13 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-259-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - შპს „გ–ი“ (მოპასუხე)
II კასატორი - გ.კ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ზ.ყ–ი, გ.რ–ი, შპს „ყ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 16 მარტს, შპს „თ.ს.კ–იასა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) და შპს „გ–ს“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი ან საწარმო) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოსარჩელისთვის პირველ მოპასუხეს მეტროსადგურ „ვ–ის“ სარეაბილიტაციო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემდეგი პირობებით უნდა შეედგინა:
ა. მომსახურება ხარისხიანად, კერძოდ, შეთანხმებულ ტექნიკურ და ხარისხობრივ მახასიათებლებთან შესაბამისად უნდა შესრულებულიყო, ხოლო შესასყიდი ობიექტი მაღალი ხარისხის, რაც ტექნიკური პარამეტრების მიხედვით საკონკურსო მოთხოვნებთან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისი იქნებოდა;
ბ. პროექტის მთელი პერიოდის განმავლობაში, მათ შორის საპროექტო მომსახურების ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, პირველი მოპასუხე მონაწილეობას მიიღებდა საპროექტო გადაწყვეტილებათა დაზუსტებაში, მუშა ნახაზების და სამშენებლო მოცულობის შესაბამისი ცვლილებების მომზადება- შეთანხმებაში;
გ. სამუშაოს მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში პირველი მოპასუხე მოსარჩელეს უსასყიდლოდ საავტორო ზედამხედველობას გაუწევდა და მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული სხვა აქტების შედგენაში მიიღებდა მონაწილეობას.
2. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად 169 490 ლარი განისაზღვრა, სამუშაო 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენის მიხედვით, საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმა გ.კ–იამ (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი შეადგინა, რომელზეც ტექნიკური ზედამხედველისა და ხელმძღვანელ მ.ჩ–ის, არქიტექტორ თ.მ–ის და პროექტის კონსტრუქტორ ჯ.ვ–ძის ნაცვლად ხელმოწერები თავად შეასრულა.
პროექტი მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა და სარემონტო ობიექტზე კოსტრუქციული ჩარევა არ ხდებოდა. ჭერის მოწყობის საკითხი პროექტში გათვალისწინებული არ ყოფილა, რაიმე სახის გაანგარიშებებსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტებს იგი არ შეიცავდა.
4. პირველი მოპასუხის მიერ მომზადებული პროექტით გათვალისწინებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოს შესრულებისთვის მოსარჩელესა და შპს „ყ–ს“ (შემდეგში - მესამე მოპასუხე) შორის 2016 წლის 30 ნოემბერს ხელშეკრულება დაიდო, რომლის საგანი იყო მეტროსადგურ „ვ–ის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
ხელშეკრულების საერთო ღირებულებად 347 852 ლარი განისაზღვრა, სამუშაო 220 კალენდარული დღის ვადაში უნდა შესრულებულიყო.
5. მესამე მოპასუხის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას პირველ მოპასუხეს ვალდებულება წარმოეშვა, მეტროსადგურ „ვ–ის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერზე არსებული ანკერების მზიდუნარიონობა შეემოწმებინა და შესაბამისი საექსპერტო დასკვნა გაეცა, რის გამოც, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა.
6. 2017 წლის 19 აპრილს, მეორე მოპასუხემ კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა და მოსარჩელე კომპანიას წარუდგინა.
პირველი მოპასუხის სახელით მეორე მოპასუხემ უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო მომსახურება გასწია, მან მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი და კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, სადაც ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები, მატარებლის მოძრაობით, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარი, წნევა და სხვა არ გაუთვალისწინებია.
შეკიდული ჭერის კონსტრუქციაზე დატვირთვების გაანგარიშებისას ჭერის საკიდებისა და პროფილების განლაგებისთვის შესაბამისი დატვირთვის კლასის მინიჭება არ მომხდარა, ასევე, არ განხორციელებულა შეკიდული ჭერის მოწყობის კონსტრუქციული გაანგარიშება და, შესაბამისად, კონსტრუქციული გადაწყვეტები პროექტში არ დამუშავებულა.
პირველი მოპასუხის სახელით მოქმედებისას მეორე მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები, მან არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა - მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა არ გაუწია.
მესამე მოპასუხის სახელით მოქმედებდა კომპანიის მენეჯერი გ.რ–ი (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), რომელსაც მასალების მიწოდებაზე, ჩატარებულ სამუშაოებზე, მის მოცულობასა და ხარისხზე ზედამხედველობა ევალებოდა.
გ.რ–მა სამსახურეობრივი მოვალეობები არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი არ აწარმოა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
მესამე მოპასუხეთან მთავარი ინჟინრის პოზიციაზე დასაქმებული იყო ზ.ყ–ი (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე), რომელსაც, ასევე, ევალებოდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოების ნაწილში მესამე მოპასუხის მიერ აღებული სახელშეკრულებო ვალდებულებები მეოთხე მოპასუხემ და მეხუთემ მოპასუხემ დარღვევებით შეასრულეს, სამუშაოები პროექტის გარეშე, უხარისხოდ, საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების, სამშენებლო ნორმებისა და ნორმატივების დარღვევით, მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამოდ შესრულდა.
