Facebook Twitter

13 მარტი, 2025 წელი,

საქმე №ას-6 -2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - ე.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (მოპასუხე)

II კასატორი - სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“

მოწინააღმდეგე მხარე - ე.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანამდებობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, მორალური ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე 1-ლი აპელანტი, 1-ლი კასატორი ან დასაქმებული) და სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, II აპელანტი, II კასატორი, დამსაქმებელი ან მუზეუმი) ასაჩივრებდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2021 წლის 29 ივლისის #101/კ ბრძანება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 5 000 ლარისა (დაბეგრილი) და 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 15 იანვრამდე ყოველთვიურად განაცდურის - 200 ლარის (დაუბეგრავი) გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:

1.1. პირველმა კასატორმა ვრცლად წარმოადგინა საკასაციო პრეტენზია როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოებების უსწოროდ დადგენის, ისე მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილების და სამართლის ნორმების გამოყენების თვალსაზრისით. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია დადასტურებულად მოპასუხის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი და სრული მოცულობით არაკანონიერად არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნები (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

1.2. II კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მოსარჩელის დაბალ პოზიციაზე გადაყვანის თაობაზე ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევისა და მასთან დაკავშირებული შეფასებების ნაწილში, დაუსაბუთებელია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრისა და 2025 წლის 29 იანვრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. მოსარჩელე 2008 წლიდან მოპასუხესთან იყო დასაქმებული. დამსაქმებლის 2011 წლის 1 თებერვლის #15/კ ბრძანებით, მოსარჩელე ფონდების უფროსი კურატორის პოზიციაზე, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრის #782/კ ბრძანებით, ადმინისტრაციულ სამსახურში მმართველის პოზიციაზე (დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში) დაინიშნა.

4.4. დამსაქმებლის 2017 წლის 1 თებერვლის N93/კ ბრძანებით, მოსარჩელე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა.

დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო -1200 ლარით განისაზღვრა.

4.5. დამსაქმებლის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით, მუზეუმთა ჯგუფის (საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერიის) საშტატო განრიგი დამტკიცდა და იმ დასაბუთებით, რომ დირექტორი და მმართველი ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებდნენ, მმართველის შტატი გაუქმდა.

4.6. დამსაქმებლის 2021 წლის 29 ივლისის #101/კ ბრძანებით, მოსარჩელე მმართველის პოზიციიდან მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ლაბორანტის პოზიციაზე, მასთან ამ საკითხის განხილვის გარეშე, განუსაზღვრელი ვადით გადაიყვანეს, სადაც დასაქმებულის თანამდებობრივი სარგო - 500 ლარს შეადგენდა.

4.7. დამსაქმებლის 2022 წლის 14 იანვრის N17 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის - „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე იმავე წლის 15 იანვრიდან ლაბორანტის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

4.8. მუზეუმში რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო და ფორმალურ ხასიათს არ ატარებდა, სახელდობრ:

4.8.1. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის #05/01 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის #110ნ ბრძანებაში.

აღნიშნული ბრძანებით ახლებურად ჩამოყალიბდა სსიპ მუზეუმის ორგანიზაციული სტრუქტურა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა:

1. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;

2. სპორტის მუზეუმი;

3. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი;

4. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავდა ყველა დანარჩენ მუზეუმს.

4.8.2. მუზეუმის მართვის ორგანოდ დირექტორატი განისაზღვრა, გენერალური დირექტორისა და სამი მუზეუმის დირექტორის შემადგენლობით (იხ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 19 აპრილის #05/01 ბრძანება). მუზეუმის შტატით გათვალისწინებული მოსამსახურე და შტატგარეშე მოსამსახურე, რომელიც ამ ბრძანების ძალაში შესვლის დროს დასაქმებული იყო მუზეუმში/მუზეუმთა ჯგუფში, იმავე თანამდებობაზე უკონკურსოდ უნდა გადაყვანილიყო, ასეთის არარსებობას ტოლფას თანამდებობაზე, ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას კი, დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით (იხ. ბრძანების 2.2 მუხლი).

4.8.3. დირექტორატის 2021 წლის 19 ივლისს გამართულ სხდომაზე მუზეუმთა ჯგუფის ახალი საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი განიხილეს. დირექტორმა ახალი სტრუქტურა და შესაბამისი საშტატო ნუსხის პროექტი წარადგინა, რომლითაც ადმინისტრაციის, სარესტავრაციო, დაცვა-აღრიცხვისა და საგამოფენო განყოფილებები იქმნებოდა.

პროექტის თანახმად, არსებული 177 შტატი ორით ერთეულით მცირდებოდა და მუზეუმთა ჯგუფში თანამშრომელთა რაოდენობა 175 - ით განისაზღვრებოდა. დირექტორის განმარტებით, ვინაიდან, აქამდე არსებული მართვის მოდელი წარმოადგენდა ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას და ადგილზე მოითხოვდა მენეჯერის არსებობას, იგეგმებოდა მმართველის შტატის გაუქმება, რომლის ფუნქცია-მოვალეობები იმეორებდა მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის ფუნქციებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, დ.გ–ს და მ.გ–ს შედარებით დაბალ პოზიციაზე გადაიყვანდნენ.

4.9. დამსაქმებელს დასაქმებულისთვის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები არ შეუთავაზებია, კერძოდ:

4.9.1. 2021 წლის 29 ივლისისთვის რანგით მაღალი/მუზეუმის ფონდის კურატორის ვაკანტური თანამდებობისთვის შრომის ანაზღაურება - 700 ლარს შეადგენდა (იხ. დამსაქმებლის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცებულისაშტატო ნუსხა).

4.9.2. მოსარჩელეს სათანადო გამოცდილება და უნარ-ჩვევები ჰქონდა კურატორის სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად.

4.10. დირექტორატის მიერ, 2021 წლის 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუზეუმთა ჯგუფის 2022 წლის საშტატო განრიგის დამტკიცების თაობაზე. ახალი საშტატო განრიგით, 175 საშტატო ერთეული 146 - მდე შემცირდა, გაუქმდა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობა და სამუზეუმო ფონდებში არსებული ცხრა საფეხუროვანი თანამდებობრივი სისტემის ნაცვლად, ოთხ საფეხუროვანი სისტემა დამტკიცდა.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 15 იანვრიდან უნდა შესულიყო, მანამდე კი, ორგანიზაციული ცვლილება უნდა მომხდარიყო.

4.11. ორგანიზაციული ცვლილებების თაობაზე დამსაქმებლის 2021 წლის 6 დეკემბერის #369 ბრძანებით, განისაზღვრა ორგანიზაციული ცვლილებების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი.

4.12. სამუშაო ჯგუფის მიერ 2021 წლის 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მუზეუმთა ჯგუფის ფონდების გაერთიანება. განისაზღვრა ის პოზიციები, რომლებსაც შეიძლება შეხებოდა ორგანიზაციული ცვლილება, მათ შორის, ლაბორანტის პოზიცია.

4.13. 2021 წლის 9 დეკემბერს, მოსარჩელეს, ელექტრონულ ფოსტაზე გამოცხადებული რეორგანიზაციის თაობაზე გაფრთხილების წერილი გაეგზავნა.

4.14. მუზეუმთა ჯგუფის დირექტორის 2021 წლის 20 დეკემბრის #389 ბრძანებით, ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით კომისია შეიქმნა.

კომისიის 2021 წლის 20 დეკემბრის #1 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ კანდიდატების ხუთ ქულიანი სისტემით შეფასების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გასაუბრებისთვის 2021 წლის 23–30 დეკემბერი დადგინდა.

4.15. მოსარჩელე გასაუბრებაზე 2021 წლის 29 დეკემბერს, 16:00 საათზე მიიწვიეს. დასაქმებულმა მუზეუმთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ დირექტორის მოსაზრების ვიდეოზე აღბეჭვვის მიზნით, გასაუბრების გადაღება ითხოვა, რაც კომისიის გადაწყვეტილებით უაყოფილ იქნა, იმ დასაბუთებით, რომ მუზეუმის სამომავლო გეგმების თაობაზე შეკითხვის დასმა, სამუშაო ფორმატს სცილდებოდა.

4.15.1. მოსარჩელე გასაუბრებაზე არ გამოცხადდა.

4.16. მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა არ გამოვლენილა.

5. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - თანამდებობის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, ტოლფას სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 48.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 48.9 (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საზოგადოების რეორგანიზაცია, რაც ემყარება სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას) ქვეპუნქტს.

7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური;

ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.

საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

ადმინისტრაციის მიერ კანონსაწინააღმდეგო ხასიათის ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს.

ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე.

სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.

შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება.

განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

8.1. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები:

ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის;

შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ).

დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

8.2. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მუზეუმში ნამდვილად განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც კასატორის/დამსაქმებლის საჭიროებებიდან და აუცილებლობებიდან გამომდინარეობდა და, რომ ამ რეორგანიზაციას შედეგად სამუშაო ძალის შემცირება მოჰყვა;

თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გასაანალიზებელია მუზეუმის დირექტორის 2021 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რანგით მაღალი - მუზეუმის ფონდის კურატორის ვაკანტური თანამდებობის არსებობის პირობებში, მართლზომიერია თუ არა მოსარჩელის ლაბორანტად გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.

8.3. დადგენილია, რომ კურატორის პოზიცია რანგით ლაბორანტის თანამდებობაზე მაღალია. კურატორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 700 ლარი, ხოლო ლაბორანტის - 500 ლარია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მმართველის თანამდებობამდე, ფონდების უფროსი კურატორის პოზიციას იკავებდა (იხ. დამსაქმებლის 2011 წლის 1 თებერვლის #15/კ ბრძანება). რაც იმ დასკვნის საფუძველია, რომ მოსარჩელეს სათანადო გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით კურატორის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება შეეძლო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელს მოსარჩელისთვის მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კურატორის ვაკანტური პოზიცია უნდა შეეთავაზებინა, რითაც მისი შრომითი უფლებები მეტად იქნებოდა დაცული, რადგან, მმართველად დასაქმებული პირისთვის კურატორის პოზიცია მეტად უნდა იქნეს მიჩნეული ტოლფასად, ვიდრე ლაბორანტის.

8.4. განსახილველ დავაზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო ქვემდგომის ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, ვერ უზრუნველყო, დაესაბუთებინა მოსარჩელის ლაბორანტად დანიშვნის შესახებ ბრძანებით გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერება, რაც, თავის მხრივ, ბრძანების ბათილობის ფაქტობრივსამართლებრივი საფუძველია.

9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 48.8 მუხლის დანაწესსაც (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის სშკ-ის 38.8 მუხლი) და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს. კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

9.1. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).

9.2. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.

9.3. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).

9.4. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, თუმცა სადავო ბრძანებით იგი დაბალ პოზიციაზე გადაიყვანეს და საბოლოოდ მასთან შრომითი ურთიერთობა მაინც შეწყდა, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობდა მოსარჩელისათვის კომპენსაციის - 5 000 ლარის ანაზღაურების საფუძველი, რაც გონივრული და სამართლიანია.

10. საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას სსკ-ის 48.9 მუხლზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანებთ, მოსარჩელემ შესაბამისი ანაზღაურება ვერ მიიღო. იძულებითი განაცდური კი, ის ზიანია რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ წარმოქმნილიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

10.1. დადგენილია, რომ კურატორის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება - 700 ლარი, ხოლო ლაბორანტის - 500 ლარია. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე 2021 წლის 1 აგვისტოდან ლაბორანტის პოზიციაზე გადაიყვანეს, შესაბამისად, მოსარჩელეს იძულებითი განაცდური თვეში - 200 ლარით ( კურატორისა და ლაბორანტის ანაზღაურებებს შორის სხვაობა (700-500=200) უნდა აუნაზღაურდეს.

რაც შეეხება გასაცემის პერიოდს, საკასაციო სასამართლო აქაც იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 1 აგვისტოდან (დანიშვნიდან) 2022 წლის 15 იანვრამდე (გათავისუფლებამდე) უნდა დაეკისროს.

11. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ, მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, დაასაბუთა ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში კონკურსი კანდიდატის შერჩევის მიზნით გამოცხადდა, სადაც დადგინდებოდა თუ, რა შეკითხვებით მიმართეს კანდიდატებს, რომელ მათგანზე ვერ უპასუხეს და ა.შ. რასაც უნდა მოჰყოლოდა დამსაქმებლის დასაბუთება, რომ ერთი და იგივე ფუნქციების მქონე ორი დასაქმებულიდან ერთ-ერთის დათხოვნისას, სამსახურში დასაქმებული უპირატესი უნარ-ჩვევებით, თუ სხვა გარემოებებით ხასიათდებოდა.

სწორედ ამ მიზნს, ემსახურებოდა ის კონკურსი, სადაც მოსარჩელე არ გამოცხადდა, შესაბამისად, საკასაციო სასამარლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ასეთ ვითარებაში უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება გასაუბრების ოქმია, რომელიც სასამართლოს რეორგანიზაციისას სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმების, (რომლითაც დამსაქმებელმა თანამშრომლის შერჩევისას იხელმძღვანელა), არსებობის დადგენის საშუალებას მისცემდა. დასახელებული დოკუმენტი განსახილველ შემთხვევაში არ გვაქვს, ხოლო მოსარჩელის წინასწარი განწყობისა და სუბიექტური დამოკიდებულების საფუძველზე, შერჩევის მთლიანი პროცესის არაობიექტურობასთან დაკავშირებით გამოთქმული დასკვნები საფუძველს მოკლებულია.

13. რაც შეეხება დისკრიმინაციულ მოპყრობასთან მიმართებით მოსარჩელის/კასატორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მას უარყოფს და განმარტავს, რომ დისკრიმინაციის ამკრძალავ გენერალურ დათქმას შეიცავს ძირითადი კანონი - საქართველოს კონსტიტუცია, რომლის 11.1 მუხლი აღიარებს რა ყველა ადამიანის სამართლის წინაშე თანასწორობას, კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

14. დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით საკასაციო შედავებაზე სასამართლო განმარტავს, რომ სშკ-ის 2.3 მუხლის მიხედვით, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.

ამავე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციად (მათ შორის, სექსუალურ შევიწროებად) მიიჩნევა პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

37-ე მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით კი, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.

15. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ წესრიგდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

ამავე კანონის მე-10.1 მუხლის თანახმად კი ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

16. სსსკ-ის 3632 მუხლის მე-21 და მე-3 ნაწილების თანახმად, პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს მაშინაც, თუ შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა, დასრულებულია. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

ამავე კოდექსის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რათა ,,prima facie" დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს.

სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით.

17. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების/სხვა პოზიციაზე გადაყვანის ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ არა მხოლოდ უნდა განსაზღვროს შესადარებელ პირთა წრე, არამედ ასევე დაასაბუთოს აღნიშნულ პირებს შორის არსებითად თანასწორობა.

კომპარატორის განსაზღვრაც და კომპარატორის სათანადოობის დასაბუთებაც, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. უფრო მეტიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომით ურთიერთობაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს განსხვავებულ მოპყრობას, თუმცა, აღნიშნული გამოწვეული იყოს სამუშაოს სპეციფიკით, დასაქმებულის უნარ-ჩვევებით, კვალიფიკაციით, შესრულებული სამუშაოს ხარისხით და ა.შ. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/1/536; 04.02.2014წ), შესაბამისად, ასეთ ვითარებაში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს ფაქტები, თუ რაში მდგომარეობდა მის მიმართ (ვისთან შედარებით) არათანაბარი მოპყრობა და რატომ იყო აღნიშნული მოპყრობა მისთვის დისკრიმინაციული (დაცული ნიშანი) (იხ. სუსგები: №ას-1042-2018, 28 თებერვალი, 2019წ; №ას-79-2022, 13 მაისი, 2022წ).№ას-1167-2021, 15 მარტი, 2023 წ.).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველგვარი განსხვავებული მოპყრობა არ ქმნის დისკრიმინაციის შემადგენლობას, არამედ, განსხვავებული მოპყრობა მოტივირებული უნდა იყოს აკრძალული ნიშნით.

შესაბამისად, ქმედების დისკრიმინაციად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არათანაბარი მოპყრობის საფუძველი იყოს აკრძალული ნიშანი (იხ. დამატებით: ზ. შველიძე, შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვის რეგულირება ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“ №2, 2012, 249).

19. ამრიგად, პირი, რომელიც თავს უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლად განიხილავს, სასამართლოს წარუდგენს ფაქტებს და ამავე ფაქტების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომლებმაც ნეიტრალურ მესამე პირს - საქმის განმხილველ მოსამართლეს, უნდა ჩამოუყალიბოს ვარაუდი, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული განმასხვავებელი ნიშნის გამო მის მიმართ განხორციელებულია უთანასწორო მოპყრობა.

ევროსასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება, გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთდაკავშირებულია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან (Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, § 100, ECHR 2000-VII; და Anguelova v. Bulgaria, no. 38361/97, § 111, ECHR 2002-IV).

20. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს დისკრიმინაციული მოპყრობის კონკრეტულ გარემოებებზე, მხოლოდ ამის შემდეგ გადადის მოპასუხეზე აღნიშნულის საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელე ვალდებულია მიუთითოს კონკრეტულ პირთა წრეზე, რომელთან შედარებითაც ის იმყოფება არასათანადო მოპყრობაში (იხ. სუსგ. №ას-1599-2023, 26.01.2024).

21. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/1-ლი კასატორი საგამოფენო დარბაზში ბრიფინგის გამართვის დეტალებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო, 2020 წლის 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, მინისტრთან და მუზეუმთა ჯგუფის დირექტორთან არასასურველი შინაარსის დიალოგზე, ასევე 2020 წლის ზაფხულში და 2021 წლის 29 იანვარს (პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის გასვლით სხდომაზე) გამართულ შეხვედრებზე, მუზეუმის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების გამო, არასასურველი ხასიათის კომუნიკაციაზე უთითებდა. კერძოდ, მოსარჩელე არ იზიარებდა და ეწინააღმდეგებოდა მუზეუმის ახალი ხელმძღვანელობის გეგმებს, რასაც საჯაროდაც გამოხატავდა კიდეც. მისი მტკიცებით, ლაბორანტის პოზიციაზე გადაყვანა, ხოლო მოგვიანებით გათავისუფლება, სწორედ მისი საჯაროდ გამოხატული შეხედულებების გამო მოხდა, რაც დისკრიმინაციულ მოპყრობაა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ დამატებითი - ,,facebook’’-ზე განთავსებული პოსტიც წარადგინა, სადაც მუზეუმში დასაქმებული პირი შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს, რაც მისი მოსაზრებით, მის მიმართ დამსაქმებელ ორგანიზაციაში დისკრიმინაციულ დამოკიდებულების დასტურია.

22. მოპასუხის მტკიცებით, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მართლზომიერია და მუზეუმთა ჯგუფში განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებებითაა ნაკარნახევი. მოსარჩელის მიერ, 2021 წლის 21 ივლისს, სოციალურ ქსელში განთავსებული საჯარო განცხადება კი, გავლენას ვერ მოახდენდა დირექტორთა ჯგუფის მიერ 2021 წლის 19 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული გაუქმდა, ამ პოზიციის სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული და დირექტორის ფუნქცია- მოვალეობების განმეორების გამო.

23. მოცემულ შემთხვევაში, ისეთი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ზემოაღნიშნულ შეხვედრებზე გამართული კომუნიკაციის სრულ, დეტალურ სურათს აღწერდა და კონკრეტული ფრაზების იდენტიფიცირებას მოახდენდა საქმეში არ წარდგენილა, შესაბამისად, საკასაციო სასმართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ასეთი ხასიათის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც, შესაძლოა არსებითად მოვლენების სუბიექტურ, ინდივიდუალურ აღქმებს ეფუძნებოდეს.

24. დისკრიმინაციულ ფაქტს კი, მხოლოდ მაშინ ექნება ადგილი, თუ კი დადასტურდება, რომ ერთსა და იმავე ვითარებაში მყოფ სუბიექტებს მოექცნენ განსხვავებულად, ან პირიქით, არათანაბარ მდომარეობაში - თანასწორად.

დისკრიმინაციად, თავის მხრივ, ითვლება ისეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ქმედება, რომლის დროსაც ხდება ობიექტის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევა სხვადასხვა ხერხით, იქნება ეს დაშინება, დამცირება, პატივისა და ღირსების შელახვა ან შეუსაბამო პირობების შექმნა. ასეთი ქმედება ამავდროულად უნდა იწვევდეს ერთი პირის უფლებების შეზღუდვას, ან უპირატესობის მინიჭებას სხვა პირების მიმართ.

შეხედულების ნიშნით განპირობებული განსხვავებული მოპყრობის დასადგენად აუცილებელია, გამოხატული განსხვავებული შეხედულებები აღწევდეს სიმწვავის გარკვეულ ზღვარს, რათა შეიქმნას ვარაუდი, რომ შეხედულების შინაარსსა და განსხვავებულ მოპყრობას შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ვინაიდან ნებისმიერი აზრობრივი შეუსაბამობა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არ შეიძლება, გონიერი დამკვირვებლის თვალში დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდს აღძრავდეს.

25. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მუზეუმში რეორგანიზაცია შტატების შემცირებით, ეკონომიკური თვალსაზრისით გარდაუვალი იყო და ფორმალურ ხასიათს არ ატარებდა, ასევე დადგენილია, რომ დირექტორი და მმართველი ერთი და იგივე სამუშაოს ასრულებდნენ, რის გამოც, მმართველის შტატი გაუქმდა. დადგენილია, ისიც რომ რეორგანიზაციის ფარგლებში კონკურსი სწორედ კანდიდატის შერჩევის მიზნით დაინიშნა, სადაც მოსარჩელე თავად არ გამოცხადდა.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რაც გამორიცხავდა ასეთი ხასიათის ფაქტის დადგენასა და მისი შედეგების აღმოფხვრის მიზნით, მორალური ზიანის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, ამდენად საკასაციო პალატა მიმოიხილავს კასატორთა მხოლოდ არსებით არგუმენტებს (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

28. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირველ კასატორის უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადასახადო დავალება №1703155554, გადახდის თარიღი 21.12.2023), 70% - 420 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

მეორე კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 800 ლარის (საგადასახადო დავალება №13644, მოთხოვნის მიღების თარიღი 27.12.2023)), 70% - 560 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.კ–ძისა და სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.კ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (საგადასახადო დავალება №1703155554, გადახდის თარიღი 21.12.2023), 70% - 420 ლარი;

3. სსიპ „საქართველოს ეროვნული მუზეუმს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 800 ლარის (საგადასახადო დავალება №13644, მოთხოვნის მიღების თარიღი 27.12.2023)), 70% - 560 ლარი,

შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა