Facebook Twitter

28 ნოემბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-693-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი (მოსარჩელე) – სს „ს.ნ. და გ.კ–ია“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ა.გ–ძე

II კასატორი – ა.გ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ნ. და გ.კ–ია“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო ა.გ–ძე (შემდეგში - მოპასუხე ან ზიანის მიმყენებელი) დამნაშავედ იქნა ცნობილი, რაც შემდეგში გამოიხატა:

პირველი ეპიზოდი - თავისი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და სხვისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მოპასუხემ 1999-2000 წლებში „ს–დან“ შეძენილი სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ (შემდეგში - მოსარჩელე ან დაზარალებული) კუთვნილი ბუნებრივი აირის (1000მ3-ის) 140 ლარად რეალიზაცია განახორციელა, მაშინ როდესაც იგივე ოდენობის ბუნებრივი აირი 160 ლარად იყო შეძენილი. ამის შედეგად მოსარჩელეს მნიშვნელოვანი, კერძოდ, 78 066.88 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა;

მეორე ეპიზოდი - თავისი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ და „ს.გ.ტ–ბის კომპანიისთვის“ უპირატესობის მინიჭებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მოსარჩელის კუთვნილი თანხებიდან მოპასუხემ სამეწარმეო გადასახადი გადაიხადა, რითაც, 2000-2003 წლებში, მოსარჩელეს 203 621 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა;

მესამე ეპიზოდი - ხელფასის გაზრდითა და სხვადასხვა დაუსაბუთებელი ხარჯით (ტრანსპორტის მომსახურების, პირადი დაცვის უზრუნველყოფის, სატელეფონო საუბრებისა და სხვა ხარჯები) მოსარჩელეს მოპასუხემ 1 083 173 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

ამდენად, ზემოხსენებული განაჩენით მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა მთლიანობაში სარჩელით მოთხოვნილ თანხას - 1 364 860.88 ლარს შეადგენდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის დასრულებამდე მითითებულ განაჩენში ცვლილება შევიდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განაჩენით ბრალდების მეორე ეპიზოდში (203 621 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში) მოპასუხე გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია, 2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, ორივე ეპიზოდში ზიანის ოდენობა დაზუსტდა, სახელდობრ, პირველ ეპიზოდში ზიანის ოდენობა 78 058.97 ლარით (ნაცვლად, 78 066.88 ლარისა), ხოლო, მეორე ეპიზოდში - 569 023 ლარით (ნაცვლად 1 083 173 ლარისა) განისაზღვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი ჯამურად 647 089.88 (78 058.97 + 569 023) ლარს შეადგენდა.

2. მოპასუხისთვის 1 364 860.88 ლარის დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 1 364 860.88 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 647 089.88 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარმოადგინა.

6.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას საკასაციო საჩივრით მოსარჩელე იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ საქმეში 1 364 860.88 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 თებერვლის განაჩენი, ექსპერტიზის დასკვნები.

6.2. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო რადგან სისხლის სამართალწარმოებისას დადგენილი განაჩენით სამოქალაქო სარჩელის ნაწილი ღიად დარჩა და მათ საფუძველზე სასამართლოს მოპასუხისთვის თანხა არ უნდა დაეკისრებინა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისისა და 2024 წლის 28 მაისის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

8. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

10. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის მართლზომიერება. სარჩელის დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლშია წარმოდგენილი.

11. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ: სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ.: სუსგ №ას-203-2020, 24.12.202; №ას-769-737-2016, 20.06.2018; №ას-176-163-2015, 4.10.2016; Nას-1426-2018, 11.04.2019).

ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ზემომითითებული ყველა წინაპირობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-748-2020, 19.11.2020; №ას-72-72-2018, 15.02.2018; №ას-809-776-2016, 04.04.2017).

12. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის წარმატებისათვის მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხემ მას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით მიაყენა ზიანი და ეს ზიანი სწორედ იმ ოდენობისაა, რაც სარჩელითაა მოთხოვნილი.

მოსარჩელემ, მოპასუხის მხრიდან, მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებები (უმნიშვნელოვანესია განაჩენი, რომლითაც დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის 647 089.88 ლარის ზიანის მიყენების ფაქტი) და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომელთა წინააღმდეგ მოპასუხეს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

ამდენად, მოსარჩელემ, მოპასუხის მიერ, მისთვის სსკ-ის 992-ე მუხლით საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობა დაადასტურა, რაც, მოპასუხემ, ამ ფაქტის უარყოფელი სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა (სსსკ-ის 102.1 და 102.2 მუხლები).

13. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

14. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

15. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. რაც შეეხება მოსარჩელეს, სსსკ-ის 46.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად მოცემული კატეგორიის საქმეზე მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლებულია, შესაბამისად, მას სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ნ. და გ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. სს „ს.ნ. და გ.კ–იას“ (ს/ნ ..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 8 000 ლარი (საგადახდო დავალება #96230, გადახდის თარიღი - 5.05.2022), შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. ა.გ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ქ.ე–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #21217446081, გადახდის თარიღი - 1.04.2024) 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

გიზო უბილავა