მეხუთე მოპასუხეს, როგორც მთავარ ინჟინერს, შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკური გამართულობა, მისი სწორად და ხარისხიანად დაგეგმვა უნდა გაეკონტროლებინა და ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხი უნდა შეემოწმებინა. მეოთხე მოპასუხე პასუხისმგებელი იყო, სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებულ პირთა სწორად შერჩევაზე და მათ მიერ სამუშაოების ხარისხიანად შესრულებაზე.
პირველი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის, მეტროსადგურ „ვ–ში“ შეკიდული ჭერის მოწყობითი სამუშაოების უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევით განხორციელების გამო, 2018 წლის 30 იანვარს, დილით, მეტროსადგურ „ვ–ის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა; იგი ვესტიბიულში მყოფ 18 პირს დაეცა და 11 დაზარალებულს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
7. ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვ–ის“ ქვედა ვესტიბიულში 2018 წლის 30 იანვარს ჭერის ჩამონგრევის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი.
8. მეტროსადგურ „ვ–ში“ ჩატარებულ სამუშაოების ვარგისიანობის შესწავლის მიზნით საქართველოს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მიმართა, რომელმაც საინჟინრო ექპერტიზის დასკვნა მოამზადა.
9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 16 მარტის საინჟინრო დასკვნით დადგენილია, რომ:
- მეტროსადგურ „ვ–ში“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოები პროექტის გარეშე შესრულდა;
- პირველი მოპასუხის მიერ დამუშავებული პროექტი რაიმე სახის გაანგარიშებებსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტებს არ შეიცავდა;
- ვინაიდან სამშენებლო ნორმებსა და ტექნიკურ ლიტერატურაში რაიმე სახის შეზღუდვები მითითებული არ არის, ასეთი სახის კონსტრუქციის მოწყობა მეტროსადგურის ვესტიბიულში - შესაძლებელია, თუმცა შეკიდული ჭერის კონსტრუქციაზე დატვირთვების გაანგარიშებისას საჭიროა, პროექტირების სტადიაზე ზემოაღნიშნული უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვების გათვალისწინება (მატარებლის მოძრაობა და სავენტილაციო ჰაერომიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა) და მისი საკიდებისა და პროფილების განლაგებისთვის შესაბამისი დატვირთვის კლასის მინიჭება, რაც პირველი მოპასუხის მიერ დამუშავებულ პროექტში მოყვანილი არ ყოფილა;
- მეტროსადგურ „ვ–ში“ შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოები უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და სათანადო წესების დარღვევით შესრულდა;
- მიუხედავად იმისა, რომ შეკიდული ჭერი შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციას არ წარმოადგენდა და მხოლოდ ინტერიერის დეკორატიულ ელემენტს შეადგენდა, ვინაიდან ჩამაგრება შენობის ძირითად მზიდ კონსტრუქციაზე განხორციელდა, მის მოსაწყობად გარკვეული კონსტრუქციული გაანგარიშება იყო საჭირო. აღნიშნული მხოლოდ კონსტრუქციულ სამუშაოს არ წარმოადგენდა, არამედ, ცალკეულ კონსტრუქციულ გადაწყვეტებთანაც იყო დაკავშირებული, რომლებიც პროექტში არ დამუშავებულა;
- მთლიანობაში არსებული სამაგრების მზიდუნარიანობის დადგენისთვის პირველი მოპასუხის მიერ ჩატარებული გამოცდა ტექნოლოგიურად სწორად იყო წარმოებული, თუმცა მხოლოდ ამ გამოცდით მიღებული შედეგები საკმარისი არ იყო აღნიშნულ სამაგრებზე შეკიდული ჭერის კონსტრუქციის დამაგრებაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის;
- შეკიდული ჭერის კონსტრუქციაზე პერიოდულად ხდება მატარებლის მოძრაობითა და სავენტილაციო ჰაერმიმოქცევით გამოწვეული ქარის და წნევის შედეგად აეროდინამიური ზემოქმედება.
- შეკიდული ჭერის მზიდი კარკასის კონსტრუქციული სქემა და გადაწყვეტები სამშენებლო ნორმებს არ შეესაბამება, მისი ტექნიკური მდგომარეობა მასზე ზემოქმედების მომენტისთვის და შემდგომი რღვევის დროისთვის შეფასდა მინიმუმ, როგორც მიუღებელი, მაქსიმუმ - როგორც კრიტიკული. არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ჭერის კონსტრუქციაზე ზემოქმედება, მიუხედავად მისი სიდიდისა და ხარისხისა, ავარიის მაპროვოცირებელი გახდა.
10. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 29 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 30 იანვარს, ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვ–ის“ ქვედა ვესტიბიულში ჭერის ჩამონგრევის შედეგად გამოწვეული ზიანის ოდენობა, დარიცხვებით, სავარაუდოდ 219 329.44 ლარს შეადგენდა.
11. ბრალდებულთა მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა მეტროსადგურ „ვ–ში“ 2018 წლის 30 იანვარს ვესტიბიულის ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე, რომლის ფარგლებში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე დამნაშავეებად ცნეს მეორე მოპასუხე და მეოთხე მოპასუხე, ხოლო, მეხუთე მოპასუხე - უსაფრთხოების მოთხოვნათა შეუსაბამო და უხარისხო მომსახურეობის გაწევის ფაქტზე.
12. ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის 219 329.44 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს 219 329.44 ლარის გადახდა დაეკისრათ.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა და მეორე მოპასუხემ.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელემ წარმოადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, კერძოდ - 2018 წლის 29 ოქტომბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად იქნა განსაზღვრული 2018 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვ–ში“ ჩამონგრეული ჭერის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა. ამავდროულად, მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხეთა (აპელანტების) ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მათ ვერ წარადგინეს იმგვარი მტკიცებულება, რომ ხსენებულ დასკვნაში ექსპერტმა ზიანის ოდენობაში შეიტანა, არა უშუალოდ შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დამდგარი ზიანი, არამედ მთლიანად მეტროსადგურში ჩატარებული სხვა სამუშაოების ღირებულებაც, რომელსაც შეკიდულ ჭერთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს, რაც ქმნიდა სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ საკასაციო საჩივრები წარმოადგინეს.
16.1. პირველი მოპასუხე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, მისთვის დასაკისრებელი ზიანის 62 467.41 ლარით განსაზღვრას მოითხოვს. მისი მითითებით, მცდარია სასამართლოს პოზიცია შერეული ბრალის არარსებობის თაობაზე, რადგან განსახილველი ზიანი ორივე მხარის უმოქმედობის შედეგად წარმოიშვა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 415-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებში ექცევა.
16.2. მეორე მოპასუხის მოთხოვნაც საქმეზე გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით მისთვის დასაკისრებელი ზიანის 62 467.41 ლარით განსაზღვრაში მდგომარეობს, გამომდინარე სსკ-ის 415-ე მუხლის დანაწესიდან.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტისა და 25 აპრილის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
20. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებშია წარმოდგენილი.
21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).
ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).
როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში მოსარჩელეს წარმოადგენს.
ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (სუსგ №ას-1322-2018, 4.04.2019). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით ზიანი მიაყენა და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.
კასატორთა მხრიდან მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი მოსარჩელემ სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს გარემოებები რელევანტური მტკიცებულებებით და მსჯელობით გაქარწყლებული ვერ იქნა და ისინი საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამრიგად, მოპასუხეთა მიერ მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა მოსარჩელემ დაადასტურა, რაც, ამ ფაქტის უარმყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით მოპასუხემ ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).
22. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას შერეული ბრალის არსებობის ნაწილში, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებები (ზემოაღნიშნული განაჩენი) მიუთითებენ ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზზე, სახელდობრ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საწარმოს აღმასრულებელმა დირექტორმა - მეორე მოპასუხემ - ყალბი სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი შეადგინა, რომელიც მხოლოდ კოსმეტიკურ სარემონტო სამუშაოებს მოიცავდა და სარემონტო ობიექტზე კონსტრუქციული ჩარევა არ ხდებოდა. პროექტში არ იქნა გათვალისწინებული ჭერის მოწყობის საკითხი და არც რაიმე სახის გაანგარიშებები და კონსტრუქციული გადაწყვეტები იქნა მოყვანილი. მოპასუხემ ტენდერისათვის არასრულყოფილი და საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამო საპროექტო დოკუმენტაცია წარადგინა, რომელიც არ შეიძლებოდა საფუძვლად დადებოდა მეტროსადგურში შეკიდული ჭერის მოწყობის სამუშაოებს.
ამასთან არ განხორციელებულა შეკიდული ჭერის მოწყობის კონსტრუქციული გაანგარიშება და სათანადო გადაწყვეტები პროექტში არ დამუშავებულა.
ამდენად, მოპასუხეებს არამხოლოდ ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის არასაკმარისად განხორციელებლობაში დაედოთ ბრალი, არამედ უპროექტოდ და არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების წარმოებაშიც, რაც შერეული ბრალის გამომრიცხველი გარემოებაა. მართალია, მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და სამშენებლო ნორმებთან მის შესაბამისობაზე კონტროლი ევალებოდა, თუმცა აღნიშნული მხარეთა შერეულ პასუხისმგებლობას ვერ წარმოშობს, რადგან მოპასუხეთა/აპელანტთა მხრიდან ბრალეულობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სათანადო ზედამხედველობას მოსარჩელე ვერცერთ შემთხვევაში ვერ განახორციელებდა და პროექტის მიმდინარეობაზე კონტროლი ზიანის გამომწვევი გარემოებების არსებობას ვერ აღმოფხვრიდა.
23. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.კ–იას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის 30%-ის - 1 800 ლარის გადახდა;
3. შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. შპს „გ–ს“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 7 843.10 ლარის 30%-ის - 2 352.93 ლარის გადახდა;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე