტო ხელშეკრულებით (მათი არსებობის შემთხვევაში, მისი დანართების ჩათვლით) დადგენილი პირობების შინაარსს და მიიღო ეს პირობები. 5.1.2. პუნქტის თანახმად, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითა (მისი დანართების ჩათვლით) და საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შინაარსი არ იყო ბუნდოვანი ან/და იმდენად უჩვეულო, რომ არ შეეძლო მათი გათვალისწინება. 5.1.3. პუნქტის მიხედვით, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითა (მისი დანართების ჩათვლით) და საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს და შესაბამისად, არ იყო საზიანო მისთვის. ამავე ხელშეკრულების 5.2.1 პუნქტის მიხედვით, მხარეები ათვიცნობიერებდნენ და თანხმდებოდნენ, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების (მისი დანართების ჩათვლით) შესაბამისი პირობები, საკრედიტო ხელშეკრულება და, მათი არსებობის შემთხვევაში, კრედიტის დამატებითი პირობები (საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1) წარმოადგენენ ერთ მთლიან შეთანხმებას მხარეთა შორის;
2.5. 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგინდა პირველი მოპასუხის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის წლიურ საპროცენტო განაკვეთს წარმოადგენდა 16%, ხოლო მსესხებელი კრედიტის გადახდას იწყებდა 2020 წლის 27 იანვრიდან. ამავე გრაფიკით გათვალისწინებული იყო ე.წ. „გრეის პროცენტის“ გადახდა 2020 წლის 27 იანვრიდან 2032 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 126.67 ლარის ოდენობით. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდა დარჩენილ 156 თვეზე;
2.6. მხარეთა შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებად განისაზღვრა პირგასამტეხლო კრედიტის თანხის ან/და საპროცენტო განაკვეთის ვადამდე დაფარვისათვის - კრედიტის დასრულებამდე დარჩენილი ვადის და დარჩენილი ძირი თანხის შესაბამისად: 0% - 6 თვემდე, 0.5% - 6-12 თვემდე, 1% - 12-24 თვემდე, 2% - 24 თვეზე მეტი, კანონმდებლობის შეზღუდვების გაუქმების ან ცვლილების შემთხვევაში - 2%-ით, მიუხედავად პერიოდისა. ამავე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ ბანკი უფლებამოსილი იყო ნებისმიერ დროს შეეცვალა ხელშეკრულების პირობები და საბანკო პროდუქტის მოცულობა, მათ შორის, დაედგინა ან/და შეეცვალა საპროცენტო განაკვეთის/სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელების ოდენობები, რის თაობაზეც კლიენტს/მსესხებელს ეცნობებოდა წერილობით ან/და ელექტრონულად (მათ შორის, მხარეთა შეთანხმებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით), ცვლილების თაობაზე შეტყობინება კლიენტს/მსესხებელს გაეგზავნებოდა არანაკლებ ერთი თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილება ხორციელდება კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ. კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ ცვლილების განხორციელება არ საჭიროებდა კლიენტი/მსესხებლის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის/მსესხებლის ინფორმირებას;
2.7. 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების სტანდარტულ სახელშეკრულებო ინფორმაციაში მითითებულია შემდეგი: „ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად: შეცვალოს საბანკო პროდუქტის მოცულობა; შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის სარგებლის, საკომისიოს პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის ოდენობა(ები) არაუმეტეს არსებული განაკვეთის 1/4 ოდენობით; შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის სარგებლის, საკომისიოს პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის ოდენობა(ები) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში; შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის გადავადება, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის გადავადებისას უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით; შეცვალოს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, - დაადგინოს საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთ(ებ)ის ოდენობა. ბანკის მიერ ზემოაღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება არ ხორციელდება კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ატყობინებს კლიენტს/მსესხებელს წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS), ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეტყობინების გაგზავნას კლიენტის/მსესხებლის მიერ ბანკში დაფიქსირებულ მისამართზე). კლიენტი/მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ამგვარ ცვლილებაზე, და ასეთ შემთხვევაში, ცვლილება არ შევა ძალაში. ხოლო კლიენტი/მსესხებელი ვალდებულია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის ვადაში (ან ბანკთან შეთანხმებულ სხვა ვადაში) დაფაროს ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ბანკის წინაშე არსებული დავალიანება იმ პირობით, რომ კლიენტს არ დაეკისრება დავალიანების ვადამდე დაფარვის პირგასამტეხლო. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი არ ისარგებლებს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ამგვარი ცვლილება ძალაში შევა ბანკის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში პირობების ცვლილების თაობაზე კლიენტის წინასწარი ან/და შემდგომი ინფორმირების ვალდებულება ბანკს არ გააჩნია, ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, იგი მხედველობაში მიიღებს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონეს, სამომხმარებლო ფასებს, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსებს, სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, ასევე კლიენტთან საკრედიტო ურთიერთობის ისტორიას. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების ინდივიდუალურად გამოყენების უფლება ბანკს აქვს კლიენტის/მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ყოველ ჯერზე. ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს’’. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე დანართი წარმოადგენდა ხელშეკრულების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილს;
2.8. ბანკმა კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე პირველ მოპასუხეს შესთავაზა სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობა. შეთავაზება განხორციელდა შემდეგი შინაარსით: „გაცნობებთ, რომ SOLO ლაუნჯში მოსვლის გარეშე, ყველა სესხზე ისარგებლებთ 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით, სესხის დასაფარი თვეების რაოდენობა გაიზრდება და საშეღავათო პერიოდში დასაფარი თანხა გადანაწილდება განახლებულ ვადაზე. ვადის ცვლილება მობილბანკსა და ინტერნეტბანკში აისახება 3 დღის განმავლობაში, ამ დროის განმავლობაში სესხზე შესატანი თანხა არ ჩამოგეჭრებათ. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ამ შეღავათით სარგებლობა, გთხოვთ 3 დღის მანძილზე დაუკავშირდეთ თქვენს SOLO ბანკირს ან გამოგზავნეთ ამავე SMS-ზე პასუხი: NOGRACE. დეტალებისთვის ეწვიეთ: http://bit.ly/info-SOLO. 0322444400’’. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში პირველ მოპასუხეს გადაუვადდა 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვეების პროცენტი, ჯამში 2 320.71 ლარი;
2.9. პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 18 დეკემბრიდან 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ შეასრულა გადახდის გრაფიკით დადგენილი 2020 წლის 27 იანვრის, 2020 წლის 25 თებერვლისა და 2020 წლის 25 ივნისის გადახდები სრულად;
2.10. პირველმა მოპასუხემ 2020 წლის 10 ივლისს განცხადებით მიმართა ბანკს და აცნობა, რომ იყენებდა კრედიტის წინსწრებით დაფარვის უფლებას და მზად იყო სრულად შეესრულებინა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულება 64 856 ლარის გადახდის თაობაზე. საბანკო დაწესებულებას მსესხებელმა განუსაზღვრა ვადა 2020 წლის 16 ივლისამდე, რათა ეცნობებინა მიღებული გადაწყვეტილება ვალდებულების წინსწრებით შესრულების მიღების თაობაზე. 2020 წლის 15 ივლისს ბანკმა მოპასუხეს აცნობა, რომ მისი ვალდებულება იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებაზე N5092979 ამავე თარიღისათვის შეადგენდა 83 705.68 ლარს, საიდანაც: ძირი თანხაა 60 807.23 ლარი, მიმდინარე მდგომარეობით დარიცხული პროცენტი - 22 272.13 ლარი, ხოლო წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 608.07 ლარი;
2.11. 2020 წლის 17 ივლისს პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა ნოტარიუს მ.გ–ძეს და ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება 6821646-ა, საკრედიტო ხელშეკრულება 6821464-ა-6821646, საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება 5092979, იპოთეკის ხელშეკრულება 6821646-01) ფარგლებში არსებული ვალდებულების შესრულების მიზნით მოითხოვა თანხის დეპონირება შემდეგი სახით: დეპონირებული თანხა - 64 856 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 60 807.23 ლარი, წინსწრების საკომისიო - 1 216.1446 ლარი, კოვიდ-პანდემიის გამო გადავადებული სამი თვის პროცენტი - 2 832.56 ლარი. აღნიშნულის თაობაზე ნოტარიუსმა მიიღო ფულის დეპოზიტში (ნოტარიუსის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე) მიღების ოქმი. დეპონირების მიზეზად მითითებულია კრედიტორი ბანკის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების დაყოვნება. ვალდებულების დეპონირების გზით შესრულების თაობაზე ბანკს ეცნობა 2020 წლის 21 ივლისს;
2.12. 2020 წლის 18 ნოემბერს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ბანკმა და პირველმა მოპასუხემ ნოტარიუს მ.გ–ძეს მიმართეს ერთობლივი განცხადებით, რათა ნოტარიუსს მოეხდინა დეპონირებული თანხის ნაწილის 60 807.23 ლარის ბანკის ანგარიშზე გადარიცხვა, რომლითაც ნაწილობრივ დაიფარებოდა პირველი მოპასუხის საკრედიტო ვალდებულება საბანკო დაწესებულების მიმართ, მხოლოდ სესხის ძირი თანხის ნაწილში. 2020 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუსმა მ.გ–ძემ მიიღო სანოტარო აქტი დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდის ნაწილობრივ გაცემის თაობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 60 807.23 ლარის გადარიცხვა მოხდებოდა 2020 წლის 19 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ ბანკის ანგარიშზე;
2.13. ბანკმა 2020 წლის 10 ნოემბერს, 2021 წლის 13 იანვარს, 2021 წლის 22 იანვარს და 2021 წლის 29 მარტს წერილობით მიმართა მოპასუხეებს და მოითხოვა 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა 27 168.93 ლარის ოდენობით, საიდანაც პროცენტია 25 685.41 ლარი, პირგასამტეხლო - 1380.28 ლარი, საკომისიო - 93.24 ლარი, შეტყობინების მიღებიდან 14 დღის ვადაში. ვალდებულების შესრულების თაობაზე პირველმა მოპასუხემ უარი განაცხადა, ვინაიდან ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება დეპონირების გზით შესრულებული იყო სრულად და არ არსებობდა ვადაგადაცილება;
2.14. 2018 წლის 14 მაისს ბანკსა და მეოთხე მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ N7657415-01, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დადგომოდა პირველ და მეორე მოპასუხეებს 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით N6821646-ა ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფისათვის. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარი;
2.15. 2018 წლის 14 მაისს, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, მესაკუთრე გიორგი ტალახაძეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N765415-02, რომლითაც ძირითადი ხელშეკრულების N6821646-ა უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, დიღომი, ........., საკადასტრო კოდი ......... აღნიშნული უძრავი ქონება ამჟამად საკუთრების უფლებით ირიცხება პირველი მოპასუხის სახელზე. 2017 წლის 18 დეკემბერს, ერთი მხრივ, ბანკსა და, მეორე მხრივ, მეორე და მესამე მოპასუხეებს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N6821646-01, რომლითაც 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით N6821646-ა ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი,.........., საკადასტრო კოდი ...........
3. სააპელაციო პალატის განმარტებით, საშეღავათო პერიოდია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელს არ უწევს სესხის ძირითადი თანხის გადახდა. ზოგ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მსესხებელს შესაძლოა პროცენტის გადახდაც არ უწევდეს. საკრედიტო ბარათით სარგებლობისას საშეღავათო პერიოდი წარმოადგენს იმ ვადას, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ბარათიდან ათვისებულ ანუ გახარჯულ თანხას არ ერიცხება წლიური პროცენტი.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაიცა სასყიდლიანი ფორმით, თუმცა მხარეებმა გამოიყენეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, თავად განსაზღვრეს სარგებლის გადახდის წესი და პირობები. კერძოდ, 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგინდა პირველი მოპასუხის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის წლიურ საპროცენტო განაკვეთს წარმოადგენდა 16%, ხოლო მსესხებელი კრედიტის გადახდას იწყებდა 2020 წლის 27 იანვრიდან. ამავე გრაფიკით გათვალისწინებული იყო ე.წ. „გრეის პროცენტის“ გადახდა 2020 წლის 27 იანვრიდან 2032 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 126.67 ლარის ოდენობით. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდა დარჩენილ 156 თვეზე. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულებით სარგებლის გადახდის წესი განისაზღვრა იმგვარად, რომ კრედიტის გაცემიდან ორი წლის შემდეგ მსესხებელი იწყებდა კრედიტის სასყიდლის (ანუ სარგებლის) დაფარვას ბანკის წინაშე. აღნიშნული ვალდებულება ე.წ. „გრეის პროცენტის“ სახით გადანაწილებულია 156 თვეზე, ყოველთვიურად 126.67 ლარის გადახდით. მოპასუხე მხარეს ე.წ. „გრეის პროცენტი“ გადახდილი აქვს სულ სამჯერ 2020 წლის 27 იანვარს, 2020 წლის 25 თებერვალსა და 2020 წლის 25 ივნის, კერძოდ, მას შემდეგ, რაც გადახდის გრაფიკით მისი გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სასყიდლიანი სესხის გაცემის თაობაზე, თუმცა სარგებლის გადახდის ვალდებულება მათ შორის დადებული ხელშეკრულების და თანდართული გრაფიკიდან გამომდინარე მხარეს წარმოეშვა ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის შემდეგ, კერძოდ, 2020 წლის 27 იანვრიდან. ამასთან, სწორედ აღნიშნული წარმოადგენდა საშეღავათო პერიოდს, რომ „გრეის პროცენტის“ გადახდა მხარეს უნდა განეხორციელებინა 2020 წლის 27 იანვრიდან 2032 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 126.67 ლარის ოდენობით. გამომდინარე აქედან, პალატამ არ გაიზიარა ბანკის განმარტება, რომ, ვინაიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი, საშეღავათო პერიოდი გულისხმობს მხოლოდ გადახდის გადავადებას.
5. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს ვადამდე შეასრულოს ვალდებულება, თუკი პატივსადები მიზეზით კრედიტორი უარს არ იტყვის შესრულების მიღებაზე. აღნიშნული ნორმა მოვალისათვის უფლებამიმნიჭებელი ნორმაა. მითითებული მუხლის შესაბამისად, მოვალე უფლებამოსილია, ვალდებულება ვადაზე ადრე შეასრულოს. ამ ნორმით გათვალისწინებული უფლების გამოყენების მიზნებისათვის აუცილებელი არაა, მოვალეს რაიმე განსაკუთრებული პატივსადები ინტერესი ჰქონდეს. მას ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისია სწორედ კრედიტორის პატივსადები ინტერესი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორი უფლებამოსილია, არ მიიღოს ვადაზე ადრე ვალდებულების შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ვალდებულების ვადაში შესრულების პატივსადები ინტერესი აქვს. ამდენად, თუკი კრედიტორს მოვალისათვის უარის სათქმელად აქვს პატივსადები ინტერესი, მაშინ მოვალეს არა აქვს უფლება, ვადაზე ადრე შეასრულოს ვალდებულება. ამასთან, პატივსადები ინტერესი შეფასებითი კატეგორიაა. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ერთობლიობაზეა დამოკიდებული იმ ფაქტის შეფასება, თუ რამდენად პატივსადებია კრედიტორის ინტერესი შესრულების ვადამდელ მიღებაზე უარის თქმის თაობაზე. ინტერესი პატივსადებია მაშინ, როდესაც კრედიტორს ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულებით ზიანი ადგება. ზიანი შეიძლება იყოს როგორც ფაქტობრივად დამდგარი, ასევე მიუღებელი შემოსავალი.
6. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკრედიტო ხელშეკრულების 4.18 პუნქტსა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი) და იპოთეკური ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6 ქვეპუნქტი) და დაასკვნა, რომ კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში სანქციის სახით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა 4.18 პუნქტით დადგენილი წესით. სხვაგვარი ჩანაწერი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ არის. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში არ ჰქონდა 18.12.2017-27.12.2019 წლის საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული პირობა მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებითა და მისი დანართებით გათვალისწინებული არ ყოფილა.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ბანკმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მხარეთა შეთანხმება მოიცავდა „გრეის პროცენტის“ მოპასუხე მხარეზე საშეღავათო პერიოდის 18/12/2017-27/12/2019 განმავლობაში დარიცხვას, რის გამოც ბანკის მოთხოვნა მოპასუხე მხარისთვის 19 760.66 ლარის ოდენობით „გრეის პროცენტის“ დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13, რომლის 2.12 მუხლში მითითებულია შემდეგი: „იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი სარგებლობს საშეღავათო პერიოდით საპროცენტო სარგებლის გადახდისათვის, აღნიშნული საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი გადანაწილდება კრედიტის დარჩენილ ვადაზე და კლიენტის მიერ გადაიხდება გრაფიკის შესაბამისად, სხვა გადასახდელებთან ერთად. ამასთან, კლიენტის მიერ კრედიტის ვადამდე სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში/დროს, იგი ვალდებულია სრულად დაფაროს, მათ შორის, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტის თანხაზე დარიცხული გადაუხდელი საპროცენტო სარგებელიც“. პალატის მითითებით, მოსარჩელე თავის მოთხოვნას სწორედ იმ გარემოებაზე აფუძნებდა, რომ დანართი N13 წარმოადგენს 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს და ერთიან ხელშეკრულებას. სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ დანართს მიღების თარიღი არ აქვს მითითებული, თუმცა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების გაფორმების დროს იგი არ არსებობდა და მოგვიანებით იქნა მიღებული.
9. პალატის განმარტებით, იმისთვის, რომ დანართი N13 მიჩნეულ იქნეს მის მიღებამდე მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, აუცილებელია დაცული იყოს მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა წინამდებარე განჩინების 2.2 და 2.4 ქვეპუნქტებში ასახულ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ით (გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები) განისაზღვრა საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი. მხარეები 10.1 პუნქტით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დასაშვები იყო წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით. დანართი N1-ის შემდგომი პუნქტი (10.2.) განსაზღვრავს, მხარეთა შეთანხმების გარეშე რა შემთხვევაში ჰქონდა ბანკს უფლებამოსილება საკუთარი შეხედულებისამებრ კლიენტის დამატებითი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე შეეტანა ხელშეკრულებაში ცვლილება. კერძოდ: 10.2.1. შეეცვალა საბანკო პროდუქტის მოცულობა; 10.2.2. შეეცვალა ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა არაუმეტეს არსებული განაკვეთის 1/4 ოდენობით; 10.2.3. შეეცვალა ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში; 10.2.4. შეეცვალა ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადები უნდა შეცვლილიყო არაუმეტეს 30 კალენდარული დღით; 10.2.5. შეეცვალა ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და 10.2.6. დაედგინა ხელშეკრულებით ან/და ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, დოკუმენტალური ოპერაციით ან/და სხვა მსგავსი საბანკო პროდუქტებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთების ოდენობა.
10. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დანართი №13-ის 2.12 პუნქტით ბანკმა დაადგინა გადახდის ახალი პირობა საპროცენტო სარგებელთან მიმართებით, კერძოდ, კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, საშეღავათო პერიოდის საპროცენტო სარგებლის გადახდის ახალი წესი. მოცემული პირობის დადგენა კი არ თავსდება დანართი N1-ით დადგენილ იმ პუნქტებში (10.2.1-10.2.6 პუნქტები), რომლის მიღებაც ბანკს შეეძლო ცალმხრივად კლიენტის ყოველგვარი თანხმობისა და აქცეპტის გარეშე.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბანკს მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, უფლება ჰქონდა კლიენტის თანხმობის გარეშე „ცვლილება შეეტანა“ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესაბამის პუნქტში და არა დამატებითი დანართის მიღების სახით მიეღო ე.წ. „დამატება“, რომლის შესახებაც მხოლოდ ზოგადი სმს შეტყობინების სახით აცნობებდა კლიენტს. დანართი N1-ის 10.4 პუნქტით ასევე დადგენილია, რომ 10.2.2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ინდივიდუალურად გამოყენების უფლება ბანკს ჰქონდა კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით (მათ შორის, მათი დანართებით) ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ყოველ ჯერზე, ხელშეკრულებაში შესული ცვლილებები და დამატებები (მათ შორის, გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის 10.2. და 10.3. პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ცვლილებები და დამატებები) წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამდენად, ბანკს საკუთარი შეხედულებისამებრ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის უფლება ჰქონდა კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ყოველ ჯერზე და აღნიშნული ცვლილება ითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, თუ რის საფუძველზე მოახდინა ბანკმა, მისივე თქმით, ცალმხრივად ცვლილების შეტანა ხელშეკრულებაში, ცვლილების შეტანის პერიოდისათვის კლიენტის რა სახის ვალდებულების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ასევე, ვინაიდან დანართი N13-ის 2.12 პუნქტი თავისი შინაარსით არ შეესაბამება დანართი N1-ის 10.2.1-10.2.6 პუნქტებით გათვალისწინებულ არცერთ პირობას და ამასთან, მხარეთა შორის არ მომხდარა წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ დანართი N13 არ წარმოადგენს 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ერთიან და განუყოფელ ნაწილს და შესაბამისად, ერთიან ხელშეკრულებას. ამასთან, ბანკის მხრიდან ერთპიროვნულად ახალი დანართის მიღება არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ მისი მიღებით ხდება ძირითად ხელშეკრულებაში დამატების შეტანის უფლებამოსილების განხორციელება.
12. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბანკმა დანართი №13-ით დაადგინა გადახდის ახალი პირობა საპროცენტო სარგებელთან მიმართებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოხდა კლიენტის მდგომარეობის გაუარესება. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა ბანკის განმარტება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა ნების გამოხატულებას, რომელთა პირობები არის ცალსახა და ნათელი და, რომ მხარეთა შეთანხმებული პირობის შინაარსის კიდევ ერთხელ ასახვა დანართში არ ქმნიდა კლიენტის მდგომარეობის გაუარესების საფუძველს.
13. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 არ წარმოადგენს, ერთი მხრივ, ბანკს და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2017 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული N6821646-ა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულების N6821646-ა-6821646 შემადგენელ განუყოფელ ნაწილს. საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი N13 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალურ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებასა და მის დანართებთან (დანართი N1, დანართი N2, დანართი N4) ერთად არ წარმოადგენს ერთ მთლიან შეთანხმებას (ხელშეკრულებას) მხარეთა შორის.
14. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მსესხებელს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით დადგენილი წესის შესაბამისად ეცნობა თუნდაც ხელშეკრულებაში „ცვლილების’’ განხორციელების შესახებ. სასამართლომ მიუთითა 2021 წლის 19 აპრილს ბანკის მიერ გაცემულ NOCSC21616634 ცნობაზე, რომელშიც მითითებულია შემდეგი: „გაცნობებთ, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 29.06.2018-ში ნ.ჩ–ძის საკონტაქტო მონაცემებში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე 591 .......გაგზავნილია სმს შეტყობინება შემდეგი დეტალებით „SOLO გაცნობებთ, რომ 06/2018-დან ცვლილებები შედის ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაში. ცვლილებებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე http://...ge/ge/about-solo/news/solonews?n=...’.
15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით გათვალისწინებულია საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესი და სმს შეტყობინებით გაგზავნილი ინფორმაციის ჩაბარების წესი. დანართი N1-ის 10.3.1.-ის შესაბამისად, თუ ასეთი გადაწყვეტილება აუარესებს კლიენტის მდგომარეობას, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს კლიენტს გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-6 მუხლით დადგენილი წესით. კლიენტი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ამგვარ ცვლილებაზე და ასეთ შემთხვევაში ცვლილება არ შევა ძალაში, ხოლო კლიენტი ვალდებულია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 კალენდარული დღის ვადაში (ან ბანკთან შეთანხმებულ ვადაში) დაფაროს ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით ბანკის წინაშე არსებული დავალიანება იმ პირობით, რომ კლიენტს არ დაეკისრება დავალიანების ვადამდე დაფარვის პირგასამტეხლო. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ისარგებლებს ამგვარი პირობით, ცვლილება ძალაში შევა ბანკის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან. 2017 წლის 18 დეკემბრის სტანდარტულ სახელშეკრულებო ინფორმაციაში (ტომი 1, ს.ფ. 27-28) მითითებულია, რომ ცვლილების თაობაზე შეტყობინება კლიენტს/მსესხებელს გაეგზავნებოდა არანაკლებ 1 თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილება ხორციელდება კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ. კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ ცვლილების განხორციელება არ საჭიროებდა კლიენტი/მსესხებლის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის/მსესხებლის ინფორმირებას. პალატამ მიუთითა ასევე დანართი N1-ის მე-6 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა შორის კომუნიკაციის პირობები. კერძოდ, 6.1. პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით. დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშის, ტელექსის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილ-ბანკის, ინტერნეტ-ბანკის ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გაგზავნის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარე მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარუდგენს შეტყობინებას წერილობითი ფორმითაც. 6.2.2. პუნქტით დადგინდა, რომ შეტყობინება მიიჩნევა სათანადო წესით გაგზავნილად და მიღებულად ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით (გარდა მობილ-ბანკის და ინტერნეტ-ბანკისა) გაგზავნის შემთხვევაში - ადრესატის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან ან შესაბამისი ქმედების განხორციელებით შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის განმარტებით, მას აღნიშნულის თაობაზე ეცნობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბანკს შეატყობინა, რომ აპირებდა სესხის წინსწრებით დაფარვას (ტომი 2, ელექტრონული მიმოწერა ს.ფ. 28-90). მოსარჩელეს ხსენებული სადავო გარემოების დასადგენად საქმეში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ მის მიერვე შედგენილი დოკუმენტი (ტომი 1. ს.ფ. 264), სადაც საუბარია პირველი მოპასუხის მობილურის ნომერზე სმს შეტყობინების გაგზავნის თაობაზე.
17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ბანკსა და კლიენტს შორის ურთიერთობაში ბანკი წარმოადგენს „ძლიერ“ მხარეს. მის ხელშია გარკვეული ბერკეტები, ინფორმაცია და იგი საქმიანობს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით. კლიენტი არ ფლობს ინფორმაციას არსებულ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, საბანკო პროდუქტებით უზრუნველყოფის დეტალებზე. სწორედ ამიტომ, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ბანკს ვალდებულება გააჩნია ხელშეკრულების დადების დროს სრული ინფორმაცია მიაწოდოს კლიენტს, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხებზეც და იზრუნოს მათზე. სსკ-ის 8.3. მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპს არღვევს ის სუბიექტი, რომელიც არ მოქმედებს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი აუცილებელი ყურადღებიანობის და გულისხმიერების ფარგლებში, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბანკის მხრიდან.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ევალებოდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კონკრეტულ ნომერზე გაგზავნილი შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარების ფაქტს, როგორც ეს დანართი N1-ის 6.2.2. პუნქტით იყო განსაზღვრული და მხოლოდ მოსარჩელის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია იმ შინაარსის მსჯელობა, რასაც თავად მოსარჩელე უთითებს მოთხოვნის დასაბუთებისათვის, არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო საკმარის მტკიცებულებად სადავო გარემოების დადასტურებისათვის.
19. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა პირველი მოპასუხის ტელეფონის ნომერზე აღნიშნული შეტყობინების მიღების ფაქტი, დაცული არ იყო ცვლილების შეტანის შესახებ ადრესატის ინფორმირებისათვის შეტყობინების გაგზავნის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვადა (არც ხელშეკრულების სტანდარტული პირობების და არც სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაციით დადგენილი ვადა), ასევე მსგავსი შინაარსის შეტყობინება: „გაცნობებთ, რომ სს „ს.ბ–ის“ მიერ 29.06.2018-ში ნ.ჩ–ძის საკონტაქტო მონაცემებში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე 591 .......გაგზავნილია სმს შეტყობინება შემდეგი დეტალებით „SOLO გაცნობებთ, რომ 06/2018-დან ცვლილებები შედის ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების ხელშეკრულებაში. ცვლილებებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე http://goli.ge/ge/....- solo/news/solonews?n=...’’, კონკრეტულად არ ასახავდა ცვლილების შინაარსს და იგი ცვლილების შესახებ კლიენტის დადგენილი წესით ინფორმირებად ვერ იქნებოდა მიიჩნეული.
20. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბანკს პირველი მოპასუხისათვის მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების, ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების დანართი N1), ხელშეკრულების დამატებითი პირობების (გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N2) და დოკუმენტალური ოპერაციების წარმოების პირობებით (დანართი N4) დადგენილი წესით არ უცნობებია 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების, დანართი N13 მიღებისა და მასში ასახული 2.12. პუნქტის შინაარსის თაობაზე.
21. სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ საკრედიტო ხელშეკრულების დადების შემდეგ №13 დანართით ბანკმა დააზუსტა საკრედიტო ხელშეკრულების შინაარსი [2.12. პუნქტი], რაც მეტყველებდა იმაზე, რომ, მოსარჩელის აზრითაც, სადავო საკითხი დასაზუსტებელ საკითხს წარმოადგენდა და მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული.
22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო სამართალში აღიარებული წესია, რომ, თუ ეჭვქვეშ არ დგას ხელშეკრულების ნამდვილობა, მაშინ იგი განმარტებულ უნდა იქნას ისე, როგორც ამას ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპები მოითხოვს (სსკ-ის 339-ე და 346-ე მუხლები). თავდაპირველად უნდა დადგინდეს ხელშეკრულების მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნება, ხოლო განსხვავებული გამონათქვამების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნას კონკრეტული შემთხვევის ობიექტური გარემოებები, მხარეთა ინტერესები ნების გამოვლენის დროს. რაც უფრო მეტი ადამიანის მიმართ ხდება ნების გამოვლენა, მით უფრო ზუსტად უნდა დადგინდეს ნების გამოვლენის შინაარსი. სადავო ხელშეკრულება დაიდო აქციის ფარგლებში: „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“. ბანკის მიერ განსაზღვრული იყო მრავალჯერადი გამოყენებისათვის წინასწარ ჩამოყალიბებული გამიზნული პირობები. სსკ-ის 345-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კრედიტორი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გვევლინება მოსარჩელედ, მტკიცების ტვირთიც მას ეკისრება, შესაბამისად, ხელშეკრულების ბუნდოვანების რისკსაც იგი ატარებს. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ხელშეკრულების დებულებათა ბუნდოვანებისას, ეს დებულებები განიმარტება მის წინააღმდეგ, ვინც იყო ოფერტის ავტორი და განსაზღვრა პირობები და მის სასარგებლოდ, ვინც იკისრა ვალდებულებები.
23. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ბანკის განმარტება, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, 4048.70 ლარის ნაწილში. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 18 ნოემბერს ნოტარიუსმა მ.გ–ძემ მიიღო სანოტარო აქტი დეპონირებული ფულის, ფასიანი ქაღალდის ნაწილობრივ გაცემის თაობაზე, რომლითაც დადგინდა, რომ 60 807.23 ლარის გადარიცხვა მოხდებოდა 2020 წლის 19 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ ბანკის ანგარიშზე. 2020 წლის 19 ნოემბერს ბანკს მიღებული აქვს მსესხებლის საკრედიტო ვალდებულება ძირი თანხის 60 807.23 ლარის გადახდის ნაწილში და, ვინაიდან დანართი №13 არ წარმოადგენდა 2017 წლის 18 დეკემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და, შესაბამისად, ერთიან ხელშეკრულებას, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველ მოპასუხეს დეპონირების გზით სრულად აქვს შესრულებული ბანკის წინაშე ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.
24. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძირი თანხის - 60 807.23 ლარის მიღების შემდეგ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩა 4 048.1146 ლარი, საიდანაც 2320.71 ლარი წარმოადგენს კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის გადასახდელ თანხას, ხოლო ხელშეკრულების 4.18 მუხლით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტის წინსწრებით დაფარვისათვის შეადგენს 1 216.1446 ლარს (60 807.23 ლარის 2%), ჯამში, შეადგენს 3 536.8546 ლარს. ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსებული თანხა კი სრულად ფარავს კრედიტის თანხის წინსწრებით დაფარვისათვის მსესხებლების ვალდებულებას ბანკის წინაშე.
25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 427-ე და 434-ე მუხლებით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 97-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული და კრედიტორის წინაშე ვალდებულება შეწყვეტილია.
26. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სოლიდარული მოვალის - პირველი მოპასუხის მიერ დეპონირების გზით ვალდებულება სრულადაა შესრულებული მოსარჩელის მიმართ, მეორე მოპასუხე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან [სსკ-ის 463-ე და 464-ე მუხლები].
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
28. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
28.1. სასამართლოს მსჯელობაში განვითარებული მიდგომა ზიანს აყენებს არამხოლოდ ბანკის, როგორც კრედიტორის, ინტერესებს, არამედ აზიანებს და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ყველა პოტენციური კრედიტორის უფლებას. გარდა ამისა, გასაჩივრებულ განჩინებაში განსაკუთრებულად საგანგაშოა აშკარა შეუსრულებელი, დარიცხული, ვადამოსული ვალდებულების სასამართლოს მიერ სრულად შესრულებულად შერაცხვა. მსგავსი მიდგომა ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევს ანალოგიურ დავებზე არასწორი, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მიღებული სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებას;
28.2. გასაჩივრებული განჩინება აცდენილია საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სრულიად ბუნდოვანია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მსესხებლის მიერ სრულად არის შესრულებული, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ კრედიტი იყო სასყიდლიანი; ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული, არც პირდაპირ და არც ირიბად, რომ პირველი ორი წელი საკრედიტო ხელშეკრულებას არ დაერიცხებოდა სარგებელი; ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ ერთხმად არის აღიარებული და დადგენილი, რომ საშეღავათო ორწლიანი პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდა კრედიტის სრულ ვადაზე;
28.3. სადავოა შემდეგი მთავარი საკითხები:
28.3.1. იმ პირობებში, როდესაც კლიენტს არ შეუსრულებია საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის რომელი ნორმის საფუძველზე ენიჭება აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის უფლება?
28.3.2. რა სამართლებრივი სტანდარტით არის შესაძლებელი, სასამართლომ დაადგინოს, რომ კრედიტს 2 წლის განმავლობაში ერიცხებოდა სარგებელი, თუმცა მიიჩნიოს, რომ წინსწრებით დაფარვის გამო დარიცხული ვალდებულება აღარ არსებობს?
28.3.3. მოწინააღმდეგე მხარის მიერ განსაზღვრული და არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მოცულობით, ნოტარიუსთან თანხის დეპონირება, ქმნის ვალდებულების შესრულების საფუძველს?
28.3.4. იმ პირობებში, როცა გადახდის გრაფიკის ნამდვილობა არცერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, რას წარმოადგენს უკვე დარიცხული პროცენტის გადანაწილება, რომელიც ასახულია გადახდის გრაფიკში?
28.4. უდავოდ დადგენილია, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდა დარჩენილ 156 თვეზე; პირველმა მოპასუხემ 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2020 წლის 27 იანვრის ჩათვლით საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ შეასრულა გადახდის გრაფიკით დადგენილი 2020 წლის 27 იანვრის, 2020 წლის 25 თებერვლისა და 2020 წლის ივნისის გადახდები; ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული თანხით ნაწილობრივ დაიფარა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება; გადახდის გრაფიკი წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; ბანკს, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით საპროცენტო სარგებელი შეადგენს 16%-ს; საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული იყო ე.წ. „გრეის პროცენტის“ გადახდა 2020 წლის 27 იანვრიდან 2032 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 126.67 ლარის ოდენობით;
28.5. აღნიშნული უდავო გარემოებებით დასტურდება, რომ საშეღავათო პერიოდი გულისხმობს გადახდის გადავადებას და არა უპროცენტო საბანკო კრედიტით სარგებლობას. არც განთავსებული შეთავაზებისა და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არც ერთი პუნქტიდან არ დგინდება და ბუნებრივია, ვერც დადგინდება, რომ ხელშეკრულება 2 წლის განმავლობაში იყო უპროცენტო. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტს ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასახული იყო გადახდის გრაფიკში და სწორედ ამიტომ გაუგებარია უკვე წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობის დასაბუთების მცდელობა. ასევე, აღარ უნდა იწვევდეს დავას ფაქტი, რომ კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, არსებობს უკვე დარიცხული/წარმოშობილი საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება, რადგან ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება გულისხმობს უკვე წარმოშობილი ვალდებულების სრულად შესრულებას და სამომავლოდ დასარიცხი გადასახდელებისგან გათავისუფლებას. მოცემულს ადასტურებს ასევე ის ფაქტიც, რომ მსესხებელმა სესხის წინსწრებით გადახდისას ასევე დაფარა კოვიდ-პანდემიის საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტიც. ზემოაღნიშნული უდავო გარემოებით დასტურდება მარტივი ჭეშმარიტება, რომ წინსწრებით დაფარვის დროს კრედიტზე უკვე იყო დარიცხული 2 წლის საპროცენტო სარგებელი; საშეღავათო პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებელი უკვე არსებობს, წარმოშობილია და მსგავსად ძირი თანხისა, არის კონკრეტული თანხა, რომელიც წინსწრებით დაფარვის დროს სრულად უნდა ანაზღაურდეს; მტკიცება, რომ უკვე წარმოშობილი/დარიცხული პროცენტი არ ექვემდებარება კრედიტორისათვის დაბრუნებას, ნიშნავს მხოლოდ კეთილსინდისიერი კრედიტორისათვის მიზანმიმართული ზიანის მიყენების მცდელობას;
28.6. ის ფაქტი, რომ ბანკი ვერ გასცემს „უფასო“ სესხს, არის არა მხოლოდ საკანონმდებლო მოთხოვნა, მასთან დაკავშირებული კერძო- და საჯაროსამართლებრივი სანქციებით, არამედ ასევე ხელშეკრულების განმარტების წესი – მსესხებელს, რომელიც ბანკიდან იღებს კრედიტს, ვერ ექნება მოლოდინი, რომ ბანკი მისცემს მას უსასყიდლო კრედიტს და ხელშეკრულება შეიძლება განიმარტოს ამგვარად მის სასარგებლოდ (ეს არ შეესატყვისება ობიექტური მიმღების თვალსაწიერს);
28.7. ბანკმა მსესხებელს აქციის - „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ ფარგლებში შესთავაზა იპოთეკური სესხის აღება და გადახდის დაწყება 2 წლის შემდეგ. აღნიშნული ვერც ერთ კონტექსტში ვერ განიხილება, როგორც პირველი ორი წლის განმავლობაში „უსასყიდლო“, „უფასო“ საბანკო კრედიტით სარგებლობის შეთავაზება და ცალსახად გულისხმობს არა კრედიტით სარგებლობის, არამედ მხოლოდ კრედიტის დაფარვის დაწყების გადავადებას;
28.8. გენერალური საკრედიტო ხაზის დანართი N1-ის ანუ სტანდარტული პირობების 1.27 მუხლში მოცემულია საპროცენტო სარგებლის განმარტება, კერძოდ, კრედიტით სარგებლობისთვის ბანკისთვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც დაიანგარიშება ათვისებული თანხიდან. 3.1.2.2 პუნქტის თანახმად კი, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით;
28.9. კრედიტის თანხაზე პროცენტების დარიცხვის პერიოდი გულისხმობს იმ დროს, რომლის განმავლობაშიც სარგებლობს კლიენტი კრედიტის თანხით, ხოლო გადახდის პერიოდი – მონაკვეთს, როდესაც უშუალოდ უნდა მოხდეს ამ სარგებლის დაფარვა. წინამდებარე საქმეზე სწორი, კანონშესაბამისი და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პოსტულატი სწორედ პროცენტის დარიცხვისა და გადახდის პერიოდს შორის განსხვავებაა. მოცემული, წინამდებარე საქმეზე წარდგენილ, ასოც. პროფ. დოქ. გიორგი რუსიაშვილის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნაშიც ცალსახად არის მითითებული: „მთავარი შეცდომა, რომელიც სასამართლომ მოცემული ხელშეკრულების განმარტებისას და, ზოგადად, საქმის გადაწყვეტისას დაუშვა, არის ის, რომ მან ერთმანეთისაგან არ განასხვავა სესხის პროცენტების დარიცხვისა და გადახდის პერიოდები“;
28.10. მსესხებლებმა ფულადი სახსრებით სარგებლობა დაიწყეს არა კრედიტის გადახდის დაწყებისას, არამედ გაცემისას - 2017 წელს. საკრედიტო ხელშეკრულებაში კი ცალსახად არის მითითებული, რომ მთლიანი პერიოდი იყო სასყიდლიანი – საბანკო კრედიტის შემთხვევაში ვერც იქნებოდა სხვაგვარად – და სასყიდელი შეადგენდა წლიურ 16%-ს. ხელშეკრულებაში არ არის საუბარი, რომ სესხი ორი წელი უსასყიდლო იყო და მხოლოდ შემდეგ გადაიზრდებოდა პროცენტიან სესხში, არამედ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ საზღაური შეადგენდა თითოეულ წელზე 16%-ს. შესაბამისად, პროცენტის დარიცხვა ხდებოდა თავიდანვე და უგამონაკლისოდ, თითოეულ წელზე თანაბრად, ისევე, როგორც სავალდებულოა ნებისმიერი სხვა საბანკო კრედიტის შემთხვევაში;
28.11. ის, რომ გრაფიკის მიხედვით, მსესხებელი პირველი 2 წლის პროცენტებს იხდიდა არა დაუყოვნებლივ, არამედ მოგვიანებით და განწილვადებულად, მყარი საპროცენტო თანხის სახით (თვიური 126.67 ლარი), ეს დარიცხვის პერიოდთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის გადახდის პერიოდი. მხარეებმა, მაგალითად, შეიძლება შეათანხმონ, რომ პროცენტების გადახდა მოხდება ერთიანად, საკრედიტო ხელშეკრულების დასასრულს, თუმცა ეს არის მხოლოდ გადახდის მოდალიტეტი და არანაირი კავშირი არ აქვს დარიცხვასთან, რადგან დარიცხვა ხდება კრედიტის აღების მომენტიდან (წლიურად/კვარტლურად/თვიურად და ა. შ.). კერძოდ, სუფთა კალკულაციიდანაც ცალსახაა, რომ გრეის-პროცენტი არის პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტების გადანაწილება, მყარი საპროცენტო დანარიცხის სახით, ამ გრეის პროცენტის ოდენობა – 126.67 ლარი – ტოლფასია კრედიტად აღებული თანხის (61 000) ორი წლის 16%-ის განაყოფისა ორი წლის შემდეგ დაწყებულ გადახდის პერიოდზე (156 თვე). ამ განმარტებით კი ზემოთ მოყვანილი ორივე სახელშეკრულებო პირობა ლოგიკურად და აბსოლუტურად თანმიმდევრულად ავსებს ერთმანეთს. ამგვარად, მოცემული კრედიტის შემთხვევაში გრეის-პროცენტი ზუსტად ამ დარიცხული პროცენტის გადადების პირობას აღნიშნავს და მისი ნებისმიერი სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც პირდაპირ არის გაწერილი ხელშეკრულებაში და რაც სასამართლომ სრულებით არასწორად განმარტა. ხაზგასასმელია, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი არის კონკრეტული თანხა, განსხვავებით გრაფიკში მითითებული პროცენტისგან, რომელიც იცვლებოდა ყოველთვიური გადახდების შედეგად. ჩნდება რიტორიკული კითხვა, თუ მხარეები არ იყვნენ შეთანხმებულნი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში პროცენტის დარიცხვაზე, რა თანხაა გათვალისწინებული გრაფიკში? ამასთან, ბანკისთვის დღემდე კითხვის ნიშნად რჩება და დღემდე არ გაჟღერებულა სათანადო პასუხი - იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე აღიარებს მხარეთა შორის სმს შეტყობინებით კოვიდ-პანდემიის საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულებას, რა არგუმენტაციით არ მიიჩნევა 2-წლიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი შესასრულებელ ვალდებულებად;
28.12. საფინანსო სტაბილურობის ინსტიტუტის (Financial Stability Institute (FSI)) მიერ მომზადებული ანალიტიკური დოკუმენტის შესაბამისად დგინდება, რომ ისეთი დასკვნები, რომლებიც სასესხო ვალდებულების შეტანის გადავადების და დაპაუზების სერვისებით სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობის მოლოდინს ქმნის, მცდარია. კვლევაში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით, მსგავსი ღონისძიებები, როგორიცაა საკრედიტო შენატანის გადავადება ან დაპაუზება, საბანკო სექტორის სტაბილურობის გათვალისწინებით სერიოზულ რისკებს წარმოშობს და იგი ეკონომიკური რელიეფის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში უნდა დაბალანსდეს. კვლევაში მითითებულია, რომ გადახდის გადავადების პროგრამის წესები, როგორც წესი, მოიცავს პროცენტის და ძირი თანხის გადახდის გადავადებას, ისე რომ აღნიშნული არ უნდა იწვევდეს მხოლოდ ჯარიმის ან პირგასამტეხლოს დაკისრებას;
28.13. გრეისის/შეღავათის ზოგად სემანტიკური თუ ტექნიკურ სამართლებრივი მნიშვნელობა აუცილებლად გულისხმობს ვალდებულების არსებობას, რომლისაგან გათავისუფლებაც ან რომლის შემსუბუქებაც ხდება, მაგრამ, თუ მსესხებელს საერთოდ არ ეკისრებოდა პირველი ორი წლის განმავლობაში გადახდა, მაშინ ეს ვალდებულება საერთოდ არ წარმოშობილა და ბანკს მისთვის შეღავათი კი არ გაუწევია, არამედ უბრალოდ „უჩუქებია“ ეს პერიოდი. ამიტომაც, გრეისის/შეღავათის შეთანხმების სიტყვასიტყვითი გაგებიდან ერთადერთი რამ გამომდინარეობს, რომ პროცენტების გადახდა გადადებულია და არა „ნაპატიები“. ანუ, „აიღე ეხლა და გადაიხადე შემდეგ“ ნიშნავს, რომ მსესხებელმა შემდეგ რეალურად მაინც უნდა გადაიხადოს, ანუ მისი ვალდებულების მხოლოდ შემსუბუქებაა სახეზე და არა „ჩუქება“. წინააღმდეგ შემთხვევაში პირობას ერქმეოდა: „...გადაიხადე ნახევარი“, „უფასო ორი წელი“ და ა. შ;
28.14. ამდენად, არსებული საკანონმდებლო, სასამართლო და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ცალსახად დასტურდება, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება არის სასყიდლიანი, ხოლო საშეღავათო პერიოდი გულისხმობს მხოლოდ გადახდის გადავადებას. შესაბამისად, მხარეთა შორის კრედიტის დაფარვის გრაფიკში შეთანხმებული გრეის პროცენტი 2020 წლისთვის უკვე ვადამოსული, დარიცხული და შესასრულებელი ვალდებულებაა, რითაც არსებითად განსხვავდება ამ საბანკო კრედიტზე მომავალში დასარიცხი პროცენტის გადახდის ვალდებულების შესრულებისგან;
28.15. გასაჩივრებული განჩინება განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ნაწილში, რომელშიც სასამართლო განიხილავს ბანკის მიერ მოპასუხის მობილურ ნომერზე სმს შეტყობინების გაგზავნას და განმარტავს, რომ „მხოლოდ მოსარჩელის მიერ შექმნილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია იმ შინაარსის მსჯელობა, რასაც თავად მოსარჩელე უთითებს მოთხოვნის დასაბუთებისთვის, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარ მტკიცებულებად, გარემოების დადასტურებისთვის“. მსგავსი მსჯელობა, მოპასუხის კვალიფიციური შედავების არარსებობის პირობებში, ყოველგვარი საფუძვლისა და არგუმენტაციის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობა გაცემულია ბანკის მიერ, უკიდურესად საშიში და გაუმართლებელი პრაქტიკის დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს და უსაფუძვლოდ აკნინებს კვალიფიციური ინსტიტუტის მიერ გაცემულ დოკუმენტს;
28.16. კანონმდებელი არ განსაზღვრავს წერილობითი მტკიცებულების კონკრეტულ სახეებს, შესაბამისად, სასამართლოს მითითება ბანკის მიერ წარდგენილ ცნობებთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან იგი შეიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც წერილობით მტკიცებულებებად მათი მიჩნევის წინაპირობას წარმოადგენს. ამასთან, ცნობები ეხება ბანკის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, კერძოდ, მოპასუხის სატელეფონო ნომერზე შეტყობინების გაგზავნას, რომლის გადამოწმება შესაძლებელია, აგრეთვე, მობილური ნომრის პროვაიდერთან, რაც წარმოადგენდა მოპასუხის მტკიცების ტვირთს. გარდა მოცემულისა, სასამართლომ ბანკის მიერ იდენტური ცნობით დაადგინა კოვიდ-პანდემიის დროს გაგზავნილი შეტყობინება. შესაბამისად, ბანკისთვის გაურკვეველი რჩება, რა არგუმენტაციით ჩათვალა სასამართლომ ერთ ცნობაში მითითებული ინფორმაცია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებად, ხოლო მეორე ცნობა - „ბანკის შექმნილ დოკუმენტად“;
28.17. სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შეფასების გარეშე დატოვა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები და გადახდის გრაფიკი, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე აწერს ხელს და რომლითაც განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდის პროცენტი, რომელიც გადახდის გრაფიკში გაწერილია ე.წ. გრეის პროცენტის სახით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 16%-ს, რომელიც გადახდის გრაფიკში აისახა შემდეგნაირად:
28.17.1. გრეის პროცენტი - 2-წლიანი (730 დღე) საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რომელიც გადანაწილდა 156 თვეზე და ყოველთვიურად შეადგინა 126.67 ლარი;
28.17.2. პროცენტი - 2-წლიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, კრედიტით სარგებლობისათვის გადასახდელი სარგებელი, რომელიც არის ცვლადი თანხა და ხდება დარიცხვა კლებად ძირზე;
28.17.3. გადახდა - ძირ თანხას + პროცენტი + გრეის პროცენტი + სიცოცხლის დაზღვევის მართვის საკომისიოს ჯამი;
28.18. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა გამონაკლისის გარეშე წლიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვას 16%-ის ოდენობით და სასამართლოს გადაწყვეტილებითვე დადგენილია, რომ საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი გადანაწილდა კრედიტის მთელ ვადაზე, აღნიშნულის მიუხედავად, წარმოუდგენელ დასკვნამდე მივიდა სასამართლო, რომ თითქოსდა საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მხარეთა შეთანხმება მოიცავდა საშეღავათო პერიოდის 18/12/2017-27/12/2019 განმავლობაში დარიცხვას და, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის სარგებლის გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. მოცემულ საქმეში მსესხებელი საკრედიტო ურთიერთობის 2020 წელს ნაადრევად დამთავრების გამო ვერ გათავისუფლდება უკვე 2018-2020 წლებში დარიცხული გრეის-პროცენტის გადახდის ვალდებულებისაგან. წინსწრებით დაფარვის პირობა მოიცავს ასევე გრეის-პროცენტის დაუყოვნებლივ გადახდასაც იმ პრინციპით, რა პრინციპითაც დაიფარა საშეღავათო პერიოდის შემდგომ გადასახდელი პროცენტი და დეპონირდა კოვიდ-პანდემიის საშეღავათო პერიოდის პროცენტი. ფაქტი, რომ პროცენტიანი კრედიტის ხელშეკრულების წინსწრებით გადახდის მეშვეობით ნაადრევად შეწყვეტისას დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება დაუყოვნებლივ ხდება ვადამოსული, პირდაპირ გამომდინარეობს შეწყვეტის ამ ფორმის არსიდან. მართალია, კრედიტის წინსწრებით გადახდისას მსესხებელი თავისუფლდება შემდგომ პერიოდში დასარიცხი პროცენტების გადახდის ვალდებულებისაგან, თუმცა ეს არ ეხება უკვე დარიცხულ პროცენტებს. უკვე დარიცხული პროცენტების გადახდა უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში, დამოუკიდებლად იმისა, ხელშეკრულება გეგმაზომიერად წყდება თუ ნაადრევად. ეს თავისთავად ცხადი პირობა მხარეთა მიერ დადებულ ხელშეკრულებაში დამატებით კიდევ ექსპლიციტურად იყო დაფიქსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ 2018-2020 წლისათვის დარიცხული 16%, რომლის გადახდის გადაწევის შეთანხმებაც გაუქმდა სესხის გაუქმებასთან ერთად, ავტომატურად გახდა ამ გაუქმების მომენტისათვის ვადამოსული (სსკ-ის 626.1 მუხლი). ის, რომ გრაფიკის მიხედვით, მსესხებელი პირველი 2 წლის პროცენტებს იხდიდა არა დაუყოვნებლივ, არამედ მოგვიანებით და განწილვადებულად მყარი საპროცენტო თანხის სახით (თვიური 126.67 ლარი), ეს დარიცხვის პერიოდთან არანაირ კავშირში არ არის, ეს არის გადახდის პერიოდი. სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაადრევად დასრულებასთან ერთად კრედიტით სარგებლობის განვლილი პერიოდის დაუყოვნებლივი ვადამოსულობა, ექსპლიციტური შეთანხმების გარეშეც, ითვლება კონკლუდენტურად შეთანხმებულად და გამომდინარეობს ხელშეკრულების სასყიდლიანი ბუნებიდან. ამგვარად, მოცემული კრედიტის შემთხვევაში გრეის-პროცენტი ზუსტად ამ დარიცხული პროცენტის გადადების პირობას აღნიშნავს და მისი ნებისმიერი სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის იმასთან, რაც პირდაპირ არის გაწერილი ხელშეკრულებაში. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ 2 წლის განმავლობაში კრედიტს ერიცხებოდა სარგებელი და საშეღავათო პერიოდი გულისხმობდა მხოლოდ კრედიტის გადახდის გადავადებას. შესაბამისად, გადახდის წესზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას და დანართი №13-ით ახალი გადახდის წესი არ დადგენილა, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი ითვალისწინებს 2-წლიან გადახდის საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდის წესს, რომელიც გრაფიკის მიხედვით გადანაწილდა 156 თვეზე და ყოველთვიურად შეადგენდა 126.67 ლარს.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
33. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია 2017 წლის 18 დეკემბერს, ერთი მხრივ, მოსარჩელე ბანკსა და, მეორე მხრივ, პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხი. უდავოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 28 ნოემბერს ბანკის მიერ მომხმარებლებისათვის შეთავაზებული აქციის ფარგლებში: „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“, რომლის მოქმედება შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით შეჩერდა. მხარეთა შორის სადავოა სწორედ აღნიშნული აქციის პირობები. მოსარჩელე ბანკი მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს სრულად არ აქვს შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხე მხარე თვლის, რომ საშეღავათო პერიოდში საბანკო კრედიტს საპროცენტო სარგებელი არ ერიცხებოდა და კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდით სარგებლობისათვის არც საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამდენად, ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ამასთან, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლების ფარგლებში შეთანხმებული პირობები იქცევა შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობად და მბოჭავია ურთიერთობის მხარეთათვის. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ. pacta sunt servanda-ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
35. გამომდინარე იქედან, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საშეღავათო პერიოდი შესაძლოა ითვალისწინებდეს კრედიტის დაფარვის სხვადასხვა პირობების შემსუბუქებას მსესხებლებისთვის, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითია იმის განსაზღვრა, რა საშეღავათო პირობებზე შეთანხმდნენ მხარეები 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით.
36. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზოგადად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე [სსკ-ის 867-ე მუხლი: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით] და განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს, როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები [იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი].
37. დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დანართი N1-ით განისაზღვრა პირველი მოპასუხის კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომლის წლიურ საპროცენტო განაკვეთს წარმოადგენდა 16%, ხოლო მსესხებელი კრედიტის გადახდას იწყებდა 2020 წლის 27 იანვრიდან. ამავე გრაფიკით გათვალისწინებული იყო ე.წ. „გრეის პროცენტის“ გადახდა 2020 წლის 27 იანვრიდან 2032 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად 126.67 ლარის ოდენობით.
38. კასატორი მიიჩნევს, რომ საშეღავათო პერიოდი გულისხმობს გადახდის გადავადებას და არა უპროცენტო საბანკო კრედიტით სარგებლობას. მისი განმარტებით, არც განთავსებული შეთავაზებისა და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არც ერთი პუნქტიდან არ დგინდება და ბუნებრივია, ვერც დადგინდება, რომ ხელშეკრულება 2 წლის განმავლობაში იყო უპროცენტო. შესაბამისად, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში კრედიტს ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასახული იყო გადახდის გრაფიკში და კრედიტის წინსწრებით დაფარვისას, უკვე არსებობდა დარიცხული/წარმოშობილი საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება.
39. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას, ვინაიდან, მართალია, საკრედიტო ხელშეკრულებაში პირდაპირ არის მითითებული წლიურ 16%-ზე და თავად კრედიტის დაფარვის გრაფიკშიც ცალკე გრაფაში არის გაწერილი ე.წ. გრეის-პროცენტი 126,67 ლარის ოდენობით, თუმცა, ის გარემოება, რომ კრედიტს საშეღავათო პერიოდშიც ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი, არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით]. მოპასუხის მტკიცება, რომ აღნიშნული საშეღავათო პერიოდი გულისხმობდა 2 წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის მხოლოდ გადახდის გადავადებას, განწილვადებას და შესაბამისად, წინსწრებით დაფარვის დროს - 2020 წლის ივლისში, საშეღავათო პერიოდზე დარიცხული მთელი საპროცენტო სარგებელი იყო უკვე ვადამოსული, გამყარებულია მხოლოდ მოპასუხე მხარის სამართლებრივი არგუმენტაციით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მასზე დართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი ცალსახად არ იძლევა მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას. თვალსაჩინოებისათვის პალატა მიუთითებს საკრედიტო ხელშეკრულების 4.15 პუნქტზე, რომლითაც ათვისებულ კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის პერიოდულობად განსაზღვრულია ყოველი თვის 25 რიცხვი, თუმცა, გრაფიკის თანახმად, 2018-2019 წლებში ყოველი თვის 25 რიცხვში მსესხებლები აღნიშნული ვალდებულებისგან გათავისუფლებულები იყვნენ. შესაბამისად, მოსარჩელე ბანკის მითითება, რომ, რადგან ხელშეკრულებაში დაფიქსირებული იყო წლიური 16%, აღნიშნული თავისთავად გულისხმობდა საშეღავათო პერიოდშიც ამ პროცენტის ავტომატურად დარიცხვას, ვერ იქნება გაზიარებული.
40. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო აქციის ფარგლებში: „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“. მოსარჩელე ბანკის ვებ-გვერდიდან ამონარიდის მიხედვით, ს.ბ–მა იპოთეკურ სესხზე უპრეცედენტო აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ქვეყნის წამყვანი ბანკის ცნობით, ბანკი მომხმარებელს ახალი წლის საუკეთესო საჩუქარს სთავაზობს. ის, ვინც 15 იანვრამდე ისარგებლებს იპოთეკური სესხით ს.ბ–ში, შესაძლებლობა აქვს სესხის გადახდა დაიწყოს 2020 წელს - შესაბამისად ისარგებლოს 2-წლიანი საშეღავათო პერიოდით (იხ. ტ.2. ს.ფ. 15). ამდენად, საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით სახეზეა ბანკის მიერ წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები - სტანდარტული პირობები [სსკ-ის 342.1 მუხლი: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა].
41. კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება შეუზღუდავ უფლებას არ წარმოადგენს. ის ყოველთვის განსაზღვრულ ფარგლებში ხორციელდება. კერძო ავტონომიის ფარგლები, რომლებიც, როგორც წესი, კანონით განისაზღვრება, ან გარიგების ფორმას ეხება ან გარიგების შინაარსს ან სხვა გარემოებები უდევს საფუძვლად (იხ. ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2011წ., გვ. 94). უმთავრესი მოტივი კი არის ის, რომ ხელშეკრულება უზრუნველყოფს მატერიალური სიკეთის არა უბრალოდ განაწილებას, არამედ ამ განაწილების სამართლიანობასაც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, ხელშეკრულების თავისუფლება გარკვეულ შეზღუდვებს განიცდის. სახელშეკრულებო თავისუფლება შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთთან თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან. თანასწორობის პრაქტიკულ გამოვლინებას სახელშეკრულებო წონასწორობა წარმოადგენს. იგი მხარეთა შორის უფლება-მოვალეობების სამართლიან გადანაწილებაზე მიუთითებს და წარმოიშობა მაშინ, როდესაც კონტრაჰენტები თანაბარი უფლებებისა და მოვალეობების მატარებელნი არიან. როგორც კი ირღვევა უფლება-მოვალეობათა ეკვივალენტურობა, სახელშეკრულებო წონასწორობას საფრთხე ექმნება.
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტანდარტული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება) (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DNotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, S. 346.). თავისუფლება და სამართლიანობა - ეს ორი პრინციპი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც, თავისუფალი რეალიზების ფარგლებში სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე Nას-812-2022, 05 ოქტომბერი, 2022 წელი).
43. ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში ერთ-ერთ გამოვლინებად სტანდარტული პირობები განისაზღვრა. სტანდარტული პირობები არის სახელშეკრულებო პირობები. ეს დებულება გულისხმობს, რომ სტანდარტული პირობები ყოველთვის წარმოადგენს სახელშეკრულებო პირობებს, ანუ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად მიიჩნევა და ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებრივ მდგომარეობას აწესრიგებს. სტანდარტული პირობები არ განიხილება ხელშეკრულებისაგან განცალკევებულ პირობებად, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია სტანდარტული პირობები ტექნიკურად არსებობდეს ხელშეკრულებისაგან განცალკევებულად. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაარსის ფორმულირებაზე. სწორედ ამ გარემოებით არის განპირობებული, რომ 345-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ტექსტის ბუნდოვანებისას მისი განმარტება ხდება მეორე მხარის სასარგებლოდ.
44. ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის უმთავრეს წინაპირობას შინაარსის კონტროლი წარმოადგენს, როდესაც ჩარევა (ზემოქმედება) ხდება უშუალოდ ხელშეკრულების შინაარსზე. სტანდარტული პირობების შემთხვევაში, ჩარევა მრავალჯერადი გამოყენების ხელშეკრულებათა შინაარსის შეზღუდვისკენაა მიმართული. შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების რეალიზაცია იმავე დოზით, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია შესაძლებელი, სტანდარტული პირობებისას არ გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ კერძო სამართლის პრინციპი: რაც კანონით აკრძალული არაა, ყველაფერი დაშვებულია, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისას შეზღუდული სახით გამოიყენება, რაც შინაარსის კონტროლის აუცილებლობასა და მისი არსებობის ფარგლებს განამტკიცებს (შდრ: Schade F., Wirtschaftsprivatrecht: Grundlagen des bürgerlichen Rechts sowie des Handels- und Wirtschaftsrechts, 2. Auflage, Verlag A. Kohlhammer GmbH, Stuttgart, 2009, Rn. 178-181). ხელშეკრულების სტანდარტული პირობების განმარტებას დიდი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. ვინაიდან განმარტება ყოველთვის სუბიექტური შეხედულებიდან გამომდინარეობს, მის სამართლებრივ საფუძველს ე.წ. „ობიექტური განმარტება“ უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნული არის არა მხარეთა ინდივიდუალური შეხედულებები და წარმოდგენები საკითხზე, არამედ, კონკრეტული, სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის ჩამოყალიბებული ობიექტურ გარემოებებზე დამყარებული აღქმა. სასამართლოც საქმეთა განხილვისას სწორედ „ობიექტური განმარტებიდან“ უნდა ამოვიდეს. ამგვარი განმარტება ხელს უწყობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სტანდარტული პირობების განსაზღვრის საკითხს და ამასთანავე, იგი ადგენს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლების მოქმედების ფარგლებს, რომლის მიზანიც კეთილსინდისიერების პრინციპსა და ნების ავტონომიაზე დაფუძნებული სახელშეკრულებო პირობების სტანდარტულ ხელშეკრულებებში გათვალისწინებაა (შდრ: Krampe C., Auslegung und Inhaltskontrolle, Inhaltskontrolle im nationalen und europäischen Privatrecht, Schriften zum europäischen und internationalen Privat-, Bank- und Wirtschaftsrecht, Band 33, Reisenhuber K. und Karakostas I.K. (Hrsg.), De Gruyter Rechtswissenschaften Verlags- GmbH, Berlin, 2009, 22) (იხ. სუსგ საქმე №ას-812-2022, 5 ოქტომბერი, 2022 წელი).
45. განსახილველ შემთხვევაში სადავოა „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“ აქციის ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების ის სტანდარტული პირობა, რომელიც ეხება საშეღავათო პერიოდში საპროცენტო სარგებლის დარიცხვას და შესაბამისად, ამ პერიოდში დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების წარმოშობას. ხელშეკრულების თანახმად, ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი შეადგენს წლიურ 16%-ს. საკრედიტო ხელშეკრულების თანდართული კრედიტის დაფარვის გრაფიკის თანახმად, სარგებლის - გრეის პროცენტის გადახდის ვალდებულება მსესხებლებს წარმოეშობოდათ 2020 წლის 27 იანვრიდან.
46. სსკ-ის 345-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ.
47. 345-ე მუხლი შეიცავს ე.წ. „ბუნდოვანების (განმარტების) წესს“ (Unklarheitsregel). მისი მიზანია, აიძულოს სტანდარტული პირობის შემთავაზებელი, რომ მან მხოლოდ ნათელი და არაორაზროვანი დებულებები შეიტანოს ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში. ბუნდოვანია ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში გაწერილი მხარეების უფლებები და მოვალეობები, თუ ისინი არ არის ცალსახად აღქმადი და გასაგები. პირობის შინაარსი გასაგები უნდა იყოს საშუალო სტატისტიკური კლიენტისათვის. თუ ამის საპირისპიროდ პირობა ორ ან მეტგვარად განმარტების შესაძლებლობას იძლევა, სამართლის შემფარდებელმა უნდა აირჩიოს ის განმარტება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება კლიენტის ინტერესებს. ეს არის საპირწონე და საზღაური იმისათვის, რომ შემთავაზებელი ცალმხრივად აყალიბებს ხელშეკრულების პირობებს და უყენებს მას მეორე მხარეს. ამ ცალმხრივად ჩამოყალიბების უფლების გამოყენების გამო ის კისრულობს პასუხისმგებლობას პირობის ცხადად ფორმულირებისათვის. ეს წესი არ არის ახალი დროის კოდიფიკაციების აღმოჩენა, იგი მოქმედებდა ჯერ კიდევ რომის სამართალში - ambiguitas contra stipulatorem est („ბუნდოვანება შემპირებლის საზიანოდ მოქმედებს“). განმარტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია ის გარემოება, თუ როგორ უნდა აღექვა წაყენებული პირობის შინაარსი და მიზანი ამ ტიპის ხელშეკრულების საშუალო სტატისტიკურ მხარეს, კონკრეტულ სფეროში სპეციფიკური ცოდნის გარეშე. ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში (52), სტანდარტული პირობის განმარტებაც ხდება მიმღების (კლიენტის) ჰორიზონტიდან, უფრო ზუსტად კი, იმ წრის საშუალო სტატისტიკური წარმომადგენლის ჰორიზონტიდან, რომელიც ამ ტიპის ხელშეკრულების სტანდარტული მომხმარებელია (იხ. გიორგი რუსიაშვილი / აკაკი ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 219, 221).
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ, ვინაიდან ხელშეკრულება და მასზე დართული კრედიტის დაფარვის გრაფიკი არ იძლევა ცალსახა პასუხს საშეღავათო პერიოდში საპროცენტო სარგებლის დარიცხვასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტანდარტული პირობა, რომელიც ბანკმა მსესხებლებს განუსაზღვრა შეთავაზებული აქციის ფარგლებში: „აიღე სესხი ახლა და გადაიხადე 2020 წელს“, უნდა განიმარტოს მსესხებლების სასარგებლოდ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სასყიდლიანი სესხის გაცემის თაობაზე, თუმცა მსესხებლებს საპროცენტო სარგებელი - გრეის პროცენტი საშეღავათო პერიოდში არ ერიცხებოდათ და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება მათ წარმოეშობოდათ ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის შემდეგ, 2020 წლის 27 იანვრიდან.
49. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ, ვინაიდან ზოგადად საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანია, ხელშეკრულება არ შეიძლება განიმარტოს მსესხებლის სასარგებლოდ, ეს არ შეესატყვისება ობიექტური მიმღების თვალსაწიერს.
50. საკასაციო პალატის განმარტებით, კრედიტის გადახდის გადავადების შესახებ ბანკის შეთავაზებებში გადადების პერიოდზე პროცენტის დარიცხვის მართებულობასა და მოვალის მოლოდინის მართლზომიერებასთან მიმართებით საკასაციო პალატა გადამწყვეტ მნიშვნელობას სძენს მხარეთა კეთილსინდისიერების ფაქტორს, რომელიც სამართლის სუბიექტთა ქცევის მართლზომიერების შეფასების უნივერსალური საზომია (იხ. სუსგ საქმე №ას-1063-2021, 21 დეკემბერი, 2022 წელი).
51. საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას [სსკ-ის 8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი]. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა (სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად) საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
52. მოცემულ შემთხვევაში მსესხებლებმა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო სუბიექტისგან აიღეს სასყიდლიანი საბანკო კრედიტი, თუმცა, ვინაიდან ბანკს, როგორც ხელშეკრულების „ძლიერ“ მხარეს, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფა ევალებოდა, მით უმეტეს, მსესხებლებისთვის ახალი საბანკო პროდუქტის შეთავაზებისას, რომლის პირობები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა სხვადასხვა იყოს, ხოლო მას, კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, ცალსახად და ნათლად არ ჰქონდა განსაზღვრული საშეღავათო პერიოდში პროცენტის დარიცხვის პირობა, მოპასუხის პოზიტიური მოლოდინი საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით ვერ იქნება უარყოფილი.
53. კასატორი სადავოდ ხდის ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა. ბანკის მოსაზრებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ნაადრევად დასრულებასთან ერთად კრედიტით სარგებლობის განვლილი პერიოდის დაუყოვნებლივი ვადამოსულობა, ექსპლიციტური შეთანხმების გარეშეც, ითვლება კონკლუდენტურად შეთანხმებულად და გამომდინარეობს ხელშეკრულების სასყიდლიანი ბუნებიდან.
54. ზემოთ მითითებული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან კრედიტს საშეღავათო პერიოდში არ ერიცხებოდა საპროცენტო სარგებელი - გრეის პროცენტი და აღნიშნული პერიოდით სარგებლობისათვის საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება მსესხებლებს წარმოეშვათ 2020 წლის 27 იანვრიდან, წინსწრებით დაფარვის დროს - 2020 წლის ივლისში ჯერ კიდევ ვადამოუსვლელი საპროცენტო სარგებლის დაფარვა მხარეთა შორის კონკლუდენტურად შეთანხმებულად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
55. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
56. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1129 ლარის 70% – 790,3 ლარი.
57. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეების შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ფაქტების მითითებისა და საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები]. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ახალი მტკიცებულებები. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეების შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიუს მ.გ–ძისათვის 30.10.2023 წლის მიმართვა და ნოტარიუს მ.გ–ძის 02.11.2023 წლის პასუხი), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 531-532).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „ს.ბ–ს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 22 აგვისტოს №18536 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1129 ლარის 70% – 790,3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. მოწინააღმდეგე მხარეების შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. მოწინააღმდეგე მხარეებს - ნ.ჩ–ძეს, ვ.ბ–ს, მ.ბ–ს და მ.ჩ–ძეს დაუბრუნდეთ საკასაციო სასამართლოში მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ნოტარიუს მ.გ–ძისათვის 30.10.2023 წლის მიმართვა და ნოტარიუს მ.გ–ძის 02.11.2023 წლის პასუხი), მთლიანობაში „2“ ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 531-532);
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე