Facebook Twitter

საქმე №ა-3604-შ-93-2025 10 სექტემბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.გ–ო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – კ.გ–ო (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის ჟიტომირის ოლქში ბრუსილივის რაიონის სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების (საქმე № 275/231/24) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის ჟიტომირის ოლქში ბრუსილივის რაიონის სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე № 275/231/24): შეწყდა 1989 წლის 5 აგვისტოს დაბადებულ კ.ბ. ძე გ–სა (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და 1983 წლის 3 ივნისს დაბადებულ ე.გ–ოს (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №7720123162.

2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. უკრაინის ჟიტომირის ოლქში ბრუსილივის რაიონის სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით (საქმე № 275/231/24): შეწყდა 1989 წლის 5 აგვისტოს დაბადებულ მოპასუხესა და 1983 წლის 3 ივნისს დაბადებულ მოსარჩელეს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №7720123162.

5. ზემომითითებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2024 წლის 21 მაისიდან გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამასთან, საქმის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში - საერთაშორისო ხელშეკრულება) პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურასა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებები, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა.

საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

საერთაშორისო ხელშეკრულების 40.1 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე.

8. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის/ცნობაზე უარის საფუძვლები მოცემულია, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლში (სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე ან აღსრულების ნებართვაზე შეიძლება უარი ითქვას: 1) თუ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს ან მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მისი წარმომადგენელს დროულად და სათანადო ფორმით არ ჩაბარდა სასამართლოში გამოძახების უწყება; 2) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებების მიერ ადრე აღძრული იყო წარმოება მოცემულ საქმეზე; 3) თუ ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად ან ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, საქმე განეკუთვნება მის დაწესებულებათა განსაკუთრებულ კომპეტენციას), ასევე, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.2 მუხლში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს).

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული მოთხოვნები მოცემულ შემთხვევაში დაცულია, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და უცხო ქვეყნის სასამართლოს წარმოდგენილი გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

10. შუამდგომლობას ერთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლითა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ამომწურავადაა განსაზღვრული საქმეთა კატეგორია, რომლებზეც მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება აკისრია. ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის აღძვრისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი, როგორც შეცდომით გადახდილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.გ–ოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს უკრაინის ჟიტომირის ოლქში ბრუსილივის რაიონის სასამართლოს 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება (საქმე № 275/231/24) იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა 1989 წლის 5 აგვისტოს დაბადებულ კ.ბ. ძე გ–სა და 1983 წლის 3 ივნისს დაბადებულ ე.გ–ოს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ დარეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი №7720123162.

3. ე.გ–ოს (პ/ნ №……..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. გ–ას მიერ 2025 წლის 30 მაისს #27554746874 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა